„ოცნების სამართალი“ - ახალაია კბილაშვილის უწყებას გამოღმით ედავება

„ოცნების სამართალი“ - ახალაია კბილაშვილის უწყებას გამოღმით ედავება

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მის მიმართ წაყენებულ ერთ-ერთ ბრალდებაში გამართლდა. ახალაიასადმი გამამართლებელი განაჩენის გამოტანა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მეტიც, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება თვით მმართველი კოალიციის გუნდის წევრებს შორისაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და „ხალხის პარტიის“ ლიდერმა, კობა დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებზე საუბრისას, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სწორედ ყოფილი მინისტრის უნადანაშაულოდ გამოცხადება დაასახელა. 

ამასთან, სამართლიანობის აღდგენის და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყნის მთავარი პროკურორი ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიას დარჩენილ ორ საქმეზეც დიდი ალბათობით გამამართლებელი განაჩენი დაუდგება და ამის მიზეზად „ზემოდან ზეწოლას“ ასახელებენ.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და რამდენიმე უფლებადამცველი საპატიმრო დაწესებულებიდან შს და თავდაცვის მინისტრის შესაძლო გათავისუფლების შემთხვევაში, მასშტაბურ სახალხო აჯანყებასაც აანონსებს.

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე, ბრალდების მხარის არგუმენტებზე და დაცვის მხარის მოლოდინებზე, For.ge ბაჩო ახალაიას ადვოკატს მალხაზ ველიჯანაშვილს ესაუბრა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდებები ყოველგვარ მტკიცებულებებზე დაუმყარებელი, დაუსაბუთებელი და სუსტია, რაც აუცილებლად გამამართლებელი განაჩენით დასრულდება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ყველა ეპიზოდში გამართლდება, ბაჩო ახალაია კონკრეტულ თანამდებობის პირებს სასამართლოში უჩივლებს და უკანონო პატიმრობის მისჯისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, მიღებული თანხა კი, ქველმოქმედებას მოხმარდება.

ბატონო მალხაზ, ცოტა ხნის წინ პროკურატურასთან არჩილ კბილაშვილის გადადგომის მოთხოვნით ჩატარებული აქციის მონაწილეებს თავად არჩილ კბილაშვილი შეხვდა. მათი საუბრის თემა უცნობია, თუმცა ერთ-ერთი იქ მყოფთაგანი ამბობს, რომ მთავარმა პროკურორმა უახლოეს მომავალში ბაჩო ახალაიას შესაძლო გათავისუფლება დააანონსა და აღნიშნულის მიზეზად კონკრეტული ზემდგომი პირებისგან განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. როგორია თქვენი პოზიცია ამგვარ განცხადებასთან დაკავშირებით?

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არავისზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ან როგორ შეიძლება ვინმემ სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს?! მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ადამიანი, არაიურისტიც კი, რომ დასწრებოდა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესებს და ამ ყველაფერს გაცნობოდა, თავადაც დარწმუნდებოდა მის უდანაშაულობაში. რაც შეეხება ამ პროგნოზს, მეორე საქმე რაც არის, ე.წ. შვიდკაცას ეპიზოდს რაც უკავშირდება, საერთოდ არაფერი არ არის. ბაჩო ახალაიას დანაშაული არაფერში არ არის და იმის გამო თუ უნდა დაისაჯოს, რომ მინისტრი იყო, ეს სრულიად უკანონოა. აქედან გამომდინარე, მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვაცხადებ, რომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს, რადგან დანაშაულის არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს ბაჩო ახალაიასთან მიმართბაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მთავარ პროკურორთან დახურულ შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა მონაწილემ გააჟღერა, არის ის, რომ მიუხედავად არჩილ კბილაშვილის ზემოთ აღნიშნული პროგნოზისა, მან საუბარში ახალაიას გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, აღნიშნულის სააპელაციო წესით გასაჩივრებას და საბოლოო განაჩენის სხვაგვარი ფორმულირებით დადგომასაც გასუვა ხაზი. რამდენად შესაძლებელია მსგავსი რამის განხორციელება და ბაჩო ახალაიას უფელებების დამცველები თუ განიხილავთ გამამართლებელი განაჩენის შესაძლო გასაჩივრების შესაძლებლობას?

