საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით 1 სექტემბრიდან ტელეკომპანია „მე–9 არხი“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“ დაიხურება. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ
ახლოვდება არჩევნები, მედიასაშუალებების ვალია, ობიექტურად აშუქებდნენ საარჩევნო პროცესს, ხოლო ხელისუფლება პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უქმნიდეს თანაბარ პირობებს. მისვე თქმით, სწორედ ამისთვის არის საჭირო ზემოაღნიშნული მედიასაშუალებების გასხვისება, რათა ამომრჩეველს არ დარჩეს განცდა და არ შეექმნას აღქმა იმისა, რომ კოალიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალება კოალიციისავე კანდიდატს სასათბურე პირობებს შეუქმნის და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს მას.
„დღეიდან, 19 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედია საშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ–ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს. თუ 1 სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია „მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“–ის მუშაობა.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველა თანამშრომელს გადავუხადოთ 2 თვის კომპენსაცია.
მიმაჩნია, რომ ტელევიზიასა და მედიასაშუალებაში ჩადებული ფულით არ უნდა ვეხმარებოდე ქვეყანას. მე ჩემს ქვეყანას სხვა, უფრო ეფექტიანი პროექტების განხორციელებაში შევუწყობ ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში რომელიც პრემიერ მინისტრმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი შპს „აქცეპტს“ ეკუთვნის. ამ კომპანიის 80%-ის მფლობელია პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, ხოლო 20%-ის ვინმე კახა კობიაშვილი. ტელეკომპანია „მე-9 არხის“ დახურვას წინ უსწრებდა ტელეკომპანია „მაესტროდან“ მოულოდნელად ჟურნალისტების წამოსვლა. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი ისინი მოღვაწეობას ტელეკომპანია „იმედში“ აგრძელებენ. ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელი მამუკა ღლონტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ყოფილი ხელისუფლების პირობებში რამდენიმე ცენტრალური ტელეკომპანიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტისადმი არსებული დავალიანების ჩამოწერის საკითხის კანონიერების შესწავლისკენ მოუწოდებს.
მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ აქვს კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა გაეცეს - ყოფილი ხელისუფლების დროს როგორ, რა პირობებში, ვის მიერ, რის სანაცვლოდ, რა პრინციპით, ვისი ხელმოწერით და რა დამსახურებისთვის ჩამოეწერა ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2“-ს, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, და „პიკს“ ბიუჯეტის წინაშე არსებული მრავალმილიონიანი დავალიანებები, რის მეშვეობითაც, ახლა გარკვეულწილად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
არხის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით for.ge მამუკა ღლონტს ესაუბრა.
ბოლო პერიოდში მედიაში უცნაური პროცესები ვითარდება. როგორ აფასებთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაიხურა „მე-9 არხი“, თქვენი არხიდან ჟურნალისტები გადავიდნენ ტელეკომპანია „იმედში“...
მამუკა ღლონტი: ის, რომ ჟურნალისტები ერთი არხიდან მეორეში გადადიან, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ტელეკომპანია „იმედს“, რომელსაც ხელისუფლებამ თვალი დაუხაჭა 16 მილიონიან დავალიანებაზე, ამ ფულით ცდილობს მეორე არხის გაქრობას. ანუ „იმედი“ ცდილობს „მაესტროს“ პოლიტიკური ველიდან გაყვანას. მე ამას ასე აღვიქვამ. როდესაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური რედაქციის თანამშრომლების 80%-ის წაყვანა გსურს, ამას სხვანაირად ვერ აღვიქვამ.
მე რომ გითხრათ, რომ რაღაცა ისეთი ხდება „მაესტროში“ რაც მიშას დროს ხდებოდა, ასე არაა, მაგრამ რაღაცა ხელისშეშლები არის. ეს ჯერჯერობით, საგანგაშო არაა და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ პრევენციულ განცხადებას, რომ არ გახდეს საგანგაშო. ხელისუფლების კონკრეტული ფრთა ტელეკომპანია „მაესტროს“ გამართულად მუშაობის ხელის შეშლას და დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ახორციელებს. შემიძლია გითხრათ, რომ ნინო ჟიჟილაშვილი არსად არ წასულა და როგორც გაირკვა არც არსად აპირებდა წასვლას.
უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ თქვათ, ხელისუფლების რომელი ფრთა ცდილობს ხელი შეუშალოს „მაესტროს“ მუშაობას?
- დღევანდელი ხელისფლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ბევრი რამ კარგი გააკეთეს, მაგრამ ის ნაწილი, რა ნაწილზეც ჩვენ ვსაუბრობთ... ველოდებით კონკრეტულ დოკუმენტს, ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ განვაცხადებთ, რომ ან ყველაფერი კარგად არის და პრობლემა ამოიწურა, ან წავალთ სასამართლოში. ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში კონკრეტული შეკითხვა გავგზავნეთ და მის პასუხს ველოდებით. გააჩნია პასუხი როგორი იქნება და თუ ჩვენი ეჭვები დადასტურდა, ამ საკითხზე უფრო ვრცლად მას შემდეგ ვისაუბრებთ.
რაც შეეხება ტელეკომპანია „მე-9 არხის“ დახურვას. რამდენად არის კავშირში არხის დახურვა „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან?
- სიმართლე გითხრათ, არ ვარ საქმის კურსში რა მოხდა „მე-9 არხზე“. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ თუ პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ მას არ ჰქონდეს საკუთარი ტეელვიზია, ამას მხოლოდ მივესალმები.
წინასაარჩევნოდ რამდენად სწორია არხის დახურვა?
- დიახ, სწორედაც - წინასაარჩევნოდ, რომ ერთხელ და სამუდამოდ სუფთა თამაშის წესები დამკვიდრდეს საქართველოში. უნდა დამთავრდეს ამ ტელევიზიებით მანიპულირება. ჩვენზეც ხშირად ამბობენ, რომ ხან ბურჯანაძეს მივეყიდეთ, ხან გაჩეჩილაძეს, ხან ივანიშვილს, მაჩვენონ ერთი ფაქტი ვინმეს თხოვნა, რომ შევასრულეთ. არასდროს „მაესტრო“ არც ერთ პოლიტიკოსზე არ იყო დამოკიდებული და არც არავის ინტერესებს არ ატარებდა. უნდა დამთავრდეს ტელევიზიებით პოლიტიკის კეთება საქართველოში. ტელევიზიები უნდა იყვნენ ბიზნესზე ორიენტირებული. სიმართლე გითხრათ, არ გამიხარდება ამ არხის დახურვა, მაგრამ ის, რომ ივანიშვილის საკუთრება არ იქნება ეს ტელევიზია, ეს არის ძალაინ კარგი ნაბიჯი მისი მხრიდან.
ტელეკომპანია „მე–9 არხის“ დახურვის კომენტარებისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის დროს გაიხსნა „მე–9 არხი“, „მაესტრო“ როგორც პოლიტიკური მაუწყებელი...
- საააკშვილი არის მედია ტერორისტი და როგორც ყოველთვის, ახლაც ცრუობს. გაიხსნა მხოლოდ ზეწოლის შედეგად, ეს მისი სურვილი არ იყო.
ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით for.ge ასევე დაუკავშირდა საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროს კონსულტანტს, სოსო გალუმაშვილს.
სოსო გალუმაშვილი: ის შეცდომა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საპარალმენტო არჩევნების წინ აღიარა, გადაფარა ამ უხერხულობის გრძნობამ. ალბათ, იმდენად მტკივნეული თემაა ეს ოჯახთან დაკავშირებული საკითხი, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს მედიასაშუალების დახურვა. ეს არაა ჩვეულებრივი მოვლენა. ეს არის გარკვეული განგაშის სიგნალი იმისთვის, რომ მედია სივრცეში არსებობს პრობლემები. რასაკვირველია ეს სამწუხარო ფაქტია. როგორც თავად პრემიერი განმარტავს მან ვერ მოუარა, ვერ გაყიდა, ვერ გადააბარა სხვა ინვერსტორებს. შესაძლოა, ეს არის ყველაზე ცუდი გამოსავალი, რაც შეიძლება „მე-9 არხთან“ დაკავშირებით მომხდარიყო.
