ტელეკომპანია მე-9 არხი დაიხურა. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერიოზული რეორგანიზაცია იგეგმება. ერთ-ერთი ვერსიით, სექტემბრიდან „მე-9 არხი" „საზოგადოებრივ მაუწყნებლს შეურთდება. ტელეკომპანიასთან ერთად ასევე იხურება ინტერნეტ ტელევიზია „ინფო 9". როგორც „ინფო 9"-ში აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ მედიასაშუალება დაიხურება, თანამშრომლებს კომპენსაციას ჰპირდებიან.
თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტელეკომპანიის მყიდველის ძებნამ შედეგი არ გამოიღო და, მიუხედავად სხვადასხვა ვერსიებისა, მეცხრე არხი აუცილებლად დაიხურება. მოკლედ - არანაირი რეორგანიზაცია.
არხის დახურვის შესახებ ჟურნალისტებმა საგანგებო ბრიფინგზე შეიტყვეს. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ლუბა ელიაშვილმა თათბირი ჩაატარა და მათ უთხრა, რომ 10 თვეა ახალ მფლობელს ეძებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რის გამოც გადაწყდა არხის დახურვა. არხი პირველი სექტემბრიდან დაიხურება. ჟურნალისტების განცხადებით, სავარაუდოდ, 2 თვის კომპენსაციას გადაუხდიან.
ტელეკომპანია მე–9 არხის შესაძლო დახურვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.
„საქართველოში რაც მეტი არხი იქნება მე ვიქნები ბედნიერი იმიტომ, რომ ჩემს დროს გაიხსნა ყველაზე მეტი არხი, რაც გაიხსნა. ჩემ დროს გაიხსნა მე–9არხი, „მაესტრო" როგორც პოლიტიკური მაუწყებელი. გაიხსნა „25“-ე არხი და სხვა რეგიონალური მაუწყებელი. ჩვენს დროს გაიხსნა ასობით ახალი გაზეთი.
ჩვენს დროს, მიუხედავად იმისა, ვინ რას ლაპარაკობდა, იხსნებოდა გაზეთები და რეგიონალური ტელევიზიები. მე რომ გავხდი პრეზიდენტი, საქართველოში სამი არხი იყო - „იმედი“, „რუსთავი-2“ და „პირველი არხი“. ახლა არის რამდენიმე ათეული. რაც უფრო მეტი იქნება უფრო ბევრ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. უფრო მეტ არასწორ ინფორმაციას შედარებს ერთმანეთს და აარჩევს სწორს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კოალიციის წევრი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ პრემიერ-მინისტრი თუ კუთვნილ არხს ხურავს, ეს მედიაზე ზეწოდად ვერ შეფასდება.
„საქმის კურსში არ ვარ, რა მოხდა. ისე, თუ პრემიერ-მინისტრი თავის, კუთვნილ არხს ხურავს, ეს არაა ზეწოლა, პირიქით - ესაა საარჩევნო გარემოს გათავისუფლება. მაგრამ, არ ვიცი დეტალები და შეფასებას ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
არხის დახურვის რეალური მიზეზი უცნობია ჟურნალისტისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, ანი მიროტაძისთვის.
„ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების დახურვას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფინასური პრობლემის გამო ხდება, თუ ზეწოლასთან გვაქვს საქმე. წინა ხელისუფლების დროს ზეწოლა იყო მედიაზე და ამ მიზეზით იხურებოდა. გადაცემები, რომელიც მათ გემოვნებაში ვერ ჯდებოდა, იხურებოდა და ამის არაერთი მაგალითი ვიცით. მაგრამ, მე-9 არხთან დაკავშირებით რეალურად რა ხდება, არ ვიცი. ალბათ, უფრო ფინანსურ საკითხებს უკავშირდება“, - აცხადებს ანი მიროტაძე.
