ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ასლან აბაშიძის ვაჟს სიცრუეში ადანაშაულებს

ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ასლან აბაშიძის ვაჟს სიცრუეში ადანაშაულებს

"გულწრფელად მინდა ვუსურვო გიორგი აბაშიძეს, იყოს ღირსეული და მართალი, პირველ რიგში - საკუთარ სინდისთან"

მიმდინარე წლის 12 აგვისტოს "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა აჭარის ყოფილი ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის ვაჟის - გიორგი აბაშიძის ინტერვიუ, სადაც იგი შეეხო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილის (1991 წელს) ნოდარ იმნაძის მკვლელობის საკითხს. ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ნატო იმნაძე გიორგი აბაშიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და სურს, საზოგადოებას თავისი სიმართლე უთხრას.

- ბატონო გიორგი, თუ თქვენ დანაშაული არ ჩაგიდენიათ, არავის აქვს უფლება, საქართველოში ჩამოსვლა და ცხოვრება აგიკრძალოთ. თუმცა, ვფიქრობ, სამშობლოში სიცრუით დაბრუნება საზოგადოების თვალში რეპუტაციას ვერ აგიმაღლებთ.

პირველი სიცრუე: გიორგი აბაშიძე აცხადებს, რომ ინციდენტის დროს დედასა და ბებიასთან ერთად უზენაეს საბჭოსთან იყო. მე მაქვს და ვფიქრობ, გიორგისაც უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის ასლები, სადაც გიორგი აბაშიძის იქ ყოფნის ან მოწმეობის შესახებ სიტყვაც არ არის ნათქვამი. არც ერთი მოწმე და თვით მამამისი - ასლან აბაშიძეც კი არ ადასტურებს გიორგის, დედამისის და ბებიამისის ყოფნას შემთხვევის ადგილზე. გიორგი ამბობს, რომ დამინახა, როგორ გადმოვედი მანქანიდან ორი იარაღით ხელში. ბატონო გიორგი, გამოძიების მასალებით და მოწმეების ჩვენებით, თქვენ იქ არ ყოფილხართ. დაგეხმარებით და გაგახსენებთ: მოწმეების ჩვენებების შედეგად (მათ შორის - მამათქვენის) გამოძიებამ დაადგინა, რომ მე მქონდა ერთი იარაღი, რომელიც ბუდიდან არც ამომიღია. მამათქვენისგან განსხვავებით, მე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება მქონდა, ვინაიდან ეროვნული გვარდიის წევრი ვიყავი. ამბობთ, თქვენი თვალით დაინახეთ, რამდენიმე "ტიპმა" როგორ მიადო იარაღი თავზე უზენაესი საბჭოს შენობასთან მდგარ პოლიციელებს. პოლიციელები, რომლებიც შენობაში მორიგეობდნენ და თვითმხილველები ამ ფაქტს არ ადასტურებენ...

თანამდებობაზე დანიშვნის პირველ ეტაპზე მამაჩემსა და ასლან აბაშიძეს ნორმალური სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ 1991 წლის 22-23 აპრილს ქ.ბათუმში ჩატარებული არასანქცირებული ანტიეროვნული მიტინგის შემდეგ, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ასლან აბაშიძე გახლდათ, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიტინგის მთავარი მიზანი ხელისუფლებისთვის ეროვნული ძალების ჩამოშორება იყო. ნოდარ იმნაძის ლიკვიდაციაც (ლინჩის წესით გასამართლება) მაშინ იყო დაგეგმილი, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან მამაჩემი, ეროვნულ გვარდიასთან ერთად, უზენაესი საბჭოს შენობიდან უკანა გასასვლელით გავიდა. ეს სიმხდალე არ იყო, პირიქით, მამაჩემმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და ეროვნული გვარდია გაარიდა მოტყუებულ ხალხში (მომიტინგეებს ვგულისხმობ, რომლებმაც არც იცოდნენ, რისთვის ჩამოიყვანეს) გარეულ შეიარაღებულ ნაძირალებს, რომლებმაც უზენაეს საბჭოსთან მისვლისას მოახერხეს და სამჯერ გაისროლეს ეროვნული გვარდიის მიმართულებით. მამაჩემის ბრძანებით, ეროვნულ გვარდიას საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია (არადა, ეს იყო შეიარაღებული თავდასხმა საკანონმდებლო ორგანოზე), ამ აქციის სულისჩამდგმელებს კი სწორედ ეს სჭირდებოდათ, რათა ძმათა შორის სისხლის ღვრა დაწყებულიყო. ამის შემდეგ მომიტინგეების ნიღაბს ამოფარებულმა ნაძირალებმა მოახერხეს და შეამტვრიეს უზენაესი საბჭოს კარი, შეიჭრნენ იმნაძის კაბინეტში, მაგრამ მამაჩემი აღარ დახვდათ.

