2011 წლიდან სკოლების დაფინანსების სისტემა შეიცვალა და საბაზო დაფინანსების პრინციპი შემოვიდა. ყველა სკოლა ვაუჩერის გარდა, სახელმწიფოსგან მოჭრილ თანხასაც მიიღებს. საბაზო დაფინანსება 10-დან 30 ათას ლარამდეა, რაც დამოკიდებულია სკოლის სიდიდეზე, მოსწავლეთა რაოდენობაზე და ა.შ.
“ხელისუფლების მიზანია, ქალაქსა თუ მაღალმთიან სოფელში ყველა ბავშვს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. ვაუჩერულ დაფინანსებაში უმთავრეს როლს ფორმულა ასრულებს. 2005 წელს შემუშავებულ ფორმულას კი მინუსები აღმოაჩნდა, სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში სკოლების დაფინანსების სრულიად ახალი ფორმულის შექმნის საკითხი. საქართველოში 2200-მდე სკოლაა. აქედან სკოლების 60-65%-ს დანაკლისი ჰქონდა... ამ დანაკლისს მათ სამინისტრო უნაზღაურებდა. 2010 წელს დანაკლისმა 40 მილიონი ლარი შეადგინა. ამას ვერანაირი სწორი მენეჯმენტი ვერ გამოასწორებდა”, - განაცხადა შაშკინმა.
მისი განმარტებით, ახალი მექანიზმით, ბიუჯეტში დანაკლისი არცერთ სკოლას არ ექნება. აქამდე არსებული დაფინანსება მხოლოდ ბავშვების რაოდენობას ეყრდნობოდა და გათვლილი იყო სოფელი-დაბა-ქალაქზე. ასეთმა მიდგომამ კი, მინისტრის შეფასებით, ბევრი სერიოზული პრობლემა შექმნა. მაგალითად, სკოლების ნაწილი საკუთარი ფინანსების ათვისებას ვერ ახერხებდა, ნაწილს კი ბიუჯეტი არ ჰყოფნიდა.
“მაგალითად, ერთ-ერთ სკოლას 150 ათასამდე პროფიციტი ჰქონდა, ანუ თანხა ვერ აითვისა. მაშინ, როდესაც მის გვერდით მდებარე მეორე სოფელში სკოლას გათბობის თანხას სამინისტრო უხდიდა. სწორედ ამიტომ შემოვიდა საბაზო დაფინანსება. დაფინანსების ახალი ფორმულა მოსწავლეთა რაოდენობაზე, ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სკოლის საჭიროებებზეა მიბმული. ძველსა და ახალ მიდგომებს შორის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება”, - აცხადებს განათლების მინისტრი.
საგულისხმოა ის, რომ მიუხედავად სამინისტროს მხრიდან სკოლათა გარკვეულ რაოდენობაზე საბაზო (ანუ მოჭრილი თანხის) დაფინანსების შემოღებისა, დიდკონტიგენტიან სკოლებს ვაუჩერი შეუმცირდათ და სკოლებისთვის ამ მხრივ შემცირებული თანხა საბაზო დაფინანსებამ ვერ შეავსო.
“ამ ახალი დაფინანსების მხრივ სხვადასხვა სკოლებში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან დაფინანსების ძალიან რთული სისტემაა. საბოლოოდ გამოდის ასე - თუ არის სკოლაში მოსწავლეთა რადენობისა და თანაფარდობის გარკვეული კომბინაციები, ზოგ სკოლას მოემატა დაფინანსება, ზოგს კი - მოაკლდა. რაც მე ვიცი, დაფინანსება უფრო მეტ სკოლას მოაკლდა, ვიდრე გაეზარდა. ამის კანონზომიერება მაინც და მაინც არ ჩანს, რადგან როგორც გითხარით, შეიძლება სიტყვაზე 440-იანმა სკოლამ მოიგოს, 500-იანმა კი წააგოს. წააგოს იმას ნიშნავს, რომ რაც წინათ ჰქონდა, იმასთან შედარებით შეუმცირდეს”, - აცხადებს უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, აკადემიკოსი ზურაბ ვახანია.
მისი აზრით, დაფინანსების ახალი სისტემა აუცილებლად გამოიწვევს მასწავლებელთა ტოტალურ შემცირებას.
“მასწავლებელთა შემცირება უკვე მოხდა კიდეც. ბევრი მასწავლებელი სკოლიდან ამ ახალი სისტემის გამო უკვე დაითხოვეს იმიტომ, რომ ამ ახალ დაფინანსებაში ზუსტად არის გათვლილი რამდენი პროცენტი რაში უნდა დაიხარჯოს. ზუსტად ის არის გათვლილი, რომ მასწავლებელთა ხელფასისთვის აქედან უნდა დაიხარჯოს 70%.
ამ მხრივ ხაზგასასმელია ისიც, რომ დაფინანსების ახალმა სქემამ გამოიწვია კლასების გამსხვილება, ანუ გაერთიანება. გარდა ამისა, მოხდა საგნების დანაყოფების გაუქმებაც. შესაბამისად, მასწავლებლებს საათები მოაკლდათ, ზოგს იმდენად, რომ სკოლიდან საერთოდ წავიდა. მე ეს ინფორმაციები მაქვს როგორც თბილისის, ასევე რაიონების სკოლებიდან”, - აცხადებს ზურაბ ვახანია.