ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის და უმცირესობის ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი გახდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვეტო რამდენიმეჯერ დაადო და მისთვის ხემოსაწერად გაგზავნილი დოკუმენტი საკუთარი შენიშვნებით და შესწორებებით კვლავ პარლამენტს დაუბრუნა.
საუაბრია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროეტში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს და დეკანებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა მოეთხოვებათ. ასევე, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ის პირი შევა, ვისაც უნივერსიტეტში აკადემიური, ან სამეცნიერო თანამდებობა აქვს და დოქტორის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს ფლობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები უმაღლეს აკადემიურ სფეროში ახალგაზრდა მეცნიერების მიზიდვას ხელს შეუშლის.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმინობის განახლებულ საკანონმდებლო პაკეტს თავდაპირველ მოსმენაზე აზრთა და შეხედულებათა სხვადასხვაობა თვით მმართველი კოალიციის შიგნითაც მოჰყვა. კერძოდ, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვაზე წარდენილ ვარიანტს წინააღმდეგობა საპარლამენტო უმრავლესობის 12-მა წევრმა გაუწია, მათ შორის, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
აღნიშნულის გამო, მმართველი კოალიციის დეპუტატებმა ამ კანონპროექტის ავტორის, განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, ამჟამად კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის კრიტიკაც დაიმსახურეს.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ვარიანტში არსებულ სადავო საკითხებზე For.ge საპარლამენტო უმცირესობის წევრს სერგო რატიანს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ სწორედ ოპოზიციის მიერ გაწეული წინააღმდეგობის დამსახურებაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული რექტორის არჩევნები და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ რექტორად ლადო პაპავას არჩევა, რადგან, რომ არა ოპოზიციის კრიტიკა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავდა.
ბატონო სერგო, პრეზიდენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა მათ ინიციატივას ვეტოს ადებს. თქვენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი და აღნიშნული კანონპროექტსი არსებული ვერსიის აქტიური ოპონენტი, რა საკითხებს მიიჩნევთ ყველაზე მიუღებლად?
- სრული აბსურდია პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების ყველა ინიციატივაზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. ძალიან არაადეკვატური გამოძახილი ჰქონდა ამ საკითხს უმრავლესობის მხრიდან. მაგალითად, ქალბატონი ელისო ჩაფიძე ამბობდა, რომ განათლების სამინისტროს საშუალება უნდა მივცეთ დაარიგოს უფასო წიგნები. ეს სრული სისულელეა, რადგან არავითარი კავშირი წიგნების დარიგებასთან, რასაკვირველია, არ არის. აქ საუბარია რამდენიმე პუნქტზე და არა მთლიანად კანონზე. არის შეჯერებული კომპრომისული ვარიანტი. პირველი საკითხი ეხება იმას, რომ დოქტორანტებს, ანუ ახალი თაობის მეცნიერებს მიეცეთ საშუალება და საშუალება დავუტოვოთ იმისა, რომ ასისტენტ-პროფესორები იყვნენ და ეს კანონი მათ ამის საშუალებას ართმევს. როდესაც მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის ხალხისთვის ზრუნავს, ხოლო პრეზიდენტი ვეტოს ადებს, მაინტერესებს ვისთვის ზრუნავს, როდესაც დოქტორანტებს უზღუდავს უფლებას ასისტენტ-პროფესორები გახდნენ და უნივერსიტეტს საშუალება მიეცეს წარმატებულმა ადამიანებმა ლექციების კითხვა დაიწყონ. მით უმეტეს, სოციალურ სფეროში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჟურნალისტიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, საჯარო ადმინისტრირებაში, სოციოლოგიაში, სამართალში. ვისაც ამ სფეროში უცხოეთში მიღებული განათლება აქვს, უნდა მოვიდნენ და გახდნენ ასისტენტ პროფესორები, როცა ამთავრებენ დოქტორანტურას და არა ასისტენტები, რომლებიც 4 წლის განმავლობაში ვიღაცას მოემსახურებიან. ეს მიდგომა სრულიად არაადეკვატურია, როდესაც ჩვენ განვითარება გვჭირდება.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრებს არაერთი შენიშვნა ჰქონდათ. კიდევ რა არის ის ძირითადი საკითხები, რასაც არ ეთანხმებით და მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტის მქონედ მიიჩნევთ?
- მეორე არის ის, რომ მარგველაშვილს თავში აზრად მოუვიდა, რომ უნივერსიტეტს აუკრძალოს დეკანად სხვა წარმატებული უნივერსიტეტის პროფესორის მოწვევა. ანუ, მხოლოდ იმ კონკრეტული უნივერსიტეტის პროფესორი უნდა აირჩეს დეკანად. ასევე, მესამე პრობლემური საკითხია მაგალითად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უკრძალავენ აკადემიური თანამდებობის დააკვების შესაძლებლობას. თქვენ წარმოიდგინეთ ყველა თანამდებობასთან თავსებადია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, დაწყებული პრეზიდენტიდან, პრემიერ-მინისტრიდან, მინისტრიდან, პარლამენტის თავმჯდომარიდან და ნებისმიერი თანამდებობით დამთავრებული და, როგორ შეიძლება თვითონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობასთან არათავსებადი იყოს აკადემიური თანამდებობა?!
