სსკ VIII თავში, რომელიც დასათაურებულია, როგორც „მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებანი“, კერძოდ 28-ე, 30-ე და 31-ე მუხლებში კანონმდებელს შემოაქვს ისეთი მცნებები, როგორიცაა „სამართლებრივი სიკეთე“, „დაზიანებული სიკეთე“ და „გადარჩენილი სიკეთე“. ეთიკური მცნების, „სიკეთის“, ამ კონტექსტში გამოყენება აუცილებლად მოითხოვს კონკრეტულ სამართლებრივ განმარტებას სამივე შემთხვევაში, რაც კოდექსში არ მოიპოვება.
მუხლი 28. აუცილებელი მოგერიება - ზოგადად, აუცილებელი მოგერიება მყისიერი და იმავდროული უნდა იყოს ხელმყოფის ქმედებაზე საპასუხოდ.წინააღმდეგ შემთხვევაში,ამ მუხლის მოქმედების სამართლებრივი სივრცე არალოგიკურად,მაგრამ კანონის საფუძველზე შეიძლება გავრცელდეს უამრავ დანაშაულზე.
გაურკვეველია, თუ რას გულისხმობს „კანონმდებელი” 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში,სადაც დაფიქსირებულია, რომ „ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად, მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლება“. თუ ვიგულისხმებთ, რომ „სამართლებრივი სიკეთე“ მოიცავს სსკ-თი დაცული მოქალაქის ყველა ინტერესს, გაუგებარია, მე-3 პუნქტი როგორ უნდა გავრცელდეს მაგალითად ცემაზე, ძალადობაზე, ან მრავალ სხვა ქმედებაზე, რომელთა მიმართაც „დაბრუნებაზე“ მსჯელობა ლოგიკას მოკლებულია.
8-ე მუხლის პირველი პუნქტი აშკარად წინააღმდეგობაშია და შეუსაბამოა ამავე მუხლის მე-4 პუნქტთან, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ „აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან “.
პირველ პუნქტში კი ხაზგასმულია, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავადაც განხორციელდეს, მაშინ, როდესაც მე-4 პუნქტი მხოლოდ მომგერიებლის მიერ მასზე თავდასხმას მიიჩნევს აუცილებელ მოგერიებად, რაც არ ჯდება სამართლებრივი ლოგიკის ჩარჩოებში.
სსკ 29-ე მუხლი აშკარად არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას. მუხლი დასათაურებულია, როგორც „დამნაშავის შეპყრობა“. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ხელისუფლების ორგანოში წარსადგენად შეიპყრობს დამნაშავეს...“
დამნაშავედ პირი შეიძლება ცნოს მხოლოდ სასამართლომ. ამდენად, ამ მცნების დაფიქსირება მუხლში არასწორია, რაც დასტურდება ამავე მუხლის მეორე პუნქტით, რომელშიც ასეთი პირი „შესაპყრობ პირად მოიხსენიება“.
მუხლი 30. უკიდურესი აუცილებლობა - იმ შემთხვევაში, თუკი მივმართავთ სსკ 30-ე მუხლს,დავადგენთ,რომ არსებობს რაღაც გრადაცია ხელყოფის ობიექტის მიხედვით, ვინაიდან მასში წერია, რომ „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის... ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებელს, ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე“. ძალზედ ძნელი თუ არა წარმოუდგენელია დაზიანებული და გადარჩენილი სიკეთის ობიექტური შეფასება, თუკი ეს მცნებები კანონით არ იქნება დადგენილი.
მუხლი 31. მართლზომიერი რისკი - 31-ე მუხლში სრულიად გაუგებრად არის ჩამოყალიბებული მე-2 პუნქტი: „რისკი გაუმართლებელია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ პირმა მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად“. გაუგებარია, თუ რას ნიშნავს „ეს მიზანი“. თუკი იგი წინა პუნქტს განმარტავს, იქაც გაუგებარია, რას ნიშნავს „საზოგადოებრივად სასარგებლო მიზანი“.
მუხლი 32. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა მართლზომიერი ქმედების დროს - სამართლებრივად სრულიად გაუმართავია 32-ე მუხლის ფორმულირება,რომლის თანახმადაც: „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების მართლზომიერების პირობებს“.
სრულიად მიუღებელია ქმედების მართლზომიერების განსაზღვრების გამოყვანა კოდექსის ჩარჩოებიდან და ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაბარება გაურკვეველია ვისთვის, მით უმეტეს - სამართალდამცავი ორგანოებისათვის.
