საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტაჯიკი ოპოზიციონერის, ჟურნალისტ დოდოჯონ ატუვულოევის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. ატუვულოევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ მოტივით შეაჩერს, რომ ის ინტერპოლის მეშვეობით იძებნება. მან პოლიციას წარუდგინა გერმანიის მიერ მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი, რომელიც მას ხელთ ჰქონდა. შესაბამისად, მას საქართველო იმავე დღეს დატოვა და გაფრინდა მიუნხენში.
დოდოჯონ ატუვულოევი ცნობილია ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რაჰმონისა და მისი ოჯახის წევრების მწვავე კრიტიკით.
„ეს პიროვნება დაკავებული არ ყოფილა. საზღვარზე მოხდა მისი შეჩერება იმისა გამო, რომ ჯატიკეთის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. მას ხელთ გააჩნდა გერმანიის მიერ მინიჭებული ლტოლვილის დამადასტურებელი საბუთი. როგორც კი გადამოწმდა ეს საბუთები, იგი 20 დეკემბერს უპრობლემოდ გაფრინდა მიუნხენში“, - განუცხადეს for.ge-ს შსს-ს პრეს-სამსახურში.
როგორც ცნობილია, მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ცნობილი ტაჯიკი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დოდოჯონ ატუვულოევი.
როგორც დაკავებულმა ჟურნალისტმა „რადიო თავისუფლებასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, 20 აგვისტოს ის თბილისის აეროპორტში დააკავეს, სადაც ჩეხეთიდან ჩავიდა.
ჟურნალისტის განცხადებით, ის ტაჯიკეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს, სადაც მას ექსტრემიზმსა და ტერორიზმში ადანაშაულებენ.
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებით, ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტის დაკავების მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, გასულ თვეს ატუვულოევს უარი ეთქვა მოსკოვის აეროპორტში შესვლაზე, სადაც ის ასევე პრაღიდან ჩაფრინდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ტაჯიკი ჟურნალისტი მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც გასულ წელს თავდასხმას გადაურჩა. მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს მოსკოვის რესტორანში. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა.