ლუბა ელიაშვილი: „ეტყობა, პრემიერი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა“

ლუბა ელიაშვილი: „ეტყობა, პრემიერი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა“

პრემიერ-მინისტრი „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებს მკაცრად აკრიტიკებს, ზოგიერთ მათგანს „არაპროფესიონალს“ უწოდებს და მათი მხრიდან საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, ტელევიზიის დახურვას გაუგებარ და უცნაურ ფაქტად აფასებს.

აღნიშნული ტელევიზიის დახურვის თაობაზე, ბიძინა ივანიშვილმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

პრემიერის შეფასებით, ტელევიზიასთან მიმართებაში ის თანმიმდევრულად მოიქცა, ჟურნალისტების დამოკიდებულება კი, მისთვის შოკისმომგვრელი იყო.

„ძალიან სამწუხაროა ის, როგორც ჟურნალისტები და ხელმძღვანელობა მოიქცა. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, მათ ტელევიზია დახურეს. ამ დროს, მათ თვითონვე ჰქონდათ განცდა, რომ ბევრია მყიდველი და მსურველი, რომელიც მე ვერ ვნახე ისეთი დახურული ქმედებით, რომ ტელევიზიის ირგვლივ აჟიოტაჟი არ გამომეწვია და ამით ტელევიზიას ჩრდილი არ მიდგომოდა. ყველა პოტენციურ მყიდველთან საუბარს ვახერხებდი. წინა პარასკევს, ქალბატონ ლუბას მდგომარეობა ავუხსენი და ვუთხარი, რომ ამაზე გვიან ტელევიზიის დახურვა უხერხული იქნებოდა. არხის გათიშვის თაობაზე, ჟურნალისტებისა და ხელმძღვანელობის რეაქცია ჩემთვის უცნაური იყო. ადგნენ და არხი გათიშეს! ძალიან გაუგებრად მოიქცნენ!

მათ შევახსენებ, რომ ჩვენთან არცერთი ჟურნალისტი არ გადმოსულა CNN-დან და BBC-დან. უმეტესობა უმუშევარი იყო და უმეტესობა არ არის პროფესიულად ჟურნალისტი, მათ ჩვენთან ისწავლეს და ტელევიზია როგორც სასწავლებელი ისე გამოდიოდა, ისინი ხელფასს იღებდნენ და ახლა მამადლიან, რომ ჩვენ გამოგვიყენაო, ძალიან ცუდ განცხადებებს აკეთებენ. ჩემთვის ძალიან გულსატკენია, რომ ლამის, აქეთ დამამადლეს ის, რომ ეს ათი თვე 10 მილიონი დოლარი მხოლოდ ჟურნალისტებისთვის დავხარჯე. მეტი არაფერი მიზანი არ მქონია და მეცხრე არხისთვის დაკვეთები არ მიმიცია, არც ადრე და მით უმეტეს, არც მერე, როცა ხელისუფლებაში მოვედით. აბა წარმოიდგინეთ, არჩევნების შემდგომ რომ დამეხურა, ამას როგორი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა?! ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, - აცხადებს პრემიერი.

ივანიშვილის მოსაზრებით, ვინც თავის პროფესიას პატივს სცემს, განცხადების მერე არ ადგებოდა და ტელევიზიას არ მიახურავდა.

„უმეტესობა იყო არაპროფესიონალი, რის გამოც, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. პროფესიონალები ასე არ მოიქცეოდნენ. ვინც თავის პროფესიას პატივს სცემს, განცხადების მერე არ ადგებოდა და ტელევიზიას არ მიახურავდა. თუ საკუთარ პროფესიას პატივს სცემენ და ისინი ჟურნალისტები არიან, ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ და ეს ძალიან სამწუხაროა. თქვენს პოზიციას სკეპტიკურად ვუყურებ, რომ უამრავი მყიდველი არსებობს, მაგრამ თუ თქვენ ასე ფიქრობთ, მით უმეტეს რისთვის დახურეთ ტელევიზია?! მაყურებელს ხომ პატივი უნდა სცეთ?! თქვენ ხომ მაყურებელი გყავდათ, რატომ დახურეთ ტელევიზია?!“, - აცხადებს ივანიშვილი.

