„ბურთი პრემიერის მოედანზეა და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“

„ბურთი პრემიერის მოედანზეა და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“

„მე-9 არხის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია „მე-9 არხის“ შესყიდვის მიზნით სააქციო საზოგადოების შექმნას აპირებს. როგორც მაღლაფერიძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილს ტელევიზია გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა, რადგან ის არის პრემიერ-მინისტრი და ამავე დროს მისი ოჯახის მფლობელობაში იყო მედიასაშუალება. 

„დეტალები არ ვიცოდით, რომ ის სამი თვეა იყიდებოდა. ეს საზოგადოებამ გუშინ შეიტყო. საზოგადოება ამას გაგებით შეხვდა და ჩათვალა, რომ ეს დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ პრემიერი უარს ამბობს მედიასაშუალებაზე. ამავე დროს გაჩნდა აზრი, რომელიც ძალიან მალე ბევრმა ადამიანმ აიტაცა და უნდა ითქვას, რომ 2 ათასამდე ადამიანია ჩართული ამ პროცესში, ამ ადამიანებმა თქვეს, რომ ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ფინანსური პასუხისმგებლობა ვიყიდოთ ეს ტელევიზია. ეს იყო პასუხი ბიძინა ივანიშვილის გამოწვევაზე საზოგადოების მიმართ“, – აცხადებს მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, საზოგადოება იყიდის ტელევიზიას და ის არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული. როგორც მაღლაფერიძე ამბობს, ამ სააქციო საზოგადოებას ეყოლება გამგეობა, რომელიც დირექტორს დანიშნავს. მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც ტელევიზია გახდება საზოგადოების საკუთრება, ის იქნება პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი. 

„ამით ერთი მხრივ, შენარჩუნებული იქნება ჟურნალისტთა არსებული კორპუსი, რაც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევარი. ეს იქნება კარგი ნაბიჯი იმისკენ, რომ პრემიერი გათავისუფლდეს ტელევიზიისგან და კიდევ უფრო კარგი ნაბიჯი იქნება ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზიის შესაქმნელად“, – აღნიშნა ვასილ მღლაფერიძემ.

ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორის, ლუბა ელიაშვილის განცხადებით, „მე-9 არხისა“ და „ინფო 9“-ის შეძენის სურვილი არაერთ პირს გაუჩნდა, თუმცა დაინტერესებულ პირებს „ინფო 9“-ის მხოლოდ ბრენდის შეძენა სურთ. ლუბა ელიაშვილის განცხადებით, ის ჯერ არ შეხვედრია ტელეკომპანია „მე-9 არხისა“ და „ინფო 9“-ის მფლობელებს და შესაბამისად, უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მფლობელები.

„ვინაიდან გამოჩნდნენ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ და „ინფო-9“ - ის შეძენის მსურველები, მოსამზადებელია პაკეტები, რომელსაც შესთავაზებენ პოტენციურ მყიდველებს. პაკეტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამშრომელთა სამუშაოს შენარჩუნება. არხზე ჩატარებულია ინვენტარიზაცია, დათვლილია პასიური და აქტიური აქტივები და სწორედ ამის წარდგენა მოხდება პოტენციური მყიდველებისთვის. ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ტექნიკა თვითღირებულების 1/3 ფასად გაიყიდება“, - აღნიშნა ლუბა ელიაშვილმა.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „მე-9 არხის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობის 10 დღით გაგრძელებასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე უარი თქვა და კოლექტივმა მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით მუშაობას განაგრძობს სააგენტო „ინფო 9“. „ინფო 9“-ის ხელმძღვანელის, მანანა ელიაშვილის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლები 11 დღის განმავლობაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა, უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები ტელევიზიის შენობის წინ დილიდან შეიკრიბნენ. ტელეკომპანია „მე-9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი ბექა ბარამიძე ამბობს, მისთვის მოულოდნელი იყო არხის დამფუძნებლის გადაწყვეტილება მაუწყებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. ბექა ბარამიძე აცხადებს, მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, გააგრძელებს თუ არა ტელეკომპანია მუშაობას და არსებობს თუ არა არხის პოტენციური მყიდველი.

სოციალურ ქსელში დაანონსებულ და შექმნილ სააქციო საზოგადოებაში, რომელსაც „მე-9 არხის“ შეძენა სურს, ამ დროისათვის 2 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. როგორც იდეის ავტორი ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, პრემიერს ფასი სააქციო საზოგადოებამ უნდა შესთავაზოს. შეთავაზებული თანხა, სავარაუდოდ, 7 მილიონი იქნება. შეგახსენებთ, რომ არხის საბაზისო ღირებულება 47 მილიონია.

ვასილ მაღლაფერიძის ინიციტივას მხარს უჭერს ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი. თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ამ ადამინებს მოთმინება ეყოთ და მართლაც ბოლომდე მიიყვანონ ეს საქმე.

„მე მგონია, რომ საქართველოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამ არხის ყიდვას. შესაძლოა, ისინი არ ჩანან ზედაპირზე, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ამბიციები ჰქონდეთ და ამასთან ერთად, ფულიც ჰქონდეთ. არაა გამორიცხული, რომ მათ იყიდონ. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ ისეთმა იყიდოს იმ გათვლით, რომ პრემიერს გარკვეული უხერხულობა მოუხსნას და ქულები დაიწეროს მის თვალში. სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. მე მაინც მგონია, რომ ეს ტელევიზია გაიყიდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ ჩიქოვანმა.

მედია ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი თვლის, რომ ახლა ბურთი პრემიერის მოედანზეა.

„პირველი პრეცედენტი იქნება, როდესაც საზოგადოება არხის შეძენის ინიციატივით გამოვა  და ეს არ იქნება საიდანმე ჩამოწოდებული ინფორმაცია, რომელსაც მივეჩვიეთ. სწორედ ამიტომ მეჩვენება გამართლებულ ინიციატივად საზოგადოებისგან ეს აქტივობა. დანარჩენი... ბურთი პრემიერის მოედანზეა და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილი.