რატომ თქვეს

რატომ თქვეს

"მეცხრე არხი" მეორედ იხურება. იხურება ასევე საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9". ამის შესახებ 19 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც არხის გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა ტელევიზიაში საგანგებო თათბირი ჩაატარა, სადაც პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება გაახმოვანა.

პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მას დაუშვია თავის დროზე, "მეცხრე არხის" დახურვა იყო, რატომ იმეორებს იგივე შეცდომას ივანიშვილი? ამაზე ქვემოთ, მანამდე კი პრემიერ-მინისტრი არხის დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზეა საუბარი და განცხადების ერთ ნაწილში არხის დახურვის მიზეზებსაც განმარტავს: "არჩევნებში გამარჯვებისთანავე მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა გაგვესხვისებინა ტელეკომპანია "მე-9 არხი" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9", მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშუალებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა. დღეს, როცა ახლოვდება არჩევნები, მედიასაშუალებების ვალია, ობიექტურად აშუქებდნენ საარჩევნო პროცესს, ხოლო ხელისუფლება პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უქმნიდეს თანაბარ პირობებს. სწორედ ამისთვის არის საჭირო ზემოაღნიშნული მედიასაშუალებების გასხვისება, რათა ამომრჩეველს არ დარჩეს განცდა და არ შეექმნეს აღქმა იმისა, რომ კოალიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალება კოალიციისვე კანდიდატს სასათბურე პირობებს შეუქმნის და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს მას. მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება, 1-ლი სექტემბრიდან ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის დახურვასთან დაკავშირებით".

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, გია ხუხაშვილი ამბობს: მეცხრე არხზე ლუბა უნდა მივიყვანოთ, ის "ოდეერია" და კარგად მიანგრ-მოანგრევს, ლუბა ტანკივითაა, ყელში უნდა წვდეს. ეგ დაალაგებს მანდ სიტუაციასო.

თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად. როგორც ერთ-ერთი წყარო "ალიას" უყვება, "მეცხრე არხზე" პრობლემები ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო. ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო იყო არხის რეიტინგით, რის გამოც გენერალურ დირექტორს ლუბა ელიაშვილს რამდენჯერმე უსაყვედურა კიდეც. ელიაშვილმა პრემიერ-მინისტრს სიტყვა მისცა, რეიტინგს დავდებ და სარეკლამო შემოსავალიც გაიზრდებაო, თუმცა პრემიერ-მინისტრის რამდენიმეთვიანი ლოდინი უშედეგო აღმოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილს აღარ სურდა სოლიდური ბიუჯეტით შეენახა არხი, რომლის რეიტინგი ქვეყნის მასშტაბით 3%-ს ვერ აცდა. ამის მიუხედავად, არხის გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა ტელევიზიაში დამატებითი კადრები მიიყვანა და თანამშრომელთა რიცხვი 700-მდე გაზარდა.

ბიძინა ივანიშვილმა არხს დაფინანსება გაზაფხულის ბოლოს შეუმცირა, თუმცა მაშინ ტელევიზიის დახურვაზე საუბარი არ ყოფილა, მეტიც, "მეცხრე არხი" ახალი სტუდიიდან გავიდა ეთერში. ახალი სტუდიიდან გასვლაც არ აღმოჩნდა რეიტინგის მომტანი არხისთვის, ივანიშვილის უკმაყოფილება კი იზრდებოდა. საბოლოოდ, ლუბა ელიაშვილმა პრემიერ-მინისტრს არხის გაყიდვა შესთავაზა, სამუშაოს შესრულება კი საკუთარ თავზე აუღია. ხანგრძლივი ძებნისა და რამდენიმე პირთან მოლაპარაკების მიუხედავად, არხი მაინც ვერ გაიყიდა. მთავარი მიზეზი კი "მეცხრე არხის" ბაზაზე არსებული ძვირადღირებული ტექნიკა და არხის დაბალი რეიტინგი იყო. ტელევიზიის ახალი სტუდიის მოწყობა რამდენიმე მილიონი დაჯდა. ამასთანავე, "მეცხრე არხს" აქვს 6 "ფლაივეი" (პირდაპირი ჩართვის მანქანა), რომლის ღირებულებაც, ჯამში 5 მილიონზე მეტია, ამის გამო არხის ყიდვაზე ყველა პოტენციურმა მყიდველმა უარი განაცხადა. "ალიას" ინფორმაციით, პოტენციურ მყიდველებს შორის იყვნენ ვანო ჩხარტიშვილი და ქიბარ ხალვაში, დანარჩენების ვინაობა ჩვენთვის უცნობია.

წყაროს ინფორმაციითვე, "ალიასთვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ ლუბა ელიაშვილი რამდენიმე დღის წინ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ამ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ელიაშვილისთვის უცნობებია გადაწყვეტილება არხის დახურვასთან დაკავშირებით. ელიაშვილი კიდევ ერთხელ დაჰპირებია რეიტინგის დადებას, ოღონდ არხი არ დაეხურა, თუმცა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საბოლოო იყო და "გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა".