ხელისუფლების მორიგი იერიში დევნილებზე

ხელისუფლების მორიგი იერიში დევნილებზე

[გვანცა გიორგობიანი]

დღეს დილით, 20 იანვარს, 07:00 საათზე ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდან და ორხევის დასახლებაში მდებარე საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან დევნილთა გამოსახლება დაიწყო. დევნილები, რომელთა დიდმა ნაწილმა 2008 წლის ომის შედეგად დატოვა სახლები, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სამ შენობაში ცხოვრობდნენ, თუმცა, ამ დროისთვის მათი ნაწილის გამოსახლება ორი შენობიდან მოხდა.

არსებული ინფორმაცით, დღეისთვის სულ 1400-მდე დევნილის გასახლება იგეგმება. სტუდქალაქის პერიმეტრი დილიდანვე პოლიციელებით იყო გარშემორტყმული და ტერიტორიაზე არავის უშვებდნენ. ცხინვალის რაიონის სოფელ ქემერთადან ერთ-ერთმა დევნილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თქვა, რომ ფართის დაცლის შესახებ გაფრთხილება წუხელ მიიღეს:

„წუხელ მოვიდა პოლიცია და მოგვიტანა გაფრთხილება, თუმცა ამ გარფთხილებაში არანაირი თარიღი და დრო არ არის მითითებული. ჩვენს ბარგს უკვე მანქანებში ალაგებენ, მაგრამ არ გვეუბნებიან, სად მივყავართ. ჩვენ არც კომპენსაცია მიგვიღია და არ ვიცი, სად უნდა შევაფაროთ თავი“.

მოგვიანებით, ხელისუფლებამ სატვირთო მანქანით ადგილზე, დამატებით, 60-მდე პირი მიიყვანა, რომლებიც  დევნილებს ნივთების „გამოტანაში ეხმარებოდნენ“. „კონსერვატორების“ წევრებმა, ლაშა ჩხარტიშვილმა და ალეკო შალამბერიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან აღნიშნეს, რომ ეს ადამიანები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. დევნილთა გამოსახლების პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამი წარმომადგენელი ადევნებდა თვალს, თუმცა ამან ვერაფერი შეცვალა.

გამოსახლების პროცესი იმდენად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რომ მოგვიანებით შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა შეხლა-შემოხლა პოლიციელებსა და დევნილებს შორის. დევნილებმა ჯებირიც კი მოხსნეს, რომლითაც პოლიციელებს ტერიტორია ჰქონდათ შემოღობილი და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს. დევნილები ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ, ხოლო ტერიტორიიდან გამოსულ საბარგო მანქანას გზა გადაუღობეს და გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

თავის მხრივ, პოლიციელებმა გაუწიეს დევნილებს წინააღმდეგობა და არ მისცეს სტუდქალაქის ტერიტორიაზე  შესვლის შესაძლებლობა. პოლიციამ არა თუ დევნილებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც არ მისცა ტერიტორიაზე შესვლის უფლება.

ერთ-ერთი დევნილი შეხლა-შემოხლისას შეუძლოდ გახდა და  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. პოლიციის მაღალჩინოსანის გიორგი ონიანის მითითებით კი, პოლიციელებმა სტუდქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა, „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი გია ყრუაშვილი და რამდენიმე დევნილის ნათესავი: ჯულიეტა ცინდელიანი, ირინა ფირცხელანი, ბელა ხერგიანი და ნაზი იოსელიანი.

კახა კუკავას განცხადებით, სტუდქალაქის ტერიტორიაზე გია  ყრუაშვილს პოლიციის წარმომადგენლის გიორგი ონიანის ბრძანებით, სასტიკად სცემენ და ყრუაშვილის და  იმ დევნილების გათავისუფლება მოითხოვა, რომლებიც ტერიტორიის შიგნით ჰყავდათ შეყვანილი. 

დევნილთა გამოსახლების ადგილზე მივიდა დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელმაც სტუდქალაქში მიმდინარე დევნილების გამოსახლების პროცესზე მონიტორინგის უფლება მოითხოვა. ამის გამო, ლორთქიფანიძესა და ონიანს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ლორთქიფანიძემ ონიანს წარუდგინა პარლამენტარის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის მიხედვითაც, უფლება აქვს, მონიტორინგი აწარმოოს პოლიციის და, ზოგადად, ხელისუფლების ქმედებებზე, მაგრამ, ამის მიუხედავად, პოლიციელმა დეპუტატს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა. 

