რუსეთის „პირველმა არხმა“ ქართულ სკოლებში რუსული ენა „დააბრუნა“

რუსეთის „პირველმა არხმა“ ქართულ სკოლებში რუსული ენა „დააბრუნა“

„პუშკინისა და ლერმონტოვის ენის გარეშე საქართველოში ვერაფერს იზამ“,- ამ სიტყვებით ამთავრებს „რუსეთის პირველი“ არხის დიქტორი იმ სიუჟეტის საკადრო ტექსტს, რომელიც ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლების დაბრუნებას ეხება.

რუსი დიქტორის თქმით, კვირაში ორი საათის ნაცვლად, ქართველი მოსწავლეები ამიერიდან რუსულ ენას ოთხი საათის განმავლობაში ისწავლიან და სწავლება არა მეშვიდე, არამედ მეორე კლასიდან დაიწყება. თუმცა ბარიერს ქმნის ის ფაქტი, რომ ამჟამად საქართველოში რუსული ენის სახელმძღვანელოების ნაკლებობაა. ამიტომ რუსი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რუსული განყოფილებისთვის წიგნების გადათარგმნა დაიწყო.

სიუჟეტის მიხედვითსაბჭოთა კავშირის დაშლამდე რუსულ ენას საქართველოს მოსახლეობის 77 % თავისუფლად ფლობდა, ახლა კი მხოლოდ 39% ფლობს. ამის მიუხედავად, რუსი ჟურნალისტი აცხადებს, რომ რუსული ენის შემსწავლელი კურსები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამ ენას არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ახალგაზრდებიც ითვისებენ. კერძოდ, მათთვის „ერეკლე მეორის საზოგადოებასთან“ სპეციალური უფასო კურსებია გახსნილი, რომელიც ფონდ „რუსული სამყაროს“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

განათლების სამინისტროში ამ ყველაფერს რუსულ მედიაში აგორებულ თემას უკავშირებენ. როგორც სამინისტროში გავარკვიეთ, რუსული ფედერალური არხის პოზიცია სიმართლეს არ შეესაბამება და რუსული ენის ქართულ სკოლებში დაბრუნების კამპანია არ მიმდინარეობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქართულ სკოლებს თავიდანვე შესაძლებლობა ჰქონდათ, სასურველი უცხო ენა აერჩიათ. თუმცა ბავშვები და მათი მშობლები ინგლისურ ენას ანიჭებდნენ უპირატესობას და ძალაუნებურად, რუსული ენისადმი ინტერესი ქრებოდა.

სანამ რუსულ ტელეარხზე ეს სიუჟეტი გავიდოდა, მანამდე ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ჯერ კიდევ განათლების მინისტრის პოსტზე მყოფი გიორგი მარგველაშვილის სიტყვები „ვთვლი, რომ რუსული ენის დაკარგვა არის მარაზმი“.

მარგველაშვილის ეს განცხადება ყოფილი ხელისუფლების პოზიციისგან დიამეტრულად განსხვავებდებოდა. თუ წინა ხელისუფალნი ცდილობდნენ, დასავლეთისთვის ერთგულება ამერიკელი პედაგოგების განუწყვეტელი ჩამოყვანით დაემტკიცებინათ, ახლა ეს პიარკამპანია წარსულს ბარდებოდა.

მარგველაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ ინგლისური არის ის ენა, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავნერგოთ, თუმცა, შეუძლებელია, ეს პროცესი ხელოვნურად განხორციელდეს, რუსული ენის ხელოვნური იგნორირების ხარჯზე.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, განათლების სამინისტროში რუსული ენის დაბრუნების აქტიური კამპანია არ მიმდინარეობს და ენების გადანაწილება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ხდება.