მუხლი 33. შეურაცხაობა ასაკის გამო - არაქართულად არის ჩამოყალიბებული მე-9 თავის სათაური - „ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებანი“. „გამომრიცხველის“ ნაცვლად უნდა იყოს „გამომრიცხავი“.
მუხლი 34. შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო - 34-ე მუხლში გაუგებარია, თუ რას ნიშნავს „ქმედების ხელმძღვანელობა“ - მასში დაფიქსირებულია,რომ „ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც... ჭკუასუსტობის და სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა ეხელმძღვანელა მისთვის“.
ამ მუხლში დაფიქსირებული სიტყვა „ჭკუასუსტი“ არ განეკუთვნება არც სამედიცინო და არც სამართლებრივ კატეგორიას.
სრულიად გაუგებრადაა ჩამოყალიბებული ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, სადაც დაფიქსირებულია, რომ „არ დაისჯება ის, ვინც... განაჩენის გამოტანამდე დაავადდა ფსიქიკურად, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას“. ე.ი. გამოდის, რომ პირი კი არ მოქმედებს მისი შეგნების საფუძველზე, არამედ ანგარიშს უწევს თავის თავს და ხელმძღვანელობს თავისსავე თავს.
მუხლი 35. შეზღუდული შერაცხადობა - სრულიად გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი დებულებებია დაფიქსირებული სსკ 35-ე მუხლში, რომლის პირველ პუნქტში წერია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტში კი წერია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან შეიძლება გადავისუფლდეს არასრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.
„შერაცხადობა“, ზოგადად, ქართულში განიმარტება, როგორც თავისი ქცევისათვის პასუხისმგებლობის უნარი. შეზღუდული შერაცხადობა ფსიქიკური დაავადებით არის განპირობებული. ამ პირობებში სრულიად გაუგებარია, რატომ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ასეთი ფსიქიკურად დაავადებული არასრულწლოვანი პირი და არ თავისუფლდება ვთქვათ, მსგავსი ქმედების ჩამდენი სრულწლოვანი დაავადებული პირი.
მუხლი 36. შეცდომა - თეორიულად რთული და პრაქტიკულად ძალზედ რთული საკითხის მომცველია სსკ 36-ე მუხლი - „შეცდომა“.
ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია“. იქვე, მეორე პუნქტში წერია, რომ „შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას“.
ძალზედ რთულია, თუ არა შეუძლებელი, რათა ყველა პირმა სრულად იცოდეს სისხლის სამართლის კოდექსის შინაარსი. რამდენად დასაშვებია, რომ პირი, რომელიც იღებს საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობას, ამავე დროს ხელს უნდა აწერდეს ცნობას, რომ იგი გაცნობილია სსკ შინაარსს და იგი გასაგებია მისთვის-განსჯის საგანი უნდა გახდეს? წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენს შეუძლია ამტკიცოს, რომ სსკ-ს ნორმის შესახებ მან არაფერი არ იცოდა.
მუხლი 37. ბრძანების ან განკარგულების შესრულება - ძალზე ორაზროვანი და შესაბამისად გაუგებარია 37-ე მუხლის პირველი პუნქტი: „სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღმდეგო ბრძანება ან განკარგულება გასცა“.
კანონმდებელი უშვებს, რომ მართლსაწინააღმდეგო ბრძანება ან განკარგულება, რომლისთვისაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, სავალდებულოა შესასრულებლად პირისთვის,რომლისთვისაც უფრო მეტი სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს,რომ ბრძანებაა სავალდებულო და არა იმ სამართლებრივი სიკეთის დაცვა, რაც სისხლის სამართლის კოდექსითაა გათვალისწინებული. ასეთი მსჯელობა სრულ შეუსაბამობაშია სსკ VII თავთან -„დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეობა“. სრულიად გაუგებარია,ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ის, რაც ამავე მუხლის მეორე პუნქტშია დაფიქსირებული: „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულების შესრულებისთვის პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო წესით, თუ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი სხვა გარემოება”. მუხლის მეორე პუნქტი სრულ წინააღმდეგობაშია პირველ პუნქტან, რომელიც ასეთ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. ამავე პუნქტში გაუგებარია, რას ნიშნავს „საერთო წესი“.
