მოგეხსენებათ, აგვისტო ის პერიოდია როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ისვენებს და ქალაქიდან გასულია. სამწუხაროდ მიმდინარე წელი გამონაკლისი აღმოჩნდა და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება მოწყენისა და „მოდუნების“ საშუალებას არ გვაძლევს. აქეთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, იქით დაუსრულებელი სასამართლო პროცესები. მიხეილ სააკაშვილიც გაგვიაქტიურდა და თავისი ყოველდღიური „ორიგინალური აზრებით“ საზოგადოებას სახალისო განწყობაზე აყენებს.
პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი მოსაზრებების მკითხველამდე მიტანას ჯერ კიდევ არაერთხელ მოვასწრებ. აგვისტოს ცხელ კვირადღეს კი ტრადიციულად თქვენს გახალისებას შევეცდები და ცნობილ ქართველ ხელოვანებზე მორიგ მოგონებებს შემოგთავაზებთ.
„ირაკლი აბაშიძეს ენა ებმოდა, რაზეც კარლო კალაძემ გენიალური ფუნაგორია გამოუთქვა: "ირაკლიმ ღვინო რა ნახა, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა: წა-ა-იღეთ ჭ-ჭიქა პ-პატარა, მომეცით ჩა-ის ჭიქ-ჭიქა."
„ლონდრეს" გადაღება მთლიანად კურიოზი იყო, - ჰყვება გივი ბერიკაშვილი, - დილა იწყებოდა რეჟისორის თანაშემწის ყვირილით: სად ხართ?! დროა!.. ვიწყებთ!.. ჩაიცვით!.. ეროსი ჩაიცვი! რამაზ ჩაიცვი!.. გივი გაიხადე!..“
„გიორგი დანელიას „მიმინოს" თავდაპირველ ვარიანტში იყო ეპიზოდი, სადაც ვალიკო და რუბიკა ლიფტში ორ იაპონელთან ერთად მგზავრობენ. ერთ-ერთი იაპონელი გულდასმით ათვალიერებს მათ და მეორეს ეუბნება: „კაკ ეტი რუსკიე ვსე დრუგ და დრუგა პახოჟი".
„ლექსო თორაძემ ტეხასში კონკურსი მოიგო. გახურებული აჟიოტაჟის დროს ბიძინა კვერნაძე დერეფანში შეხვდა მას და ღიმილით ჰკითხა: „ლექსო, გაიარე ტეხასმოტრი?!”
„ბიძინა კვერნაძე იხსენებდა: “ერთხელ მე, იაშა ბობოხიძე და პიერ კობახიძე რესტორანში ვიყავით რეზო ლაღიძესთან ერთად. რეზო ამბობდა: ისეთი აზარტული ვარ, ტყეში მამაჩემი რომ შემხვდეს, შეიძლება იმას ვესროლოო... პიერმა მითხრა: - შენ ამას ტყეში არ გაჰყვე, ისეთი გვარი გაქვს, ნამდვილად გესვრისო.“
„ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს - არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო...
მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის "ჟიგულში" ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად, - ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო ჯანსუღი გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა 15 კაპიკი. აწია თავი და ჯანსუღს ეკითხება: „ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!“
„სპექტაკლ "მეფე ლირში" რომელშიც მთავარ როლს ვასო გოძიაშვილი ასრულებდა, ბორის წიფურია და რეზო ბარამიძეც იღებდნენ მონაწილეობას. ისინი მასობრივ სცენაში, ე.წ. "მასოვკაში" უკანა პლანზე იდგნენ და ხელში შუბები ეჭირათ. ერთხელაც შუა სპექტაკლის დროს ბორის წიფურია ჩურჩულით ეკითხება რეზოს: დღეს დილას სახლიდან რომ გამოდიოდი, ცოლს რა უთხარი, სამსახურში მივდივარო?"
„მანქანით მიმავალი აკაკი შანიძე მთვრალმა მილიციელმა გააჩერა და უდიერად მიმართა. შანიძემ იწყინა: - ყმაწვილო თქვენ საკმაოდ უზრდელი და გაუნათლებელი ბრძანდებით. - ჩვენს შორის გაუნათლებელის დედაც! კბილებში გამოსცრა პოლიციელმა, - ამინ. მშვიდად მიუგო შანიძემ.“
„ოთარ რამიშვილი გაუჩერებიათ ღამე, საკმაოდ ნასვამი. ოპერ-მუშაკებმა ვერ იცნეს და გადაიყვანეს ერთ-ერთ განყოფილებაში სადაც დაუწყეს დაკითხვა.
კითხვას "სად მუშაობთ", ოთარმა ასე უპასუხა: - "მეორე სამშობიაროს მახარობელი ვარ."
„ერთხელ ოპერის თეატრის წინ ერთმანეთს შეხვდნენ ყოფილი სუხიშვილების მოცეკვავე, რესპუბლიკის სახალხო არტისტი ომარ მხეიძე და ჯანო ბაგრატიონი. ომარი ბატონი ჯანოს მოწაფე იყო. მათ მიუახლოვდა თბილისის კოლორიტი ნიაზ დიასამიძე. „ბატონო ჯანო, როგორ ბრძანდებით“ - ეკითხება ნიაზი როგორ ვიქნებიო - უპასუხა ცხოვრებისგან გულდაწყვეტილმა ჯანომ. „თქვენ რომ ცეკვის ანსამბლი გქონდათ, დაგიშალესო?“ - ეკითხება. კიო – მიიღო პასუხად. „სოხუმში რომ ანსამბლი დააარსეთ, ისიც დაგიშალესო? მერე რომ ჩამოხვედი და კიდევ ანსამბლი შექმენი, ისიცო?“ ამდენი დადებითი პასუხის შემდეგ ნიაზ დიასამიძე მცირე ხანს შეყოვნდა და შემდეგ ჩვეული იუმორით დასძინა, კაცო, სადაც შეხვედი, ყველაფერი დაშალეს და ეგებ კომპარტიაშიც შესულიყავი, ისიც რომ დაშლილიყოო.“
თემურ ჭკუასელი ჰყვებოდა: ადრე ყველა უბანში იყვნენ ისეთი ბიჭები, ყველგან რომ იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. დაბადების დღეებზე ერთს რომ დაპატიჟებდნენ, მას მთელი საძმაკაცო მიჰყავდა... მოკლედ, ერთხელ მოვხვდი სუფრაზე და წარმოდგენა არ მქონდა, ვის დაბადების დღეზე ვიყავი. ბიჭები რომ შეზარხოშდნენ, სიტუაცია ცოტა დაიძაბა. ეს არ მომეწონა და ვიფიქრე, აქედან გავერიდები-მეთქი. ძმაკაცებისთვის რომ მეთქვა, ვიცოდი არ გამომყვებოდნენ. ერთი ჩემი ნაცნობი უბნელი ბიჭი გამოვიჭირე, რომელიც ჩემს მისვლამდე მისულიყო იქ. ვუთხარი, წამოდი ბიჭო, ხომ ხედავ, უაზრო სიტუაციაა და გავერიდოთ-მეთქი. მითხრა, ვერ წამოვალო. დავუწყე ახსნა, ხომ ხედავ, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ, სანამ ერთი ამბავი ატყდა წავიდეთ-მეთქი. შემომიტრიალდა და მითხრა, ვერ წამოვალ, ძმაო, ჩემი დაბადების დღეაო“.
„ნიაზი ქალთან ერთად მიდიოდა ქუჩაში. გასტრონომთან გაიარეს. ახალი ნამცხვრის სუნი გამოდიოდა გარეთ.
- რა კარგი ნამცხვრის სუნი იდგა, ნიაზ. - უთხრა ქალმა ცოტა რომ გასცდნენ გასტრონომს. ნიაზმა ჯიბეზე გაიკრა ხელი, მაგრამ გაახსენდა, ფული რომ არ ჰქონდა.
- მოგიკვდეს ჩემი თავი, წამოდი.
- უიმე, რას ამბობ, არ მინდა, გმადლობთ, - გაიპრანჭა ქალი.
- წამოდი, კიდევ ერთხელ ჩავუაროთ გასტრონომს და... უკან წამოვიდეთ“.
„კომპოზიტორი რეზო ლაღიძე და დირიჟორი ვახტანგ ფალიაშვილი ერთ წვეულებაზე ყოფილან. პირველი თურმე, ვერ მოაშორეს ჭიქას, მეორე კი ვერ მიაკარეს...
- პარადოქსებითაა ეს ქვეყანა სავსე - უთქვამს ბატონ ვახტანგს რეზოსათვის - ფალიაშვილი მე ვარ და მუსიკას შენ წერ...
