14 აგვისტოს, ასტანაში ყაზახეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საქართველო 1-0 დაამარცხა და ქართველი გულშემატკივრის მოთმინების ფიალა აივსო. “ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობა ზუსტად შეაფასა ყაზახურმა პორტალმა სპორტს.კზ-მ, - “საქართველოს მთებზე წყვდიადმა დაისადგურა”.
დიახაც, ქართულ ფეხბურთში წყვდიადია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები 2012 და 2013 წლებში ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ და ზედიზედ ორი წელია, ქართული გუნდები ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადიან, ჩვენი ფეხბურთი უმძიმეს მდგომარეობაშია.
თუმცა, მხოლოდ ამის თქმა თემურ ქეცბაიას საქმიანობის გამართლება იქნება – მისი გაწვრთნილი ნაკრები ქართულ ფეხბურთზე დაბალი დონის არის.
ოლიმპიაკოსიდან გამოგდებული
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ჯიგრიანი და გულშემატკივრის საყვარელი ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა დამაიმედებელი აღმოჩნდა. 2004–2009 წლებში კვიპროსეული “ანორთოსისის” წარმატებული საქმიანობის შემდეგ, 2009 წელს პირეოსის “ოლიმპიაკოსში” მიიწვიეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სულ 6 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 6-ივე მოიგო, მაგრამ პირეოსელთა პრეზიდენტმა გუნდიდან გაუშვა.
მაშინ ჭორის დონეზე ვიცოდით, მერე კი დადასტურდა, რომ ქეცბაია ფეხბურთელებთან კონფლიქტმა შეიწირა. ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრამდე, “ოლიმპიაკოსის” პრეზიდენტს, სოკრატის კოკალისს 13 მოთამაშემ გუნდიდან გათავისუფლება მოსთხოვა და პირდაპირ მიახალეს, ვერ ვითამაშებთ იმ მწვრთნელთან, რომელიც ყველა ვარჯიშზე გვაგინებსო.
კოკალისი გაოგნებული დარჩა – უკმაყოფილებას ის მოთამაშეები გამოხატავდნენ, რომლებიც გუნდის წამყვან ძალას წარმოადგენდნენ. მან კი 13 ფეხბურთელის გაშვებას მწვრთნელის გათავისუფლება ამჯობინა. საპირისპირო შემთხვევაში, გუნდი დაეშლებოდა.
გმირი საქართველოშია
“ოლიმპიაკოსში” ხანმოკლე საქმიანობის შემდეგ, 2009 წელს ქეცბაიამ საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. მაშინ ექტორ რაულ კუპერის საქართველო არანაკლებ საცოდავი სანახავი იყო, ვიდრე დღევანდელი. უცხოეთში კარიერამოწყობილი ქეცბაიას ჩამოყვანამ ქართველი გულშემატკივარი უზომოდ გაახარა.
მაშინ ქეცბაიას “ოლიმპიაკოსიდან” წამოსვლაზე ასეთი ვერსია გავრცელდა: ბერძნები დიდი კულტურის ხალხია და ვერ აიტანეს, გუნდში არა ფრანგი, გერმანელი, იტალიელი ან ესპანელი, არამედ, ქართველი რომ დაინიშნაო.
ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, ქეცბაია საკმაოდ მძიმე ხასიათის მწვრთნელი რომ იყო, ან ვერ ვიჯერებდით. ჩვენი გულშემატკივარი ანგარიშს არც იმას უწევდა, რომ “ანორთოსისის” მწვრთნელობის დროს ლამის ყველა ქართველი მოთამაშე გაექცა, გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, კობა წიტაიშვილი, გოჩა ხოჯავა. ამბობენ, რომ ცხოვრებში უაღრესად გულიანი პიროვნებაა, მაგრამ მწვრთნელი - მეტისმეტად ნერვიული და გაუწონასწორებელი.
