"არასდროს დამავიწყდება, რა დღეში ჩააგდო ელცინმა როდიონოვი, ეჩხუბებოდა - თუ გაკეთება არ შეგეძლო, რას მოდიოდიო?! როდიონოვი თავს იმართლებდა..."
"9 აპრილმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა - ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე, დავივიწყე ჩემი პროფესია და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გადავეშვი"
„დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების, ფიქრობს მხოლოდ ერთზე - საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!“, - ამ სიტყვებით მიმართა მერაბ კოსტავამ მთავრობის სახლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილ ქართველებს 34 წლის წინ.
მერე იყო რუსული, ორლესული მახვილი, ქართველების სისხლი და მოუშუშებელი იარები...
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბიეს, გამოიყენეს ორლესული ნიჩბები და მომწამლავი გაზი. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით საკუთარ მოგონებებსა და დამოკიდებულებებს გვიზიარებენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
ვახტანგ ძაბირაძე:
- ჩემი შეფასებით, 9 აპრილი - ერთდროულად იყო ქართველების გმირობისა და შეცდომის მაგალითი. რატომ? იმიტომ, რომ ქართველები შიშველი ხელებით ებრძოდნენ ტანკებს, მეორე მხრივ, ამ დღეს ჩვენ დავუშვით შეცდომები, რამაც შემდეგში დაპირისპირება, კონფლიქტები, აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვა გამოიწვია.
გმირობისა თუ შეცდომების, თავგანწირვისა თუ ღალატის ფონზე, ქართველებმა 34 წლის წინ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ.
ამბავი კი 3 აპრილს, ასე დაიწყო - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრებმა - ზურა ჭავჭავაძემ, მე და თამარ ჩხეიძემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტთან მოგვეწყო საპროტესტო აქცია და ქაშვეთის ეკლესიასთან შევიკრიბეთ. ჩვენი პროტესტის საგანი იყო აფხაზეთთან დაკავშირებული სიტუაცია. სწორედ ამ საკითხებზე, იმ დღეს საპროტესტო აქცია იმართებოდა სამედიცინო ინსტიტუტთან. ჩვენი გეგმა ასეთი იყო, უნდა წავსულიყავით სამედიცინო ინსტიტუტთან. უკან დაბრუნებულებს დანარჩენ მომიტინგეებთან ერთად უნდა გამოგვეცხადებინა, რომ მთავრობის სახლის წინ გავმართავდით მჯდომარე აქციას, ყოველგვარი შიმშილობის გარეშე. ასეც მოვიქეცით. აქედან წასვლისას, შევიარეთ თეატრალურ ინსტიტუტში, კონსერვატორიაში, უნივერსიტეტში და თან წავიყოლეთ სტუდენტები. უკან დაბრუნებისას, "გეპეის" პირველ კორპუსთან ზვიად გამსახურდია შემოგვიერთდა. გმირთა მოედანზე ორ ნაწილად გავიყავით, ჩვენ მთავრობის სახლის მიმართულებით წავედით, ზვიად გამსახურდია უნივერსიტეტისკენ. ამ გაყოფის მიზეზი იყო ჩვენ შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ ვფიქრობდით, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული სიტუაცია უნდა გაგვეპროტესტებინა, მეორე ნაწილი მიიჩნევდა, რომ მთავარი იყო დამოუკიდებლობის მოთხოვნა. ჩვენ გვინდოდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებული საკითხები ჩვენგან გაეგო და არა - მოსკოვისგან.
სამწუხაროდ, ჩვენი ინიციატივა ჩავარდა, საბოლოოდ, აქციების ერთადერთი მოთხოვნა გახდა დამოუკიდებლობის მოთხოვნა.
შედეგად მოხდა ის, რომ დამოუკიდებლობა მივიღეთ, აფხაზეთი და ცხინვალი კი დავკარგეთ.
ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ აფხაზეთსაც და ცხინვალსაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოიყენებდა, ეს ორი რეგიონი, ფაქტობრივად, ნაღმის ფუნქციას ასრულებდა. ქართველებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ ნაღმებზე ავფეთქებულიყავით...
ასე იყო თუ ისე, 9 აპრილი ნამდვილად არის ქართველი ხალხი გმირობისა და თავგანწირვის ისტორია.
