„დააბრუნეთ დავით აღმაშენებელი!“ - ასეთი მოწოდება უკვე გაჩნდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ პირდაპირი ინიციატივით გამოდის, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი „ვარდების რევოლუციის“ მოედანს დაუბრუნდეს, ხოლო მოედანს „დავით აღმაშენებლის მოედნის“ სახელი ეწოდოს.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ უდიდესი მოღვაწე, დიდი ქართველი, მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკე ბატონი მერაბ ბერძენიშვილი ასამბლეის მეგობარია და მიგვაჩნია, რომ ბერძენიშვილის ეს ქმნილება თბილისის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე უნდა დაბრუნდეს და აღნიშნულ მოედანს დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდოს“, - აცხადებს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ფერდინანდ ლორთქიფანიძე.
თავის დროზე, ვარდების მოედნის ტერიტორიიდან ამ ქანდაკების გადატანამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ხალხს არ მოსწონდა ის ადგილი, სადაც ძეგლს მიუჩინეს ბინა, კერძოდ, -აღმაშენებლის ხეივანი, რადგან სიმბოლურად, ეს, თითქოს, იმას ნიშნავდა, რომ დავითი თავისი ცხენიანად დიღმის ტრასისკენ „გარბოდა“ თბილისიდან, მაშინ, როცა ეს ისტორიის დამახინჯება იყო, - სწორედ დავით აღმაშენებელმა გამოსტაცა თბილისში შემოჭრილ არაბებს ჩვენი დედაქალაქი ხელიდან და მას ზურგი არასდროს შეუქცევია თბილისისთვის.
შესაძლოა, ზოგისთვის მერაბ ბერძენიშვილის ეს ნამუშევარი არ გახლდათ ამ დიდი ხელოვანის სხვა ნამუშევრების მსგავსად ღირებული, მაგრამ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება იყო აგრესიული და ხალხისადმი უპატივცემულო. თანაც, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა ვარდებით მოსულ ხელისუფლებას ვარდების მოედანზე დავით აღმაშენებლის ძეგლი ზედმეტად მიაჩნდა და ამ საკითხზე ხალხისთვის რჩევა არ უკითხავთ. მაშინ ჭორიც გავრცელდა, რომ თურქ ინვესტორებს, არ სურდათ, ქრისტიანი მეფის ქანდაკების დანახვა და ნაციონალებმაც ბიზნესინტერესები უმალვე დააკმაყოფილეს, ვიდრე ქართველი ხალხის მოთხოვნა. იმ პერიოდში ჩვენ „რედისონ-ივერიას“ მაშინდელ ხელმძღვანელს ატაკან თურანს ზუსტად ეს შეკითხვა დავუსვით, მართალი იყო თუ არა გავრცელებული ხმები, რომ თურქების გემოვნებას არ შეესაბამებოდა დავით აღმაშენებლის ქანდაკება, თუნდაც ისტორიული თვალსაზრისით? ატაკან თურანმა მაშინ გვიპასუხა, რომ მას ნანახი არა, თუმცა გაგონილი ჰქონდა, რომ სასტუმრო „ივერიის“ წინ ოდესღაც დავით ამაშენებლის ძეგლი მართლაც მდგარა. მეტიც, „რედისონის“ პირვანდელი მფლობელებისგან მას ამ ძეგლის შესახებ ცუდი არაფერი სმენოდა. ამდენად, არ იცოდა, სინამდვილეში, რა მოხდა და რატომ გაიტანეს ძეგლი.
რას ფიქრობენ ჩვენი თანამემამულეები დავით აღმაშენებლის ძეგლის პირვანდელ ადგილას დაბრუნების შესახებ?! ამ კითხვით For.ge-მ ხელოვანებს მიმართა.
მხატვარი გია ბუღაძე აცხადებს, რომ ამ ქანდაკებას ცოტა უცნაური რიტუალი დაებედა, რადგან, როგორც წესი, სხვადასხვა მთავრობა სხვადასხვა გემოვნებით მოდის და როგორც უნდათ, ისე გადააადგილებს აღნიშნულ ქანდაკებას. თუ ძველმა მთავრობამ ეს ძეგლი დავით აღმაშენებლის ხეივნის დასაწყისში გაიტანა, ახალი მთავრობა, ალბათ, უკანვე დააბრუნებს.
მხატვრის თქმით, თავის დროზე ყოფილ რესპუბლიკის მოედანზე ამ ქანდაკების დადგმა საკმაოდ კარგმა არქიტექტორმა ოთარ კალანდარიშვილმა და არაჩვეულებრივმა მოქანდაკემ მერაბ ბერძენიშვილმა გადაწყვიტეს. სხვა საკითხია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს ქანდაკება, თუმცა სიმბოლურად იგი მაშინდელი სასტუმრო „ივერიის“ მიმდებარე ტერიტორიას მოერგო და იქ უნდა ყოფილიყო დავით აღმაშენებლის მოედანი, სადაც საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში აღლუმს ჩაიბარებდნენ.
გია ბუღაძე იმასაც იხსენებს, რომ პირველი ესკიზი, რომელიც მას, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხელოვანს, აჩვენა ავტორმა, მერაბ ბერძენიშვილმა, სხვაგვარი იყო. კერძოდ, დავით აღმაშენებელი თითქოს, ხალხს ადგამდა გვირგვინს. მაშინ გია ბუღაძემ მოქანდაკეს უთხრა, რომ დავითი ის კაცი არ იყო, რომელიც ხალხს გვირგვინს დაადგამდა. ამიტომ დავითს კი არ უნდა დაედგა ვინმესთვის გვირგვინი, არამედ თვითონ უნდა ჰქონოდა თავზე გვირგვინი, რათა ხალხისა და ქვეყნისთვის ემსახურა. სხვათა შორის, მერაბ ბერძენიშვილმა მოგვიანებით შეცვალა ესკიზის ეს პოზა და გვირგვინი დაბრუნდა დავით აღმაშენებლის თავზე. თუმცა გია ბუღაძის აზრით, ეს გვირგვინიც არ არის ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. კერძოდ, - იმპერიული გვირგვინი. დავითის ქანდაკებას კი თავზე ახურავს მთავრის ცოლის დიადემა და არა - იმპერიული გვირგვინი.
„ჩემთვის ძეგლების გადატანა-გადმოტანა სრულიად გაუგებარი ფაქტია. სტალინის ძეგლის მოხსნა და მისი გადატანა მუზეუმში კიდევ მესმის და ასეც უნდა იყოს. ნეტავ, ლენინის ძეგლიც იქვე წაეღოთ და არ გადმოეგდოთ თავისუფლების მოედნიდან. ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკაში თუ ჩაბრძანდებით, კომუნისტური ძეგლები შეკრებილია ერთ დიდ პარკში და მშვენიერ ტურისტულ მარშრუტად არის ქცეული. ზოგს, ალბათ, საბჭოთა პერიოდის ნოსტალგიაც აწუხებს, მაგრამ, დავით აღმაშენებელი სამუზეუმო ობიექტად ვერასდროს იქცევა. ის ყოველთვის იდეოლოგიის მქონე იქნება. მასზე სხვა სიმბოლური ნიშანიცაა, დავითის ხელი აღმართულია ზეცისკენ, როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი. ასე მგონია, ქანდაკება სადაც იდგა, ისევ იქ უნდა ყოფილიყო, შეიძლებოდა, მისთვის სპეციალური გარემოს შექმნა ადრინდელი „ივერიის“ წინ. ამიტომ გარკვეულწილად, ამ ძეგლის დაბრუნება სამართლიანობის აღდგენა იქნება. იმედი მაქვს, შემდგომი მთავრობა რომ მოვა, სხვაგან არ წაიღებს ამ ძეგლს. საერთოდ, უნდა ვერიდოთ ისტორიული ძეგლების, შენობების იოლად ხელყოფას. სხვათა შორის, საქართველოში არსებობს გიორგი სააკაძის ორი ქანდაკება, რაც ცოტა უცნაურია, ერთი - დღევანდელი მერიის შენობასთან, და მეორე - კასპის ცენტრალურ მოედანზე. ყველა ასეთი ტიპის მონუმენტი იდეოლოგიის გამომხატველად მიმაჩნია. ამიტომ არ მიკვირს, რომ ქანდაკებები ასე მოგზაურობენ, რაც მე არ მომწონს“, - აცხადებს გია ბუღაძე.