კიდევ არის ხელფასების კოეფიციენტების ზღვრული რაოდენობა. ვთქვათ, უნივერსიტეტს კვალიფიციური, წარმატებული პროფესორის მოწვევა უნდა, ან უნდა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან დააბრუნოს ქართველი წარმატებული მეცნიერი, ჩვენი ხელფასები და იმათი ხელფასები სრულიად შეუსაბამოა და იმისათვის, რომ ჩამოიყვანო ადამიანი, უნივერსიტეტმა შეიძლება საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული შეზღუდვები შემოაქვს მარგველაშვილს და სხვათაშორის, ის თანამდებობიდან გადადგა არა იმიტომ, რომ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოეყენებინა, არამედ, გადადგა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას და ამ კანონთან დაკავშირებით დავას გაქცეოდა. ის კიდევ რაღაც აბსურდულ განცხადებებს აკეთებს. ყველა ამ კითხვის ნიშანს შესაბამისი არგუმენტი სჭირდება და მე იმედი მაქვს, რომ უმრავლესობაში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც რაციონალურად აღნიშნავენ შენიშვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას მის არსებულ ვარიანტს მხარი უმრავლესობის 12-მა წევრმა არ დაუჭირა. პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების ფაქტის კომენტირებისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ მსგავსად პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული სხვა კანონებისა, ეს ვეტოც დაიძლევა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, ან 3 სექტემბრიდან, პარლამენტის საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე. როგორ ფიქრობთ, უმრავლესობის 12 დეპუტატი დაუჭერს თუ არა მხარს აღნიშნული ვეტოს დაძლევას?
- დაახლოებით ვიცი, რომ მაშინ, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა უმრავლესობის იმ 12 წევრს, რომელთაც საკუთარი პრინციპები დაიცვეს. მათ საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა როგორც მარგველაშვილმა, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მარგველაშვილმა თქვა, რომ საერთოდ დაბალი აზროვნების გამოვლინებაა, რომ ასეთ შენიშვნებს იძლევიან, პრემიერმა კი თქვა, რომ უნდა ჩაუკვირდნენ და წაკითხვა არ იციანო. ანუ ვინც პრემიერს და მომავალ პრეზიდენტს არ ეთანხმება, მათ კითხვა არ იციან? მე გამიძნელდება წინასწარ ვთქვა, რა ნაბიჯს გადადგამენ ისინი. ვინაიდან, ყოველთვის არის გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობა გარკვეული ნაბიჯებისა. მაშინ მათზე საკმაოდ დიდი ზეწოლა იყო. ახლა არ ვიცი, თუმცა, საერთოდ, ჩვენ შევეცდებით სრულიად რაციონალურად, ისტერიკების და საქმესთან არანაირი კავშირის მქონე განცხადებების გარეშე მოგვარდეს ეს საკითხი. განათლება არის ისეთი საქმე, სადაც ვნებათაღელვა და წინასაარჩევნო კამპანიებში აბსურდული განცხადებების კეთება არ არის მიზანშეწონილი. შეგვიძლია დავსხდეთ და განვიხილოთ.
სხვათა შორის, თუ ნორმალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მეორე დღეს, როგორც წესი, არავის ახსოვს უმრავლესობის ინიციატივა იყო ეს თუ უმცირესობის და ყველა შემთხვევაში, რაც ახლა კეთდება, ასე ვთქვათ, მეტ სარგებელს ხელისუფლებას მოუტანს. ამიტომ, როგორც არავის გახსენებია ის ფაქტი, როცა უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც ამავე უნივერსიტემა აირჩია, სწორედ ოპოზიციამ იბრძოლა ამისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პრემიერი დანიშნავდა. ეს სწორიცაა, არ უნდა ახსოვდეს არავის, მთავარია გადაიდგას სწორი ნაბიჯები.
როგორ შეაფასებდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ რექტორის არჩევნებს?
- ცხადია, რომ ის რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა, დადებითი მოვლენაა. უნივერსიტეტმა თვითონ აირჩია თავისი რექტორი. ეს არ მოხდებოდა, რომ მარგველაშვილს თავისი კანონის თავისი მუხლი გაეტანა, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. შეიძლება ვიღაცას ეს მოსწონს, ან ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ უნივერსიტეტს დღეს არჩეული რექტორი ჰყავს, თვითონ გადაწყვიტა და თვითონ აირჩია ვინ უნდა ყოფილიყო ის. მაშინ რომ არ დაეჯერებინა, ასე ვთქვათ უმრავლესობას, სრულიად სხვა და, სხვათა შორის, საკმაოდ პრობლემური ვითარება გვექნებოდა. ამიტომ, რაციონალური წინადადებები, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ კონფრონტაციისთვის არ არის გამიზნული, ჩვენ ტყუილად არაფერს ვაკრიტიკებთ. ჩვენ ვფიქრობთ ახალი თაობის მეცნიერების განვითარებაზე და უნივერსიტეტის პრობლემების მოხსნაზე, ამაშია საქმე.
თუ გაეცანით თსუ-ს ახლადარჩეული რექტორის ინიციატივებს და როგორ შეაფასებდით მის უახლოესი სამუშაო გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს?
- ყველა ინიციატივა არ მომისმენია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა ხელახლა აირჩია თავისთვის სასურველი რექტორი. ეს არის ავტონომია, ასე ვთქვათ, კორპორაციული სივრცე და მათ თავად უნდა გადაწყვიტონ რა განვითარება უნდათ, რაში რას დახარჯავენ, ვის რა დანამატი ექნება და ვის - რა. ეს მათი გადასაწყვეტია, არავის საქმე არ არის ეს, როგორც მათ განვითარებას წაადგება, ისე უნდა გადაწყვიტონ მათი საკითხები ვინმეს ჩარევის გარეშე. მივესალმები, რომ მათ თავიანთი ინიციატივა აქვთ და თვითონ გადაწყვეტენ. ეს არის მთავარი უნივერსიტეტისთვის.
შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა გახდა. პაპავას კანდიდატურას მხარი ხმის მიცემის პროცესში მონაწილე 12 პირიდან 10-მა დაუჭირა, 2-მა კი, ხმა ირმა რატიანს მისცა.