სასხლავით ხელში - ვენახში

სასხლავით ხელში - ვენახში

რას გააკეთებს სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ?! ამ კითხვას თავად მიხეილ სააკაშვილმა გასცა პასუხი და, ალბათ, მისთვის ყველაზე სასურველი ვარიანტი შემოგვთავაზა. ამჯერად იგი მეურნედ მოგვევლინება და კახეთში მევენახეობა-მეღვინეობისა და ვაზის სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს.

მართლია, მისი მმართველობით აღშფოთებული საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადის დასრულებას სულ სხვაგვარად ხედავს, მაგრამ სააკაშვილი კვლავაც ვარდისფერი ფერებით უყურებს ცხოვრებას.

მავანი იფიქრებს, კიდევ კარგი, სააკაშვილი სამომავლოდ მევენახეობას მიჰყოფს ხელს და არა _მისთვის საყვარელ არქიტექტურას, რომელმაც მისი მმართველობის დროინდელი არაერთი „შედევრი“ შემოგვინახა, აჭრელებული თბილისით დაწყებული, განუხორციელებელი ლაზიკით გაგრძელებული, და შლოპანცებიანი კვერცხებით თუ გიგანტური ველოსიპედით დაგვირგვინებული...

სხვა საკითხია, მისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, არის კი სააკაშვილი მეღვინე კაცი?! რამდენად რეალურია, რომ პრეზიდენტი მართლაც მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებაზე ფიქრობდეს იმ ქვეყანაში, სადაც მის დროს არაერთი გლეხი იძულებული გახდა, ვაზი აეჩეხა.

„ჩემი საქმიანობა არის დაკავშირებული ხალხის მოსმენასთან და ხალხთან სიარულთან, ძალიან ბევრ შეხვედრებთან. ჩვენ ვაფუძნებთ მეღვინეობის ასოციაციებს ყველგან, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ღვინო არის ის სფერო, სადაც მცირე ნაკვეთებიანი სოფლის მეურნეობა არის მომგებიანი. განსხვავებით ყველა ბევრი სხვა სფეროსგან, სოფლის მეურნეობაში, სადაც ბევრი ფულის ჩადებაა საჭირო, აქ მცირე დანახარჯით ჩვენმა ხალხმა, იმ ტურიზმის პირობებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს შემოსავალი შეიძლება მოიპოვოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ვადის ამოწურვის შემდეგ იგი თბილისში პოლიტიკურ მეცნიერებებთან დაკავშირებით სასწავლო ცენტრის გაკეთებასაც გეგმავს, რადგან მიაჩნია, რომ პოლიტიკური განათლება არის ყველაზე სუსტი წერტილი, რომელიც ჩვენ გვაქვს.

მეღვინეობის კარიერასთან დაკავშირებით სააკაშვილის ნათქვამმა ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი დაარწმუნა, რომ სააკაშვილი აზრზე არ არის, რას იზამს და სად წავა. ამდენად, იგი კვლავ შეიცავს საფრთხეს თავისი არაპროგნოზირებადი ქმედებებით.

For.ge-სთან საუბარში სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ, რასაკვირველია, სააკაშვილის საყვარელი საქმიანობა კვლავაც იქნება დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოს კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების კრიტიკა. კერძოდ, ის ვერ გაექცევა საკუთარ წარსულს და საკუთარი თავის განდიდების მანია იქნება მისი ყოველდღიურობის მახასიათებელი მანამ, სანამ მისი ყოფილი თანამზრახველები საბოლოოდ არ ჩაახშობენ მის ხმას და არ აუკრძალავენ, რომ საერთოდ არ ახსენოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული, რომელიც სატრაბახოდ მხოლოდ სააკაშვილს დარჩენია. ყველა დანარჩენი კი ხვდება, რომ მხოლოდ დანაშაულებრივ ბიოგრაფიას თუ გაუმდიდრებს ამ წარსულის მოგონება და შეფასება.

„ძნელია წინასწარი პროგნოზი, თუ რას გააკეთებს სააკაშვილი, მაგრამ, თუ მართლაც მეღვინეობაზე განაცხადა პრეტენზია, მაშინ მისი ამოცანა ყოფილა, რომ რუსულ ბაზარზე აღარ შევიდეს ქართული ღვინო, რადგან ფალსიფიკაციის გარეშე სააკაშვილი ვერ იარსებებს. შესაბამისად, მისი ღვინოც ფალსიფიცირებული იქნება და, ობამასა და სარკოზის ნაცვლად, ურთიერთობას დაიწყებს ონიშჩენკოსთან იმის თაობაზე, არის თუ არა მისი ღვინო ფალსიფიცირებული“,-აცხადებს სისო ცისკარიშვილი.

ამასთან, თუკი მემუარების შექმნას დააპირებს პრეზიდენტი, მას ყდაზე დასაწერ სათაურსაც სთავაზობს - „ტყუილი, ტყუილი და ნარკოტიკი“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტობის ვადა ცოტათი მაინც გახანგრძლივდება და დეკემბრამდე მიაღწევს, მაშინ უკვე მანდარინი და ვაშლი შემოვა და სააკაშვილი მევენახეობასთან ერთად, ალბათ, ციტრუსებსა და ხილსაც მიხედავს.

