„რუსთავი 2“ შესაძლოა გაიყიდოს და მასთან დაკავშირებით კონკრეტულ თარიღებსაც ასახელებენ“

„რუსთავი 2“ შესაძლოა გაიყიდოს და მასთან დაკავშირებით კონკრეტულ თარიღებსაც ასახელებენ“

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს ხელისუფლების ცვლას მედია-ბაზარზე გარკვეული შეზღუდვების მოხსნა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის შედარებით ხელმისაწვდომობა მოჰყვა.

აღნიშნულ საკითხზე For.ge ექსპერტს მედიის საკითხებში ია ანთაძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართულ მედია-ბაზარზე არსებული გაუმჯობესებული გარემო ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და ეს პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ, გაცილებით საინტერესო საბოლოო სურათი იქნება.

ამასთან, ია ანთაძე ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა დიდი ნაწილის მიერ ტელევიზიის დატოვება რამდენიმე კუთხით შეაფასა.

მედია ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „მაესტროს” ერთ-ერთი მფლობელის, მამუკა ღლონტის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული არხის გამართულად ფუნქციონირებას ხელისუფლების გარკვეული ფრთის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ხელს უშლიან, საყურადღებო და საინტერესო საკითხია, რადგან წლების წინ მსგავსი საკითხებისადმი საზოგადოების ზედაპირულმა დამოკიდებულებამ, საბოლოოდ, ცუდი შედეგი გამოიღო.

ქალბატონო ია, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ განცხადებები, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართული მედია-სივრცე გაცილებით გახსნილი გახდა ნებისმიერი ინფორმაციისთვის და როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს?

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მრავალფეროვან მედიაზე მოსახლეობის რაც შეიძლება დიდ ნაწილს მიუწვდებოდეს ხელი. თუ ამ მხრივ განვიხილავთ სიტუაციას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც „მასთ ქერის“ პრინციპი ამუშავდა, გაცილებით შეიცვალა სიტუაცია ინფორმაციაზე ხელმისავწდომობის კუთხით. თუ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლო, რომ მრავალფეროვანი ინფორმაცია მიეწოდებოდეს, ეს იქნება პირველი, რაც წინ აღუდგება პროპაგანდას. პროპაგანდა ძალიან რთული რამაა, რაც პრაქტიკულად, არაინფორმირებულ არჩევანს უზრუნველყოფს, რასაც შემდგომ მთელი რიგი პოლიტიკური კატაკლიზმები მოჰყვება. ამიტომ, ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სხვადასხვა გზით ხელი მიუწვდება სხვადასხვა ინფორმაციაზე და მათ ტელევიზორში არის ბევრი არხი, საიდანაც ქართულ ენაზე ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, ეს უკვე არის თვისობრივი ცვლილება.
ფიქრობთ, ხელისუფლების შეცვლის შედეგია, რომ საქართველოს მოსახლეობას რამდენიმე არხით მეტის ყურება შეუძლია?

- ეს არ მომხდარა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ეს მოხდა არჩევნების წინ, მაგრამ მოხდა სწორედ იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო საზოგადოებამ იმაში, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სხვადასხვა სახის ინფორმაცია ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ეს მე ყველაზე მთავარ ცვლილებად მიმაჩნია.

არაერთი პოლიტიკოსი თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ქართული ტელევიზიები ძირითადად პოლიტიკური ფულით საზრდოობდნენტელევიზიები ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც მაუწყებლობენ, არ ფიქრობთ, რომ აღნიშნული ბრალდება არალოგიკური გამოდის.
- იყო მომენტი, როდესაც პოლიტიკური ფული ერთგვარად გავიდა ტელევიზიებიდან, არა ბოლომდე, რასაკვირველია. დღეს ისე აღარ არის ტელევიზიები პოლიტიკური ფულით გაჯერებული, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. ახლა ჩვენ არ ვიცით ეს პროცესი რითი დამთავრდება, იმიტომ, რომ პროცესი დასრულებული არ არის. ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ ვიცით რომელი ტელევიზია რა თანხებით არსებობს, თუმცაღა ახლა მიღებულია კანონი იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფილი იყოს არა მარტო მფლობელების გამჭვირვალობა, არამედ, ფინანსების გამჭვირვალობა. ამის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი სიცხადე იქნება ტელევიზიების საქმიანობაში და კიდევ უფრო ცხადი სურათი გვექნება თუ რომელი ტელევიზია რა თანხით ფინანსდება, ვინ არის ამ თანხის მფლობელი და რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ არხს. არის კიდევ რაღაც ისეთი მოვლენები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... დაველოდოთ რითი დამთავრდება.
კონკრეტულად რა მოვლენას გულისხმობთ?

