კომპრომატები, რომლებითაც სააკაშვილი ამერიკელებს აშანტაჟებს

კომპრომატები, რომლებითაც სააკაშვილი ამერიკელებს აშანტაჟებს

საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომიდან ხუთი წელი გავიდა... ე.Eწ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლის ხმა ისევ ისმის... საქართველო კვლავ ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიილტვის... მართალია, გლობალური ჩინური მიგრაცია ოკუპანტ რუსეთს უზარმაზარ საფრთხესა და პრობლემებს უქმნის, მაგრამ მიუხედავად ამისა, კრემლი კავკასიასა და, კერძოდ, საქართველოს ისევ ებღაუჭება _ ევრაზიის კავშირში გაერთიანებას სთავაზობს... კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, რომ რუსულ ევრაზიის კავშირს კავკასიური სახლის იდეა უნდა დავუპირისპიროთ.

_ ბატონო მამუკა, ამასწინათ, ,,რუსთავი 2”-მა, ერთმანეთის მიყოლებით, საქართველოს პრეზიდენტისა და რუსეთის ექსპრეზიდენტის, პრაქტიკულად, სენსაციური ინტერვიუები შემოგვთავაზა... აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან ხუთი წლის თავზე, რა ცვლილებები შეატყვეთ სააკაშვილსა და მედვედევს?

_ სააკაშვილისა და მედვედევის ინტერვიუებში, ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, გარეგნულად განსაკუთრებული ცვლილება არ ჩანდა, მაგრამ ვერც იმას იტყვი, რომ ყველაფერი ერთ წერტილზეა გაყინული. რუსეთს იმედი აქვს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში სხვა ტიპის ურთიერთობები ჩამოყალიბდება. კერძოდ, კრემლის მიზანია, ოკუპანტის დამღა ჩამოიშოროს. ისეთ საერთაშორისო შეხვედრებზეც კი, სადაც პოლიტიკური საკითხები არ განიხილება, დასავლეთი, როცა სჭირდება, რუსეთს შეახსენებს ხოლმე, რომ ოკუპანტია. რუსული პოლიტელიტა კი, შემთხვევას არ უშვებს და აგრესიულად, აგდებულად აცხადებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამ დროს, მსოფლიოს ხუთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დადო დასკვნა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

_ მედვედევი ქართველი ერის პატივისცემითა და ერებს შორის ისტორიული პერიპეტიებით აპელირებდა. ესოკუპანტური დაყვავება”, სოჭის ოლიმპიადის წინ, სიტუაციის დათბობის მცდელობა ხომ არაა?

_ რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიმპიადის ჩატარებაში ხელს არ შეუშლის და ამ მოსაზრებაში რაციონალური მარცვალი ნაწილობრივ არის. მოსკოვში, ზოგიერთ წრეებში ვარაუდობენ, რომ სოჭსა და საქართველოში შესაძლოა, ტერაქტები მოხდეს. პირველ შემთხვევაში ტერაქტი დაბრალდება ქართველებს, მეორე შემთხვევაში კი, სპეცსამსახურები რუსულ კვალს დაინახავენ. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რუსეთი აფხაზეთში უფრო მეტ საფრთხეს ხედავს, ვიდრე _ საქართველოში. ცოტა ხნის წინ, აფხაზეთში ვინმე რუსლან იცბა დააკავეს და დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი ამოიღეს. ჩრდილოკავკასიურმა რეაქციულმა ძალებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსებს ოლიმპიადას მშვიდად არ ჩაატარებინებენ. სწორედ აფხაზეთიდან შეიძლება განხორციელდეს დარტყმა და მოსკოვში იციან, რომ ამას საქართველოს სპეცსამსახურები კი არა, ის ძალები განახორციელებენ, რომელთაც ოლიმპიადის ჩაშლა აწყობთ.

_ ამ ფონზე, რუსეთის ხელისუფლება ჩვენგან რას ელოდება?

_ ოკუპაციის სტატუსის მოხსნას და რეალობის აღიარებას. რუსების მტკიცე რწმენით კი, რეალობა ასეთია: ტერიტორიები დაკარგულია და მასზე მსჯელობა უნდა შევაჩეროთ. დღეს რუსეთისთვის საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება მეორე პლანზეა გადაწეული, მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ოკუპაციის საკითხია.