ყველაზე ცუდი, რაც გააკეთა ასლან აბაშიძემ, რელიგიის თემით სპეკულირება იყო - მუსლიმანი ქართველობა ქრისტიანებს დაუპირისპირა. რომ არა მამაჩემის სწორი გადაწყვეტილება, რელიგიურ ნიადაგზე ძმათა შორის სისხლის ღვრა დაიწყებოდა.

ვურჩევ ბატონ გიორგის, ნახოს დოკუმენტური ფილმი "მშვიდობის ფასი". ფილმში ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ასლან აბაშიძემ დიდი როლი ითამაშა იმ ანტიეროვნული მიტინგის მოწყობაში. ბატონი გიორგი ნათლად დაინახავს იმას, რაც მოხდა ქ. ბათუმში 1991 წლის 22-23 აპრილს და აღარ გაიმეორებს: "ნოდარ იმნაძეს ბოღმა ახრჩობდა, მამაჩემის ადგილზე რომ არ დანიშნესო". პირიქით, გიორგი, მამათქვენს, ასლან აბაშიძეს ახრჩობდა ბოღმა, რომ ნოდარ იმნაძე იყო ბლოკ "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის სპიკერი და აჭარის უზენაესი საბჭოს საარჩევნო სიაც მის ხელთ იყო. მამათქვენი შეიძლება საარჩევნო სიის მიღმა დარჩენილიყო. აი, რამ გაამწარა აბაშიძე და რატომ სჭირდებოდა, ეროვნული ძალები ხელისუფლებისთვის ჩამოეშორებინა.
ბატონო გიორგი, გაინტერესებთ, რატომ დაინიშნა მამათქვენი აჭარის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად? გეტყვით. მამათქვენმა ზვიად გამსახურდიასთან ფიცი დადო, რომ ავტონომიას გააუქმებდა, მაგრამ ჟარგონით რომ ვთქვათ, "გადააგდო" და აჭარაში დიქტატორული მმართველობა დაამყარა.

ახლა სხვა საკითხებსაც შევეხოთ... ბათუმის ერთ-ერთი ქუჩისთვის მამაჩემის სახელის მინიჭება მოსახლეობამ მოითხოვა. რაც შეეხება ჩემს ვითომდა დეპუტატობას მიშას დროინდელ პარლამენტში, გიორგი აბაშიძე ისევ ცრუობს! არასოდეს ვყოფილვარ არც პარლამენტის და არც აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი. სააკაშვილის მმართველობისას არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ მიმუშავია (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აბაშიძის გაქცევის შემდეგ ორი თვე ვიყავი აჭარის დროებითი მთავრობის წევრი). მივმართავ ჟურნალისტ თეა ღვანიას, თქვენ ეკითხებით გ. აბაშიძეს: "ნოდარ იმნაძეს გულისხმობთ, რომლის მკვლელობასაც მამათქვენს აბრალებდნენ და ამისთვის 2007 წელს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს?" ასლან აბაშიძე ნოდარ იმნაძის მკვლელობისთვის ჯერ არ გაუსამართლებიათ. სასამართლო დღესაც მიმდინარეობს ქ. ბათუმში და აბაშიძეს წაყენებული აქვს ბრალდება ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობის მუხლით.

გიორგი აბაშიძისგან განსხვავებით, სახელმწიფო სისტემის მსხვერპლად ქცეულს, ბევრი უსამართლობა მომითმენია, მაგრამ ღირსება არასოდეს დამიკარგავს. მე ღირსეული მამის შვილი ვარ და მის სახელს ყოველთვის დავიცავ, მიუხედავად იმისა, როგორ ეცდება ასლან აბაშიძე პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას, ან როგორ მოინდომებს რომელიმე ხელისუფალი ან ჩინოვნიკი, მამაჩემის მკვლელობის საქმე აბაშიძესთან სავაჭროდ, მის დასაშანტაჟებლად თუ სპეკულაციისთვის გამოიყენოს. დაბოლოს, გულწრფელად მინდა ვუსურვო გიორგი აბაშიძეს, იყოს ღირსეული და მართალი, პირველ რიგში - საკუთარ სინდისთან.