დევნილების ინფორმირება ძველი სახალხო მეთოდით ხდება

დევნილების ინფორმირება ძველი სახალხო მეთოდით ხდება

თბილისში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სააპლიკაციო ფორმების შევსება დაწყებულია, თუმცა ამის შეხაებ ძალიან ცოტა დევნილმა იცის. ასევე დაწყებულია დევნითა ხელახალი რეგისტრაცია, რომლის შესახებაც სხვადასხვა ტელევიზიები ყოველდღიურად გვამცნობდნენ. ნანატრი სააპლიკაცო ფორმების შევსების დაწყების შესახებ, დევნილები უძველესი სახალხო მეთოდით - ხალხური გადაცემის საშუალებით გებულობენ. გაურკვეველი მიზეზებით არ მომხდარა ამ პროცეცსის ისე „გარეკლამება“ როგორც ეს რეგისტრაციის დაწყებისას მოხდა.

იქედან გამომდინარე, რომ აპლიკაციების შევსების პროცედურები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში მიმდინარეობს For.ge დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი ბობოხიძეს დაუკავშირდა.

მისი თქმით, დევნილთა ინფორმირება ოკუპირებული ტერიტორიებიდაბიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრეროგატივაა და მინისტრმა ამ პროცედურის დეტალებზე მედიასაშუალებებით უკვე რამდენჯერმე ისაუბრა.

„სამინისტროს ასევე გააჩნია ცხელი ხაზი, დევნილმა უნდა დარეკოს და გაიგოს, თუ როდის უწევს აპლიკაციის შევსება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. ამასთანავე, თითქმის, ყველა დევნილი იცნობს ერთმანეთს და ვისაც როგორ მიგვიწვდება ხელი, ყველა გებულობს ამ პროცედურის შესახებ. გარდა ამისა, მინისტრმა უკვე რამდენჯერმე ისაუბრა მედიასაშუალებებით, თუ როგორ და რა სახით მოხდება დევნილების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით“, - განაცხადა გიორგი ბობოხიძემ.

For.ge-ს სამინისტროს ცხელ ხაზზე (2-43-11-00) განუმარტეს, რომ ისინი ინფორმაციას აპლიკაციების შევსების გრაფიკთან დაკავშირებით იმ დევნილებს აწვდიან ვინც მათ დაუკავშირდება. დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოსაცდელში შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ მათ აპლიკაციების შესახებ შემთხვევით, ნაცნობებისგან გაიგეს.

„ტელევიზიით არაფერი მოგვისმენია, გარდა იმისა, რომ რეგისტრაციაა დაწყებული, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი კი დაბინავებაა, ვიდრე რეგისტრაცია. შემთხვევით მოვედი მეზობლისგან მოსმენილი ჭორის დასაზუსტებლად, ახლა ბევრი მელოდება რომ გაიგონ სინამდვილეში რა ხდება. თურმე 5 აგვისტოდან დაწყებულა აპლიკაციების შევსება და რატომ არაფერი ვიცოდით?! ცხელი ხაზის შესახებაც არაფერი ვიცი“, - განაცხადა For.ge-სთან აფხაზეთიდან დევნილმა ნინა ანთიამ.

რაც შეეხება პროცესის მიმდინარეობას, გიორგი ბობოხიძე განმარტავს, რომ დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებში აფხაზეთის მთავრობა სამინისტროსთან თანამშრომლობს.

„ჩვენთან (ვაჟა ფშაველას 16-ში), გამოყოფილია ოთახი, სადაც ხდება ბინით უზრუნველყოფისათვის აპლიკაციების შევსება. მუშაობს ორი მაგიდა, დევნილები პასუხობენ სხვადასხვა კითხვებს მათი სოციალური მდგომარეობის შესახებ. პირველი ეტაპი დეკემბრის ბოლოს დაიხურება. ამჯერად სულ გამოტანილია 6 ობიეტი, რომელიც რეაბილიტირებული იქნება ახალი წლისთვის. სპეციალური კომისია, აპლიკაციების მიხედვით, დევნილებს მიანიჭებს ქულებს და გადაწყდება ვინ რომელ ეტაპზე უნდა დაკმაყოფილდეს. აღსანიშნავია, რომ დევნილებს თავად აქვთ უფლება ამ ობიექტებიდან რომელს აირჩევენ. შესაძლოა ასევე, რომ დევნილები სურვილისამებრ დაელოდონ ახალი მშენებლობების დასრულებას, რადგან საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი უახლოეს 2-3 წელიწადს კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ დევნილების ინფორმირება აპლიკაციების პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით ამჯერად for.ge-ს საშუალებითაც მოხდება.