ნიკოლოზ ტაბაღუას მღვდელმოქმედება შეუჩერდა. მიზეზი მისი არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი კომენტარებია, რომელიც მან ბოლო პერიოდში ტელეეთერით გააკეთა, რაც მღვდლისთვის შეუფერებელ საქციელად ითვლება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, პოლკოვნიკ ტაბაღუას სამუდამოდ შეუჩერდა მღვდელმსახურება. ტაბაღუამ საერო ცხოვრებაზე უარი 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვა. პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა For.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტაბაღუა 2012 წლის დეკემბერში დიაკონი გახდა, ხოლო 2013 წლის 9 ივნისს უკვე მღვდელი გახდა.
პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს: მიუხედავად იმისა, რომ მისი უწმინდესობა ითხოვს სასულიერო აკადემიის დამთავრებას, ირკვევა, რომ პოლკოვნიკ ტაბაღუას სასულიერო აკადემია დამთავრებული არა აქვს, მაგრამ, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პირი „ექსტერნად“ აბარებს საგნებს, სწორედ ასეთი გამონაკლისი იქნა დაშვებული ტაბაღუას შემთხვევაშიც.
„მისი ქმედება მიუღებელია, როგორც სასულიერო პირის, რომელიც ჯერ აცხადებს, რომ მან ჩვენება მისცა, მეორე წუთში აცხადებს, რომ მასზე ძალდატანება განხორციელდა. ჩვენ პირველ საუკუნეებში ხომ არ ვცხოვრობთ. არსებობს საეკლესიო იერარქია, როგორც მინიმუმ, თუ მას აიძულებდნენ ჩვენების მიცემას, ის უნდა დაკავშირებოდა საპატრიარქოს, ან პატრიარქის მდივანს, ან ქორეპისკოპოსს და ეთხოვა მათთვის დახამრება.
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მისი საქციელი. მისი ქმედება აშკარად არ ჯდება სასულიერო პირის ქმედებაში. ის იქცეოდა როგორც საჯარო პირი, რომელიც არანაირ ანგარიშს არ უწევს საეკლესიო იერარქიას. მე რომ დამიბარონ დაკითხვაზე, დამატანენ თუ არა ძალას, იმ წუთში ჩემი ეპისკოპოსი უნდა ჩავაყენო საქმის კურსში, იმიტომ, რომ ეს ელემენტარული საეკლესიო წესია, რაც ნებისმიერმა სასულიერო პირმა უნდა იცოდეს. ვისაც უნდა, რომ მიზეზი ვერ ნახონ მის ქმედებაში, რა თქმა უნდა, ეს მიზანმიართულია და ამ პოზიციას ჩვენ ვერ გავიზიარებთ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
პოლკოვნიკი ტაბაღუა, მთავარ პროკურატურაში სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიების ფარგლებში, არაერთხელ დაიკითხა მოწმის სახით. ბოლოს ის 13 აგვისტოს დაიკითხვა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბოლო დაკითხვისას ტაბაღუას არაფერი ახალი არ უთქვამს გამოძიებისათვის, რაც მას და ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე სხვა მოწმეებს მანამდე არაერთხელ დაუდასტურებიათ მათი დაკითხვისას.
ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აწ უკვე ყოფილი მღვდელი, პროკურატურის თანამდებობის პირების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ საუბრობს. თუმცა ამავე ჩანაწერში იგი არ ასახელებს, თუ რა ფაქტების აღიარებას ითხოვდნენ მისგან ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ და ასევე არ ასახელებს, თუ რაში გამოიხატებოდა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა.
„ყველაზე მეტად ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რომ დაკითხვა მიმდინარეობდა 12 საათი, დილის 11 საათიდან ღამის 11 საათამდე, ერთ ოთახში ვიყავი მშიერი“, – აცხადებდა ტაბაღუა.
რაც შეეხება თავად პოლკოვნიკ ტაბაღუას შემხებლობას „სანდრო გირგვლიანის“ საქმესთან, გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წელს გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავდებულები პირები ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე და აფციაური, სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-10 დაწესებულებაში, რომლის დირექტორიც 2006-2011 წლებში გახლდათ თემურ ტაბაღუა (ამჟამად მამა ნიკოლოზი).
თემურ ტაბაღუას დირექტორობის პერიოდში მსჯავრდებულები ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე და აფციაური იმყოფებოდნენ პატიმრობასთან შეუთავსებელ უკანონოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. კერძოდ, ისინი პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს - შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნისას მათ საცხოვრებელ ოთახებში იმართებოდა ღრეობები, მსჯავრდებულები იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით.
საგამოძიებო მოქმედებათა ამოწურვისთანავე ბრალდება მიიღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში, კონკრეტულ პირთა და მათ შორის პოლკოვნიკ ტაბაღუას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. for.ge-ს ინფორმაციით ახალაიებთან დაახლოებულ პოლკოვნიკს შესაძლოა ამ საქმეზე ბრალი წაუყენონ. მეტიც, 2012 წლის სექტემბერში საიამ საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა პატიმრების ხელმოწერილი, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით შედგენილი იმ პირთა სია, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ პატიმართა წამებასა და არასათანადო მოპყრობაში. ამ სიაში „საპატიო ადგილს“ იკავებს პოლკოვნიკი თემურ ტაბაღუა. ამასთან საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მამა ნიკოლოზის ადგილსამყოფელი ამ დროისათვის უცნობია.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ძალოვანი სტრუქტური წარმომადგენლებმა, რომლებიც მხილებული იყვნენ უფლებამოსილების გადამეტებაში, თავის გადარჩენის საუკეთესო საშუალებას მიმართეს. ნაწილმა ეკლესიას შეაფარა თავი, ნაწილი კი უფლებადამცველი გახდა.
