გასული წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გამოძიება სსკ-ის 144–ე მუხლს ვერ გასცდა, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ამის შესახებ For.ge-ს ლაფანყურის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა ოჯახების უფლებების დამცველმა, საია-ს იურისტმა ნინო ჯომარდიძემ განუცხადა. მისი თქმით, უკვე ორი თვე გავიდა, რაც საია აღნიშნული პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას უშედეგოდ ითხოვს.
„გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა”, „გ” და „ი” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. თუმცა გამოძიების წარმართვა მხოლოდ 144-ე მუხლის საფუძველზე არასაკმარისია და სახელმწიფო ვალდებულია, ცალკე აწარმოოს გამოძიება შეიარაღებული დაჯგუფების წევრების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. ამიტომ ვითხოვთ, სწორედ სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები გამოიკვლიონ, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის პრინციპების თანახმად, თუკი სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევაში მოხდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, შესაბამისი უწყება ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს“, - აღნიშნა ნინო ჯომარდიძემ.
მანვე განმარტა, რომ უმჯობესია, გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს, რადგან ლოპოტას ხეპობაში ჩატარებული სპოეცოპერაციისას სწორედ შს სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ამდენად, გაუგებარია, ძიებას შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამომძიებო ნაწილი რატომ აწარმოებს.
ნინო ჯომარდიძე იმასაც აცხადებს, რომ საიას არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მიმდინარე საქმეში გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრებს მინიჭებული არ აქვთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. ამ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, გამოძიების დროს სახელმწიფოს დაზარალებულთა წინაშე მაღალი ანგარიშვალდებულება ექნებოდა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მათ მიაწვდიდნენ. ამ ეტაპზე კი, იმის გამო, რომ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები არ წარმოადგენენ მხარეს, მათ არ აქვთ წვდომა ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, თუ როგორ წარმოებს გამოძიება.
იურისტის თქმით, ჯერ კიდევ 2013 წლის მაისში აღნიშნულ საქმეზე გარდაცვლილ პირებს ჩაუტარდათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სადაც საიას თხოვნის საფუძველზე, ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი. თუმცა საგამოძიებო ორგანოსთვის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ექსპერტიზის დასკვნები მათთვის მაინც მიუწვდომელია.
„არაერთხელ მივმართეთ გამოძიებას. მათ გვიპასუხეს, რომ, რადგან დაზარალებული მხარის სტატუსით არ ვსარგებლობთ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იქნება ეს მასალა. ამ ეტაპზე გავაგრძელებთ კომუნიკაციას შსს-სთან და მოვითხოვთ, დაზარალებულთა ოჯახებს მიენიჭოს დაზარალებულთა უფლებამოსილების სტატუსი, რათა მათ მცირედი უფლებებით მაინც ისარგებლონ“, - აღნიშნა იურისტმა.
ამასთან, დასძინა, რომ მისთვის ისიც უცნობია, ამ ეტაპზე რაიმე დამატებითი მტკიცებულება მოიპოვა თუ არა შსს-მ ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით. შესაძლოა, აქვთ კიდეც რაიმე სახის მტკიცებულება, თუმცა, მათ არ აწვდიან.
საიამ ვერც იმის შესახებ მიიღო პასუხი, გამოძიებას დაკითხული ჰყავს თუ არა სპეცოპერაციის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი პირები, გამოკვლეულია თუ არა შეიარაღებული ჯგუფის წევრთა მიერ საქართველოში შემოსვლისა და გასვლის საკითხები.
ჩვენ დავუკავშირდით ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული ასლან მარგოშვილის მამას- მერაბ მარგოშვილს. მან ამ საქმის გამოძიების გაჭიანურება შემდეგნაირად ახსნა:
„წარმოიდგინეთ, ამ საქმეში რამხელა ხალხი იყო ჩარეული. პირველად ეს ტრაგედია რომ მოხდა, ამის შემდეგ კიდევ ორი-სამი თვე ისევ ძველი ხელისუფლება იყო. როგორც შეეძლოთ, მათ ყველა კვალი წაშალეს და, ფაქტობრივად, ახალ ხელისუფლებას ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწია, რაც არც ისე ადვილია. ეს საქმე დროს მოითხოვს, სისწრაფე არაფრის მომტანია. მე ვიცი, რომ გამომძიებლები დღესა და ღამეს ასწორებენ, მუშაობენ და უახლოეს პერიოდში დამთავრდება ამ საქმის გამოძიება. ძალიან კარგ სტრუქტურას აქვს გადაცემული, რომელსაც კარგი გამომძიებლები ჰყავს და არავითარი სხვა სტრუქტურის ჩართვას საჭიროდ არ ვთვლი. კმაყოფილი ვარ, ვერაფერიც რომ ვერ გამოიძიონ, მაინც მადლობელი დავრჩები, იმდენს წვალობენ“, -აღნიშნა ასლან მარგოშვილის მამამ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაჭიანურდა მათი დაზარალებულებად ცნობა, დაღუპულის მამა განმარტავს, რომ, სანამ გამოძიება არ დამთავრდება, მათ დაზარალებულად ვერ ცნობენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თავდაპირველად საქმე სულ სხვა მუხლით იყო აღძრული. ამიტომ, ჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ მძევლად აყვანა არ მომხდარა და სულ სხვა მიზეზით დახოცეს ახალგაზრდები. მეტიც, დაღუპული ასლან მარგოშვილის მამის თქმით, სულ სხვა ინტერესები იყო აქ ჩადებული: „ათასი ვინმეა დამნაშავე ამ საქმეში და, როცა მათ თავის გზას გაუყენებენ, ამის შემდეგ გამოჩნდება სიმართლე“.
„ჩეჩნები შურისძიებაზე, რა თქმა უნდა, არასდროს უარს არ იტყვიან. დღესდღეობით საქართველოში ჩამოსვლა და შურისძიება მათთვის ძალიან ძნელია. ამის დროც მოვა. როცა ყველაფერი დამტკიცდება, თუ ვინ გაუკეთა ორგანიზება ამ ოპერაციას, იქ ნათლად გამოიკვეთება, რომ, პირველ რიგში, სააკაშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებდნენ. ამის მთავარი ორგანიზატორია მერაბიშვილი, თავისი მოადგილითა და ანტიტერორისტული ცენტრით. შემსრულებლებიც ეგენი არიან და დამგეგმავებიც. თუ მათ მადლობას ეტყვიან, უთხრან, მაგრამ ისინი ვერასდროს გაექცევიან პასუხისმგებლობას“, - გვითხრა ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპულის მამამ.
ცნობისთვის, ლოპოტას საქმის გამოძიებამ მცირე ხნის განმავლობაში რამდენიმე უწყება მოიარა. თავდაპირველად მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტი იძიებდა, შემდეგ მთავარ პროკურატურას გადაეცა, ახლა კი საქმე ისევ შსს-შია, თუმცა ამჯერად - კონტრდაზვერვის დეპარტამენტში.