მუხლი 38. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა არაბრალეული ქმედების დროს - სრულიად გაურკვეველი, ბუნდოვანი შინაარსისაა სსკ 38-ე მუხლი,რის გამოც მისი ელემენტარული გაანალიზებაც კი ჭირს, იმდენად არის იგი ამოვარდნილი სისხლის სამართლის კოდექსის მთლიანი კონტექსტიდან. მასში დაფიქსირებულია, რომ „ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს“.
ვინ და რის საფუძველზე განმარტავს „ქმედების არაბრალეულობის პირობებს“, ამ მუხლში არაფერია ნათქვამი. მხედველობაშია მისაღები, რომ იმავე სსკ-ს პირველ მუხლში გარკვევით წერია, რომ „სსკ ადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი“.
მუხლი 39. სასჯელის მიზანი - ეჭვს იწვევს სსკ 39-ე მუხლის სრულყოფილება და სისწორე.მის მიხედვით „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“.
სისხლის სამართლის კოდექსით შეფარდებული სასჯელი სამართლიანობას უმეტესწილად ვერ აღადგენს. თუ დავუშვათ, განსასჯელმა ჩაიდინა განზრახი მკვლელობა, რაც არ უნდა მიესაჯოს მას, ვერც გარდაცვლილისთვის და ვერც მისი ახლობლებისთვის სამართლიანობა ვერ აღდგება. სასჯელის მიზნის მიმართებაში მსჯელობა შეიძლება მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების თანაზომიერი, ობიექტური სამართლებრივი სანქციის განსაზღვრაზე.
მუხლი 42. ჯარიმა - 42-ე მუხლის პირველ პუნქტში განმარტებულია, რომ ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ტერმინი „გადასახდელი“ ამ შემთხვევაში არასწორია.
ამავე მუხლის მეორე პუნქტში წერია, რომ ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. იქვე დაფიქსირებულია, რომ „...ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები“. ეს ორი წინადადება ურთიერთგამომრიცხავია.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტში წერია, რომ ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვანისწინებული არ არის. ეს დებულება წინააღმდეგობაშია სსკ 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის თანახმადაც „ჯარიმა... შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებითი სასჯელის სახით“.
42-ე მუხლის 51 პუნქტში დაფიქსირებულია, რომ „თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს“.
სსკ არასრულწლოვნებს „შეურაცხადად“ მიიჩნევს, რის გამოც მათ „ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად“, ე.ი. დანაშაულის ჩამდენი 14 წლამდე ასაკისაა და მას ბრალად არ შეერაცხება დანაშაულის ჩადენა. ალოგიკურია ასეთი პირისთვის სასჯელის დაწესება ჯარიმის სახით. მშობლისთვის, მეურვისა და მზრუნველისათვის ამ ჯარიმის დაკისრება სისხლის სამართლის წესით ასევე ეწინააღმდეგება ზოგადად სსკ მე-7 მუხლს, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, რომელიც კონკრეტულმა ინდივიდმა ჩაიდინა. სავარაუდოა, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა სისხლის სამართლის, არამედ - სამოქალაქო სამართლის კოდექსით.
სრულიად გაუგებარია 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შინაარსი, სადაც წერია: „თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს ჯარიმის გადახდას, ან თუ გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის,გამასწორებელი სამუშაოს ან თავისუფლების შეზღუდვის ვადაში...“ ჯარიმის გადახდა ერთჯერადი მოქმედებაა და მას რაიმე პროცესი არ სჭირდება. ამდენად, გაუგებარია, ჯარიმის გადახდის რა დროზეა მსჯელობა, რომლის განმავლობაში მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს.
მუხლი 43. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა - სსკ 43ე მუხლში, რომელიც თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ეხება, დაფიქსირებულია, რომ „თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ან ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას“.
გაურკვეველია, თუ რატომ არ ეხება ეს მუხლი არჩევით თანამდებობებს, თუმცა საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ე.წ. „არჩეულმა“ კანონმდებელებმა თავის თავზე მოირგეს ეს მუხლი და „თვითიმუნიტეტი“ დაიწესეს.
მუხლი 44. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 44-ე მუხლის პირველი პუნქტი უაზროდ არის ჩამოყალიბებული. მასში წერია: „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებული თავისუფალ დროს უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“. გაუგებარია, თუ რას ნიშნავს „მსჯავრდებულის თავისუფალი დრო“.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტში წერია: „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით“, და იქვე დაფიქსირებულია, რომ ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც“. თუ რა ხანგრძლივობისაა ეს „უფრო მეტი ვადა“, კოდექსში არ არის მითითებული.
მუხლი 45. გამასწორებელი სამუშაო - ეჭვს იწვევს, რამდენად სწორია 45-ე მუხლის „გამასწორებელი სამუშაო“ შინაარსი. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „გამასწორებელი სამუშაო“ ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით და მოხდილ უნდა იქნას მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე. მე-2 პუნქტში კი დადგენილია, რომ „გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არანაკლებ ხუთისა და არა უმეტეს ოცი პროცენტისა“.
გაუგებარია, თუ არსობრივად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯარიმის გადახდა, რატომ იწოდება გამასწორებელ სამუშაოდ. თუკი პირი სასჯელის მოხდის შემდეგაც ძველსავე ადგილზე მუშაობს, სასჯელად ამ სახეობის შეფარდების შემდეგ იგივე სამუშაოს შესრულება რატომ ითვლება სასჯელად.სასჯელს უნდა ეწოდებოდეს არა გამასწორებელი სამუშაო, არამედ „ხელფასიდან დაქვითვა“, ვინაიდან ხელფასიდან პროცენტის გადახდა პირის გამოსწორებას ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს.
მუხლი 50. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა - სსკ 50-ე მუხლის „ვადიანი თავისუფლების აღკვეთა“ მე-5 პუნქტში დაფიქსირებულია, რომ „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა“. პირობითი მსჯავრის არსი კოდექსში არ არის განმარტებული და იგი ე.წ. „სასჯელის სახეებში“ (მუხლი 40) არ მოიძიება.
მუხლი 52. ქონების ჩამორთმევა - არასრულყოფილი და გაუმართავია არსობრივად სსკ 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, სადაც წერია, რომ „ქონების ჩამორთმევა ნიშნავს... დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას“. თუკი მსჯავრდებულმა ქონება მოქალაქეს მოპარა ან წაართვა, გაუგებარია, ეს ქონება რატომ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
მუხლი 53. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - სსკ 53-ე მუხლის პირველ პუნქტში სამართლებრივი ნონსენსია დაფიქსირებული. მასში წერია, რომ სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში. ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში თავისთავად ნაგულისხმებ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული, რომ სასამართლო მხოლოდ ობიექტური, სამართლიანი,დასაბუთებული განაჩენის დადგენის ინსტანციაა „სამართლიანი სასჯელის“ დაფიქსირება ამ მუხლში სრულიად ზედმეტია,ეს თავისთავად ნაგულისხმევი უნდა იყოს თავისუფალი, ნორმალურ კანონმდებლობაზე დამყარებული, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, მიუკერძოებელი სასამართლოს რეალურად არსებობის პირობებში.
ამავე მუხლის მესამე პუნქტში სრუალიად უაზრო რამაა დაფიქსირებული. მასში წერია,რომ სასჯელის დანიშვნის დროსაც სასამართლო ითვალიწინებს „მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას“. თუ რას ნიშნავს „მოვალეობათა დარღვევის ზომა“ გაუგებარია. იქვეა ჩამოთვლილი ისეთი უაზრობები, როგორიცაა „დამნაშავის წარსული ცხოვრება“, „პირადი და ეკონომიკური პირობები“, ანუ „პირადი პირობები“, „ყოფაქცევა“ - თითქოს კოდექსი სკოლის მოსწავლეს ეხებოდეს, „მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი“, ანუ ზიანის ანაზღაურებისკენ სწრაფვა. აქვე შეიძლებოდა იმავე პათოსით დაეფიქსირებინათ ზიანის ანაზღაურებისკენ ლტოლვა, შემართება ოცნება და მრავალი სხვა.
ძნელად მისახვედრი ფორმითაა ჩამოყალიბებული 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი. მასში წერია: ”თუ კოდექსის კერძო ნაწილის ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება”. ალბათ “კანონმდებელს” უნდოდა ეთქვა, რომ “ამ შემთხვევაში სსკ ზოგად ნაწილზე მითითება საჭირო აღარაა”, თორემ, სწორედაც ასეთი მუხლებით და მათი ნაწილებით გათვალისწინებული დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების საფუძველზე უნდა ხდებოდეს სასჯელის დანიშვნა.