- რეალურად, პროცესი განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას იცნობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ არის. გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოც ობიექტურად განიხილავს, ამ განაჩენს ძალაში დატოვებს. ყველა იმ მტკიცებულებაზე დეტალურადაა ნამსჯელი და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე მეტი მტკიცებულებები წარვადგინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვალდებულნი არიან მტკიცებულებები მოაგროვონ, ჩვენ შეჯიბერებითობის პრინციპიდან გამომდინარე, უამრავი მტკიცებულება მოვიპოვეთ და მათზე მეტი ღირებული მოწმე წარვადგინეთ. მათი 83 მოწმიდან 50 საერთოდ არაფერზე საუბრობს. საუბრობს იმაზე, რომ ბაჩო ახალაია იყო სენაკში და იყო ვაზიანში. ამას არც არავინ უარყოფს. ჩვენ დაახლოებით 50 მოწმე წარვადგინეთ, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ დანაშაულის მოხვედრას. ყველა არის ობიექტური, ნეიტრალური მოწმე. ისინი არ ყოფილან, ან ჩვენი, ან ბაჩანა ახალაიას ახლობლები. იყო ისეთი მოწმეებიც, რომლებიც თავად ბრალდების მხარემ წარმოადგინა და არანაირად არ დაადასტურეს, პირიქით, მათ ჩვენება მისცეს და ისაუბრეს მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოსაც ერთადერთი სწორი და კანონიერი გზა აქვს, რომ გასაჩივრების შემთხვევაში, საბოლოო გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვოს.

ბაჩო ახალაიას პროცესების განმავლობაში ადვოკატები მუდმივად საუბრობთ, რომ პროკურატურის ბრალდებები სუსტია. კონკრეტულად რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, განვლილი პერიოდიდან რომელ არგუმენტს. ან პროკურატურის რომელ ქმედებას ჩათვლიდით ყველაზე არასაკმარისად დაუსაბუთებლად?
- ძალიან სუსტია პროკურატურის ბრალდებები. გავიაროთ კონკრეტული სამი: არის აბესაძის საქმე, სადაც მხოლოდ ზვიად აბესაძის ჩვენებაა. ერთი ადამიანის ჩვენებაზე ხომ არ შეიძლება ადამიანს ბრალი წარუდგინო და შემდეგ განაჩენი დააყენო?! ზვიად აბესაძე რომ ადგეს და ნებისმიერ ადამიანზე თქვას - მცემა, წამიყვანა და ჩამკეტაო, ხომ არ შეიძლება დაიჯერო, როდესაც სხვა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს?! თავისი ცოლის ჩვენებაც კი არ არის თანხვედრაში ზვიად აბესაძის ჩვენებასთან. აქედან გამომდინარე, სასამართლოს განაჩენი, რომელიც ერთი ადამიანის ჩვენებაზეა დამყარებული და საქმეში მოცემულ არც ერთ მტკიცებულებაზე დამყარებული არ არის, არ შეიძლება, რომ განაჩენი ობიექტურად დადგეს.

მეორე ეპიზოდია სენაკის ეპიზოდი. ეს 19 ადამიანი შემდეგ წაიყვანეს და მოსვენების ნაცვლად ჩაკეტეს. აქ რა დანაშაულია ბაჩო ახალაიასი?! ყველა მოწმე ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას არ ჩაუკეტია, არც ჩაკეტვის ბრძანება გაუცია და ის ბრძანება რომ გასცა, „წაიყვანეთ და მოასვენეთო“, სწორედ ეს არის ის, რაზეც დამყარებულია ბრალდება. ამაზე როგორ შეიძლება იმსჯელოს ნორმალურმა ადამიანმა და თქვას, რომ ბაჩო ახალაიამ ირიბად, ირონიულად გასცა ჩაკეტვის ბრძანება?! რა ირონიულადაც არ უნდა იყოს ბრძანება გაცემული, ის არის ბრძანება.

