ტურიზმი აფხაზეთში: ვისი ფულით ვითარდება

ტურიზმი აფხაზეთში: ვისი ფულით ვითარდება "ნაიარევი სამოთხე"

"რისკით, ხიფათით, წვალებით, მაგრამ მაინც, თანდათან უკეთესობისკენ მივდივართ... ბოლო წლებში ცხოვრების პირობები, უსაფრთხოება და დამოკიდებულება უბრალო ხალხისადმი უკეთესობისკენ შეიცვალა... დამსვენებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს. ტურისტებს პრეტენზიები ძირითადად უსაფრთხოებისა და მომსახურების გამო აქვთ... დამწვარი და დანგრეული შენობების ადგილზე ახლები შენდება. ჩვენი და თქვენი "ნაიარევი სამოთხე" თანდათან კურორტს ემსგავსება", - ამბობს სოხუმელი აფხაზი, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ჩამოვიდა...

როგორც ჩვენმა რესპონდენტმა უწოდა, ჩვენი და მათი "ნაიარევი სამოთხე" ომის ნანგრევებიდან გამოსვლას რუსული და თურქული ფულით ცდილობს... საფრთხის მიუხედავად, შავზღვისპირა კურორტზე ინვესტიციის ჩადებას მაინც რისკავენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, "სტარტის ასაღებად" საზღვარგარეთიდან შემოსული თანხა გამოიყენეს. ახლა კი უკვე თავად ცდილობენ ფეხზე დადგომას...

ნდრეი, 37 წლის, სოხუმის მკვიდრი:
- რუსეთის შემდეგ, აფხაზეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის აქტიურად "ზრუნავს" თურქეთი. ადგილობრივი ტყის 50%-ზე მეტი თურქეთში ისევე გადის, როგორც ჯართი და ქვანახშირი. თურქეთიდან კი - სიგარეტი და საკვები შემოაქვთ. მათი ფასი რუსულ პროდუქტზე ბევრად დაბალია და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. ამიტომ, ადგილობრივების უმეტესობა თურქული პროდუქციის მომხმარებელი გახდა. ეს ეხება როგორც საკვებს, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკას... სოხუმში, გაგრასა და ბიჭვინთაში ელექტროტექნიკის რამდენიმე მაღაზია გაიხსნა, რომელიც ყოველწლიურად ფართოვდება. რუსეთს ძალიანაც არ მოსწონს თურქული ბიზნესწარმატება, მაგრამ აშკარად ვერ ეწინააღმდეგება, რადგან მათ ასობით ადგილობრივი დაასაქმეს. პატარა აფხაზეთში კი, რამდენიმე ასეული აფხაზის დასაქმება საკმაოდ დადებით მოვლენად აღიქმება. თავდაპირველად, ჩვენი ხალხი ცდილობდა, გამყიდველის თანამდებობაზე არ ემუშავა, მაგრამ შემდეგ თანდათან შეეჩვივნენ... თურქულმა კომპანიებმა სხვა მხრივაც მოიგეს ადგილობრივების გული - თევზჭერით არიან დაინტერესებული. ეს კი შემოსავლიანი საქმეა, რადგან ცოცხალ თევზსაც იბარებენ და ცალკე ჰყავთ დაქირავებული მეთევზეთა ჯგუფები, რომელთაც დღიურ ხელფასს უხდიან.D

- კონკრეტულად რომელი კომპანიები არიან ამ საქმიანობით დაინტერესებული?
- აფხაზეთში ამ მხრივ ძალიან ცნობილია კომპანიები: "ქილ ქარდეხლერი", "კონსული" და "თურქიშ ინვესტი". ისინი აფხაზეთის სახელმწიფო კომპანია "აბხაზრიბასთან" ერთად მუშაობენ. ამ დროისთვის ყველაზე დიდია თურქულ-აფხაზური კომპანია "ამლაგური", რომელიც რესტორნებსა და სასტუმროებს თევზეულით ამარაგებს... ამ ბოლო დროს, თურქულ ინვესტიციებს აფხაზეთის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში დებენ. ეს ეხება ზღვისპირა კაფეებს, რესტორნებს, პატარ-პატარა კოტეჯებსა და ტყვარჩელის შახტასაც კი...