კლინიკური სიკვდილი
ქეცბაიას ახლობლის მონაყოლია: ბავშვობაში მომხდარმა შემთხვევამ თემურის ფსიქიკაზე დიდი გავლენა მოახდინა. ის მე-9 კლასელი იყო, როდესაც მდინარეში ბანაობის დროს, წყალმა წაიღო. ამოიყვანეს, მაგრამ სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობოდა. ის იყო, ხელი ჩაიქნიეს, თემურმა სუნთქვა რომ დაიწყო. მცირე ხნით, მან კლინიკურ სიკვდილი განიცადა.
სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა მისი ნერვული ხასიათი და მეტისმეტად, ზოგჯერ, ზღვარგადასული ემოციურობა განაპირობა. ქეცბაია-მწვრთნელი მოთამაშეებისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს, როდესაც თავად იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი წევრი, ვინც მთავარ მწვრთნელს (მაშინ ვლადიმერ გუცაევი გახლდათ) მაისურა ესროლა. ასე გამოხატა შეცვლით უკმაყოფილება. ასეთებს თავად არათუ არ აპატიებდა, სათადარიგოთა სკამზე ჩხუბს აუტეხდა.
საქართველოს ნაკრებში მომხდარი ეს სკანდალური ამბავი მსოფლიო მედიას გამორჩა. სამაგიეროდ, “ნიუკასლი”-“კროაციის” მატჩი თავხოტორა ქართველის სავიზიტო ბარათად იქცა: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატებთან ქეცბაიამ ბოლო წუთზე მეტოქის კარი აიღო და ინგლისელები ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ ფანების ფავორიტი იყო, “ნიუკასლის” მენეჯერი, ბობი რობსონი ქეცბაიას იშვიათად იყენებდა. ხორვატებთანაც შეხვედრაშიც შეცვლაზე შეუშვა და გოლი რომ გაიტანა, ზედმეტად ემოციურად გამოხატა, სარეკლამო დაფას ბუცები მიარტყა, მერე ბუციც გაიხადა და შორტსაც ზედ მიაყოლებდა, მაგრამ შეაჩერეს...
ურემი რომ გადაბრუნდება
საქართველოში დაბრუნებულ თემურ ქეცბაიას გმირივით შეხვდნენ. ზემოთდასახელებული ამბები მის გულიანობას მიეწერა და არა ნერვულ ხასიათს. უნდა ვაღიაღოთ, რომ მთავარი გამოგვრჩა: მწვრთნელს, უპირველესად, მოთმინება მოეთხოვება.
ეროვნული ნაკრებისა და მასთან ნათამაშები ფეხბურთელები ამტკიცებენ, რომ ქეცბაიას მოთმინება და მოთამაშეებთან დალაპარაკების უნარი არ გააჩნია.
ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წევრი იხსენებს:
„ნაკრებში პირველი დიდი უსიამოვნება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის თბილისური შეხვედრის დროს მოხდა. მალტასთან საშინაო შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 რომ დასრულდა, გასახდელში შესულებს ისე დაგველაპარაკა, თავი ძლივს შევიკავეთ. განსაკუთრებით, გოგიტა გოგუასა და მალხაზ ასათიანს მისდგა.
გასაგებია, რომ ასეთ სუსტ გუნდთან მოგება აუცილებელია, მწვრთნელის გაბრაზებაც იშვიათობა არაა, მაგრამ პირველად ვნახეთ, რომ მწვრთნელი გასახდელში იგინებოდა. მე არ ვიცი, კვიპროსში წარმატებას გინებით მიაღწია და იქაურებთან ყველაფერი გასდიოდა თუ არა, მაგრამ საქართველოში ამას არავინ აპატიებს. აქ დედის გინებაზე ხალხს კლავენ, ხოლო მისთვის ეს ჩვეული ამბავია და ჰგონია, რადგან დიდი ფეხბურთი ითამაშა, ყველაფრის უფლება აქვს.
მაშინ დიდ სირცხვილს ავცდით, ასათიანმაც გაიწია და ძლივს გააჩერეს. ასათიანს მოედანზე გასვლა არ სურდა, როგორც იქნა, დააწყნარეს და ითამაშა, მაგრამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რომ ქეცბაიას ხელმძღვანელობით აღარ ითამაშებდა.