არხის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი, თუმცა აცხადებს, რომ როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს აქვს საკუთარი მედია-რესურსი, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ელემენტები შეეცდებიან ამ თემის გამოყენებას.
„მაშინ, როდესაც გაცხადებული გვაქვს, რომ უნდა ჩატარდეს სანიმუშო არჩევნები, ბუნებრივია, პოლიტიკური ელემენტები შეეცდებიან გამოყენონ ის, რომ ტელეკომპანია პრემიერ-მინისტრის ოჯახის კუთვნილებაშია და რაც არ უნდა ობიექტურად იმუშაოს ამ არხმა, ამ მიზეზით შეეცდებიან არჩევნების დისკრედიტირებას. იცით, რომ ამის დიდოსტატები გვყავს ჩვენ და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობაში“, აქედან გამომდინარე, ამ არხის დახურვა ძალიან მტკივნეული თემაა“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა თვლის, რომ საქართველოში მედია-სივრცე ისევ პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ რჩება.
„როცა მედიაში ასეთი კულუარული გარიგებები ხდება, ეს რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მედია ჯერ კიდევ არაა თავისუფალი. დღევანდელი ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად იმისათვის, რომ მედიის დეპოლიტიზება დაეწყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ალბათ, ახალმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დასრულდეს საქართველოში პოლიტიკური არხების არსებობა. ეს თანაბრად ეხება „9-ე არხს“, „რუსთავი 2“-ს და „იმედსაც“. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ მოხდებოდა ის, რომ დილით გაეგოთ ჟურნალისტებს არხის დახურვის შესახებ. ეს სიტყვის თავისუფლებაზე დადებითად არ იმოქმედებს“, - აღნიშნა კახა კუკავამ.
მედია-ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი თვლის, რომ წინასაარჩევნოდ არხის მოულოდნელი დახურვა ბევრ კითხვებს ბადებს.
„ეს თვითონ მედია-ბაზარს აზარალებს. არ ვიცი რა ვალდებულებები არსებობს, ზოგადად რაღაც ძალიან ხშირად ვაწყდებით მე-9 არხთან დაკავშირებით მსგავს სიტუაციებს, რაც ცოტა არასერიოზულია. წინასაარჩევნოდ ეს ნაბიჯი ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს. მიმაჩნია, რომ ეს არის დაუფიქრებელი ნაბიჯი და, საერთოდ, მედიასაშუალების მიმართ ასეთი მოქცევა, არაა სწორი. მართალია, ეს შენი ბიზნესია, მაგრამ მედია სხვა რეგულირების ბიზნესია. აქ, საზოგადოებას უნდა გაუწიონ ანგარიში“, - აღნიშნა ლელა კურდღელაშვილმა.
ჟურნალიტი თამარ ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ არხზე ვითარება არ შეიცვლება და ჟურნალისტები შეძლებენ გააგრძელონ პროფესიული მოვალეობის შესრულება.
„მაინც მაქვს იმედი, რომ სხვანაირად განვითარდება მოვლენები. კარგად მახსოვს, ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც წინა „მე-9 არხი“ დახურა და გამოდის, რომ ახლაც იგივე შეცდომას უშვებს. არ ვიცი.
არჩევნების შემდეგ ივანიშვილი აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და თან არხის მფლობელია მისი მეუღლე, რომელიც, რამდენადაც ვიცი, საერთოდ არ ერევა ამ ტელევიზიის მუშაობაში. ანუ, ეს რაღაცა მგონია ზედმეტად ევროპულობა. ტარდება ძალიან ბევრი მედია-მონიტორინგი და იქ გამოჩნდება არხი არაობიექტურია თუ არა.
ცოტა ყურით მოთრეული არგუმენტია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არაობიექტურ გარემოში ჩატარდება თუ „მე-9-ე არხი იარსებებს, მითუმეტეს იმის ფონზე, როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ის აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. მაშინ მე-9 არხი რა შუაშია“, - ამბობს თამარ ჩიქოვანი.