„რას ნიშნავს სკოლაში რუსული ენის დაბრუნება ან ამოღება?! ზოგადად, ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერი ენის მიმართ მიუღებელია. გულსატკენია, რომ სრულიად სხვა დამოკიდებულება იყო ამ ენის სწავლებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენა ძალიან მდიდარია. ამიტომ არ შეიძლება, პოლიტიკურ შეხედულებების გამო ეს ენა ხელწამოსაკრავი გახდეს. თუმცა ამ ეტაპზე განათლების სამინისტროში რაიმე ცვლილება არ იგეგმება, რადგან ახალ თაობას ინგლისური აინტერესებს“, - აღნიშნა მაია მიმონოშვილმა.

განათლების სამინისტროს ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი მერაბ თოფურია მიიჩნევს, რომ რუსული იქნება, გერმანული თუ ინგლისური, თავისთავად, ეს ენები სკოლებში ყოველთვის ისწავლებოდა და გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი, მაგალითად, რუსულ ენას.

მერაბ თოფიურიას თქმით, საბჭოთა პერიოდში ეს ენა აუცილებელი იყო და მთელი ატმოსფერი გაჟღენთილი იყო რუსული ენით, რაც ავტომატურად აისახებოდა კიდეც მოსახლეობაზე. ახლა კი, თუკი ატმოსფერო გაიჟღინთება ინგლისური ენით, მაშინ, რუსული ნაცვლად, ინგლისურად მოლაპარაკე გახდება ჩვენი მოსახლეობის 77 %.

„ამიტომ დროსა და სახელმწიფოს პრიორიტეტებს გააჩნია. თუ ჩვენ გვინდა, დავბრუნდეთ ისევ რუსეთის სივრცეში, მაშინ ეს ენაც დაბრუნდება უკან, მაგრამ არა მგონია, ამ მიმართულებით მივდიოდეთ. უბრალოდ, ეს არის რიტორიკა და ჩვენი გეზი მაინც არის ევროპული. თუმცა რუსული ენის ცოდნა ისევე აუცილებელი და საჭიროა ყველასთვის, როგორც ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის ენის. ეროვნულ გამოცდებს როცა ვატარებთ, პრიორიტეტულია ინგლისური ენა, თუმცა ბავშვების ¾ მაინც აბარებს რუსულ ენას“, - აღნიშნა მერაბ თოფურიამ For.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროში რუსული ენის აქტიურ დაბრუნებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. შესაძლოა, ცალკეული საუბრები სადმე არის და გარკვეული ძალები ამას ცდილობენ, მაგრამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა და ეს რიტორიკის დონეზეა.

51-ე სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ფილოლოგი ნინო მჭედლიშვილი ჩვენთან კომენტირებისას აცხადებს, რომ, მართალია, დღესდღეობით ინგლისური ენა პრიორიტეტულად ითვლება, მაგრამ რეალურად, ახალგაზრდებმა ეს ენა მაინც არ იციან ისეთ დონეზე და ისე კარგად, როგორც უნდა იცოდნენ.

მისივე თქმით, სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, იმ პერიოდის ახალგაზრდა თაობამ რუსული კარგად იცოდა და დღემდე ინფორმაციის მოძიების თვალსაზრისით, უფრო რუსულს მიმართავენ. სტუდენტებს კი ამ მხრივ უჭირთ ინფორმაციის მოპოვება, რადგან ინგლისური კარგად არ იციან.

„აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ნებისმიერი ქვეყნის ენის ცოდნა სასურველია და, რაც მეტი ენა იცი, მით უკეთესი. პრაგმატული თვალსაზრისით, რომ შევხედოთ ამ საკითხს, რუსულიც უნდა ისწავლებოდეს, თუნდაც ჩვენი რეგიონული მდგომარეობიდან გამომდინარე. მით უმეტეს, დღევანდელი თაობისთვის უფრო გახსნილია საზღვრები და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ურთიერთობების უფრო მეტი შანსია. ამიტომ ინგლისური ენა უნდა იყოს წამყვანი, რუსული კი, თუ პრირიტეტული არა, ყოველ შემთხვევაში, იგნორირებული მაინც არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ნინო მჭედლიშვილმა.