გია ხუხაშვილი:
- ისე გამოვიდა, რომ 9 აპრილი ჩემი რომანი დასაწყისი გამოდგა. ჩემს მეუღლეს - სალომეს ადრეც ვიცნობდი. სხვათა შორის, ის ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა დისიდენტური ლიტერატურის გავრცელებაში, რაც მაშინ არალეგალურ საქმიანობად მიიჩნეოდა. მისგან განსხვავებით მე არ ვიყავი პოლიტიკაში „გათქვეფილი“, თანაც იმ პერიოდში დისერტაციაზე ვმუშაობდი, თუმცა რუსული იმპერიალიზმის მიმართ პროტესტი მქონდა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს მხარს ვუჭერდი.
9 აპრილის საღამოს ორივე მთავრობის სახლის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაზე ვიყავით. მერე ის საშინელებაც მოხდა... სალომე დაიკარგა. მთელი ღამე ვეძებდი.... ვიპოვე და აღარც გავუშვი... სერიოზული სტრესი ჰქონდა მიღებული.
მოგეხსენებათ, 9 აპრილის შემდეგ ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, ქალაქში რუსეთის ჯარები ჩააყენეს. გადავწყვიტე, სალომე ქალაქისთვის გამერიდებინა და დავითგარეჯაში წავიყვანე. შეიძლება ითქვას, რომ 9 აპრილმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა - ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი, დავივიწყე ჩემი პროფესია და თავიდან ბოლომდე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გადავეშვი.
9 აპრილი ჩემს მეხსიერებაში ტრაგედიის დღედ დარჩა.
დავით უსუფაშვილი:
- მაშინ მე რუსთავში ვცხოვრობდი. ახალგაზრდები ავტობუსით მივდი-მოვდიოდით მთავრობის სახლის წინ გამართულ აქციებზე. რაც მაშინ ჩვენ გვამოძრავებდა ეს ნამდვილად იყო პოლიტიკური გათვლა-გამოთვლებისგან თავისუფალი გულწრფელი, სამოქალაქო პროტესტი. ძალიან მწყდება გული, რომ მაშინდელი განცდები და წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შეგვეძლო დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამოუკიდებლად გაძღოლა, ერთიანობა, სოლიდარობა, 1991-1992 წლის მოვლენებმა ერთიანად დაანგრია. ამიტომაც ვართ დღეს ასეთ დღეში...
ადრე ხშირად ვფიქრობდი, 1991-1992 წლის სამოქალაქო ომი ჩვენი, ქართველების უმეცრების შედეგი იყო თუ რუსეთის მიერ ჩატარებული ერთგვარი სპეცოპერაცია? ახლა ამაზე დაზუსტებული პასუხი მაქვს. რუსეთი ყოველთვის იყო და იქნება ჩასაფრებული, რომ გამოიყენოს ჩვენი სისუსტეები. 1991-1992 წლებში რუსეთმა კარგად დაინახა და შეაფასა ჩვენი სისუსტეები, უმწიფრობა, გამოუცდელობა და იმარჯვა. ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ აიარაღებდა რუსთაველზე, ქართველების ორ დაპირისპირებულ მხარეს რუსეთი... ყველაზე ცუდი ის არის, ქართველებმა ჭკუა დღემდე ვერ ვისწავლეთ, ისევ იმ შეცდომებს ვუშვებთ, რაც 34 წლის წინ დავუშვით.
მამუკა არეშიძე:
- მე იმ პერიოდში ჟურნალისტი-რეპორტიორი ვიყავი და ვცდილობდი შემექმნა სურათი იმისა, თუ რა ხდებოდა მაშინდელ საქართველოში. ზურა ჭავჭავაძის მიერ გამოცხადებულ აქციაზე მივედი და მას შემდეგ ხშირად დავდიოდი. ბევრი რამ, რასაც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ამბობდნენ უტოპიურად, ვფიქრობდი, საქართველო ჯერ არ იყო მზად დამოუკიდებლობისთვის. თუმცა 9 აპრილს მომხდარმა ტრაგედიამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცნობიერება, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობის ცნობიერება.
არასოდეს დამავიწყდება ეს ამბავი:
9 აპრილის ღამეს მე ტელევიზიასთან ვიყავი, მთავრობის სახლთან მაშინ მივედი, როდესაც აქციის დარბევა უკვე დაწყებული იყო, გამოქცეული ხალხის გადაღება მომიწია... მომდევნო დღეებში აღარც ძილი მქონდა და აღარც მოსვენება. ვცდილობდი, ყველაფერი გადამეღო. 9 აპრილიდან 18 აპრილამდე 3 კამერა დავკარგე - ერთი, რუსმა ჯარისკაცებმა წამართვეს, ერთს ტყვია მოხვდა, ერთი კი მომპარეს.
