ერთი მხრივ - უამინდობამ, ხოლო მეორე მხრივ, უცხოეთში დასვენების მზარდმა სურვილმა, ადგილობრივი საკურორტო ბიზნესი დააზარალა. მართალია, აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ სანაცვლოდ ადგილობრივების რიცხვი შემცირდა. მუდმივი წვიმებით გაბეზრებულმა ქართველებმა უცხოურ კურორტებზე გადაინაცვლეს.
ტურ-ოპერატორების ინფორმაციით, უცხოურ კურორტებს შორის დიდი ინტერესია ეგვიპტეს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსია, ტურისტები უპირატესობას მაინც ეგვიპტეს ანიჭებენ. ქვეყანაში მიმდინარე არეულობის გამო, საქართველოს საგარეო უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ კაიროში, ალექსანდრიასა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად დასასვენებლად იმყოფებიან ეგვიპტის კურორტებზე, მათ შორის, ჰურგადაში, მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტუროპერატორებთან. ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია.
კიდევ უფრო დიდი მოთხოვნაა თურქეთზე. ტურისტული კომპანია „მოგზაურთა კლუბის“ ხელმძღვანელი ზურაბ ვაშალომიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა სწორედ ამ მიმართულებითაა. ბოლო პერიოდში კი ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით, ეგვიპტეში მომხდარი არეულობის გამო. თუმცა, ქართველი დამსვენებლები არც ეგვპტეში დასვენებაზეც ამბობენ უარს.
„თურქეთზე მოთხოვნა უფრო და უფრო მატულობს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეგვიპტეში არეულობაა. ჩვენი მოქალაქეებსითვის აღნიშნული კურორტები მისაღებია უვიზო სისტემისა და მომსახურების მაღალი პირობების გამო, რასაც საქართველოში ვერ შეხვდებით“, - ამბობს ვაშალომიძე.
ექსპერტი ტურისტულ საკითხებში მარინა მეტრეველი აღნიშნავს, რომ აჭარის შავიზღვისპირეთის მიმართ ინტერესი განელდა კლიმატური პრობლემების გამო. ბუნებრივია, რომ ადგილობრივ ტურისტებს ეს მხარე დასასვენებლად ნაკლებად იზიდავს და არჩევანს აკეთებენ მზიან კურორტებზე, სადაც ფასი მისაღებია და მომსახურების პირობებიც საუკეთესოა.
ცალკერძ უამინდობამ და ცალკერძ უცხოეთში დასვენების მზარდმა სურვილმა შავი ზღვისპირა ზოლში პრობლემები გააჩინა. აჭარელი ბინის მესაკუთრეები, ვინც საკურორტო ბიზნესით ირჩენს თავს, უკვე ზარალზე ალაპარაკდნენ.
ქობულეთელი მანანა ჯაფარიძე ამბობს, მისი შემოსავალი, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 3 ათასი ლარით შემცირდა. ივლისში ქობულეთში იმასაც ამბობდნენ, რომ ტურიზმი მოკვდა და სიმბოლურად, ერთ-ერთ ბუნგალოსთან, ტურიზმის საფლავიც გააკეთეს.
„ივლისში ისეთი ცუდი ამინდები იყო, ვინც ჩამოდიოდა, მეორე დღისით ისევ უკან ბრუნდებოდა. შარშან ივნისი-ივლისი-აგვისტოს დასაწყისში ოთახების გაქირავებიდან 7 ათას ლარამდე ავიღე, წელს კი ანალოგიურ პერიოდში შემოსავალი 4 ათას ლარამდე მქონდა.
გარდა უამინდობისა, ქობულეთში ტურისტების სიმცირეს ხელი შეუწყო სომხეთში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ, თითქოს, აჭარაში რაღაც ინფექციური დაავადება იყო გავრცელებული. როგორც სომეხმა ტურისტმა მითხრა, მოგვიანებით აღნიშნულ საკითხზე ტელევიზიით სიუჟეტი გავიდა, სადაც საუბარი იყო, რომ არავითარი დაავადება აჭარის შავიზღვისპირეთში არ არის, მაგრამ მანამდე ატეხილმა პანიკამ ტურისტების რაოდენობაზე სერიოზული გავლენა ნამდვილად მოახდინა“, - ამბობს ჯაფარიძე.
როგორც ჩანს, უკვე ნაწვნევ ზარალს ვერც აგვისტო-სექტემბრის მზიანი ამინდები აანაზღაურებს, თუმცა მის ოდენობას კი, სავარაუდოდ, შეამცირებს.