პირველი საჯარო სკანდალი
ეს არ იყო ქეცბაიასთან დაკავშირებული ერთად-ერთი სანაკრებო სკანდალი. პირველად, ნაკრებში არსებული უსიამოვნო ატმოსფეროზე გულშემატკივარმა 2011 წლის 27 მარტს, ხორვატიასთან მოგების მეორე დღეს შეიტყო. “დინამო-არენაზე” გამართულ ვარჯიშზე ქეცბაიას გოგიტა გოგუას საქციელი არ მოეწონა და ისეთი შეაგინა, მისი ხმის ექომ ლამის ამერიკამდე ჩააღწია.
გოგუამ ვეღარ მოითმინა, თავადაც შეაგინა და გაექაჩა. მერე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მისი არმიწვევა დავალებების არშესრულებას მიაწერა.
ქეცბაიას ეს შერჩა და მერე უკვე გამოცდილ ფეხბურთელებს მისდგა: ფაქტობრივად, ნაკრებიდან გააგდო ავტორიტეტული მოთამაშეები – კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ასათიანზე უკვე გითხარით. ნაკრების დამრიგებელს ლევან ყენიასთანაც კონფლიქტი აქვს.
ისე შთაბეჭდილება გვრჩება, ქეცბაია ავტორიტეტებს ვერ იტანს და მათში მტრებს ხედავს.
რატომ არ ჩამოდიან ფეხბურთელები?
ზაფხულში, ირლანდიასთან და დანიასთან ამხანაგური შეხვედრებამდე, ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე პრობლემებზე ილაპარაკა.
„ფეხბურთელის პირველი საქმე არის ფეხბურთი, მითუმეტეს, როცა ეს ეროვნულ ნაკრებს ეხება და იქ გამოძახება ყველასათვის სასიხარულო უნდა იყოს. თუმცა ჩვენს რამოდენიმე ფეხბურთელში ამას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ქეცბაიამ.
მაგრამ ნაკრების ინკოგნიტო ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოთამაშების ნაკრებში არჩამოსვლას მიზეზი ქეცბაიას ფეხბურთელებთან ზემეტად ქედმაღლური და გაუგებარი დამოკიდებულებაა:
„ხალხს უკვირს, ნაკრების თამაშიდან მალე, ამა თუ იმ ფეხბურთელის გვარს კლუბის შემადგენლობაში რომ ამოიკითხავენ. სამწუხაროდ, ასეთი ატმოსფეროს გამო, ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა არავის სიამოვნებს, რადგან აქ ყოველ წამს მწვრთნელთა კონფლიქტის შიშით არიან და შესაძლებლობასაც ვერავინ ავლენს. ნაცვლად იმისა, რომ შეცდომა აგვიხსნას და მიგვითითოს, ჩხუბობს და ვერაფერს გვაგებინებს.
ამას ვინ ჩივის, მატჩამდე დავალებებს ძალიან გაუგებრად იძლევა. მოკლედ, ფეხბურთელებთან ურთიერთობები ვერა და ვერ დაალაგა. ასე გრძელდება 4 წელია და მეეჭვება, მის ხელში ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს“.
მეამბოხეები
ნაკრების წევრი ლევან ყენია მთავარ მწვრთნელის კრიტიკას არ ერიდება. დიუსელდორფის “ფორტუნას” 22 წლის ფეხბურთელმა ნაკრებში არჩამოსვლასა და თემურ ქეცბაიას ნაკრებზე ღიად ილაპარაკა:
„ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ოჯახია, ხოლო ქორწილი ირლანდიასა და დანიასთან ამხანაგურ მატჩებამდე ექვსი თვის წინ დავგეგმე და ვერ გადავდებდი. ვინც ეს ვერ გაიგო, ცივი წყალი დალიოს.
პატრიოტიზმზე ქეცბაიას ლაპარაკი სასაცილოა და სიმართლე გითხრათ, მის ნათქვამს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ყველამ კარგად იცის, რაც ხდება ნაკრებში. გუნდში უთანხმოებები იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი ფეხბურთელებთან ურთიერთობას ვერ ალაგებს. ხოლო გუნდში არაჯანსაღ სიტუაციაში ფეხბურთელს შედეგს ვეღარ მოსთხოვ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს უკვე მეტისმეტია.
ნაკრებიდან ქეცბაიამ საბოლოოდ მოკვეთა გოგიტა გოგუა, რომელიც რუსეთის პირველი ლიგის ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გადავიდა. ის ამბობს, რომ ქეცბაია პირად ინტერესებს ფეხბურთზე წინ აყენებს, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არისო.
ბოლო წლების ერთ-ერთი უნიჭირესი მოთამაშე, ვლადიკავკაზის “ალანიას” ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა ნაკრებში იმიტომ არ თამაშობს, რომ “ანორთოსისში” გამოსვლის დროს (2004/05 წლებში), ქეცბაიასთან კონფლიქტი ჰქონდა. მან ფამაგუსტელებთან ორწლიანი კონტრაქტი ექვს თვეში დაარღვია და “როსტოვში” გადავიდა.
მაშინ ყველაფრის მიზეზად ისევ ხოჯავა გამოვიდა, დარდიმანდია, რეჟიმს არ იცავსო. მაგრამ ტკბილი ენითა და გონივრული მიდგონებით უარესი მოთამაშეები მოურჯულებიათ“.
ციფრებია მშრალი?!
ახლა ურემი გადაბრუნდა. საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გასვლის შანსი არ აქვს. თუმცა, ქეცბაიას ხელში მისი პერსპექტივაც არ ჩანს. ყაზახებთან წაგების დროსაც ნათლად გამოჩნდა, რომ მან ვერ “გაქაჩა”.
თუმცა, ამის შემდეგაც “პირველ ჩვენებას” აწვებოდა:
„ყაზახებთან კარგი თამაში გამოვიდა. ვითარებას მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით და მომენტებიც გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ“.
ამას ლაპარაკობს ის მწვრთნელი, რომელიც ნაკრების მწვრთნელობისთვის თვეში 209 500 ლარს იღებს, ანუ წელიწადში 2, 508 მილიონს.
ეს იმ დროს, როდესაც ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის წლიური ხელფასი სულ რაღაც 150 ათასი ევროა (დაახლოებით, 332, 272 ლარი). იმ სპეციალისტის, რომელმაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გაიყვანა.
ციფრები ყოველთვის მშრალი არ არის.
ვინ იქნება შემდეგი?
ქეცბაია წასასვლელს ეძებს. ყაზახებთან შეხვედრამდე წამოსცდა, მიმიწვიეთ და ჩამოვალო.
მთავარი კითხვაა, ვინ შეცვლის მას? გულშემატკივრებში ყველაზე მეტი მომხრე გია გეგუჩაძეს ჰყავს, რომლის ხელმძღვანელობითაც ქართულმა გუნდმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – მან 2004 წელს თბილისის “დინამომ” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
გეგუჩაძე ზაფხულში ქუთაისის “ტორპედოდან” გაუშვეს. მაშინ იყო ლაპარაკი, რომ “ზესტაფონში” დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს გარიგება ვეღარ შედგა.
ამტკიცებენ, რომ გეგუჩაძეს თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია დაეკონტაქტა და ამჟამინდელი მთავარი მწვღთნელის, დუშან უჰრინის ადგილი შესთავაზა. გეგუჩაძემ თავისი მოთხოვნა წაუყენა – კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ სპორტულ დირექტორს, ბუბა ტყავაძეs გაუშვებო.
ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვერსიის დონეზეა, მაგრამ კულუარებში ღიად ლაპარაკობენ.
თუმცა, გეგუჩაძე ქართველ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრებისთვის უფრო ემეტებათ – ამ იმედებს მისი წარსული ამყარებს. თანაც ამტკიცებენ, რომ ქეცბაიას ხუშტურები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავასაც ყელში აქვს ამოსული და ხვდება, რომ მისი დარჩენით თავადაც დიდ დარტყმას მიიღებს.
ახლა მთავარია, ქეცბაიას უცხოეთიდან საინტერესო წინადადება გამოუჩნდეს.