- ამბობენ, რომ ბოლო დროს ყველაზე მეტად, ჩამკვდარ ოჩამჩირესაც კი დაეტყო გამოცოცხლება...
- დიახ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, აქაც თურქები აქტიურობენ. ამ ქალაქს სრულად აკონტროლებდნენ კრიმინალები. იმ "ავტორიტეტებმა", ვინც აფხაზეთის დანარჩენი ქალაქების სამართალდამცავ ორგანოებთან ვერ იპოვეს საერთო ენა, ოჩამჩირეს შეაფარეს თავი. ამიტომ ეს ადგილი, ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით, ყველაზე მეტად "ჩაბნელებული" იყო, მაგრამ თურქებმა აქაც იპოვეს გამოსავალი, თუმცა არ ვიცი, როგორ... მათ ოჩამჩირის რეგიონში მიწის ნაკვეთები აიღეს, თხილის პლანტაციები გააშენეს და ადგილობრივები დაასაქმეს.

- მათ რუსეთი არ ზღუდავს?
- 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი პატარა აფხაზეთის გამო ლამის მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდა და ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთმა თურქული ეკონომიკური ინტერესების "შევიწროება" დაიწყო, - იმ დროისთვის ინვესტიციების განხორციელება პრაქტიკულად შეჩერდა, მაგრამ ამან ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან უმუშევრების რაოდენობა ერთბაშად მკვეთრად გაიზარდა. ანუ დამოუკიდებლობის ფასად, პრაქტიკულად შიმშილობა გვიწევდა, რადგან სამუშაოს გარეშე დარჩენილი აფხაზური მოსახლეობა ძვირად ღირებულ რუსულ პროდუქციას ვერ შეიძენდა... ამ შემთხვევაში მოსახლეობის ინტერესები მტკიცედ დაიცვა აფხაზეთის ხელმძღვანელობამ და თურქულ ბიზნესს ისევ გაუხსნა ხელ-ფეხი. როგორც ჩანს, რუსეთი დათმობაზე წავიდა, რადგან თურქული კომპანიების შევიწროება შეწყდა. სულ რაღაც ორ წელიწადში, 2010 წელს, აფხაზეთმა ტურისტების რეკორდული რაოდენობა მიიღო...

მანალ ხაშიგი, 27 წლის, სოხუმის მკვიდრი:
- დედის მხრიდან ქართველი ნათესავები მყავს და ხშირად ვათვალიერებ მათ ფოტოებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კურორტზე აქვთ გადაღებული. არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანაა... ჩემი ქართველი ნათესავები ჩამოდიან ჩვენთან. ძალიან უყვართ სოხუმი. მზად ვარ, ყველა ჩამოსვლაზე ღირსეული მასპინძლობა გავუწიო, მაგრამ ისინი აქ საცხოვრებლად ვერ დაბრუნდებიან. ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის, აფხაზმა ხალხმა არჩია ასე და ამისთვის სისხლი დაღვარა. ამ საქმეს ჩემი ახალგაზრდა ბიძები შეეწირნენ. არც ერთს ოჯახი არ ჰყოლია. გვარის გამგრძელებელი მხოლოდ მე დავრჩი... ძალიან მიყვარს ჩემი ქართველი ნათესავები, მათაც დაკარგეს ოჯახის წევრი ამ ომში. კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი სისხლის ღვრის გარეშე მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა. ახლა კი ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. წინა წლებში ქვეყნიდან წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ წელს უკეთესი მდგომარეობაა, გაჩნდა სამუშაო ადგილები, რაც აქ დასარჩენად სტიმულია.

- თქვენ სად მუშაობთ?
- მე ერთ-ერთი მაღალი დონის სასტუმროს ბარში ვმუშაობ. ბარმენის კურსები მოსკოვში გავიარე და შემდეგ თანდათან, ჩემი გამოცდილებიდანაც მივამატე რაღაცები. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე... სეზონზე, 5 ათას დოლარამდე ავსულვარ. აქ დოლარის კურსი არც ისე მაღალია, მაგრამ მე მეყოფა.