_ ბატონო მამუკა, ზემოხსენებული ინტერვიუებით, მაინც რა მესიჯები გაუგზავნეს საკუთარ ქვეყნებს და, საერთოდ, მსოფლიოს მედვედევმა და სააკაშვილმა?

_ მედვედევს უნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ჰუმანიტარულ-კულტურული პროექტების თვალსაზრისით, უფრო აქტიური იყოს.

სააკაშვილის საუბრიდან კი, სამი ტიპის გზავნილი გამოიკვეთა. მის ინტერვიუში უამრავი, ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი, უსაზღვრო თავის დამცირება, ბაქიბუქი და დასავლელი პარტნიორების გაქილიკება იყო. ასევე, იყო საქართველოს საზოგადოების მიმართ გამოვლენილი უაღრესი ცინიზმი, რომ სააკაშვილი, თურმე, ვაჭრობდა რუსეთთან დასავლურ ორიენტაციაზე დაEეს იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობას არწმუნებს, ნატო-სკენ სწრაფვა უალტერნატივოა. ბატონი პრეზიდენტის გზავნილების მთელი თაიგული ისეთი იყო, რომ მის ფსიქიკურ მდგომარეობაში ეჭვი შეგეპარებოდა.

_ სააკაშვილი სიტყვებს, როგორც წესი, ჰაერზე არ ისვრის...

_ გეთანხმებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავრწმუნდი, რომ ამ კაცს ჯანსაღი ფსიქიკა არ აქვს. როცა სააკაშვილმა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის ფედერალური სამსახურის როლზე ისაუბრა, დასავლელ პარტნიორებს ძალიან სწორი და გამართული გზავნილით მიმართა, ანუ თუ დასავლეთი არ გააგრძელებს სააკაშვილის მხარდაჭერას და არ დაიცავს, ბევრ საიდუმლო ინფორმაციას გააჟღერებს. ერთმა გონიერმა ადამიანმა სააკაშვილის ეს მონათხრობი, “ვიკილიქსის” ახალ სკანდალს შეადარა.

_ მაინც, რისი თქმა შეუძლია სააკაშვილს?

_ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, საზოგადოებას აცნობოს, რა როლი ითამაშა აშშ-მ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, ვინ იყო ჩართული აშშ-ის მხრიდან იარაღით უკანონო ვაჭრობაში, ნარკოტიკების ტრანზიტში და ასე შემდეგ. საერთოდ, სააკაშვილს არ სჩვევია თავის დამცირების დემონსტრირება, მაგრამ ეს წესი ამ ინტერვიუში დაარღვია, ამიტომაც, არ გამოვრიცხავ, რომ ეს გზავნილები ორიენტირებული იმაზე იყო, რომ გამგებს გაეგო...

_ გამოდის, რომ სააკაშვილი აშშ-ს აშანტაჟებს, მაგრამ ამ შანტაჟით რის მიღწევას ცდილობს?

_ შანტაჟით ძალიან ბევრი რამის მიღწევა შეუძლია. მართალია, თავის ქვეყანაში არა აქვს ავტორიტეტი, მაგრამ სააკაშვილი დასავლეთში ცნობადი სახე და დემოკრატიული სამყაროს ოჯახის წევრია.

_ ვერაფერს ვიტყვით _ კომპრომატები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე კი არა, უცხოელებზეც შეუგროვებია!

_ სააკაშვილი, უდავოდ, ნიჭიერია, მაგრამ ბრძენი პოლიტიკური მოღვაწე არაა. ურთულეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მოახერხა და პრეზიდენტი გახდა, ჩამოყალიბდა საკმაოდ ქარიზმატულ პიროვნებად, პირველ საპრეზიდენტო ვადაში მას უყოყმანოდ გაჰყვა ხალხი, მეორე ვადაში გაუჭირდა, მაგრამ დღემდე ჰყავს მხარდამჭერები. ისე, მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის შანტაჟს დიდი ჭკუა არ სჭირდება. ჯობდა, დასავლეთთან ურთიერთობა დაელაგებინა, რადგან, როგორც წესი, ასეთი შანტაჟი კარგად არ მთავრდება.

_ იმის თქმა გინდათ, რომ სააკაშვილი დასავლეთს შანსს არ აძლევს, მშვიდობიანად დაამთავროს პროექტი _ ,,სააკაშვილი-ნაცმოძრაობა”?

