წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების მთავარი ანტიგმირი ეროვნული საფეხბურთო გუნდი გამოდგა, რომელმაც ასტანაში ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია. წაგებაც არის და წაგებაც. დავიღალე ჩვენი ნაკრების პრობლემებსა და ბატონ თემურ ქეცბაიაზე ლაპარაკით. ამ თემას დღევანდელ წერილში არ შევეხები. მარტო ერთს გეტყვით. რამდენიმე დღის წინ ჩემმა კოლეგა სპორტულმა ჟურნალისტმა თავის გაზეთში შემდეგი საგულისხმო ფრაზა დაწერა - თემურ ქეცბაია - „GO HOME!!!“. ალბათ კომენტარი ზედმეტია.
მოგეხსენებათ აგვისტოში თბილისელი მამაკაცების უმეტესობას ოჯახები დასასვენებლად გვყავს გაშვებული. გამონაკლისს არც ამ სტრიქონების ავტორი წარმოადგენდა. ცივი ლუდი, თევზი და კარტოფილი, საღამოობით ახლობლებთან შეხვედრები. ყოველივე ამას იმიტომ ვწერ რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეგობრები მუდმივად ერთ თემაზე ვსაუბრობთ. ალბათ არ გაგიკვირდებათ და, ჩვენი სალაპარაკო გორის „დილა“ გახლავთ.
გიორგი დევდარიანის კრებული ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა და „ოლბორგისა“ და „ჰაიდუკის“ დამაჯერებელი ძლევის შემდეგ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დროებით დაჩრდილა. „დილაზე“ სრულიად ქვეყანა ალაპარაკდა. ამ ბიჭების გმირობებით ის ხალხიც კი დაინტერესდა ვინც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა. „ჰაიდუკთან“ განმეორებითი შეხვედრის წინ რამდენიმე ნაცნობი მოხუცი ქალბატონი დამიკავშირდა და თამაში რომელ საათზე იწყებაო, მკითხეს.
არ მახსენდება რომ ქართულ ფეხბურთში გიორგი დევდარიანის გუნდივით დაბალანსებული, შეკრული და რაც მთავარია კომბინაციური კლუბი გვყოლოდეს. გიორგიმ ორ თვეში ახლადჩამოყალიბებული კლუბიდან ჩინებული კრებული შექმნა. რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთელები დაცვიდან შეტევაზე ბურთის რამდენიმე შეხებით გადადიან და რამდენიმე წამის განმავლობაში მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან 4-5 გორელი ფეხბურთელი იყრის თავს. თვალში საცემია გუნდის კომბინაციური თამაშიც. ბიჭები ბურთს უფრთხილდებიან და მას უაზროდ არ კარგავენ.
არ ვიცი ვენის „რაპიდის“ ბარიერს დასძლევენ თუ არა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ერთი ძლიერი გუნდი კიდევ შეემატა. საწყენი იქნება თუ დეკემბერში „დილას“ მოთამაშეთა დიდი ნაწილი კარიერას სხვაგან გააგრძელებს. როგორც ვიცი მათ ხელშეკრულებები ამ თვემდე აქვთ გაფორმებული.
ერთ მტკივნეულ თემას მსურს რომ შევეხო. გუშინ ინგლისისა და ესპანეთის ეროვნული პირველობები დაიწყო. სამწუხაროდ ქართულ საკაბელო ტელევიზიებში ამ მატჩების სრულად ნახვა დიდ სიძნელეს წარმოადგენს. ამ ჩემპიონატებს ნაწილობრივ მხოლოდ „შეტანტა შპორტ”-ის მეშვეობით უყურებთ. რამდენიმე წლის წინ შექმნილმა „GMG”-იმ თავის დროზე მუშაობა აქტიურად დაიწყო და ფეხბურთის მოყვარულების მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებდა. გასულ წელს ამ საკაბელო ტელევიზიის ეთერიდან იტალიისა და ესპანეთის პირველობები „გაუჩინარდა“, წელს კი მათ რიცხვს ინგლისიც გამოაკლდა.
როგორც ვიცი ინგლისის პრემიერლიგის მატჩების ჩვენების უფლება ერთ-ერთმა ცნობილმა საკაბელო არხმა ოფიციალურად შეიძინა. მე მისი კონკურენტის მომსახურეობით ვსარგებლობ და ინგლისური ფეხბურთის სიყვარულის გამო საკაბელო ოპერატორს ვერ შევიცვლი. მაინტერესებს „GMG”-ის ხელმძღვანელობის პოზიცია. რატომ არის რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში დიდი ამბიციებით შემოსული ტელევიზია მუშაობას თანდათან აუარესებს. მართალია პორტუგალიის პირველობა დაამატეს, მაგრამ მე და მრავალ ჩემნაირს ინგლისი, ესპანეთი და იტალია ბევრად უფრო გვაინტერესებს. იმედია ამ შეკითხვებზე პასუხებს მალე მივიღებთ.
