საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტს (NDU) ეწვია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას უნივერსტიტეტის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა. შეხვედრაზე აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ირაკლი ალასანიამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო განათლების სფეროში ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტსა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობა.

გაცვლითი ვიზიტები, ორმხრივი კონსულტაციები და მემორანდუმის გაფორმება ორ სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმია, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო კურსების ჩამოყალიბების პროცესს.

ყოველწლიურად ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეთა კოლეჯში სწავლის საშუალება ერთ სამოქალაქო პირს, ხოლო თავდაცვის კოლეჯში ერთ სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა. 2002 წლიდან ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი ხუთმა სამოქალაქო პირმა დაამთავრა, სამხედრო კოლეჯში კი მაღალი რანგის ათმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო განათლება.