მისი განცხადება პოლიტოლოგს წმინდა პოპულისტურად ეჩვენება, რადგან ახლა კახეთში რთველი იწყება, იმ კახეთში, სადაც სააკაშვილისა და მისი გუნდის ნამოღვაწარი - ვენახების აჩეხვა კარგად ახსოვთ.

გახსნის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკურ მეცნიერებებთან დაკავშირებულ სასწავლო ცენტრს, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია, თუ როგორი პროცესები განვითარდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და როგორი პოლიტიკური სიტუაცია იქნება საქართველოში. კერძოდ, ექსპერტი ეჭვობს, სააკაშვილმა ასე თავისუფლად შეძლოს გადაადგილება ჩვენს ქვეყანაში, თბილისის ქუჩებში, როგორც ინსტიტუტის თუ უნივერსიტეტის რექტორმა ან დამფუძნებელმა.

„თუკი „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მაინც შეძლებს რეალურად გაერკვეს, რა სჭირს ამ ქვეყანას და ქვეყნის პრობლემატიკაზე დაიწყებს სერიოზულ მუშაობას, მაშინ, რა თქმა უნდა, სააკაშვილს არანაირი პერსპექტივა არ ექნება. მაგრამ, თუ ამას ვერ შეძლებს, რევანშიზმის საფუძვლები შეიძლება რეალურად გაჩნდეს. ის, რომ სააკაშვილი თურმე მსოფლიოში ივლის და მას დიდი მიწვევები ექნება, ფაქტობრივად, გამორიცხულია. შესაძლოა, ძველმა პიარ-მეგობრებმა, თუ ლობისტებმა შტატებში ორი-სამი ასეთი მიწვევა გაუკეთონ, მაგრამ შემდეგ ჩაქრება მის მიმართ ინტერესი. მარტივად გავავლოთ პარალელი, არათუ სააკაშვილის, არამედ ისეთი დონისა და იმხელა ქვეყნის პოლიტიკური ფიგურის მიმართ, როგორც გორბაჩოვი იყო, ფაქტობრივად, ინტერესი განელდა, ისევე, როგორც განელდა და გაქრა ინტერესი შევარდნაძისადმი და სხვა. პოლიტიკას ერთი უცნაურობა სჭირს, პოლიტიკიდან გასულ ფიგურებს ძალიან მალე ივიწყებენ“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან საუბარში.

ამასთან, არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი მემუარებს დაწერს ან ვინმეს დაიქირავებს მის დასაწერად, რაც მისთვის ყველაზე კარგი სიტუაცია იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ასეთი სვლა გამიზნული იქნება, როგორც საშინაო, ისე საგარეო ბაზარზე.

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის მოლოდინს, რომ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ცხრაწლიანი პერიოდის მთლიანი შეფასება უნდა მოხდეს და ეს მხოლოდ სააკაშვილს არ ეხება.

მეტიც, ექსპერტის აზრით, დღესვე რომ მზად იყოს შესაბამისი მასალები, სააკაშვილის პრეზიდენტობიდან წასვლისთანავე არ უნდა მოხდეს მისი დაპატიმრება. მართალია, სამართალი უნდა აღდგეს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ არაფერი საგანგაშო არ იქნება, თუკი ერთი წლის შემდეგ აღსრულდება სამართალი. პირიქით, ეს გაცილებით კარგი იქნება, რადგან მისი პრეზიდენტობიდან წასვლის ერთი წლის თავზე ვნებათაღელვა დაცხრება, სიტუაცია დაიწმინდება და რეალურად დარჩება ის მასალა, რაც მის შესახებ დაიდება.

უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაული, 2008 წლის წლის აგვისტოს ომის სახით და მარტო ამ მოვლენის გამო იგი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. შესაძლოა, ეს არ მოხდეს ძალიან სწრაფად, რადგან ამის თქმის საფუძველს ჩვენი პროკურატურის ტემპი არ იძლევა, მაგრამ ეს ისეთი მძიმე დანაშაულებია, რომლებზეც ხანდაზმულობა არ ვრცელდება, რომ ვინმეს დაუსჯელად შერჩეს ეს დანაშაული.

„მევენახეობა-მეღვინეობას სააკაშვილი შესანიშნავად შეძლებს ციხეში. დარწმუნებული ვარ, ციხეებში გაშენდება ბაღები და ვენახები და პატიმრები მათ სიამოვნებით მოუვლიან. ასე რომ, მის მიერ დანახული სამომავლო სურათი არ ცვლის იმ ფაქტორს, რომ ის შეიძლება, ციხეშიც უვლიდეს ვენახს. ციხეში პასიური ადამიანებიც ხვდებიან და ზეაქტიურებიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ მათ თავიანთი გაქანებისა და შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება აქვთ. არ ვარ იმ აზრის, რომ ეს კაცი ჯანმრთელი ფსიქიკისაა და ჯანმრთელი ადამიანის კვალობაზე განიხილავს თავის მომავალს. თუმცა მისი წარსულიდან გამომდინარე, მან „დიდი როლი ითამაშა“ და უამრავი „სასიკეთო საქმის“ გაკეთება მოასწრო“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.