მერაბ თავაძე: „ქართული ფილმის“ ოფისი გატეხეს და მიმოფანტეს ყველაფერი“

მერაბ თავაძე: „ქართული ფილმის“ ოფისი გატეხეს და მიმოფანტეს ყველაფერი“

„ქართული ფილმის“ ყოფილი დირექტორის - მერაბ თავაძის ოფისიდან მტკიცებულებებია გატანილი. ამის შესახებ ქართული ფილმის წარმომადგენლები აცხადებენ.

რეჟისორები ოფისის გატეხვაში მურმან ჯავახიშვილსა და „ქართული ფილმის“ დირექტორს, გელა-ენდრიუ სულის, იმავე სულიკაშვილს ადანაშაულებენ, რომელიც წარმომავლობით ქართველია, თუმცა ამერიკაში 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

როგორც „ქართული კინოს განვითარების“ დირექტორი მაია არეშიძე აცხადებს, „ქართულ ფილმში“ მსგავსი უზნეობა არასდროს მომხდარა. მეტიც, ოფისიდან პირადი ნივთები, საბუთები და მტკიცებულებებია გატანილი, რომლებიც „ქართული ფილმის“ დღევანდელ მმართველებს ამხელდა. ამდენად, ვინც ეს გააკეთა, წარსულში ჩადენილი სიბინძურეების ეშინია.

მოხდარის გამო კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამასთან, განმარტავს, რომ თავად მოიძია სამხილები, რომლებიც ადასტურებს, რომ „ქართული ფილმიდან“ მილიონები იკარგებოდა.

გაქურდვის შესახებ რეჟისორებმა სატელეფონო ზარით შეიტყვეს. მისვლისას კი მათ საკეტი გატეხილი დახვდათ. რეჟისორები გაქურდულ ოთახში არ შეუშვეს, რადგან ჯერ გამოძიება მიმდინარეობს.

იურისტი დავით ალავიძე ეჭვობს, რომ ქურდობის ფაქტის უკან დაინტერესებული პირები არიან, ვისაც „ქართული ფილმის“ გასხვისებასთან დაკავშირებით მამხილებელი დოკუმენტაციის გაქრობა სურდა. საუბარია წლების მანძილზე „ქართული ფილმის“ ქონების უკანონო გასხვისებაზე და იმ მრავალმილიონიან ქონებაზე, რომელიც დარღვევებით მოხვდა ფიზიკური თუ იურიდიული პირების ხელში. უფრო ზუსტად, გაქურდულ ოფისში „ქართული ფილმის“ 30%-ის გასხვისების შესახებ დოკუმენტაცია ინახებოდა. ასევე, ოფისში ინახებოდა იმ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელშიც შპს. „უძრავი ქონება“ მონაწილეობდა. ამდენად, ალავიძის თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანიის მხრიდან განხორციელდა ქურდობის ფაქტი.

For.ge რეჟისორ მერაბ თავაძეს დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი კრიმინალია და რატომღაც ამაში მონაწილე მხარე თავს იმართლებს, თითქოს, წლების განმავლობაში დაგროვილი საბუთები, რომელიც მის კაბინეტში ინახებოდა, ყუთებში ჩაალაგეს და გაიტანეს. თუმცა, მერაბ თავაძე მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, ეს დანაშაულებრივი ფაქტია, რადგან მათ გარეშე, მათი არყოფნის დროს, წაიღეს „ქართული ფილმის“ გარკვეული პერიოდის ამსახველი ისტორია.