- პირველ რიგში, „რუსთავი 2“-თან, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებულ პროცესებს ვგულისხმობ. ასევე, ახლა, უახლოეს მომავალში, სექტემბრიდან ახალი ტელევიზია - „ტვ 3“ გავა ეთერში და ვნახოთ როგორ დალაგდება მათი ბადეები და რას შემოგვთავაზებენ. ვიცით, რომ „რუსთავი 2” -თან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს და ძალიან საინტერესო იქნება მისი შედეგი.

ტელეკომპანიამაესტროსერთ-ერთმა მფლობელმა მამუკა ღლონტმა აღნიშნული არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა დიდი ნაწილის მიერ ტელევიზიიდან წასვლის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების კონკრეტული ფრთა მიზანმიმართულად ახორციელებსმაესტროსგამართულად მუშაობისთვის ხელის შეშლას.

- დიდი ექსპერტობა „მაესტროში“ მიმდინარე პროცესებს არ სჭირდება. ყველა კომენტარს, რაც წავიკითხე, ვეთანხმები. ერთი არის კონკურენცია, როდესაც ჟურნალისტს საშუალება აქვს თავისი სამუშაო ადგილი ამოირჩიოს და ის პირობები, რასაც სთავაზობენ. პირობებში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელფასს არ ვგულისხმობ, აგრეთვე აქ თავისუფლების ხარისხს და მთელ რიგ სხვა საკითხებს ვგულისხმობ. მეორე არის ის, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს „მაესტროს“ წინააღმდეგ, არ არის მხოლოდ ჟურნალისტებისთვის უკეთესი წინადადების შეთავაზება და ეს არის კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროცესი და ამას ხელისუფლების ერთ-ერთი ფრთა აკეთებს. ეს განცხადება, რა თქმა უნდა, საგანგაშოა, იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, აუცილებლად გვჭირდება ვიცოდეთ ეს არის მამუკა ღლონტის ხედვა იმ პროცესებისა, რომელიც მიმდინარეობს მის ტელევიზიაში, თუ ეს არის რეალობა და კიდევ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ვიღაცას უნდა, რომ კონკრეტული ადამიანის ხელში მოექცეს ტელევიზიის კონტროლი.

ძალიან მნიშვნელოვანია და საყურადღებოა განცხადება, როდესაც ტელევიზიის მფლობელი აცხადებს, რომ მას ებრძვის ხელისუფლება. ამიტომ მგონია, რომ ამ განცხადებას ყველა ძალიან ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. თვითონ მამუკა ღლონტიც, ალბათ, მეტ სინათლეს შეიტანს მის განცხადებაში და უფრო კონკრეტული იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი, საზოგადოების ინტერესი შეიძლება იყოს სხვა და მამუკა ღლონტის ინტერესი იყოს სხვა. იმიტომ, რომ მას შეიძლება რაღაცის გამო არ დასჭირდეს იმის გახმაურება რაც ხდება, მაგრამ ჩვენ ამჯერად აუცილებლად გვჭირდება ვიცოდეთ სიმართლე - ერევა თუ არა ხელისუფლება „მაესტროს“ საქმიანობაში. „მაესტრო“ არ არის მარტო „მაესტრო“, ამის თქმა მინდა.

თუ ვინმეს უნდა, რომ ტელევიზიები მოაქციოს ერთი ან რამდენიმე ადამიანის ხელში, ეს პროცესი რაც ახლა „მაესტროში“ მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, მთლიანი სურათის ერთი პატარა ფრაგმენტია. ჩვენ უნდა ვნახოთ რა მოხდება სხვა ტელევიზიებში, უნდა ვნახოთ როგორი იქნება სხვა ტელევიზიები. კიდევ ერთხელ ვახსენებ „რუსთავი 2“-ს - დაუბრუნდება თუ არა ის თავის კანონიერ მფლობელს და კიდევ ერთხელ ვახსენებ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, იანვრიდან იქ სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების ძალიან სერიოზული პროცესები იწყება. ასე რომ, მარტო „მაესტროს“ ეპიზოდით სრული სურათი ჩვენ შეიძლება ვერ დავინახოთ, მაგრამ „მაესტროს“ მფლობელის განცხადება შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ სწორად აღვიქვათ ყველა დანარჩენი პროცესი, რაც ტელევიზიებში განვითარდება და ვიყოთ აბსოლუტურად ფხიზლად და ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია, გვაქვს თავისუფალი ბაზარი, თუ ისევ გვაქვს მცდელობა, ხელისუფლებამ აკონტროლოს ყველა ტელეკომპანია. ეს ერთხელ უკვე გავიარეთ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ახლა გაცილებით ფხიზლად ვიქნებით, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად დავუშვით, რომ მთელი ტელესივრცე იყო პროპაგანდით გაჯერებული.
თქვენ რამდენიმეჯერ ახსენეთ ტელეკომპანიარუსთავი 2“ და მის გარშემო მიმდინარე გამოძიება. აღნიშნული სასამართლო დავა განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე პირებს შორის მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომრუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელები უკანონო მფლობელებად გამოაცხადა და არხი სხვა მეპატრონის ლეგიტიმურ საკუთრებად მიიჩნია, ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება უხერხულ მდომარეობაში აღმოჩნდება, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აღნიშნეთ - ხელისუფლებას არ აქვს მცდელობა მედიასაშუალებებზე კონტროლი დაამყაროს?
- ჩვენ ძალიან კარგად ვიცით „რუსთავი 2“-ის ისტორია და ისიც ვიცით, რომ პროკურატურა ამ საქმეს იძიებს. არსებობს მცნება კეთილსინდისიერი მყიდველის და არაკეთილსინდისიერი მყიდველის, ამიტომ ჩვენ ვიცით ეს ტელევიზია ვინ დააფუძნა, ვინ იყო მისი პირველი მფლობელი და ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველა დანარჩენი მფლობელი რამდენად კეთილსინდისიერი მყიდველი იყო და რასაკვირველია, ძიების შემდეგ, ჩვენ, ალბათ, ძალიან მკაფიოდ აგვიხსნიან ვის ეკუთვნის დღეს ტელევიზია და მისი ნამდვილად კანონიერი მფლობელი ვინ არის. ასე რომ, მე არ გავუსწრებ მოვლენებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ტელევიზიაში ბევრი ადამიანი შეიმჩნევა და ძალიან ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით - ვინ გაყიდა ეს ტელევიზია? როდის? ვინ იყიდა? თუ, უბრალოდ ეს ტელევიზია ხელიდან ხელში გადადიოდა იმიტომ, რომ ვიღაცას ეს ხარჯები დაეფარა? სინამდვილეში რა ხდებოდა „რუსთავი 2“-ის თავს, ცხადია, საინტერესოა. ეს ყველაფერი ახლა გამოძიების პროცესშია და, ალბათ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა.

შესაძლოა, ეს ტელევიზია უახლოეს ხანში გაიყიდოს, იყო ამაზე საუბარი და მორიგი მფლობელის ხელში აღმოჩნდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი კანონიერი იქნება. არ მგონია, რომ ეს ადამიანები დამოუკიდებელი მედიის განვითარებით იქნებიან დაინტერესებულნი. ამიტომ, მინდა, რომ პროკურატურამ დააჩქაროს ამ საქმის გამოძიება და გავიგოთ რეალურად ვის ეკუთვნის „რუსთავი 2“, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფს შორისაა დავა. მე, უბრალოდ, მინდა, რომ ტელევიზიებთან დაკავშირებით არ იყოს ბუნდოვანება და არ ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ახლანდელი მფლობელი იყო თუ არა ამ ტელეკომპანიის კანონიერი მყიდველი. მით უმეტეს, ვიცით, რომ ამ ტელევიზიის ბედზე პირდაპირ აისახებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. უკრიტიკოდ ვერ მივიღებთ, რომ დღეს ტელეკომპანია მისი ამჟამინდელი მფლობელების არის და ამიტომ, მათ უნდა გააგრძელონ საქმიანობა ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ, როდესაც „რუსთავი 2“ მთლიანად დაფარული იყო პროპაგანდით და რეალურ ინფორმაციასთან მინიმალური შეხება ჰქონდა.
თქვენ აღნიშნეთ, რომ შესაძლოა, „რუსთავი 2“ უახლოეს მომავალში გაიყიდოს. ამასთან დაკავშირებით არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადებაც გააკეთა და ფაქტი უარყო. თქვენ საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას და დამატებით რა დეტალების თქმა შეგიძლიათ?

- სამწუხაროდ, არ მაქვს და მე მგონი ძალიან ბევრ ადამიანსაც არ აქვს რეალური ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ბატონმა ნიკა გვარამიამ უარყო ფაქტი. მოგეხსენებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის საფრთხე მინიმალურია, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს საფრთხე გავანეიტრალოთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ტელევიზია გაიყიდოს და მასთან დაკავშირებით კონკრეტულ თარიღებსაც ასახელებენ. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა რომ პროკურატურამ გამოძიება დააჩქაროს და სანამ კიდევ ერთხელ გასხვისდება ეს ტელევიზია, ითქვას, ამჟამინდელი მფლობელების ხელში კანონიერად არის თუ არა.

