მე- 9 არხის გარშემო განვითარებული მოვლენები ბოლო დღეების ერთ- ერთი მთავარი თემაა. ამ საკითხზე პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოველთვის მიაჩნდა - ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ. ამავე განცხადების თანახმად, 19 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე თუ გამოჩნდება "მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"- ის მყიდველი, მას მედიასაშუალებებს საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად დაუთმობენ, ოღონდ იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს. ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ ექსპერტ მამუკა არეშიძეს.
- მოელოდით, რომ "მე- 9 არხთან" დაკავშირებით პროცესები ასე განვითარდებოდა?
- ასეთ რამეს ნამდვილად მოველოდი, ოღონდ არა ახლა, ფაქტობრივად არჩევნების წინ, არამედ გაცილებით ადრე. საქმე ის არის, რომ საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ლაპარაკობდა, რომ ის და მისი ოჯახი აპირებდნენ ამ არხისგან ოფიციალურად დისტანცირებას, ძირითადად აქცენტი კეთდებოდა მის გასხვისებაზე. მისივე განცხადებიდან გამომდინარე, მოტივაცია სრულიად გასაგებია, არ სურდა, რომ მასთან, როგორც პრემიერ- მინისტრთან ასოცირებული ყოფილიყო მედიასაშუალება. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესში რაიმე განსხვავებულ ქვეტექსტს ვერ ვხედავ. გულწრფელად თანავუგრძნობ იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ამდენი ენერგია შეალიეს ამ არხის შექმნას. ვიმედოვნებ, რომ მათ სხვა არხებზე გადაანაწილებენ.
- რას იტყვით ტელეკომპანია "მაესტროში" შექმნილ ვითარებაზე, როდესაც არხი წამყვანმა თანამშრომლებმა დატოვეს.
- ვფიქრობ, "მაესტროს" ვითარება სულ სხვაა და "მე- 9 არხთან" არანაირი კავშირი არა აქვს. მამუკა ღლონტი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, ნებისმიერ ნაბიჯი კარგად აქვს ხოლმე გათვლილი. თანაც ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის. კარგად მახსოვს, მამუკამ საიდან დაიწყო, რამდენს წვალობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მაყურებლისთვის მისაღებ პროდუქტს ქმნიდა. ვიცი, რომ ახლაც არიან ისეთი ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებსაც სურთ, თავიანთი პოლიტიკა გაატარონ ამა თუ იმ საინფორმაციო საშუალებით. აქვე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მთელი ხელისუფლების ნება. ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება ტელევიზიის გაჩერებისაც და მისი დარბევისაც, ჟურნალისტთა გადაბირებაც კარგად გვახსოვს. თუმცა ამ ყველაფრის შემოქმედი, "იმედის" დამარბეველი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა "მე- 9 არხის" დახურვის შემდეგ და ისიც კი თქვა, რომ მის დროს რამდენიმე არხი გაიხსნა. სასაცილოა პრეზიდენტის განცხადებები. ბოლო ხანს ისეთ რამეებს ამბობს, მის ნათქვამზე რა კომენტარი უნდა გააკეთო?
- "მე- 9 არხის" დახურვის პარალელურად, პრესაში დაიწერა, რომ ივანიშვილმა "მაესტროს" წილი იყიდა.
- დანამდვილებით არაფერი ვიცი, მაგრამ კარგა ხნის წინ, როდესაც მამუკა ღლონტს ეროსი კიწმარიშვილთან შეექმნა პრობლემა, ამგვარი მოლაპარაკება ივანიშვილსა და "მაესტროს" დამფუძნებლებს შორის მიმდინარეობდა. ან მაშინ როგორ დასრულდა ის მოლაპარაკება, ან ახლა რა ხდება, არ ვიცი.
- ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს "მაესტრო", როდესაც ახლახან "მე- 9 არხი" დახურა?
- არა მგონია, რამეში სჭირდებოდეს. ერთადერთი ისაა, რომ მაშინ შესაძლოა რამეზე შეთანხმდნენ, გარიგდნენ, მაგრამ ვერ მოხერხდა გადაბარება გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო. შესაძლოა ახლა ეს პირობები შესრულდა და ამიტომაც აღმოჩნდა "მაესტროს" გარკვეული წილი ივანიშვილის ხელში. არ ვიცი, რეალურია თუ არა ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ასეა, მაშინ
საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესგარიგებასთან, ივანიშვილს ზოგადად ახასიათებს, რომ რაც ბიზნესთან არის დაკავშირებული, ყველა საქმე ბოლომდე მიიყვანოს. სხვა შემთხვევაში, მას თუ სატელევიზიო სივრცე სჭირდებოდა, ჰქონდა კიდეც, ახლის ყიდვა რაში უნდა სჭირდებოდეს, არ ვიცი. გარდა ამისა, მას ყოველთვის შეეძლება კონკრეტული პროგრამების დაფინანსება, იმავე "მაესტროს" ეთერში, რაც გაუკეთებია კიდეც არჩევნების პერიოდში.