მუხლი 54. სასჯელის დანიშვნა შემამსუბუქებელ გარემოებათა არსებობისას - სსკ 54-ე მუხლში ორჯერაა ნახსენები “სასჯელის ვადა ან ზომა”.მეორე შემთხვევაში “ზომის სამ მეოთხედზეც არის მითითებული”. თუ რა არის სასჯელის “ზომა” კოდექსში განმარტებული არაა. სსკ მე-40 მუხლი ჩამოთვლის მხოლოდ სასჯელთა “სახეებს” ანუ სახეობებს.
მუხლი 57. სასჯელის დანიშვნა დანაშაულში თანამოწალეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის - ბუნდოვანია სსკ 57-ე მუხლის პირველ პუნქტში დაფიქსირებული დებულება: ”პირის ფაქტობრივი მონაწილეობის “ხარისხი”-ს შესახებ. მასში წერია: დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება პირის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი. სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება დანაშაულში მონაწილეობას გააჩნდეს “ხარისხი”.
მუხლი 62.სასჯელის ვადის გამოანგარიშება და სასჯელის ჩათვლა - 62-ე მუხლის მე-2 პუნქტში მსჯელობაა “სასჯელის ჩათვლაზე”. ეს მცნება კოდექსში არსად არ არის განმარტებული.
მუხლი 68. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობლისაგან გათავისუფლება ქმედითი მონანიების გამო - პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს სსკ 68-ე მუხლი “სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ქმედითი მონანიების გამო”. ამ მუხლის პირველ ნაწილში დაფიქსირებულია შემდეგი: ”ის, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამი წლით გათავისუფლების აღკვეთას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და აანაზღაურა ზიანი”.
სასჯელის შეფარდება და შესაბამისად სასჯელის ვადის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. ამდენად გაუგებარია, როგორ უნდა განსაზღვროს პირმა თუ რა მუხლით იქნება დაკვალიფიცირებული მისი ქმედება, რომლის აღიარებითაც იგი ცხადდება შესაბამისს ორგანოში. ამასთან, მუხლში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების წინაპირობა ზიანის ანაზღაურებაა განაჩენის გამოტანამდე.
საგულისხმოა, რომ 68-ე მუხლი უნივერსალური ხასიათისაა და ვრცელდება სსკ ყველა მუხლზე ან მის ნაწილზე, რომლითაც დაწესებული სასჯელი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას.
ამდენად, ისმის კითხვა - რამდენად ლოგიკური და სამართლიანია, მაგალითად, ამ მუხლის გამოყენება ისეთი დანაშაულისათვის, როგორიცაა სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება (სსკ 139 მუხლი) ან სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან (სსკ 140 მუხლი). ორივე მუხლის მაქსიმალური სანქციაა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ამ დანაშაულთა ჩადენისას წარმოუდგენელია რა ზიანის ანაზღაურებაზე შეიძლება მსჯელობა.
თუკი ამ მუხლის ლოგიკით ვიმჯელებთ, პირმა შეიძლება ჩაიდინოს შემდეგი სახის დანაშაულები და პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდეს “ქმედითი მონანიების” ან დაზარალებულთან შერიგების გამო (სსკ 69-ე მუხლი): განზრახი მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობში.
(სსკ 111-ე მუხლის 1-ლი პუნქტი): მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით (სსკ 113-ე მუხლი); მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით (სსკ 114-ე მუხლი). ამ მუხლებთან მიმართებაში საინტერესოა, როგორ ურიგდება მკვლელი მოკლულ დაზარალებულს.
გარდა ამისა, კოდექსში კიდევ მრავალი მუხლია, რომელთა სანქციაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთას არ აღემატება, მათ შორისაა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (სსკ 118.1 მუხლი); ცემა (სსკ 125-ე მუხლი); ძალადობა (სსკ 126.1 მუხლი) განსაცდელში მიტოვება (სსკ 128-ე მუხლი); უკანონო აბორტი (სსკ 133.1.2. მუხლი); სქესობრივი კავშირის ან საქსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება (სსკ 139.1.2 მუხლი); სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან (სსკ 140-ე მუხლი); გარყვნილი ქმედება (სსკ 141-ე მუხლი); ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა (სსკ 142.1.2 მუხლი); წამების მუქარა (სსკ 1442 მუხლი); დანაშაულის პროვოკაცია (სსკ 145-ე მუხლი) და სხვა.