- რას იზამ, ლაღიძე მე ვარ და ლიმონათს შენ სვამო - უპასუხია რეზოს.“
„ოტია იოსელიანი და გიზო კაკაურიძე ერთ ღონისძიებაზე მოვხვდნენ ერთად, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ვარდების რევოლუციის" ღვაწლსა და წარმატებულ რეფორმებზე ლაპარაკობდნენ. ერთი ნაციონალი თუთიყუშივით იმეორებდა, - "ვარდების რევოლუცია" ისე მოვახდინეთ, წვეთი სისხლი არ დაღვრილაო. უყურებს ოტია და ძარღვები ებერება, ითმინა, ითმინა და ბოლოს ხმამაღლა წამოიძახა, - რაია, ამ ნაციონალებს რომ დოუჩემებიათ უსისხლოდ მოვახდინეთ რევოლუცია, სისხლი მაგათ არა აქვთ და საიდან უნდა გამოსდენოდათ?!“
„ვახუშტი კოტეტიშვილი და მისი მეგობარი სევა ელიავა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტიდან შაბათობაზე ნერგების დასარგავად იყვნენ წასულნი. ადგილები, სადაც ორმოები უნდა ამოეთხარათ და ხეები დაერგოთ, წინასწარ იყო მონიშნული. ყველანი ცდილობდნენ, ცოტა "წაეხალტურებინათ" და ამ ადგილებს შიგადაშიგ ტოვებდნენ. სევას მეტისმეტი მოუვიდა გამოტოვება და მას თავზე ედუარდ შევარდნაძე დაადგა - რატომ ტოვებო?.. მეშინია, ბატონო ედუარდ, მგელი არ გაჩნდესო, - უპასუხა სევამ.“
„ნოდარ დუმბაძე და გიგა ლორთქიფანიძე ზიან სუფრაზე გვერდიგვერდ, ნოდარმა გადმოაწოდა რაღაც კერძი, გიგამ იუარა, - არა ნოდარ დიეტაზე ვარო..
შემდეგ ისევ გადმოაწოდა რაღაც კერძი, - არა, ხომ გითხარი დიეტაზე ვარო? იყო პასუხი. ცოტა ხანში ცხელი კერძი შევიდა და ნოდარმა ისევ დააჯახა გიგას, პასუხი ისევ უარყოფითი იყო.. ნოდარი გაბრაზდა და: "გიგა ვერ დიეტიე სახლში??"
„ბაქოში მატარებლით ჩასული ნიაზ დიასამიძე ბაქანზე აყვირდა: - ნასილშიკ! მოვიდა ერთი. ნიაზი მაინც ყვირის: - ნასილშიკ! მოვიდა კიდევ რამოდენიმე. ნიაზი თავისას არ იშლის: - ნასილშიკ! და როცა მებარგულები ბლომად მოგროვდნენ, ნიაზი კითხულობს: ვსე სდეს?! - ვსე! - ვამ პრივეტ ატ ტბილისკიხ ნასილშიკოვ!“
„ერთხელ კონცერტზე ნანი ბრეგვაძეს სიმღერის ტექსტი დაავიწყდა. იგი არ დაიბნა და პირდაპირ დარბაზს სთხოვა, ტექსტი შემახსენეთო. ატყდა ერთი ამბავი, ქალბატონ ნანის დახმარება ყველამ ერთდროულად მოისურვა. ისეთი ხმაური ატყდა, რომ მომღერალი იძულებული გახდა, ეთხოვა: არაფერი მესმის, იქნებ დარბაზის ერთი ნაწილი გაჩუმდეს და მეორე ნაწილმა მიკარნახოსო.“
„ახალგაზრდა ოტია იოსელიანმა არ იცოდა, რომ ნახატი დაგრუნტულ ტილოზე სრულდებოდა. "მოვნახე ნაჭერი. ზეწარი იყო, დაკერება რომ არ მოუხერხდა არაფრით და გადავაკარი ჩარჩოზე. თურმე დაგრუნტვა სნდომებია. რომ დავხატე, უკანა მხარეს უკეთესი ნახატი შეიქმნა" - ღიმილით იგონებდა თავისი პირველი ტილოს შექმნის ამბავს ოტია იოსელიანი.“
„სპექტაკლში "კვაჭი კვაჭანტირაძე" არის სცენა, სადაც მთავარ პერსონაჟს, რომლის როლსაც კოტე მახარაძე ასრულებდა, ღვინოს ასხამენ სახეში. კოტეს უკან ბორის წიფურია იდგა. კოტემ იფიქრა, ამას ვუჩვენებ სეირს და ღვინის შესხმის მომენტში თავი გვერდზე გასწია. წიფურიას გულმა წინასწარ უგრძნო, იქიდან გაიპარა და თავის ადგილზე ავთო მახარაძე დააყენა.“