იმედა დარსალია:

იმედა დარსალია: "პრემიერის ოჯახს - საკუთარი არხი, ქვეყანას კი ყველაზე თავისუფალი ტელეკომპანია აღარ აქვს"

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ახალი ამბების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი იმედა დარსალია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მაუწყებლის დახურვის თემას გამოეხმაურა. დარსალია თავის წერილში მადლობას უხდის ყოფილ თანამშრომლებს.

"რაც დაგვრჩა სათქმელი

სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ არ ვიცი რითი დავიწყო. პირველ რიგში, ბოდიში, რომ ამ მძიმე დღეს მე თქვენგან სამი ათასი კილომეტრის დაშორებით ვარ. ეს ამბავი ჩემთვისაც მოულოდნელი და წარმოუდგენელია. პირდაპირ სათქმელზე გადავალ და, სამწუხაროდ, უკვე წარსულ ფორმაში გეტყვით.

ჩვენ ნამდვილად ვიყავით ყველაზე განსხვავებულები მაყურებელთან ჩვენი "ღია თამაშით" და "ახალით", ჩვენ ყოველთვის ვსვამდით შეკითხვებს, რასაც მაყურებელი ჩვენგან ელოდა, ჩვენ ყოველთვის პირველები ვრეაგირებდით მაყურებლის ზარებსა და უამრავ წერილზე, რომელსაც ვიღებდით. დღეს ჩვენ უბრალოდ ხმამაღლა ვიტყვით, რომ "მეცხრე არხი" იყო სრულიად დამოუკიდებელი და ყველაზე ობიექტური ტელეკომპანია. რატომ? იმიტომ, რომ აქ ჩვენ ვიყავით, ჩვენ იმ სახელის შენარჩუნებას ვცდილობდით, რაც ჩვენგან წასულ კოლეგებთან ერთად მოვიპოვეთ. გვინდოდა, მათი და ჩვენი საერთო შრომა წყალში არ ჩაგვეყარა.

ჩვენ კიდევ უფრო მეტი შევძელით, რაც არხზე მოსული ახალი დირექტორის პირობებში თავიდან არ გვეგონა. იყო დაძაბულობაც, მაგრამ უახლოესმა 9 თვემ გვაჩვენა, რომ მან ბოლომდე დაიცვა ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა, და მე, როგორც ამ არხის ახალი ამბების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ამაყი ვარ, რომ სატელევიზიო სვირცეში "მეცხრე არხი" იყო ყველაზე თავისუფალი მედიასაშუალება.

ასევე მეამაყება, რომ არხის მეპატრონეები არასოდეს ჩარეულან ჩვენ საქმიანობაში და "მეცხრე არხმა" უკვე აჩვენა ყველას გასაოცარი დემოკრატია. იმის მიუხედავად, რომ ყველა პოლიტიკურ ძალაში იყვნენ ჩვენი დიდი მოწინააღმდეგეები, რომლებიც მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით გვეხებოდნენ.

დიდი მადლობა არხის ყველა თანამშრომელს, ახალი ამბების დეპარტამენტს, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ მაყურებლის ნდობა მოგეპოვებინათ, მათთან ერთად ყოფილიყავით ციხის საკნებში, სასამართლო პროცესებზე, აქციებზე, სტიქიური უბედურებების დროს, ერთი სიტყვით ყველგან, სადაც კი მოვლენების ეპიცენტრი იყო. დღეიდან ამ საქმის კეთება ჩვენს კოლეგებს მოუწევთ სხვა არხებზე და
მინდა დარწმუნებული ვიყო, ღირსეულად გაართმევენ თავს.

დიდი მადლობა ჩვენ რეგიონულ ბიუროებს - "მეცხრე არხის" სიმდიდრეს გეძახდით ყოველთვის. თქვენ ყველაზე ძლიერი რეგიონული სტაფი ხართ, რომელიც "მეცხრე არხმა" მოიძია და ამაში დიდი წვლილი ირინა თევდორაშვილს მიუძღვის, მადლობა მას ამისთვის. კიდევ ერთხელ გეტყვით - მეამაყება, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავე ძალიან რთული წელიწადნახევარი.

დიდი მადლობა არხის ახალი ამბების - წამყვანებს, რეპორტიორებს, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეთ საქმეში, რომ მაყურებელს ეთქვა ის თბილი სიტყვები, რაც დღეს ერთი დღის განმავლობაში მივიღე. ეს თქვენი დამსახურებაა.

მადლობა "ახალის" და "ღია თამაშის" ყველა უკვე ყოფილ პროდიუსერს - თქვენ კარგი პროექტები შექმენით.
ასევე თბილად მოვიკითხავ და გამარჯვებას გილოცავთ გრანტზე დაფუძნებულ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რადგან პრემიერის ოჯახს - საკუთარი არხი, ქვეყანას კი ყველაზე თავისუფალი ტელეკომპანია აღარ აქვს.

წარმატებებს გისურვებთ

იმედა დარსალია

"მეცხრე არხის" ახალი ამბების დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი", - წერს დარსალია.