ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი განთავსდეს, რომელიც უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ხელისუფლებაში მსჯელობა მიდის საკითხზე - საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შემდეგ, თუ რომელი ობიექტი უნდა განთავსდეს პარლამენტის გამჭირვალე შენობაში.
წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე, მმართველ გუნდში არის მოსაზრება, რომ პარლამენტის ახალი შენობა 1958 წელს, პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსებულ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაუთმონ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა, საპარლამენტო უმცირესობა კი აცხადებს, რომ საქართველოს განძის - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქუთაისში განთავსება, ქალაქისთვის საპატიო მისია იქნება, თუმცა, რეგიონის განვითარებისთვის ეს ინიციატივა პულსის მიმცემი ვერ იქნება.
ინიციატივაზე საპარლამენტო უმრავლესობა ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა, ნიშანდობლივია ის, რომ რამდენიმე დღის წინ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ გუბაზ სანიკიძესთან ერთად ესტუმრა და მათ ცენტრში დაცული უძველესი, უნიკალური ხელნაწერი წიგნები და ისტორიული დოკუმენტები ბუბა კუდავამ დაათვალიერებინა. ცენტრის ხელმძღვანელისგან სტუმრებმა უმნიშვნელოვანესი ძეგლების მოვლა-პატრონობისთვის აუცილებელი და გადაუდებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
უსუფაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქართული კულტურის ეს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური საგანძური სათანადოდ იყოს მოვლილი და წარმოჩენილი მსოფლიოსათვის.
„სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა აქ დაცული ძეგლების უსაფრთხოებისთვის შექმნილი იყოს საუკეთესო პირობები“, - აღნიშნა სპიკერმა.
გუბაზ სანიკიძემ კი ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ქვეყნის სიამაყე - უნიკალური ექსპონატები არასახარბიელო მდგომარეობაშია.
„იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა ეს კერა იმყოფება, არ შეიძლება ეს დიდხანს გაგრძელდეს. საქართველოს არამატერიალურ კულტურაზე მუდამ ვსაუბრობთ, თუმცა, ქვეყნის მატერიალური საგანძური სწორედ ამ ინსტიტუტშია შენახული“, - დასძინა სანიკიძემ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაიდებს თუ არა ბინას, ქუთაისში, ამის შესახებ ინფორმაცია ბუბა კუდავას არ სმენია.
როგორც for.ge-ს ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, „მას ეს ინფორმაცია არ გაუგია“.
აღსანიშნავია, რომ კუდავას მსგავსად, წინადადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტის ქუთაისში გადატანის ინიციატორი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძეც.
კანონმდებელის შეფასებით, მთავრობა პარლამენტის თბილისში გადატანას ვერ შეძლებს, თუმცა, თუ ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნებას გადაწყვეტს, კარგი იქნება თუ, შენობა უფუნქციოდ არ დარჩება.
„თუ რა განთავსდება ქუთაისის პარლამენტში, ამაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც პარლამენტი თბილისში დაბრუნდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისფლება ამას ვერ შეძლებს. თუ მაინცდამაინც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და თუ ეს შენობა ამ კეთილ საქმეს მოხმარდება, ცხადია, ეს კარგია, რადგან შენობა უფუნქციოდ არ დარჩება. საქართველოს მთავარი განძის - ხელნაწერების ქუთაისში განთავსება, ქალაქისთვის საპატიო მისია იქნება, მაგრამ ეს ქალაქის განვითარებას ვერანაირ იმპულსს ვერ მისცემს, განსხვავებით პარლამენტისგან. იდეა არ მომწონს, რადგან ქალაქი ჩაკვდება და მთავრობამ რეგიონის განვითარების რაიმე ალტერნატიული გზა უნდა შემოგვთავაზოს.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პარლამენტის თბილისში დაბრუნებაზე დაიწყო საუბარი, ყველა იდეა რაც შეიძლებოდა ქუთაისს მიბმოდა როგორც საპარლამენტო ქალაქს, პრაქტიკულად მოლოდინის რეჟიმშია და ხალხი ელოდება იმას, გადავა თუ არა პარლამენტი. არცერთი პროექტი არ ხორციელდება იმის შიშით, რომ პარლამენტი თბილისში მართლა არ დაბრუნდეს. იმედი მაქვს, რომ უწყების გადატანას ვერ შეძლებენ“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პარლამენტში განთავსების იდეა საქართველოს პატრიარქმა გააჟღერა, თუმცა, მაშინ უწმინდესი ცენტრის თბილისის ისტორიულ შენობაში განთავსების თაობაზე საუბრობდა. რამდენიმე წლის წინ, ილია მეორემ ქუთაისში პარლამენტის გადატანის იდეას მოუმზადებელი უწოდა და პოლიტიკოსებს საკითხის მიმართ მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდა. პატრიარქი აცხადებდა, რომ „თუკი საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადავა, კარგი იქნება ეს ახალი შენობა ეროვნული ხელნაწერების შენახვისა და დაცვის მიზნით გამოყენებულ იქნეს“.
საკანონმდებლო ორგანოს 360 მლნ ლარიანი შუშებიანი შენობა დაეთმობა თუ არა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ეს ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე უწყების თბილისში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილსამყოფელი განისაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავსა თუ კერძო კოლექციაში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური - მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები და მემორიალური ნივთები. ასევე ცენტრში დაცულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვათა არქივები. აქვეა დაცული გრიგოლ წერეთლის სრულიად უნიკალური პაპირუსთა კოლექციაც.
ამასთან, ცენტრში დაცულია - საქართველოსა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ქართულ და უცხოენოვან ხელნაწერთა და ისტორიულ დოკუმენტთა ფოტოასლები და მიკროფირები. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ათონის ივირონის მონასტრის, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრისა და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ქართულ ხელნაწერთა ფოტოპირები.
ამას გარდა, ცენტრს მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა გააჩნია, სადაც ინახება ძველნაბეჭდი წიგნების ძვირფასი კოლექცია, მათ შორის პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი სახარება, „დავითნი“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემა.