„არა, რომელი პოლიტიკოსი ხურავს ტელევიზიას არჩევნებამდე სამი თვით ადრე?" - ხშირად გაისმის ბოლო დღეებში, პრემიერ მინისტრ ივანიშვილის მიერ TV9-ის „მოულოდნელი" დახურვის შემდეგ. არ აზუსტებენ ხოლმე: „რომელი ჭკვიანი პოლიტიკოსი . . . ", რაკი ითვლება, რომ თუ პოლიტიკოსი ჭკვიანი არ არის, ის საერთოდ არაა პოლიტიკოსი. მაგრამ თუ ადამიანი პოლიტიკოსი არ არის, მაშინ? თავისთავად არაპოლიტიკოსობა ხომ ჯერ კიდევ არ არის დანაშაული? ჰოდა არც ბიძინა ივანიშვილი არაა პოლიტიკოსი! ოღონდ მარტო იმიტომ კი არა, რომ წასვლას აპირებს (ტელევიზიის დახურვა კიდევ ერთი დადასტურება გახდა, რომ მისი ეს სურვილი გულწრფელია და არა გათამაშებული) არამედ იმიტომაც, რომ სხვაგვარი მენტალობა აქვს და სხვაგვარად აზროვნებს. ანუ, აზროვნებს როგორც ბიზნესმენი და არა პოლიტიკოსი. ბიზნესმენი ყოველთვის პრაგმატულია, პოლიტიკოსი კი შეიძლება იდეალისტიც იყოს.
„არჩევნების პროცესში TV9-ის კუთვნილებას ოპოზიცია წამოაძახებდაო". სრული აბსურდია! ჯერ ერთი, „მეცხრე არხი", რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია ჩანდა, თუ შალვა რამიშვილის საავტორო გადაცემას არ მივიღებთ მხედველობაში. მაგრამ საავტორო გადაცემა იმის საავტორო გადაცემაა, სუბიექტური უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, არავის არასდროს მოსვლია აზრად, ბიძინა ივანიშვილისთვის „წამოეძახებინა": „ოჯახურ ტელევიზიას არჩევნებში საკუთარი კანდიდატის გასაყვანად იყენებსო". ან ვის უნდა წამოეძახებინა? „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის" პატრონებს?! კი ბნელა ამ ქვეყანაში, მაგრამ იმდენად არა, აღარ გვახსოვდეს, რას აკეთებდა ეს ტელევიზია თუნდაც 1 ოქტომბრის არჩევნების წინ. ამასთან შედარებით, TV9 დაბალანსებულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის შვედური სტანდარტის ნიმუში იყო.
ასე რომ, ხსენებული არგუმენტი, თითქოს ივანიშვილის გადაწყვეტილება „პოლიტიკური იმიჯის" მოსაზრებებმა განაპირობა, რალურად ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. „მეცხრე არხი" რომ ისეთივე გავლენიანი ყოფილიყო, როგორც „იმედი" პატარკაციშვილის დროს, კიდევ სხვა საქმე იქნებოდა.
როგორც ჩანს, განმსაზღვრელი ივანიშვილისთვის ფინანსური მოსაზრებები გახდა. ცნობილი გამონათქვამია, რომ „გაკოტრება ცენტიდან იწყება და არა მილიონიდან". ერთის მხრივ TV9-ს არანაირი განსაკუთრებული სარგებელი არ მოჰქონდა. ზოგჯერ პრემიერ-მინისტრს აქილიკებდნენ კიდეც, რაც, ზოგადად, კარგ ტონად ითვლება. მაგალითად საცოდავ ბერლუსკონის ყველაზე მეტად სწორედ მისი შექმნილი და შვილივით ნალოლიავები ტელევიზიები ლანძღავენ - ემანდ მიკერძოება არ დაგვბრალდესო. ივანიშვილი ამას ყურადღებას არ მიაქცვდა, მაგრამ როცა ერთის მხრივ უსარგებლოა, მეორეს მხრივ კი დიდ დოტაციას მოითხოვს - ამის მოთმენა მისთვისაც შეუძლებელი გახდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„მეცხრე არხის" დახურვით იწყება ახალი ეპოქა ქართული ტელევიზიების ისტორიაში. პრემიერ-მინისტრის „გენერალურმა მრჩველმა" უკვე გვამცნო, რომ უახლოეს მომავალში ბევრი ტელევიზია დაიხურება და „ასეც უნდა მოხდესო". რატომ უნდა მოხდეს? იმიტომ, რომ საქართველოში შეუძლებელია ტელევიზია ფინანსურად თვითკმარი იყოს - მეტისმეტად მცირეა სარეკლამო ბაზარი. გამოსავალი მხოლოდ ერთია: ან დიდძალი დოტაცია პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფის მხრიდან, ან ისეთი „სკანდალიზმი", გნიასი და მუდმივი აურზაური რეიტინგის შესანარჩუნებლად, რაც კიწმარიშვილის „რუსთავი-2" -ს ახასიათებდა, რომელიც ყველას ძირავდა, ყველას ებრძოდა და მართლა მეოთხე ხელისუფლებად იქცა, მაგრამ ბოლოს გაბერილი გომბეშოსავით გასკდა მის მიერვე პროვოცირებული „ვარდების რევოლუციის" შემდეგ.
„მეცხრე არხს" უამრავი მყიდველი ეყოლებოდა, ივანიშვილი რომ რუსეთიდან წამოსულ წინადადებებს დათანხმდეს. მინდია გულუა, ალექსნადრე ებრალიძე და სხვა ბიზნესმენები სიამოვნებით იყიდიდნენ. იყიდდა „გაზპრომიც", უფრო ზუსტად „გაზპრომ-მედიაც", მაგრამ მათ ბიძინა ივანიშვილზე უკეთ ვინ იცნობს? ამიტომაც არ მიყიდის. რჩება „სამოქალაქო საზოგადოება" და ფეისბუკზე შეკრებილი ხუთი ათასი „დონ-კიხოტი", რომელსაც ჰგონია, რომ სანჩო პანსას გარეშე გახდება რაიმეს.
„7 მილიონ დოლარს ჩვენ შევაგროვებთო". ჯერ ერთი, ვერ შეაგროვებენ, თუ მაინც რომელიმე მსხვილ ბიზნესმენს არ მიმართეს, რადგან როცა ფულის გადახდაზე მიდგება საქმე, დონ-კიხოტები თავად იქცევიან სანჩო-პანსებად. გარდა ამისა, ჩვენი (ქართული) ხასიათის გადამკიდე, ხომ ერთმანეთს „დაჭამენ" ბორდის ან მენეჯმენტის არჩევისას? ამ ხუთიათასიან ჯგუფში რამდენი ადამიანიცაა იმდენი იდეოლოგიაა: ფაშისტურიდან - კოსმოპოლიტურამდე და კაპიტალისტურიდან - კომუნისტურამდე. ჰოდა როგორ წარმოუდგენიათ ტელევიზიის მართვა ან სარედაქციო პოლიტიკის დადგენა: როგორც საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე? ჩვენში სამი კაცი ვერ პოულობს საერთო ენას და 5 ათასი მორიგდება რამეზე? კი მაგრამ, ეს ხომ აშკარა ზღაპარია?!!!
გარდა ამისა, ტელევიზიის ყიდვა საკმარისი არ არის. კიდევ უფრო დიდი თანხა მისი შენახვა დაჯდება. მარტო თანამგზავრი რად ღირს! ასე რომ, ეს ყოველივე არარეალურია, ხოლო „მეცხრე არხის" დახურვა სინამდვილეში მხოლოდ დახურვაა და მეტი არაფერი. უნდა გავიგოთ ბოლოს და ბოლოს, რომ ივანიშვილი არ თამაშობს. თუნდაც იმიტომ არ თამაშობს, რომ არ იცის თამაში და არ ეხერხება!
იგივე „გენერალური მრჩველი" მართებულად ამბობს, რომ ამ „პატიოსანი პოლიტიკის" შედეგად, - როცა ტელევიზიებს პოლიტიკური ფუნქცია ჩამოსცდილდება, - სულ მალე დავბრუნდებით დაახლოებით 1996 წელში, როდესაც მხოლოდ ერთი ტელევიზია იყო - „პირველი არხი". ისიც იმიტომ, რომ მას სახელმწიფო აფინანსებდა.
ამ უბედურების (დიახ, მართლა უბედურების) მიზეზი კი ისაა, რომ საზოგადოებამ ვერაფრით გაიგო: საზოგადოებრივ სიკეთეს ყოველთვის აქვს თავისი „ფასი". სატელევიზიო მრავალფეროვნება საზოგადოებრივი სიკეთეა, მაგრამ ამ სიკეთის „ფასი" პოლიტიკური და ბიზნეს ჯგუფების დაინტერესებაა. „იმედი" არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობდა ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის დაინტერესება. „რუსთავი-2" მხოლოდ ჟვანია-სააკაშვილის პოლიტიკურმა ინტერესმა გადაარჩინა. თუ ეს დაინტერესება მოვსპეთ და, იმავდროულად, დიდი სარეკლემო ბაზარიც არა გვაქვს (არც გვექნება ოდესმე, რაკი პატარა ქვეყანა ვართ) მაშინ უნდა შევურიგდეთ იმ ერთფეროვან ჭაობს, რომელშიც სულ მალე ამოვყოფთ თავს, - ერთი ტელევიზიის, ანუ კოკა ყანდიაშვილისა და სოფო მოსიძის ღირებულებათა და მანერათა იმედად.