არავისთვის ახალი არ არის ჩემი დამოკიდებულება ქალბატონი ნინო ბურჯანაძისა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ. ეს დამოკიდებულება არც მაშინ დამიმალავს, როდესაც ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებაში იყო და არც მაშინ, როდესაც ოპოზიციაში გადავიდა, რადგან არასდროს დამვიწყებია მისი დაცვის მიერ პარლამენტის დერეფანში გამოგდებული ირინა ენუქიძე, უმოწყალოდ ნაცემი ვალერი გელაშვილის სამარცხვინო გაძევება პარლამენტიდან, 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ უპრეცენდენტო დარბევის მისეული შეფასება: „შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ - ქართული სახელმწიფო შედგა!“, ქალბატონი ნინოს მისაღებში გაზეთგადაფარებული მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატები, მისი დროებითი პრეზიდენტობისას მასობრივად გაყალბებული 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, 1 ლარად მიღებული დიქტატორ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი 30 მილიონ ლარად შეფასებული სახელმწიფო ქონება, რომელიც სანამ არ წაართვეს, არ დააბრუნა...
დიახ, არ დამვიწყებია, არც დამავიწყდება და სწორედ ამ პათოსით იყო გამსჭვალული ჩემი ინტერვიუ, სადაც ვერც ერთ შეურაცხმყოფელ სიტყვას ვერ იპოვის ვერც კეთილის და ვერც ავის მსურველი. ინტერვიუზე პასუხად კი შალვა ობგაიძემ წერილი გამოაქვეყნა, წერილი მდაბიო და უხამსი, აშკარაა, ჩემს წინააღმდეგ სათქმელი არგუმენტი არაფერი აქვს და მხოლოდ ბილწსიტყვაობის და ბოღმის კორიანტელს აყენებს. ამაზეა ნათქვამი: კოკასა შიგან რაცა სდგას...
საზოგადოებას კი მინდა შევახსენო, რომ ბურჯანაძისა და მისი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტებთან და რაც მთავარია, ხალხთან სალაპარაკო, საურთიერთო ენა წარსულშიც ასეთი იყო, ახლაც ასეთია და მომავალშიც ასეთივე იქნება. გირჩევთ, გაითვალისწინოთ...
სამწუხაროა, რომ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა მეტის თქმის საშუალებას არ მაძლევს. მე როგორც პარლამენტარს, ხელისულების წარმომადგენელს თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ თმენაც არის და თმენაც. არ შემეძლო, არ მეპასუხა, ამის შემდეგ კი ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ წერილის ადრესატს ჩემი პასუხი ვერაფერს შეაგნებინებს, მისსავე ენაზე საუბრის ადგილი კი აქ არ არის.