თავდაცვის სამინისტროს პასუხი „ახალგაზრდა ადვოკატებს“

თავდაცვის სამინისტროს პასუხი „ახალგაზრდა ადვოკატებს“

17 აგვისტოს გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადება, რომელშიც ორგანიზაციამ თავდაცვის სისტემაში გამოვლენილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თავდაცვის სამინისტროში „უკვე მერამდენედ სისტემურ და საკადრო პრობლემებს აქვს ადგილი“. ამის დასტურად ორგანიზაციას შემდეგი მაგალითები მოაქვს: 

გორის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულ ვაშლიჯვრის სპეცრაზმის მოსამსახურეებში მასობრივად არის გავრცელებული ჩუტყვავილა, რისი მიზეზიც ის არის, რომ ჩუტყვავილას ვაქცინაციის ნაცვლად სამხედრო მოსამსახურეებს სხვა ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

სამხედრო პოლიცია, ძირითადად, კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებით არის დაკომპლექტებული.

სამინისტრო უპასუხოდ ტოვებს სენაკის სამხედრო ბაზაზე 52 სამხედრო მოსამსახურის საკვებით მოწამვლის ფაქტს.
სამწუხაროდ, ორგანიზაციას ამ განცხადების გაკეთებამდე თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავს, რომ მიღებული ინფორმაციის სისწორე გადაემოწმებინა. რეალური სურათი ასეთია:

არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიარაღებულ ძალებში ჩუტყვავილა მასობრივად არის გავრცელებული. ქვედანაყოფებში ჩუტყვავილით დაავადებულთა რიცხვის მატება უკანასკნელი წლების მონაცემებით არ აღინიშნება. აგვისტოში ჩუტყვავილის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებული სამხედრო მოსამსახურე 14 აგვისტოს მოთავსდა ლაზარეთში და 20 აგვისტოს გაეწერა.

შეიარაღებულ ძალებში ჩუტყვავილას ვაქცინაცია არ მიმდინარეობს. ის არც გასულ წლებში ჩატარებულა. ეს დაავადება არ შედის აცრების ეროვნულ კალენდარში, შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს ვაქცინაცია არ უკეთდებათ. ქვედანაყოფებში დაავადების დაფიქსირებისთანავე ავადმყოფს უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ტარდება საჭირო პრევენციული ღონისძიებები.

არასწორია განცხადება იმის შესახებაც, რომ სამხედრო პოლიციაში, ძირითადად, კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან დასაქმებულები. სამხედრო პოლიციაში 19 აგვისტოს მონაცემებით 1 269 თანამშრომელია. მათგან კუდ-ში 13-ს, ხოლო სოდ-ში 12-ს აქვს ნამუშევარი.

და ბოლოს, ვერ დავეთანხმებით ორგანიზაციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის ფაქტებზე რეაგირებას არ აკეთებს. მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების კვების საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. წინა თვეებში მოწამვლის ფაქტების გამოვლენისთანავე მათი გამოძიება სამხედრო პოლიციასა და გენერალურ ინსპექციას დაევალათ. ჯერ კიდევ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. მთლიანად შეიცვალა მართვის სისტემა სამხედრო მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ კომპანია „ქართული კვებაში“. კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ 13 აგვისტოს საზოგადოებას განვითარების ახალი გეგმა წარუდგინა. ეს ინფორმაცია მასმედიის საშუალებით არაერთხელ გახმოვანდა. მისი მოძიება სამინისტროს ვებგვერდზეც არის შესაძლებელი.

თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს თავდაცვის სისტემით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხელი შეუწყოს მათ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დაზუსტებაში და საჭიროების შემთხვევაში, გაითვალისწინოს მათი შენიშვნები და რეკომენდაციები გამოვლენილი პრობლემების დროულად და ეფექტიანად გადაჭრასთან დაკავშირებით.