პოეტი დავით მაღრაძე იხსენებს, რომ თავის დროზე, ეს ძეგლი მოხსენეს და მისი ავტორის თუ ხალხის მიმართ უპატივცემულოდ და უპასუხისმგებლოდ გადაიტანეს. უბრალოდ, უცებ ვიღაცას მოესურვა და ქანდაკება წაიღო აღმაშენებლის ხეივანზე. თუმცა ისიც რეალობაა, რომ ზუსტად ასევე მოულოდნელად დაიდგა ეს ძეგლი, ასევე, უპასუხისმგებლოდ და ყველა თბილისელისთვის უპატივცემულოდ, რადგან ამ ძეგლს არანაირ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია არც დადგმისას და არც გადადგმის დროს.
„ჩემი ინტერესის საგანი ამ ძეგლის აქეთ-იქით სირბილი არ არის. არანაირად არ მაინტერესებს, ეს ძეგლი დიღომში იქნება, ზემელზე თუ მთაწმინდაზე. იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები, ვინც ამ ძეგლს უკავშირებს ჩვენი მთელი ნაციის თილისმას. მე ვიცი, რომ ზემელი იყო თბილისის არაჩვეულებრივი გარემო, სადაც ძეგლი არ იდგა“, -აცხადებს დავით მაღრაძე.
ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის თქმით, ამ ძეგლის ავტორი მისთვის უახლოესი ადამიანია, თუმცა პირადად იცნობს თუ არა მერაბ ბერძენიშვილს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დავით აღმაშენებლის ქანდაკება ეს არის ერთ-ერთი საოცარი ნამუშევარი.
ჯემალ ჭკუასელს მიაჩნია, რომ ძეგლი უნდა იდგეს იქ, სადაც მივა ადამიანი და მას ნახავს. ამიტომ საკითხავია, რა უნდა იმ ქაოსში დავით აღმაშენებელს, სადაც ის გადაიტანეს?!
„ეს იყო მიზანმიმართულად ცუდი საქციელი და ქართველი მეფის, ჩვენი დიდი წინაპრის შეგნებული დაკნინება. ახლა მერაბი დიდი კაცია და არ უნდოდა, ამ სიბინძურეში ჩარეულიყო, თორემ გული ატკინეს, რადგან მისი ქმნილება მისი შვილივითაა. სხვათა შორის, ამერიკელმა ქალბატონმა დაიცვა დისერტაცია თემაზე „მერაბ ბერძენიშვილი და სივრცე“. ამდენად, განა მერაბმა არ იცის, თუ სად დადგას ჩვენი დიდი მეფის, დიდი ქართველის ძეგლი? ამიტომ რაც შეიძლება, ჩქარა უნდა დაუბრუნდეს ძეგლი თბილისის ცენტრს. მეტიც, ვარდების მოედანსაც უნდა შეეცვალოს სახელი. ის ველოსიპედი კი უნდა შეინახონ „გარაჟში“, - გვითხრა ჯემალ ჭკუასელმა.
ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორს, კულტუროლოგ ცირა ელისაშვილსაც. მისი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრის პოზიციაა, რომ თავად ის ადგილი, ყოფილ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დავით აღმაშენებლის ქანდაკება იდგა, შეუფერებელი იყო. ამის მიუხედავად, არ შეიძლებოდა ქანდაკების ეიფორიულ რეჟიმში გადატანა, მით უფრო, რომ მისი დღევანდელი ადგილმდებარეობა დასაწუნია.
ცირა ელისაშვილი ეწინააღმდეგება ამ ძეგლის უკან, რესპუბლიკის მოედანზე დაბრუნებას, რადგან, მისი აზრით, არც დღევანდელი და არც წინანდელი ადგილი არ არის გათვალისწინებული ამ ძეგლის მასშტაბის აღქმისთვის და საეჭვოა, ეს ქანდაკება შეეფერებოდეს თბილისის გარემოს.