რამდენიმე დღეში თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“ მორიგ საერთაშორისო შეხვედრებს ჩაატარებენ. „ტოტენჰემი“ ალბათ ძნელი დასამარცხებელი იქნება, „დილას“ იმედი კი ნამდვილად გაგვაჩნია.
დღეს კვირაა, ცხელი აგვისტოს ერთ-ერთი დღე. ჩვენი წერილის მეორე ნახევარში ქართულ სახალისო სპორტულ მოგონებებს წარმოგიდგენთ.
„ეროსი მანჯგალაძეს მიყავდა თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი თამაში. ჩვენი გუნდი საშინლად აგებდა. დანიშნა მსაჯმა ჯარიმა და ქართველებმა ცოცხალი კედელი გააკეთეს. გაცოფებულმა ეროსიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: ...და მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი!“
„როდესაც ლევან თედიაშვილმა სპორტს თავი დაანება, პარტიამ კახეთში ერთ-ერთი ჩამორჩენილი კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნა. ერთხელ რთველზე მან რუსები დაპატიჟა და სოფელში ტურისტებით სავსე ავტობუსი ჩაიყვანა. ვენახში ნახევრად შიშველი რუსი ქალების დანახვაზე მთელი სოფელი რთველში ჩაება. ყველაზე ზარმაცებიც კი თავგამოდებით მუშაობდნენ. იმ წელს კოლმეურნეობამ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. ლევან თედიაშვილი კი რაიკომში დაიბარეს და მადლობის მაგივრად "სოფლი გარყვითვინ" საყვედური გამოუცხადეს“.
„81 წელს როდესაც დინამომ თასი აიღო, ბუნებრივია დაიწყო ტრიუმფატორი გუნდის შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ერთ-ერთი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრებთან. ახალკაცმა მიიყვანა დუბლშემადგენლობა შეხვედრაზე და მოიბოდიშა, "ასნავნოი" გუნდი დაღლილია და მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ხვალ, ამიტომ დუბლები მოვიყვანეო. იმ დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო ნოდარ დუმბაძე, რომელმაც უპასუხა: ეგ არაფერი, ჩვენც დუბლები ვართ "ასნავნოი" მთაწმინდაზე წევს ძამა“.
„საქართველოს ნაკრების ბულგარული ფიასკოს შემდეგ, თბილისის ერთ-ერთ ეზოში გულშემატკივრები შეიკრიბნენ და ნაკრებს აგინებდნენ. საუბარში დანიასთან წაგებული 1:6-იც ახსენეს და იორდანიასთან წაგებაც ინატრეს გასაგები მიზეზის გამო. ეზოში მცხოვრებმა მოხუცმა გურულმა მეზობლები დააიმედა - წავაგებთ ძამა, აბა რა ვიზამთ, - დანიამ რა გვიქნა და ი ორი დანია ხომ თლათ მოგვსპობსო...“
„აჩი არველაძემ ტრამვების გამო 28 წლის ასაკში დაანება ფეხბურთს თავი. "თურქებმა დიდხანს გვიყურეს და გამოგვიცხადეს: "შოთა - იახში! აჩი - სახლში!" ამბობდა ქართველი სპორტსმენი.“
სამხედრო პარადის რადიორეპორტაჟი მიყავს ეროსი მანჯგალაძეს. ჩაივლიან სხვადასხვა სახეობის ნაწილები ტრიბუნასთან, აცხადებს ამას ეროსიც. ტექსტი საქინფორმის უდევს, მშრალი ოფიციალური (ტექსტი როცა მთავრდება, წერია ემბარგო მოხსნილია, ე.ი. დამთავრდა). მოკლედ, ჩაიარეს სამხედრო ნაწილებმა და ჩაასრულა ეროსიმაც ტექსტი, ემბარგოც მოხსნილია, მარში შეწყდა, მოედანზეც სიჩუმეა... და უცებ, ეროსისთვის მოულოდნელად კიდევ დაცხო მარშმა და ხედავს მორიხინებს რაკეტები რომ ადგათ და პულიმიოტები რომ აქვთ მიბმული გრუზავიკებს ისეთი კოლონა... ეროსი ვერ მიხვდა რა ხდება, დაწერილი ტექსტი ჩამთავრებულია (როგორც მერე გაირკვა ეშხში შესულ ეროსის გაუსწრია ქრონომეტრაჟისთვის) ისევ ეთერშია, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და აღმოხდა: "ეს რაღა ჯანდაბაა კაცო?!"