_ დიახ, ასეა. მათ სხვაც უამრავი თავის ტკივილი აქვთ. გლობალური პოლიტიკა, რეალობა ყოველ წუთს იცვლება. მსოფლიო საზოგადოება  სირიული კონფლიქტითაა დაკავებული. რუსეთს აწყობს კონფლიქტის შენარჩუნება... არსებობდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, სწორედ სირიის ტერიტორიის გავლით, ყატარის გაზი ევროპაში უნდა გასულიყო. ამით რუსეთი გასაღების ბაზარს კარგავდა. საუდის არაბეთის დაზვერვის ხელმძღვანელი, ნოვო აგარიოვოში რუსეთს მილიარდებს სთავაზობდა, რომ ასადის დაცვისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ რუსეთმა ამაზე უარი თქვა, რადგან რუსული გაზი დიდი პოლიტიკური იარაღია, რომელზეც კრემლი უარს არ იტყვის...

ქართულმა საზოგადოებამ არ იცის, რომ ეს კონფლიქტი უკვე შეგვეხო _ ქუჩაში აზიური გარეგნობის ადამიანებს ვაწყდებით და გვგონია, რომ ირანელები არიან. სინამდვილეში, ისინი სირიელი ლტოლვილები _ ნესტორინელები და ეგვიპტელი ქრისტიანები, ანუ კოპტები არიან. ჯერჯერობით მასიური ხასიათი არ აქვს ლტოლვილთა შემოდინებას, მაგრამ ფაქტია, რომ პროცესი დაიწყო.

_ რა გზით შემოდიან?

_ საქართველოს უვიზო რეჟიმი 129 ქვეყანასთან აქვს. ვიზიტორს შეუძლია, საქართველოში 364 დღე დაჰყოს... გასულ წელს, დეკემბერში, ქვეყანაში მალაიზიის წარმომადგენლები იყვნენ შემოსულნი ტერორისტული აქტის მოსამზადებლად. მერე, დაიძრენ ევროპისკენ და ეს ამბავი ჩვენთვის  პოსტფაქტუმ გახდა ცნობილი. კარგია, რომ ხელისუფლებამ საემიგრაციო კანონის გამკაცრება დაიწყო. 

_ რუსეთი ისევ ევრაზიის კავშირისკენ გვექაჩება..

_ პარადოქსია, მაგრამ ევრაზიის კავშირის იდეა ,,თეთრ ემიგრაციაში” გაჩნდა და მისი ზოგიერთი ავტორი ქართველია. დღეს პუტინის ევრაზიული კავშირი ნატო-სა და ევროკავშირის ალტერნატივაა, თუმცა ვერც რესურსებით და ვერც იდეით “ვერ გაქაჩავს” და მომხიბლავი არ გახდება.Aარადა, ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვისაც აუცილებელია, რადგან მას სერიოზული საფრთხე ელოდება, ერთის მხრივ, ჩინეთისგან და, მეორეს მხრივ, პოლიტიკური ისლამისგან. რუსეთს არ ასვენებს თავისი იმპერიული ზრახვები. პოზიციებიდან გამომდინარე, ისეთი კავშირის შექმნა უნდა, რომ დაიბრუნოს მსოფლიო ლიდერის პოზიცია. რუსი ერი მილევადია _ დაბერდა და არ ჰყოფნის ქვეყნის ერთგული, გულშემატკივარი ადამიანები. რუს მიგრანტთა უზარმაზარი მასა არასანდოა და თავს ვალდებულად არ თვლის, ამ ქვეყნის სასარგებლოდ იღვაწოს, რუსეთი მიგრანტებისთვის მხოლოდ ნედლეულის წყაროა.

_ ქართველებს გვაქვს რესურსები საქართველოს ფეხზე დასაყენებლად?

_ ჯერ კიდევ გვაქვს რესურსები, რადგან სხვა ტიპის ქვეყანა ვართ, სანამ ტრადიციული ურთიერთობების ნამსხვრევები არსებობს, კიდევ შეიძლება მასზე მომავლის აშენება. ჩვენი უბედურება ისაა, რომ ქვეყანას ფუნქცია ვერ შევუძინეთ. გვინდა, ვიცხოვროთ პრინციპით: ,,რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”. ეს სუფრის ყველაზე მახინჯი ტრადიციებიდან შემორჩენილი ლოზუნგია და სხვა არაფერი. მიუხედავად ამისა, იდეოლოგიის შეძენის უფრო მეტი შანსი გვაქვს, ვიდრე _ რუსეთს. გარდა ამისა, შეგვიძლია, კავკასიის რეგიონის გული და ტვინი გავხდეთ.