ყველაზე საინტერესო ამ მუხლებთან მიმართებაში ისაა, რომ თითოეული ამ ქმედების ჩამდენი სსკ 68-ე და 69-ე მუხლის მიხედვით შეიძლება განთავისუფლდეს, რისი ერთადერთი წინაპირობაა: ნებაყოფლობითი გამოცხადება ბრალის აღიარებით, ხელის შეწყობა დანაშაულის გახსნაში და ზიანის ანაზღაურება (სსკ 68-ე მუხლი) ან სულაც და მხოლოდ დაზარალებულთან შერიგება (სსკ 69-ე მუხლი).
ამ პირობებში იბადება კითხვა - რა როლს ასრულებს ყოველივე ზემოაღნიშნულში სასამართლო, ან საერთოდ სახელმწიფო, თუკი ფორმალურადაც და ოფიციალურადაც ზემოჩამოთვლილ და სხვა მრავალ შემთხვევაში საკითხი პასუხისმგებლობის თაობაზე გვარდება თვით მოქალაქეთა დონეზე, სახელმწიფოს, საზოგადოების ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მაშინ როდესაც სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე დანაშაულად აღიარებს ამ ქმედებებს და სანქციებსაც აწესებს მათი ჩადენისათვის.
მუხლი 70. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ვითარების შეცვლის გამო - ობიექტურ საფუძველს არის მოკლებული სსკ 70-ე მუხლი,რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თუ დადგინდება,რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო. თუ რა “ვითარებაზეა” მსჯელობა ამ მუხლში, “კანონმდებელი” ამას არ ხსნის და არც ასაბუთებს და შესაბამისად ამ ცნების ინტერპრეტირება სუბიექტურ ჭრილში გადაჰყავს.
მუხლი 701. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის გამო - მეტად ორიგინალურია სსკ 701 მუხლი “სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის გამო”. მასში დაფიქსირებულია, რომ “განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის, ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის (პირების) ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხერხდა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობების შექმნა, სასამართლო უფლებამოსილია სრულიად გაათავისუფლოს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან”.
ვინაიდან ამ მუხლში არ არის დაფიქსირებული,რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პირობას წარმოადგენს არა მასზე შერაცხულ ბრალდებასთან დაკავშირებით მხილება, არამედ საერთოდ სხვა, მასთან კავშირში არმყოფ დანაშაულში ვინმეს მხილებაც, წარმოიშობა იმის საშიშროება, რომ პირი განიზრახავს რა ნებისმიერი დანაშაულის ჩადენას, მის ჩადენამდე წინასწარ აგროვებს მონაცემებს ვინმე სხვა თანამდებობის პირის ან დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ იგი სჩადის დანაშაულს და წინასწარ მოპოვებულ ინფორმაციას ცვლის თავის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში.
მუხლი 79. ნასამართლობა - სრულიად გაუგებარი და ალოგიკურია 79-ე მუხლის მე-2 პუნქტი, სადაც წერია, რომ “სასჯელისგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არ მქონედ”, მაშინ, როდესაც შემდეგ მე-3 პუნქტში მსჯელობაა ნასამართლობის “გაქარწყლებაზე”, რომლის მიხედვითაც ნასამართლობა იხსნება სასჯელის მოხდიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
ამ მეორე პუნქტის აბსურდულობა დასტურდება 79-ე მუხლის მე-5 პუნქტითაც, სადაც წერია, რომ “თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე”.
დასკვნისთვის: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მხოლოდ ზედაპირული განხილვა, ამჯერად ყოველგვარი სიღრმისეული თეორიების მოშველიების გარეშე, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების უფლებას, რომ ეს კოდექსი წარმოადგენს სამართლებრივი არაკომპეტენტურობის თვალსაჩინო მაგალითს. მისი თითქმის ყველა მუხლი უზუსტობისა და ალოგიკურობის ნიმუშია. იმავდროულად, ეს მუხლები ურთიერთგამომრიცხავნი არიან და ეწინააღმდეგებიან საღ აზრს და, შესაბამისად - ბუნებით სამართალს.
თომას ჯეფერსონი წერდა: “კანონმდებელი, რომელიც იღებს კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბუნებით სამართალს... დამნაშავეა. არსებითად იგი წარმოშობს დანაშაულს მისი შემდგომი დასჯის მიზნით”.