„ის პერიოდია თბილისის ”დინამოს” მზე რომ ჩაესვენა და ერთ სუფრაზე ირაკლი აბაშიძეს უთქვამს: - კაცო, რა აზრი აქვს შეძახილებს - ”დინამო”, ”დინამო”? ახლა ჩემმა ცოლმა რომ დამიწყოს ძახება ირაკლი, ირაკლი, მეშველება რამე?!“
„თემურ ბენდიაშვილი ალბათ ყველას გაგიგიათ. კარგი მორაგბე და ახლა "ლოკომოტივის" მწვრთნელი. მაგარი თავისებური ვინმეა. პრესკონფერენციებზე ჩვევად აქვს, რომ კითხვები დააყაროს მწვრთნელებს კარგი ჟურნალისტივით.
ასე იყო ჩილესთან მატჩის შემდეგაც. ჩილელთა მწვრთნელი ესპანურად საუბრობდა, მერე მათი კაპიტანი გარსია ინგლისურად თარგმნიდა, შემდეგ კი რაგბის კავშირის მოხელე გიო მამარდაშვილი გვითარგმნიდა.
ასე გაგრძელდა რამდენიმე კითხვა და მერე წამოიჭრა ბენდო და გიო გააჩერა და ხმამაღლა ეკითხება - მოიცათ, რას შვებიან ესენი, რას ელაპარაკებიან ერთმანეთსო... ინგლისური და ესპანური რომ სხვადასხვა ენებია ვერ მიხვდა და ეგონა ისინი თათბირობდნენ რა ეპასუხათ ჟურნალისტებისთვის.“
„ცხონებულ კოტე მახარაძეს მიყავდა 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მანჩესტერი“ – „ბავარია“ და შეხვედრის მეორე ნახევარში შემდეგი „ისტორიული“ წინადადება წარმოთქვა: - "მდაა როგორც ხედავთ მეგობრებო მანჩესტერის რიგებში უხვად არიან ზანგი ფეხბურთელებია, ისეთები როგორიც დუაიტ იორკი და დევიდ ბექჰემი"
„ბოლნისის "სიონი" ევროთასებზე რომ გავიდა და ახალი სტადიონი რომ ავაშენეთ, სტადიონის სტანდარტების შესამოწმებლად უეფას წარმომადგენელი უნდა ჩამოსულიყო. დიდ საგონებელში ჩავვარდით, რადგან ვიცოდით, რომ მოედნის სიგრძე სტანდარტულზე მეტრანახევრით მოკლე იყო. ბევრი ვიფიქრეთ და ასეთი ეშმაკობა მოვიფიქრეთ: ვიყიდეთ 30 ცალი ორმეტრიანი რულეტი და ისე გადავაბით ერთმანეთს, რომ რულეტი ასე ორ მეტრს "იტყუებოდა". მოკლედ, მთელი ერთი კვირა ვიწვალეთ იმ გიგანტური რულეტის გაკეთებაზე და დანიშნულ დღეს რის ვაი-ვაგლახით მივათრიეთ სტადიონზე. მოვიდა უეფას წარმომადგენელიც და ისეთი რამ გააკეთა, რომ კინაღამ ინფარქტმა დაგვარტყა. დადგა ის უპატრონო კარის ხაზზე, ამოიღო ჯიბიდან რაღაც მობილურის მსგავსი, ერთი დააწკაპუნა და დაიძახა - ნოუ სტანდარტო. ასე, რომ სულ ოხრად დაგვრჩა ის გიგანტური რულეტკა. საბედნიეროდ, ბოლოს უეფამ მაინც დაუშვა გამონაკლისი და ბოლნისში თამაშის უფლება მოგვცა“.
„მილანს" კობა ხატისაშვილი მიჰყავდა მეკარედ 1999 წელს, მაგრამ მან ვიზის აღება მხოლოდ ბოლოსწინა დღეს მოახერხა და უკვე გვიანი იყო, ავიარეისს ვერ მიუსწრო... ხატისაშვილის ნაცვლად "მილანმა" დიდა აიყვანა...“
„ერთი ქართველი იყო მოსკოვურ გუნდში გასინჯვაზე. ვარჯიშზე დაიბნა, აერია ფერები და მოწინააღმდეგეს აძლევდა პასებს. მწვრთნელი უყვირის: გრუზინ, ტი ჩტო დალტონიკ? და ეს პასუხობს: და, და...“