„საზოგადოებრივ მაუწყებელთანდაკავშირებით აღნიშნეთ, რომ იანვრიდან სერიოზული ცვლილებები იგეგმება. კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი?
- ეს იქნება კანონით განპირობებული ცვლილებები, საუბარი ახალ კანონზეა. 2014 წლიდან დაიწყება კომისიის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება, რომელმაც ე.წ. CV-ების პირველი განხილვა უნდა მოახდინოს. ეს CV-ები საზოგადოების იმ დაინტერესებული ნაწილისგან დაკომპლექტდება, რომლებიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის სურვილს გამოთქვამენ. პირველ გაცხრილვას ეს კომისია მოახდენს, შემდეგ პარლამენტს გადაეცემა ეს კანდიდატურები და გარკვეული პროცედურების მიხედვით აარჩევენ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რეალურად ბორდის წევრები იქნებიან. ამიტომ, ეს პროცესი დიდწილად იქნება დამოკიდებული სამოქალაქო საზოგადოებაზე.
ვინ უნდა შეარჩიოსსაზოგადოებრივი მაუწყებლისსამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის პოტენციური წევრები და რა პროცედურებთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი?
- პარლამენტის თავმჯდომარეს ვალდებულება აქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად შეარჩიოს 27 ადამიანი, რომელთაგანაც რეალურად ის ადამიანები გადაირჩევიან, ვისი კანდიდატურებიც პარლამენტს გადაეცემა და უკვე პარლამენტი მოახდენს ბორდის 9 წევრის კანდიდატურის დამტკიცებას. ეს საკმაოდ ვრცელი და რთული პროცესია, ვნახოთ, თუ ეს შანსი გამოვიყენეთ, სხვანაირი ტელევიზა გვექნება, მაგრამ არავის აქვს გარანტია, რომ თვისობრივად უკეთესი სამეთვალყურეო საბჭო გვექნება, მაგრამ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანიის შესაძლო გასხვისებაზე არაერთხელ განაცხადა, თუმცა ეს დღემდე არ მომხდარა. რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორ შეაფასებდით საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიმეცხრე არხისმუშაობას, ხომ არ ჰქონდა ადგილი ინფორმაციის ტენდენციურ ჭრილში გაშუქებას და რამდენად ხედავთ იმის საფრთხეს, რომ მმართველმა კოალიციამ აღნიშნული არხი, გარკვეულწილად, თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ გამოიყენოს?

- საქმე ის არის, რომ რასაკვირველია, საფრთხე არსებობს, რომ პრემიერს ოჯახის კუთვნილებაში მყოფი ტელევიზია, გარკვეულწილად, მიკერძოებული იყოს განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში. თეორიული საფრთხე ამისა არსებობს, თუმცა, პრაქტიკულად, ეს მოხდება თუ არა არ ვიცი. პირადად მე, ძალიან მომწონდა „მეცხრე არხი“ წინასაარჩევნო პერიოდში, ვგულისხმობ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. გარდა იმისა, რომ მე მომწონდა, არსებობს გაეროს ეგიდით მომზადებული მონიტორინგები, რომელიც, ნამდვილად პირდაპირ რიცხვების დონზე - რესპოდენტების დათვლის და წუთების დათვლის დონეზე ამბობს რომელი ტელევიზია როგორ მუშაობდა და მინდა გითხრათ, რომ გაცილებით უფრო ტენდენციურები იყვნენ ტელევიზიები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ოჯახს არ ეკუთვნოდა. ასე რომ, ტენდენციურობის თეორიული საფრთხე არის, პრაქტიკულად რა იქნება არ ვიცი.

მაგრამ, გაეროს განვითარების პროგრამა ტელევიზიების მონიტორინგს ისევ აგრძელებს და ჩვენ ძალიან ყურადღებით შეგვიძლია მივადევნოთ თვალი და ზუსტად ვიცოდეთ, რომ რაკი ეს ტელევიზია აქამდე არ გასხვისდა, გვეცოდეინება წინასააჩევნო პერიოდში როგორ მუშაობს. მე ვიცი, რომ ისინი ძალიან განიცდიან ამ ამბავს და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად კარგად იმუშაონ. ვნახოთ, მათი ეს მცდელობა რამდენად ბოლომდე გულწრფელი იქნება და ამ მცდელობის შედეგად რა გამოუვათ. ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მომწონდა „მეცხრე არხის“ მუშაობა.