არსებული მდგომარეობა არც მხოლოდ შეცდომათა და უვიცობის შედეგია. ეჭვგარეშეა, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ, განზრახ ქმედებებს, მიმართულს საზოგადოების კრიმინალიზებისკენ ნებისმიერი ხერხით და მეთოდით, რასაც კი ძალაუფლების მპყრობნი თავისათვის სასარგებლოდ მიიჩნევენ. ეს სარგებელი არის უპირველესად მოსახლეობის დატერორება მისი სრული მორჩილების უზრუნველსაყოფად. ეს მორჩილება, თავის მხრივ, უზრუნველყოფს შეუზღუდავი ძალაუფლების გამოყენებას მმართველი, ერთპიროვნული ხელისუფლების მიერ მისი არსებობის უკვდავყოფისათვის. “უკვდავყოფა“ კი, ის საბოლოო მიზანია, რაც ტოტალიტარიზმის პირობებში მმართველი „ელიტისთვის“ სრული ფინანსური, მატერიალური და ფსიქოლოგიური განცხრომის ძირეულ საფუძველს წარმოადგენს.
ამ განცხრომის ფინანსურ და მატერიალურ საფუძველს უზრუნველყოფს სისხლის სამართალში შემოტანილი ინოვაცია „პროცესუალური გარიგების“ სახით, რომელიც ინდულგენციის თანამედროვე ნაირსახეობაა. კათოლიკური ეკლესიის მიერ დანაშაულის ჩადენისთვის გამოსასყიდის გადახდა ხუთი საუკუნის წინ გაუქმდა. ჯერ კიდევ 1567 წელს რომის პაპმა პიუს V-მ აკრძალა ინდულგენციის გაცემა საზღაურის ფასად. მანამდე, 1563 წელს კათოლიკურმა სამღვდელოებამ ტრიდანტის საეკლესიო კრებაზე დაგმო და აკრძალა ინდულგენცია, როგორც ხაზინის შევსების საშუალება. საქართველოს სინამდვილეში კი ინდულგენციის ინსტიტუტი პროკურატურის ძირითად ფუნქციად და პრიორიტეტადა არის ქცეული.
სავალალოა, რომ გათითოკაცებული მოსახლეობა სრული მორჩილებით ეგუება არსებულ, ადამიანის ღირსების დამამცირებელ მდგომარეობას და ერთგვარი კმაყოფილებითაც შემზერს ტელეყუთებში მორიგ კრიმინალურ ტრილერს იმის განცდით, რომ ეს, მათ, უშუალოდ, ამჯერადაც არ ეხებათ.
ამგვარი ინდიფერენტულობის ფენომენთან მიმართებაში აბრაამ ლინკოლნი წერდა: „ეგუებით რა თქვენს გარშემო მყოფ ადამიანთა უფლებების გათელვას, თქვენ კარგავთ საკუთარ თავისუფლებას და ხდებით ნებისმიერი ტირანის შესაფერისი ქვეშევრდომი“.
სავარაუოდოა, რომ არსებული მდგომარეობა გარკვეული დროის განმავლობაში კვლავაც გაგრძელდება, ვინაიდან იმდენად დიდია მმართველი ხელისუფლების სურვილი შეინარჩუნოს ნაძარცვი, რომ იგი ყოველ ღონეს იხმარს უკანონოდ მოპოვებულ სიკეთეთა შენარჩუნებისათვის.
საბედნიეროდ და ობიექტურად, გარდა მათი სურვილისა, არსებობს ისტორიული კანონზომიერება, რომელიც უარყოფს ბუნებაში ყოველივე უმსგავსოების მუდმივ არსებობას. უცილობელია, რომ ადრე თუ გვიან, საზოგადიების ძირითადი ჯანსაღი ნაწილი მაინც მიაღწევს ამ კოშმარიდან ხსნას.
ამ დროს აუცილებელია საზოგადოება მომზადებული შეხვდეს. მომზადებაში, განხილულ საკითხთა ჭრილში იგულისხმება სისხლის სამართლის კოდექსის ისეთი ტექსტის შექმნა, რომელიც თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოს შეეფერება.
თუ ეს მზადება დროულად არ დაიწყო, სავარაუდოა, რომ მომავალში მომხდარ ცვლილებებსაც ისევე მოუმზადებელნი შევხვდებით, როგორც ეს ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში არაერთხელ დაგვემართა, რის შედეგადაც, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საბაზრო ეკონომიკის ნაცვლად საბაზრო სამართლებრივი ქვეყანა მივიღეთ, სადაც ბატონობს ამ პუბლიკაციისათვის ეპიგრამად წამძღვარებული რომაელთა მიერ აღიარებული პრინციპი - „მონის მიმართ ყველაფერი ნებადართულია“.