ზურაბ ადეიშვილი არ იძებნება

ზურაბ ადეიშვილი არ იძებნება

შს სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულ ინტერპოლის ძებნილთა სიის გაცნობის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ბატონი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს სამართალდამცველების მიერ, შემდგომი ექსტრადიციისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით არ იძებნება.

 „იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური პირების განცხადებებში ადეიშვილის შესახებ, მის მოქმედებებში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დანაშაულის ნიშნები და როდესაც საქართველოს პრეზიდენტმაც არაერთხელ დაადასტურა სატელევიზიო ინტერვიუებში, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები ადეიშვილის მიმართ, ასეთი მიდგომა გაუგებარია“, - აცხადებენ საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტში.

როგორც საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტში აცხადებენ, ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვებსა და კითხვებს, კერძოდ, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ზურაბ ადეიშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით? დადებით შემთხვევაში რა მუხლებით? არის თუ არა იგი დაუსწრებლად მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში? რატომ არ არის გამოცხადებული საერთაშორისო ძებნაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით? არის თუ არა ცნობილი მისი ადგილსამყოფელი და მიმდინარეობს თუ არა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება?
საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი იმედს გამოთქვამს, რომ ეს კითხვები არ დარჩება უპასუხოდ.

ზურაბ ადეიშვილს პირველი ბრალი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წაუყენეს, თუმცა პროკურატურაშიც ადასტურებენ, რომ ის საერთაშორისო ძებნაში არ არის, რადგან როგორც ირკვევა, ინტერპოლში გადასაგზავნ საჭირო დოკუმენტაციის მეორე ნაწილი მხოლოდ ახლა მზადდება. საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა.

პარალელურად საინფორმაცი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადიშვილი უკვე ევროკავშირის სახელმწიფოს მოქალაქეა. უფრო მეტიც, იგი სახელმწიფო სამსახურშია და მისი თვიური შემოსავალი 8 ათას ევროს აღწევს. ქვეყნის დატოვებიდან მესამე დღეს ავსტრიიდან უნგრეთში გადაინაცვლა და უნგრეთის მოქალაქეობა მიიღო. მოქალაქეობის მიღებიდან რამდენიმე ხანში ადეიშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერის, იუსტიციისა და სახელმწიფო მართვის მინისტრის ტობორ ნავრაჩიჩის მრჩეველი გახდა. როგორც ცნობილია ადეიშვილმა განათლება ბუდაპეშტში მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ცირკულარით არ იძებნებოდა, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა, ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება პირს მიანიჭოს მოქალაქეობა.

იურისტი ლია მუხაშავრიას თქმით, ეს ფაქტი ამბობს იმაზე მეტს, ვიდრე შეიძლება ჩვენს პროკურატურას, შსს-ს და საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა. მისივე თქმით, ეტყობა ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ არც იყო აღძრული საქმე.

„საქმე რომ აღძრულიყო მაშინ გამოვიდოდა დადგენილება მისი ძებნის შესახებ. არის ორი ვერსია, რომ ადეიშვილის წინააღმდეგ ბრალდებები არ არსებობდა და სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ იყო, მეორე ვერსით - ვვარაუდობ, იმის გამო, რომ ჩვენ შევირცხვინეთ თავი როგორც სახელმწიფომ და როგორც ქვეყანამ, რომელმაც უსაფუძვლოდ პოლიტიკური ნიშნით, თავისი ყოფილი პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაიწყო, ამის გამო შესაძლოა, კი იყო ძებნაზე განაცხადი, მაგრამ ევროპულმა სახელმწიფოებმა ის არ ჩათვალეს საფუძვლიანად.

„რამდენჯერემე გვითხრეს, რომ გამოცხადებულია ძებნა, რომ დაუსწრებლად შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიება. ე.ი. ეს ყველაფერი იყო ბლეფი. ევროკავშირის და ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს აქვით ერთიანი პოლიტიკა და ერთიანი სტანდარტები ასეთი შემთხვევებისთვის. ერთია, რომ არ იყო დევნა და სისხლის სამართლის საქმე და მეორე, კიდევ უარესია, რომ გამოცხადებული იყო ძებნა და ეს არ ჩაითვალა საკმარისად კანონიერ საფუძვლად იმისათვის, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ღონისძიებები განხორციელებულიყო“, - აცხადებს ლია მუხაშვრია.

მისივე განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც გენერალურ პროკურატურას, ასევე შსს-ს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. როგორც მუხაშავრია ამბობს, ადეიშვილს როგორც გამოცდილ იურისტს, ექმნება უფლება მისი საქმიანი უფლების შელახვისათვის უჩივლოს სახელმწიფოს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოში და მიიღოს ძალიან სერიოზული კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.

„იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უპასუხისმგებლობის, არაპროფესიონალიზმის და არაკვალიფიციურების ზეიმი, ეს დასტურდება ადეიშვილის საქმით. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვართ იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელსაც ერთ-ერთი დიდი დამნაშავის საქმის წარმოებისა და სისიხლის სამართლის გამოძიების თავი და უნარი არ შესწევს. არ ვიცი ეს იყო კორუფციული გარიგება და ადეიშვილმა გადაიხადა ამაში თანხა, თუ გამოიყენა თავისი კავშირები, ფაქტია, რომ ეს არის ჩვენი ახალი სახელმწიფოს სრული კრახი. მე ვიტყოდი, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოავლენს თითოეულ საჯარო მოხელეს, ვისი ქმედების შეგედაც ეს შედეგი დადგა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.