_ ამ მიმართულებით პროცესები დაწყებულია?

_ სამწუხაროდ, საერთო კავკასიურ სახლზე, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი ექნება, არც ახალი ხელისუფლება ფიქრობს. გავიხსენოთ: კუვეიტი პატარა ქვეყანაა, მაგრამ როცა პრობლემები დაეწყო, მის დასაცავად მთელი მსოფლიო დაიძრა. ჩვენგან განსხვავებით, კუვეიტს აქვს ფუნქცია: სატრანზიტო, რესურსული, შემაკავებელი.

_ 2008 წელს მსოფლიომ ამიტომ არ დაგვიცვა?

_ დიახ, სწორედ უფუნქციობის გამო არ დაგვიცვა. ვერ გეტყვით, რა ფუნქციას შეიძენს მომავალში საქართველო, მაგრამ თავის დროზე არნოლდ ჩიქობავამ მოახერხა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიის ინტელექტუალურ ცენტრად გადაექცია. კავკასია რეგიონია, რომლის დაპატრონებას ყველა დამპყრობელი ცდილობდა და, ამასთან, კავკასიური ერების ერთმანეთთან წაკიდების პოლიტიკას აწარმოებდა. დღეს კავკასიის ხალხების გამაერთიანებელი ძალა არ არსებობს _ მიწის გამო ერთმანეთს გაუთავებლად ებრძვიან და ბევრი ჩრდილოკავკასიური ერი მარგინალად იქცა. თუკი კრემლში არსებობს ევრაზიული იდეა, რატომ არ შეიძლება, ჩვენთან კავკასიური იდეა არსებობდეს?

_ ქვეყანაში პროცესები რაღაც უნიათოდ მიდის. იმასაც ამბობენ, რომ 27 ოქტომბრამდე ,,ნაციონალებისმიერ მოწყობილი არაერთი პროვოკაციის მომსწრე გავხდებით...

_ უნიათონი დღევანდელი პოლიტიკოსები არიან _ საქართველოს პარლამენტში შეიკრიბნენ არა იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები, არამედ, ადამიანები, რომლებიც თავის თავს მხოლოდ პოლიტიკაში ხედავენ. დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა არ ფიქრობს პრინციპით _ ,,მე ვჭირდები ქვეყანას”. მათ საკუთარი კეთილდღეობა აღელვებთ და ამბობენ: ,,მე უნდა ვიყო იქ”.

_ ბატონო მამუკა, ამ გაგანია კოჰაბიტაციაში, როგორ გგონიათ, კბილაშვილი ხომ არ აღმოჩნდება ,,განტევების ვაცი”?

_ ,,პატრიოტთა ალიანსი” ებრძვის არა კბილაშვილს, არამედ, სიტუაციას, რომელიც სამართლიანობის აღდგენის დაპირების გამო შეიქმნა. არჩილ კბილაშვილმა ვერ შეძლო საზოგადოების დაკვეთის შესრულება, რადგან წნეხის ქვეშაა არა მარტო თვითონ, არამედ, ბიძინა ივანიშვილიც. ვფიქრობ, ქართველმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ უნდა ჩაიხედონ ლექსიკონში, გაარკვიონ, რას ნიშნავს ,,კოჰაბიტაცია” _ კოჰაბიტაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების თანაარსებობაა ქვეყნისთვის სასიკეთოდ. ჩვენს ქვეყანაში კი, კოჰაბიტაციის პროცესის დროს, ერთი ძალა მეორეს საბოტაჟს უწყობს. ,,ნაცმოძრაობას” იმდენად უნდა თავის გადარჩენა, რომ ფეხებზე ჰკიდია საქვეყნო საქმეები.

_ ბატონო მამუკა, ,,ნაციონალებიშესანიშნავად ფლობენ პიარის ტექნოლოგიებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, ,,ქართულ ოცნებაზე”.

 _ პრემიერის პრესსამსახურის საქმიანობაში არ ვარ ჩახედული, მაგრამ საზოგადოებისთვის დადებითიად იმის მიწოდებასაც ვერ ახერხებს, რაც “ოცნებამ” გააკეთა. ჩათვალეთ, რომ მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს პიარჯგუფი არ ჰყავს.