არჩევნების შემდეგ მწვანე მონასტერში მორჩილად წავიდა ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი გიორგი ბლიაძე, რომელიც ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანისა და მასთან ერთად ბრალდებულ პირებთან ერთად მონაწილეობდა ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახველ ქმედებაში, როგორიცაა წამება და გაუპატიურება. მას შემდეგ რაც ამ საქმეზე ახალციხის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დააყენა, მორჩილმა ბლიაძემ ანაფორა გაიხადა, წვერი მოპარსა და ისევ საერო ცხოვრება დაიწყო.
ამ ფაქტს ადასტურებს სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი გიგი პაპუაშვილი. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა გიორგი ბლიაძე მონაწილეობა ერთ-ერთი დაკავებულის ცემა-წამებაში.
„ბორჯომის პოლიციის უფროსად მამუკა ხვედელაიანის პოლიციის უფროსად მუშაობის პერიოდში მუშაობდა გიორგი ბლიაძე. ცნობილ ფაქტთან დაკავშირებით როდესაც ხვედელიანი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში, პოლიციაში გამოცხადდა გიორგი ბლიაძე, რომელიც იმ პერიოდში იყო მორჩილი და იმყოფებოდა მწვანე მონასტერში. მან განაცხადა, რომ ის იყო პოლიციის თანამშრომელი გიორგი ბლიაძე, რომელიც 2009 წელს მუშაობდა პოლიციაში და რომელმაც მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი დაზარალებულის ცემა-წამებაში, შემდგომ ის პიროვნება სკამის ფეხით იქნა გაუპატიურებული.
მან გამოძიებას მისცა აღიარებითი ჩვენება. თავისივე პოზიცია დააფიქსირა სასამართლო პროცესზე როცა ხვედელიანის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი იხილებოდა. საქმის არსებითი განხილვის დროს კი შეცვალა თავისი პოზიცია და მიცემული ჩვენება. მას შემდეგ რაც სასამართლომ პოლიციის დაკავებული თანამშრომლები გაამართლა, იგი მონასტერში აღარ დაბრუნებულა. მოიპარსა წვერი, გაიხადა ანაფორა და დაუბრუნდა საერო ცხოვრებას. როგორც ამბობენ, იგი საქართველოშიც არ იმყოფება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გივი პაპუაშვილმა.
ყოფილი ძალოვანების მხრიდან ანაფორის ჩაცმას, პასუხისმგებლობის გაქცევას უკავშირებს უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი, რომლის განცხადებით მათთვის ანაფორა არის ცხვრის ქურქი. რეალურად კი ამ ადამიანების უკან დგას მათი ბიოგრაფიები, რომელთა დავიწყება არ შეიძლება.
„სამოქალაქოო საზოგადოება არის ის სეგმენტი, რომელიც მეტ-ნაკლებად გარკვეულ ნდობას იმსახურებს, ასეთ სეგმენტში თავის შეფარება ძალიან კომფორტულია მათთვის. ადეიშვილის, ბარამიძის და კიდევ სხვების მოადგილეები დღეს სამოქალაქო საზოგადოებაში მოღვაწეობენ, იგივე ეკლესიაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია. ეს არის ცხვრის ტყავში გახვევის მცდელობა და რაღაცა ობიექტურობის იმიჯის მორგების მცდელობა.
მაგრამ ყველამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენდა და ვინ რა აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა. მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების იმიჯის გასვრა და მეორე მხრივ, სამართლიანობის დადგენისთვის ხელის შეშლა, ეს გამოჩნდა ახალაიას საქმეზე. მათ მიაჩნიათ, რომ თუ ერქმევათ მღვდელი, ან არასამთავრობო, მათი სტატუსებიდან გამომდინარე მისაღები იქნებიან საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ვინ იყვნენ ეს ადამიანები. ესენი არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ იმ სადისტურ პოლიტიკას, რომელსაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეიმუშავებდა“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.
პოლიტოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ უშიშროების სამსახურებისთვის ჩვეული მეთოდია ადამიანების ჩანერგვა სხვადასხვა სფეროებში. მისივე თქმით, ტაბაღუას შემთხვევაშიც ანალოგირ ქმედებასთან გვაქვს საქმე.
„ამ შემთხვევაში სასულიერო იერარქიაში ჩანერგეს თავისი აგენტები კონკრეტული ოპერაციის შესასრულებლად. ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ, ის უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს, სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება ტაბაღუას, ის, ალბათ, არის ჩანერგილი აგენტი, რომელიც თავისი ფუნქციის ამოწურვის შემდეგ დაუბრუნდება ისევ თავის ჩვეულ ცხოვრებას. ეს არის სპეცსასამხურების მუშაობის ძალიან ჩვეული მეთოდი. უბრალოდ, ესენი ძალიან მოკლე პერიოდში გაიშიფრნენ და ვიწრო დავალების შემსრულებლები იყვნენ. არავინ იცის კიდევ ვინ არის ჩანერგილი, რა დოზით და რა ვადით.
ის, რომ იცვამენ ანაფორას, ამას ორმხრივი დატვირთვა აქვს. ეკლესიისთვის სახელის გატეხვა და მისდამი მოსახლეობის ნდობის შემცირება. შეიძლებოდა მათ ისე გაეგრძელებინათ მოღვაწეობა, რომ არ გაშიფრულიყვნენ, მაგრამ ამას თავისი ფუნქცია აქვს, ერთის მხრივ შესარულონ კონკრეტული დავალება და მეორე მხრივ უნდობლობა გამოიწვიონ ზოგადად მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.