ასევეა იგივე იმ „ხუთკაცას“ ეპიზოდზეც. ბაჩო ახალაია შეხვდა, კი ბატონო, და ვთქვათ იქ უწოდა უვარგისები, უმაქნისები, მაგრამ, ეს ხომ დანაშაული არ არის?! წაიყვანეს ეს ხალხი და აყვირეს - „გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადასო“, ვისზეც ეს ხალხი ამბობს დაგვავალა იყვირეთ და ირბინეთო, ის კაცი საერთოდ არ დაკითხეს. ხომ შეიძლებოდა დაეკითხათ?! და თუ ის იტყოდა - „კი, მე ბაჩო ახალაიამ დამავალა, ეს ხალხი აყვირეო“, კი ბატონო, ხმას არავინ ამოიღებდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პროკურატურა ვარაუდობს, რომ თურმე ეს ბრძანება, სავარაუდოდ, ბაჩო ახალაიას გაცემული იქნებოდა. ასე ვარაუდზე განაჩენის დაყენება ვის გაუგია?!

თქვენ აღნიშნეთ, რომ .. „ჯარიკსაცების წამებისეპიზოდზე ბაჩო ახალაიას ბრალი იმის გამო წარედგინა, რომ პროკურატურის ვარაუდით, მის მიერ გაცემული ბრძანება, შესაძლოა, ირონიულად გაცემული ყოფილიყო და რეალურად სხვა დანიშნულებით გაეცა. ვისი ჩვენების საფუძველზე წარედგინა ეს ბრალდება ახალაიას? თქვენ საუბრობთ, რომ ბრალდების მხარის მიერ მოწმედ გამოყენებული არც ერთი დაზარალებული ჯარისკაცი ბაჩო ახალაიას მიმართ პრეტენზიებს არ გამოთქვამს.
- თვითონ ბრალში იყო ასე ჩაწერილი, რომ ბაჩო ახალაიამ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ირონიული ბრძანება გასცაო. სინამდვილეში მოსვენების ბრძანება კი გასცაო, მაგრამ იგულისხმა, რომ ჩაეკეტათო. ასეა ბრალში მოხსენიებული და რამდენიმე დაზარალებულის ჩვენებაშიც ეწერა. როდესაც ეს ადამიანები სასამართლოში მოვიდნენ, ამ კუთხით არ დაადასტურეს. ამბობენ, რომ ბაჩო ახალაიამ სწორი ბრძანება გასცა, მაგრამ ის არასწორად შესრულდაო. ყველა იყო დაღლილი, უნდოდათ შხაპის მიღება, დასვენება და ბაჩო ახალაიამ გასცა ბრძანება, 19 კაცის მეთაურს მისცა ბრძანება - ეს ხალხი წაეყვანათ და მოესვენებინათ. როგორ შეიძლება ეს პროკურატურამ „წაიყვანე და ჩაკეტედ“ აღიქვას?! თუნდაც ასე რომ აღიქვას, წამების ორგანიზება სად ჩანს ამ შემთხვევაში?!

რამდენიმე დღის წინთავისუფლების და მხარდაჭერისცენტრმა სასულიერო პირის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც იგი პროკურატურის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლის, შანტაჟის და მუქარის ფაქტებზე საუბრობს. ასევე, ავჭალის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის წინამძღოლი ნიკოლოზ ტაბაღუა კონკრეტული პროკურორის სახელს და გვარს ასახელებს. აღნიშნული სასულიერო პირი სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაიას მოღვაწეობის პერიოდში ერთ-ერთი ციხის დირექტორი იყო, საზოგადოებას ლეგიტიმური ეჭვი გაუჩნდა აღნიშნული ბრალდების ობიექტურობაში, რადგან გაჟღერდა ვერსიები, რომ ყოფილი თანამშრომელი ბაჩო ახალაიასათვის ახალი ბრალის შესაძლო წაყენებისგან თავის დაზღვევის მიზნით ალაპარაკდა.
- სწორედ ამ ფაქტზე დაიკითხა მამა ნიკოლოზი. ის ადრე სასჯელაღსრულების N1 დაწესებულების დირექტორი იყო და მას აიძულეს ცრუ ჩვენებისთვის ხელი მოეწერა, როდესაც დირექტორი იყო, თითქოს, მას ბაჩო ახალაიამ დაავალა, რომ რამდენიმე პატიმარი შედარებით უკეთეს პირობებში ჰყოლოდა. ეს მან 11 თუ 12 საათიანი ტყვეობის შემდეგ დაადასტურა. მე ვაცხადებ, რომ პროკურატურა აღნიშნული სასულიერო პირის განცხადებით დაინტერესდეს. იმას კი არ ვამბობ, რომ გამომძიებელი დაუყოვნებლივ დაიჭირონ და დასაჯონ - ჯერ გამოიძიონ, დაადგინონ - თუ მამა ნიკოლოზი იტყუება, ის დაისაჯოს, თუ გამომძიებელი იტყუება, ის დაისაჯოს. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ეს ფაქტი გამოძიებულ იქნეს და ობიექტური სურათი დაიდოს. ამასაც არ აკეთებს პროკურატურა. უამრავი ფაქტით დაინტერესება შეიძლება. თუ უნდათ, მე ვასწავლი რა უნდა გააკეთონ. ამოიღონ კამერების ჩანაწერები რომელ საათზე შედის სასულიერო პირი დაკითხვაზე. დილის 11:00 საათზე თუ შედის და ღამის 00:00 საათზე გამოდის, ეს უკვე დარღვევაა. 12 და 13 საათიანი დაკითხვა არ არსებობს. დაკითხვის მაქსიმალური ვადა 8 საათია. ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი დარღვევა. მეორეც, დაკითხვის ოქმზე, რომელზეც სასულიერო პირი საუბრობს, ნაკლები დრო აწერია, აწერია 3-4 საათი. თუ 3-4 საათი იკითხებოდა ეს პირი, დანარჩენი დრო - 8 საათი რატომ ჰყავდათ პროკურატურაში?! ხომ იბადება კითხვა, რას უშვებოდნენ ამ ადმაიანს იმ 8 საათის განმავლობაში?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ვითხოვთ, სინამდვილეში რა როგორაა და მართლაც რა მოხდა, სხვას კი არაფერს ვითხოვთ.

თქვენს მოთხოვნას უპასუხა თუ არა პროკურატურამ სრულყოფილად? რადგან აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც თქვენს კითხვებზე პასუხები გარკვეულწილად არის.
- არანაირი პასუხი პროკურატურის მხრიდან არ მიგვიღია. პროკურორმა უბრალოდ კომენტარი გააკეთა, რომ სამჯერ დაიკითხა ეს სასულიერო პირი და სამივეჯერ ერთი და იგივე დაადასტურა და რომელ ზეწოლაზეა საუბარიო. მაგრამ მე ამას ახლავე ვუპასუხებ, მით უმეტეს, წარმოდგენა არ მაქვს რა დაწერა სასულიერო პირმა და მანამდე რა ეწერა. ელემენტარულად, რომ ვთქვათ, თუ სამჯერ დაიკითხა და ერთი და იგივეს ამბობს, მესამედ რატომ დაიბარეს ადამიანი და 12 საათის განმავლობაში რატომ იკითხებოდა?! თუ არანაირი საფუძველი არ არსებობს და მას თავდაპირველი ჩვენებებიდან არაფერი შეუცვლია?!