არის სხვადასხვა მექანიზმები იმისათვის, რომ გადარჩეს ეს არხი და არ დაიხუროს. მაგალითად, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ჟურნალისტური კორპუსის მფლობელობაში გადაცემა, ღია საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება არხის მართვაზე და ა.შ. ჩემი აზრით, პრემიერის გადაწყვტილება ყველაზე არაოპტიმალურია რაც შეიძლება მომხდარიყო „მე-9 არხთან“ დაკავშირებით.
პრემიერი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ არ აქვს სურვილი, რომ არხი იყოს მისი ოჯახის მფლობელობაში, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების წინ მან აღიარა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც დახურა ძველი „მე-9 არხი“. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს პრემიერ-მინისტრი. როგორ ფიქრობთ, ახლა რატომ მიიღო იგივე გადაწყვეტილება?
- არ ვიცი, პირადად მე ამ არხის აქტიური მაყურებელი ვარ, ეს არაა რაღაცა კერძო პიროვნების აზრის გამოხატველი არხი, ან კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. იქ მუშაობს ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. მე ვფქირობ, რომ ერთ-ერთი დაბალანსებული ტელევიზია იყო საქართველოში. სამწუხაროა, რომ არ აღმოჩნდა „ქართულ ოცნებაში“ ან პრემიერის მრჩევლებში ისეთი ადამიანები, რომლებიც გადააფიქრებინებდნენ პრემიერს ასეთი ნაბიჯის გადადგმას.
ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მომხრე, არ ვარ. ეს იყო ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული არხი, რომლებმაც არჩევნების შემდეგ შეძლეს შეენარჩუნებინათ ობიექტურობა და გაეკეთებინათ დაბალანსებული ტელევიზია, რომელსაც ნამდვილად არ ეტყობოდა ვინ იყო მისი მფლოებლი. ძალიან ბევრი კრიტიკული ინფორმაციაც მოვისმინე მე ამ არხიდან, ძალიან ბევრი საინტერესო ჟურნალისტური გამოძიებაც ვნახე. აქიდან გამომდინარე, ის უხერხულობა, რომ პრემიერ მინისტრი, ან მისი ოჯახი, ამ არხის გამო შეიძლება ვინმეს მიკერძოებულობაში დაედანაშაულებინა, ეს ვარაუდი ჩემი აზრით, საფუძველს მოკლებულია.
„მე-9 არხის“ დახურვას წინ უსწრებდა „მაესტროში“ განვითარებული პროცესები. ჟურნალისტი და არხის რამდენიმე თანამშრომელი გადავიდა „იმედში“. როგორ ფიქრობთ, არის ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირში?
- საერთოდ არ მიყვარს შეთქმულების თეორიები და ასეთი კავშირების ძებნა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ტელეკომპანიიდან ასეთი მასობრივი წასვლა გარკვეულ კონკრეტულ გეგმასთან იყოს დაკავშირებული. ვთქვათ, ეს რომ ყოფილიყო რამდენიმე ადამინის წასვლა და არა ასეთი მასობრივი წასვლა, რასაკვირველია, ჩვეულებრივი ბაზრის პრინციპებით შეიძლებოდა ამის ახსნა. თუმცა, ასეთი ვარაუდიც გამოითქვა და შესაძლოა, მეც ამ ვარაუდს მივემხრო, რომ „იმედის“ სახით შეიძლება შეიქმნას ე.წ. მეგატელევიზია, რომელიც უკვე რეიტინგებით შეეჯიბრება „რუსთავი 2“-ს, რომელსაც ფაქტობრივად კონკურენტი არ ჰყავს ქართულ მედიასივრცეში.
შეიძლება გარკვეულმა ძალებმა ასეთი სცენარი მოიფიქრეს, რომ რამდენიმე წვრილ ტელევიზიას სჯობია, რომ ერთი მეგატელევიზია დაუპირისპირდეს „რუსთავი 2“-ს. ჩემთვის, როგორც მედიიდან მოსული ადამიანისთვის, ძალიან მძიმეა ნებისმიერი მედიასაშუალების დახურვა და მითუმეტეს ისეთი არხის, რომელზეც უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები მუშაობენ. ეს მედიაზე, როგორც დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი შემადგენელ ნაწილზე, დიდი დარტყმაა.