- თქვენი თანატოლი გოგონები სად არიან დასაქმებული?
- ბანკებში, კომერციულ ორგანიზაციებში ამ ბოლო დროს უკვე კაფეებში, სასტუმროებსა და რესტორნებშიც დაიწყეს მუშაობა. ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ თანდათან შეეგუებიან. პირადად ჩემთვის, ამაში მიუღებელი არაფერია, თუ ადამიანი პატიოსანი შრომით ცდილობს თავის გატანას. პირიქით, პატივსაცემია...

დავინტერესდი, თუ რა სერვისს სთავაზობენ მაღალი დონის სასტუმროები ტურისტებს... ინტერნეტში რუსულ-აფხაზური ტურისტული სააგენტოების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე. სასტუმროების, სანატორიუმებისა და პანსიონატების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ფასებიც განსხვავდებოდა, თუმცა რამდენად შეესაბამება სიმართლეს იქ მოცემული სერვისის ჩამონათვალი, სხვა საკითხია... ისე კი, სასტუმრო "გაგრა" დამსვენებლებს სტანდარტულ ოთახში სთავაზობს: ტელევიზორს, მაცივარს, კონდიციონერს, ტუალეტს, თმის ფენსა და საშხაპეს. იქვე წერია - "მუდმივი წყლით"... ასევე: ოთახის დალაგებას ყოველდღიურად, თეთრეულის გამოცვლა - ყოველ მეხუთე დღეს. ოდნავ განსხვავებულ მომსახურებას, ოდნავ მაღალ ფასში სთავაზობს სანატორიუმი "აიბგა", რომელსაც თურმე აუზიც აქვს და ზამთარში თბება... ამ მომსახურებით აღჭურვილი სტანდარტული ნომერი ორჯერადი კვებით (შვედური მაგიდა) 70-110 დოლარი ღირს. გარდა ამისა, დამსვენებლებს ჰპირდებიან, რომ მათთან ახლოს ფასიანი აკვა-პარკით სარგებლობაც შეუძლიათ.

უფრო ძვირი სიამოვნებაა გაგრის სასტუმრო Alex Beach Hotel-ში დასვენება: - ორჯერ მეტია მისი ღირებულება, ოღონდ ინტერნეტიც გექნებათ და მინიბარიც, სეიფი და ლოჯიაც. ჰიგიენის მხრივ იქ უკეთესი პირობებია, თეთრეულს 3-4 დღეში ერთხელ ცვლიან... ნომრებში სარეცხი მანქანებიცაა დამონტაჟებული.

აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღიარებს, რომ თურქული ბიზნესი მათთვის უფრო მისაღებია, რადგან რუსებისგან განსხვავებით, ისინი არ აპირებენ, ყველაფერი პირად ქონებად აქციონ. ახსოვთ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ქმედებები. მან აფხაზეთში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი შეიძინა: კონკრეტულად, გაგრაში: სანატორიუმი "ამრა", პანსიონატი "გაგრიფში", "კოლხიდა", სასტუმრო "ოქროს კარიბჭე"... ბიჭვინთაში: დასასვენებელი ბაზა "ოქროს გორა", დასასვენებელი კომპლექსი "კურორტი ბიჭვინთა"; სოხუმში: სასტუმრო "რიწა", "აფხაზეთი", "სოხუმი"; სოხუმის ცენტრში - მიწის დიდი ნაკვეთი, სადაც გასართობ ცენტრსა და გოლფკლუბს აშენებდა, მაგრამ მისი დასრულება ვერ მოასწრო და ახლა იქაურობა აფხაზებმა გადაიბარეს...

როგორც აფხაზეთის ტურიზმის კომიტეტში აცხადებენ, მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადება იგეგმება კოდორის ხეობაშიც. "ჩვენთვის მთავარია, ინფრასტრუქტურის განვითარება და უსაფრთხოების ზომების დაცვა, სხვა დანარჩენს ბუნება გვჩუქნის", - აცხადებენ აფხაზური ტურიზმის სამსახურში.