„ჩემი არცერთი თანამშრომელი არ იყო, რომ თვალი ედევნებინა, თუ რა ქმედებას ჩაიოდნენ ისინი. ვინ მისცა უფლება ვიღაც ადამიანებს, გაეტეხათ ჩვენს მიერ იჯარით აღებული ოთახი და უცნობი ადამიანების დასწრებით მოეხდინათ დოკუმენტაციის გატანა? ვინც შემოიჭრა, ის გახლავთ ამერიკის მოქალაქე გელა-ენდრიუ სულიკაშვილი თუ სული, მისი გვარიც კი არ ვიცი წესიერად. ეს არის კაცი, რომელიც თვალითაც არ მინახავს, მაგრამ იგი დღეს ითვლება „ქართული ფილმის“ დირექტორად. სწორედ მისი ბრძანებით მოხდა ჩემი ოთახის გატეხვა და საბუთების გატანა. როგორც ისინი ამბობენ, ამას ესწრებოდა ვიღაცის მიერ მოწვეული პირი, რომელმაც ფოტოები და ვიდეო გადაიღო. ასევე, ესწრებოდა დაცვის სამსახური, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ჰაერში ნასროლი სიტყვები“, - აცხადებს მერაბ თავაძე.

მისივე თქმით, როდესაც ვინმე აპირებს კანონით მიღებული ოთახიდან ადამიანის გამოსახლებას, ამას სჭირდება იურიდიული ფორმა, სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ ყველაფერს კი ის ადამიანებიც უნდა დაასწრო, ვის ოფისშიც იჭრები და მათი თანდასწრებით უნდა მოხდეს ასეთი ქმედება. წინაღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვაქვს კრიმინალთან.

მერაბ თავაძე აცხადებს, რომ მომხდარის გამო მთელი კინოსამყარო აღშფოთებულია, საზღვარგარეთ თუ საქართველოში მყოფი რეჟისორები მას განუწყვეტლივ ურეკავენ, რადგან ასეთი ბარბაროსობა „ქართული ფილმის“ 105-წლიან ისტორიაში არ მომხდარა.

თუმცა რეჟისორი თავს იმით იმშვიდებს, რომ ეს ადამიანები ქართველ კინემატოგრაფისტთა ჯგუფს არ მიეკუთვნებიან და უცხო სხეულები არიან. მათ ქართული ზნე არ გააჩნიათ.

„სულიკაშვილი, იგივე გელა-ენდრიუ სული, ჩამოყვანილია ამერიკიდან. წლებია, არ ყოფილა საქართველოში და, ალბათ, ქართული ზნე-ჩვეულება დაკარგა. მას აქაური მონა-შემსრულებლები ჰყავს, რომლებსაც, ასევე, ვერ მივაკუთვნებ ქართველ კინემატოგრაფისტებს. კერძოდ, ეს გახლავთ წლების განმავლობაში ჩვენი ტელეფონის ყოფილი მონტიორი მურმან ჯავახიშვილი, რომელიც რატომღაც უძრავი ქონების დირექტორად დაინიშნა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს ხელს უწყობდა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და ის საქმის კურსში იყო ასეთ ქმედებებზე. ამდენად, პასუხი, პირველ რიგში, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა აგოს, ასევე, - დირექტორმა და დანარჩენებმა, ვინც „ქართული ფილმის“ ოთახი გატეხეს“, - აღნიშნა მერაბ თავაძემ.

რაც შეეხება „ქართულ ფილმში“ არსებულ დარღვევებს, რეჟისორი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში გასხვისდა კინოთეატრები, რომლითაც „ქართული ფილმი“ მდიდარი იყო. მარტო 3500 კინოთეატრი იყო „ქართულ ფილმში“, დღეს კი „ქართული ფილმის“ ტერიტორია აბსოლუტურად დანაწევრებულია და მხოლოდ ერთი მესამედიღა დარჩა. ასევე, დარღვევები იყო ტენდერებში, ფულის მიმოქცევაში, რაც აწ უკვე დაკარგულ საბუთებში იყო შეტანილი.

რეჟისორი ფიქრობს, რომ დამნაშავეები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც გავრცელდა ხმა, რომ „ქართულ ფილმში“ საგადასახო უნდა შესულიყო. ამიტომაც სასწარფოდ მოიცილეს დოკუმენტაცია და შეეცადნენ, ყველაფრისთვის კანონიერი იერსახე მიეცათ, თუმცა - თაღლითური და ქურდული გზით. ამიტომ მერაბ თავაძე სამართლიანობის აღდგენას სასამართლოს გზით აპირებს.