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბაჩო ახალაიას დაცვის მხარის პოზიცია, რომ მისთვის ახალი ბრალდებების მოძიება ხდება, რას ემყარება?
- როდესაც ბაჩო ახალაია ერთ ეპიზოდში გამართლდა, რომ ნახეს, რომ მეორე საქმე ყველაზე სუსტია, რაც კი არსებობს და იმაზეც აუცილებლად გამართლდება, პროკურატურას სხვა არაფერი დარჩენია თუ არა ბაჩო ახალაია რაიმე ახალი ბრალდებით დააკავშიროს საზოგადოებისთვის ცნობილ დანაშაულთან და ამ კუთხით, ჩირქი მოეცხოს მას. ცდილობენ საზოგადოებაში ისევ და ისევ ცუდი სახით წარმოაჩნინონ. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ რამდნიმე ცრუ ჩვენებას მოიპოვებენ, ბრალს წაუყენებენ და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე ეს მოწმეები დაადასტურებენ, თუ ბაჩო ახალაია გამართლდება, ეს არ არის მთავარი, მათთვის მთავარია ბაჩო ახალაიას ზედმეტი შეუფარდონ და საზოგადოებამ იცოდეს, რომ თითქოს, ის გირგვლიანის საქმესთანაც არის დაკავშირებული. სინამდვილეში ეს არის ფარსი, აბსურდი და ასე ყალბი ჩვენებებით უნდათ, რომ ბრალი წაუყენონ, თორემ მათ იციან, რომ ეს ხალხი სასამართლოში ვერ დაადასტურებს და მთელი ეს ტყუილი გაიფანტება და სინამდვილე დადასტურდება. უბრალოდ, მათთვის მთავარი ის არის, რომ დროებით მაინც ბაჩო ახალაია პატიმრობაში ჰყავდეთ.

ბაჩო ახალაიას სასამართლო პრეცესები თითქმის დასკვნით ფაზაში შედის, კონკრეტულად რა ვადებში ვარაუდობთ, რომ სასამართლო პროცესები დასრულდება და ყველა სამეზე საბოლოო განაჩენი დადგება?
- სულ დარჩენილია 2 საქმე. ერთ-ერთზე სასამართლო უკვე განაჩენის გამოსატანად არის გასული და ყოველდღიურად ველოდებით როდის გამოაცხადებს. რაც შეეხება მეორე საქმეს, ის 9 სექტემბერსაა ჩანიშნული. რამდენიმე პროცესი იქნება იმაზეც და განაჩენი უნდა დადგეს. ჩვენ სულ 17 მოწმე გვყავს, რომლებიც დაიკითხებიან აღნიშნულ პროცესზე. ვვარაუდობ, ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრისთვის დამთავრდება ეს საქმე.

დაცვის მხარის მოლოდინი როგორია? განიხილავთ თუ არა, რომ შესაძლოა ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს და თუ არ განიხილავთ რა გაძლევთ მყარი იმედის საფუძველს?