სხვათა შორის, მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბის შემსწრე გავხდი.
ისე მოხდა, რომ ბორის ელცინისა და გენერლის, 9 აპრილის ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელის იგორ როდიონოვის საუბარს დავესწარი. 19 თუ 20 აპრილი იყო. ელცინის ბრძანება იყო, რომ ეს საუბარი უნდა გადამეღო, მაგრამ მერე აღარ გადამაღებინეს. არასდროს დამავიწყდება, რა დღეში ჩააგდო ელცინმა როდიონოვი, ეჩხუბებოდა - თუ გაკეთება არ შეგეძლო, რას მოდიოდიო. როდიონოვი თავს იმართლებდა - ყველა არ მემორჩილებოდა, განჯიდან სადესანტო-საჰაერო პოლკი არ უნდა მოეყვანათ, ყველაფერი გენერალ ლებედის ბრალიაო... ელცინი იმ პერიოდში საკავშირო მშენებლობის მინისტრის მოადგილე იყო, ოპოზიციას წარმოადგენდა და ძალიან ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო. სულ სხვა პიროვნება იყო, საერთოდ არ ჰგავდა 1990-წლების პრეზიდენტ ელცინს. მან მიზანმიმართულად დამტოვა, რომ მენახა, როგორ ეჩხუბებოდა როდიონოვს...
რა დასკვნა გამოვიტანე მთელი ამ ამებებიდან?! ვიღაც შეეცადა, მაშინდელი ხელისუფლების დისკრედიტაცია მოეხდინა.
კობა ხაბაზი:
- 9 აპრილი მთელი საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს დღე გაცილებით მეტია ჩვენთვის, 9 აპრილის მონაწილეებისთვის... დიადი მერაბის ფეხთით ვისხედით, მიტინგების წამყვანები ვიყავით, სიტყვით გამოვდიოდით, ჯავშანტრანსპორტიორს ბორბლებში ვუვარდებოდით, ვმღეროდით, ვცეკვავდით... შემდეგ ტყვიები, მომწამვლელი გაზი, ნიჩბები და შიში იმისა, ხომ არ გატყდა საქართველო, შემდეგ სისხლით შეძრწუნებული მზის ამოსვლა და თბილისის ქუჩები, აივნებიდან, ფანჯრებიდან გადმოფენილი შავი დროშები ნიშნად არდამარცხებისა, ნიშნად დაღუპული გმირების პატივისცემისა და ბრძოლის გაგრძელებისა...
იცით, ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად რაზე ვფიქრობ? 9 აპრილი, დამოუკიდებლობის აქტი, ვარდების რევოლუცია, რუსეთ-საქართველოს ომი, ამ ყველაფრის შემდეგ როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე, როცა ხელისუფლებაში მოკალათებული მოღალატეები ღიად, დაუფარავად ემსახურებიან კრემლს, ოკუპანტების საამებლად ლანძღავენ უკრაინას, ამერიკას, ევროპას, ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში არ უშვებენ, სამაგიეროდ, გავრილოვს პარლამენტსა თუ პრეზიდენტის რეზიდენციაში ზეიმით ხვდებიან. როგორ, რატომ ბედავენ ასე უტიფარ, ღია ღალატს? აშკარად სადღაც მძიმე შეცდომა დავუშვით, შეცდომა, რომლის შედეგებს ახლა ვიმკით, იქნებ წითელი ხაზის არგავლებაა ამის მიზეზი? ალბათ, წითელი ხაზი, რომელიც კრემლის სულით, ხორცით და საბუთით მონებს სათანადო ადგილს მიუჩენდა...
9 აპრილის მონაწილეებს ხშირად მოგვისმენია - „მადლობა თავისუფლებისთვის“, ვაღიარებ, სასიამოვნო განცდაა ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ ამას სჯობს, ყველა როგორც ერთი გამოხვიდეთ და იბრძოლოთ თავისუფლებისთვის, იბრძოლოთ საქართველოსთვის! მე კი ჩემი მხრიდან პირობას გაძლევთ, ოკუპანტებს აქ ბლომად ნაღმებს გავუგზავნი!