მთავრობის ხელმძღვანელი ყურადღებას „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელის, ლუბა ელიაშვილის თხოვნაზეც ამახვილებს.

„ტელევიზიის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ყველამ კარგად იცოდა. ტელევიზიის გახსნას საერთოდ არ ვაპირებდი და შედეგი ვიცოდი, რომ ტელევიზიის დაჭერას არ ვაპირებდი. ტელევიზიის მინდოდა თხოვება, რომ ის ამეშენებინა, ინვესტიცია ჩამედო და პატრონისთვის უკან უფასოდ მიმეცა. კარგი სურვილები მქონდა, რომ ჟურნალისტებიც უმუშვერები არ ყოფილიყვნენ და აპარატურაც არხებისთვის გადამეცა. ვცდილობდი, რომ ჟურნალისტები და ტელევიზია არ დაზარალებულიყვნენ და ეს ვერ მოვახერხე.

ტელევიზიის შენახვა დაახლოებით მილიონი დოლარი ჯდებოდა და ამას მხოლოდ იმისთვის ვაკეთებდი, რომ ჟურნალისტები არ დაზარალებულიყვნენ. მახსოვს, ქალბატონმა ლუბამ რამდენიმე რამ მთხოვა, როდესაც ჩემი განცხადება გავუგზავნე. მთხოვა, რომ განცხადებიდან ამომეღო, რომ „ინფო 9“ იყო დროებითი პროექტი და ეს მათ იცოდნენ. მეორედ დამირეკა და მთხოვა ამომეღო ის, რომ მე ამას ჟურნალისტებისთვის ვაკეთებდი. ვკითხე, რატომ უნდა ამომეღო?!“, - აღნიშნავს პრემიერი.

ბიძინა ივანიშვილი არხის მყიდველთა რაოდენობასაც სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ „მეცხრე არხის“ შეძენის მსურველებთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური ჯგუფი გამოყო.

„მყიდველებთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური ჯგუფი გამოვყავი. ეს არის ჩემი ახლობელი ადამიანი, ვინც ამ სიტუაციას მიჰყვება და თუ იქნა სერიოზული მყიდველი, რა თქმა უნდა, მივესალმები და აუცილებლად დავიცავ პირობებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, მყიდველი გამოჩნდეს. ეს ატეხილი ხმაური ცარიელი ხმაურია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ყველა მყიდველი ცალ-ცალკე გაირჩევა. თუ სერიოზული მყიდველი გამოჩნდა, არც ერთ სერიოზულ მყიდველს უარი არ ეთქმება“, - აღნიშნავს პრემიერი.

თუ ვინ მიიღო „მეცხრე არხის“ დახურვის გადაწყვეტილება? - ამის გარკვევის მიზნით, for.ge ლუბა ელიაშვილს დაუკავშირდა:

პრემიერი არხის დახურვის გამო, ჟურნალისტებსა და ხელმძღვანელობას აკრიტიკებს. ივანიშვილის კრიტიკას იღებთ?

- არხის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება, როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა, ერთპიროვნულად მივიღე. ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მე შემეძლო და ჟურნალისტებს იმის უფლება არ ჰქონდათ, რომ არ დამმორჩილებოდნენ. ამიტომ, პასუხისმგებლობა ჩემზეა!

თუმცა, ივანიშვილი ამ გადაწყვეტილების გამო, თქვენ - ჟურნალისტებსა და ხელმძღვანელებსარაპროფესიონალებსგიწოდებთ. . .

- ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მე მივიღე და ამის მიზეზი ის სტრესული მდგომარეობაა, რაშიც ჟურნალისტები იმყოფებიან. მათ არხის დახურვა ძალიან განიცადეს. მათ ის არხი ძალინ უყვარდათ, სადაც წელიწადნახევარი გაატარეს. ისინი სტრესტულ მდგომარეობაში იმყოფებიან და მომეჩვენა, რომ პირდაპირი ეთერისთვის სტრესული მდგომარეობა კარგი არ იქნებოდა. შეიძლება ვინმეს ცრემლები წამოსვლოდა. ამიტომ, გადაწყვეტილება მივიღე, რომ შტატგარეშე სიტუაციებიდან ადამიანები დაცულნი ყოფილიყვნენ და მთელი პასუხისმგებლობა მე მეკისრება. რაც შეეხება იმას, რომ ეს ადამიანები არ არიან გადმოსულნი სი-ენ-ენი-დან და ბი-ბი-სი-დან, ეს მართალია, თუმცა, ცნობილი ტელევიზიებიდან არც სხვა არხებზე გადასულან. „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები დღეს ვარსკვლავები და პროფესიონალები არიან! ამას ის ადასტურებს - თუ როგორი გულდასაწყვეტი იყო მათი ეთერში არყოფნა მთელი საქართველოსთვის. თქვენ შეგიძლიათ ტელევზიის რეიტინგები ნახოთ.

თავის დროზე, „იბერიაში“, სადაც საინფორმაციოს ხელმძღვანელო ვიყავი, ეკა ხოფერია, ნინო ჟიჟილაშვილი, დიანა ჯოჯუა, ზაალ უდუმაშივილი, გიორგი სანაია და ა.შ. მოვიდნენ, რომლებიც მალე ვარსკვლავებად იქცნენ. ზუსტად ასე იქცნენ ეს ადამიანები პროფესიონალებად და ამით ბედნიერი ვარ.

პრემიერი ამბობს, რომ ის ჟურნალისტების მიერ გაკეთებული კომენტარებით გულნატკენია. ივანიშვილმა აღნიშნა, რომჟურნალისტები ამბობენ, რომგამოგვიყენაო“...

- ასეთი რამ არავის უთქვამს და ეს პრემიერის შეცდომაში შეყვანაა. არ ვიცი, ამას პრემიერს რომელი ადამიანი ეუბნება?! მიმითითონ თუ რომელი კომენტარი გაკეთდა მსგავსი შინაარსით. მაპატიეთ, მაგრამ ეს კომენტარი შეურაცხმყოფელია იმ ადამიანისთვის ვინც იტყვის, რომ გამომიყენესო. ჩვენთან ასეთი უღირსი ადამიანები არ მუშაობენ. ყველა ამბობს, რომ საკუთარი თავის გამოყენების უფლებას არავის მისცემენ. შესაბამისად, მსგავსი რამ არავის უთქვამს და არც იტყვიან! ეტყობა, პრემიერი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ განცხადებიდან ორი მუხლი ამოაღებინეთ, რომელთაგან ერთ-ერთიინფო 9“- ეხებოდა. რატომ დაურეკეთ პრემიერს?

- როცა ეს ტექსტი მოვიდა, მას ვუთხარი, რომ ეს თანამშრომლებისთვის უსიამოვნო იქნებოდა. „ინფო 9“ ამჟამად მუშაობს და ამ ლოგიკით პროფესიონალურად მოიქცნენ. „ინფო 9“ რეიტინგებში მაღალ პოზიციაზეა და ყოველთვის ათეულშია. პროექტი, რომელიც დროებითად დაიწყო და ასეთი წარმატებული გახდა, ალბათ, იმის ღირსია, რომ იარსებოს! არ მინდოდა, რომ ეს გულისტკენის დეტალი ყოფილიყო. ვიცოდი, რომ ტელევიზია პრემიერს უხერხულობას უქმნიდა, მაგრამ ტელევიზია საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლო რამეს აკეთებდა და ეს დღეს ცხადია.

ტელევიზიის შეძენის სურვილი „იბერიის“ ყოფილმა მფლობელმა გამოთქვა და პირველ რიგში, მან ხაზი ჟურნალისტების პროფესიონალიზმს გაუსვა.

თუმცა, პრემიერი მყიდველთა რაოდენობას სკეპტიკურად უყურებს. . .

- ტელევიზიის მყიდველი სულ ცოტა ორი არსებობს. თუ ორი არა, ერთი ხომ არსებობს?! სერიოზულმა ჯგუფმა, რომელსაც კაპიტალი გააჩნია, არხის ყიდვის სურვილი გამოთქვა და რატომ შეიძლება ეს არასერიოზულად ჩაითვალოს?!