- რა თქმა უნდა, ყველა საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ველოდებით. რადგან საქმეში საერთოდ არაფერი არ არის. კი ბატონო, ბუნტის საქმეში არის რამდენიმე პატიმრის ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ ბაჩო ახალაიამ მათ სცემა. მაგრამ ის ადამიანები სხვა ჩვენებებში სხვას ამბობენ და რაც ყველაზე მთავარია, ამ საქმეზე განაჩენი 2009 წელს დადგა და ეს ხალხი დამნაშავედაა ცნობილი, ხოლო ბაჩო ახალაია და სხვა თანამშრომლები დაზარალებულებად არიან მიჩნეულები. აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე მტკიცებულებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა არის შეუძლებელი, არანაირი ახალი გარემოება საქმეში არ წამოჭრილა და ამიტომ ველოდებით, რომ სასამართლო იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ჩვენი საუბრის ზოგადი კონტექსტიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ დაცვის მხარე აბსოლუტურად დარწმუნებულია ბაჩო ახალაიასათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანაში. იმ შემთხვევაში, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ლოგიკურია, რომ მის მიერ პატიმრობაში გატარებული თვეები დაუმსახურებელი აღმოჩნდება. შესაძლოა თუ არა, რომ გამართლებულმა ახალაიამ მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების ავტორებთან ახალი სასამართლო დავა დაიწყოს?
- ჩვენ ამ საკითხე ვისაუბრეთ და არ დაგიმალავთ. პირველ რიგში, ამ განაჩენებმა ყველა ინსტანცია უნდა გაიაროს და კანონიერ ძალაში შევიდეს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბაჩო ახალაია ყველა საქმეში გამართლდება და ეს განაჩენებიც ძალაში დარჩება და ჩვენ ხელისუფლების კონკრეტული ორგანოების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას ვაპირებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ერთი გუნდის წევრია, მათთან აზრი არ აქვს რაიმეს გასაჩივრებას. უბრალოდ, სასამართლოში სამოქალაქო წესით შევეცდებით, რომ მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოვითხოვოთ და სახელმწიფოს კონკრეტული თანამდებობის პირებმა, ვინც ბაჩო ახალაია დააკავეს და აღნიშნულში მონაწილეობას იღებდნენ, საჯაროდ ბოდიში მოიხადონ, რადგან თუ ეს ადამიანი გამართლდა, პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო იგი ათ თვეზე მეტი, უკანონოდ იმყოფება ციხეში.

კონკრეტულად რომელ უწყებას გულისხმობთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს?

- პროკურატურას ვგულისხმობ. სისხლის სამართლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ფინანსური კუთხითაც. ბაჩო ახალაის რა თქმა უნდა, ამის ინტერესი არ გააჩნია. ამაზე ჩამოვყალიბდებით და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, რაიმე ბავშვთა სახლს ან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადავცეთ ეს თანხა, ან როგორც რამდენიმე გაზეთს ვუჩივლეთ და სიმბოლურად ერთი ლარი მოვითხოვეთ, ასე იქნება. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ პროცესი მოვიგეთ და არანაირ ფინანსურ ინტერესს ადგილი არ აქვს.

რა გახდა მედიასაშუალებების წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი და რომელ საგაზეთო გამოცემას გულისხმობთ?

- კონკრეტულად მედიასაშუალების დასახელებისგან თავს შევიკავებ ამ ეტაპზე. რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის უკანონო და დაუსაბუთებელი განცხადებების გავრცელება, რომლითაც ბაჩო ახალაიას სახელს ჩირქი მოსცხეს. მით უმეტეს, ამ განცხადებებისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ და არანაირ მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. ჩვენ ამ გაზეთს ბოდიშს მოვახდევინებთ. კი ბატონო, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არის და ყველას შეუძლია რაც უნდა ილაპარაკოს, თუმცა მეორე მომენტია, რომ ამით სხვისი ინტერესები არ უნდა დაზარალდეს. რამდენიც უნდათ და რაც უნდათ ილაპარაკონ, თუმცა ტყუილს და არასწორს ნუ იტყვიან. გადაუმოწმებელი, დაუსაბუთებელი ჭორების გავრცელების გამო, რამდენიმე საგაზეთო დაწესებულება აუცილებლად დაისჯება, კანონი ამას ითვალისწინებს.

საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, საზოგადოებაში საკმაოდ აქტიურად განიხილება იმის შესაძლებლობა, რომ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესების ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დასრულების და მისთვის კონკრეტული სასჯელის განსაზღვრის შემთხვევაში, პრეზიდენტი მას აუცილებლად შეიწყალებს. რამდენად ჯდება აღნიშნული საქმის განხილვის დასრულება და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადები ერთმანეთში?
- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბაჩო ახალაიას შეწყალება არ დასჭირდება. ასევე მთავარია, რომ ბოლო საქმეს ვადა პირველ დეკემბერს გასდის და სავარაუდოდ, მანამდე მისი საქმის დამთავრებას ვერც მოასწრებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 ნოემბერსაა, პრეზიდენტი ბაჩო ახალაის შეწყალებას ვერ მოასწრებს.