სანდრო გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, საბერძნეთში დაკავებული დავით ჩხიტუნიძე ათენში, საექსტრადაციო საპყრობილეში სცემეს. როგორც For.ge-სთან საუბარში ჩხიტუნიძის ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა აღნიშნა, ჩხიტუნიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას ფიზიკური დაზიანებები ათენის საპყრობილეში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა პატიმარმა მიაყენა.
ამ ეტაპზე ადვოკატისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ გაუსწორდა ფიზიკურად მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა იგი აცხადებს, რომ იმ ციხეში 80 ქართველია მოთავსებული. დავით ჩხიტუნიძე კი წლების განმავლობაში მუშაობდა გამომძიებლად და არ არის გამორიცხული, რომელიმეს იგი ეცნო და ეცემა.
ჩვენთან კომენტარის პარალელურად, დალი იმნაიშვილი ჩხიტუნიძის ოჯახის წევრებთან იმყოფებოდა და მათ განცდებსაც გადმოგვცემდა. ოჯახი შიშობს, რომ უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, ჩხიტუნიძის სიცოცხლე ლეტალურად დასრულდა. თუმცა ჭორების გამოსარიცხად, ისინი თავიანთი ოჯახის წევრის საქართველოში დაუყოვნებლივ ექსტრადირებას მოითხივენ.
პრობლემას ისიც ემატება, რომ ჩხიტუნიძის მონახულების საშუალება არ ეძლევათ ათენში მყოფ მის ადვოკატსა და საქართველოს ელჩს.
„მასთან ერთად მოთავსებული იყო 80 ქართველი დამნაშავე, დამრღვევები თუ კრიმინალები. ცხადია, იგი იცნეს. ამ დილით ოჯახმა მიიღო ინფორმაცია, რომ ნაცემი ჩხიტუნიძე მძიმე მდგომარეობით გადაყვანილია ათენის საავადმყოფოში. ჩვენ დავუკავშირდით ელჩს და საბერძნეთში ჩვენმა ელჩმა, დავით ბაქარაძემ დაგვიდასტურა ცემის ფაქტი. კომუნიკაცია ჩვენთან არ აქვს, არავის არ აჩვენეს საავადმყოფოში, არც მისი მდგომარეობის შესახებ ვიცით რამე. გვეუბნებიან, რომ იგი მძიმე მდგომარეობაშია“, - აღნიშნა დალი იმნაიშვილმა ჩვენთან საუბარში.
ადვოკატის თქმით, მთელი უბედურება ისაა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, დავით ჩხიტუნიძე არის წამების გამო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში სს კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად. თუმცა დალი იმნაიშვილი ირწმუნება, რომ არავითარი საერთო დავით ჩხიტუნიძეს გირგვლიანის მკვლელობის საქმეში არ აქვს. ის პასუხისგებაშია მიცემული სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. მეტიც, ადვოკატის თქმით, იგი აპირებს ქართულ გამოძიებასთან თანამშრომლობას და ჩვენების მიცემას.
ყველაზე მთავარი კი ადვოკატისთვის ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ჩხიტუნიძემ გაიგო, რომ მის მიმართ გაცემული იყო დაპატიმრების ბრძანება, მან აიღო ბილეთი ათენში, უნდა ჩაფრენილიყო თურქეთში და თურქეთიდან გადასულიყო საქართველოში. თუმცა დიპლომატიური პასპორტის წარდგენისას იგი დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. ამდენად, საექსტრადაციო ციხეში 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
დალი იმნაიშვილი აცხადებს, რომ ჩხიტუნიძეს ედავებიან, რომ მან ერთ-ერთი მსჯავრდებული - ალანია 2006 წელს გამოიყვანა საპყრობილიდან და მამის დასაფლავებაზე წაიყვანა. თუმცა ამ ფაქტის შესახებ ჩხიტუნიძე თავად იტყვის. უბრალოდ, ადვოკატისთვის მთავარია, იგი ცოცხალი დაბრუნდეს სამშობლოში.
„სამი დღეა, იგი დაჭრილია და თავის ქალა აქვს დაზიანებული. რა იარაღი გამოიყენეს მის წინააღმდეგ, არ ვიცით. ამიტომ დახმარებას ვითხოვთ, რათა ეს ტრაგედია არ განმეორდეს. პატიმრებს უთქვამთ, ჩვენი გამომძიებელი იყავიო და გაუსწორებენ ანგარიშს. ქურდული სისტემაა ათენში, ქურდული სამყარო იბრძვის ჩხიტუნიძის წინააღმდეგ. იცით, ქურდებს „თანამშრომლები“ არ უყვართ. არც ის ვიცი, რატომ მოათავსეს იმ საპყრობილეში, სადაც ქართველები ისხდნენ. რაკი იცნეს, რომ ჩხიტუნიძე მათი გამომძიებელი იყო, ეს ადასტურებს, რომ ამ ქართველებს შორის ადრე რამდენიმე პირი ნასამართლევი ყოფილა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, დავით ჩხიტუნიძე ათენში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. ჩხიტუნიძის ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში დაბრუნებას და ჩვენებების მიცემას აპირებდა და საზღვარზე იმ მოტივით აიყვანეს, რომ მის დიპლომატიურ პასპორტს მოქმედების ვადა ჰქონდა შეჩერებული.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე დავით ჩხიტუნიძეს ბრალად წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
რაც შეეხება ეპიზოდს, ჩხიტუნიძეს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნაში ხელშეწყობა ბრალდება.