ამ დროისთვის დევნილების ნაწილმა ტერიტორია დატოვა, თუმცა როგორც ერთ-ერთმა დენვილმა, ზეინაბ გურჩიანმა განაცხადა, დევნილების უმრავლესობა, რომლებსაც საცხოვრებელი დაატოვებინეს, სტუდქალაქის ეზოში იმყოფებიან. პირადად მას კი, წასასვლელი არსად აქვს და ამ ყველაფერთან ერთად, მის 14 წლის შვილს მაღალი სიცხე აქვს, რომელიც ღია ცის ქვეშ არის დატოვებული.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით, გამოსახლებულ დევნილებს სამინისტრო ალტერნატიულ ფართებს რეგიონებში, კერძოდ კი კახეთში და სამეგრელოში სთავაზობს. სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა, იულია ხარაშვილმა სატელეფონო საუბრისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა:

„ჩვენ ამ ადამიანებს ვთავაზობთ საცხოვრებელ ფართებს კახეთში, კერძოდ სოფელ ბაკურციხეში, ასევე - სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე რაიონში. მათ შეეძლოთ, ენახათ მათთვის განკუთვნილი ფართები. მოხდება იმ დევნილების იქ ჩასახლება, ვისაც ამის სურვილი ექნება და მათ იძულებით არავინ გამოასახლებს“.

მისივე თქმით, სხვა დევნილებთან ერთად, საცხოვრებელ ფართებს იმ დევნილებსაც სთავაზობენ, რომელთა გამოსახლება მიმდინარეობს ორხევის დასახლებაში, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 20 ოჯახი ცხოვრობდა.

თუმცა, სამინისტროს წარმომადგენლისგან განსხვავებით, საპირისპიროს ამბობენ ორხევში მცოხვრები დევნილები და აცხადებენ, რომ ისინი შენობას საკუთარი სურვილით არ ტოვებენ.

„დილის 07.00 საათზე დაგვადგა თავზე პოლიცია და ჩვენი გამოსახლება დაიწყეს. ისე იქცევიან, თითქოს ტერორისტები ვიყოთ. ამასთან ჩვენ არ ვიცით, სად უნდა წავიდეთ და არ გვაქვს არანაირი თავშესაფარი“, - განაცხადეს დევნილებმა. 

დევნილების ნაწილი ახლობლებთან და ნათესავებთან აპირებს თავის შეფარებას. 
მათი თქმით, მათთვის არავის უთქვამს სად გადაიყვანენ და მისცენ თავშესაფარს და ამიტომ ვისაც საშუალება აქვს, ახლობლებს სთხოვენ თავშესაფარს.

ისევე, როგორც ბაგებში, ორხევშიც 5 სატვირთო მანქანა და ყვითელი ავტობუსი მიიყვანეს, რომლითაც, დევნილების განსახლების ადგილას გადაყვანა იგეგმება.

„მე არ ვაპირებ ავეჯის წაღებას. დაე, ყველაფერი აქ დარჩეს. ერთხელ უკვე დავკარგე ცხოვრება სოფელ ქემერთში და ახლა ეს ყველაფერი აღარც მინდა, თუმცა არ ვიცი, რა ვუყო ჩემ ექვს–სულიან ოჯახს და სად შევაფარო თავი, ან როგორ ვარჩინო ისინი. ჩვენ არ აგვიღია არანაირი კომპენსაცია, თუმცა გვითხრეს, რომ ვიდრე კომპენსაციას არ მივიღებდით, არ გაგვასახლებდნენ. ამის მიუხედავად, წუხელ მოვიდა პოლიცია და ჩვენი გამოსახლება მაინც მიმდინარეობს“, - განაცხადა სოფელ ქემერთადან დევნილმა გურამ ოთინაშვილმა. მას ოჯახში 3 მცირეწლოვანი ბავშვი და მოხუცი დედა ჰყავს.

ისევე როგორც ბაგებში, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობის პერიმეტრიც პოლიციის მიერ იყო გარშემორტყმული და შენობაში არც ჟურნალისტებს და არც სხვა პირებს უშვებდნენ.

სუბელიანის უწყების მიერ შეთავაზებულ ფოცხოეწერში წასვლას, არც ერთი დევნილი არ თანხმდება. ბაგების სტუდქალაქიდან გამოსახლებული დევნილები თავშესაფარს ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვენ. „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით მალაზონიას თქმით, აღნიშნული მოთხოვნას დევნილები აშშ-ს საელჩოსთან დღეს დააფიქსირებენ, სადაც პარლამენტის წინ გამართული აქციის შემდეგ გადაინაცვლებენ. მალაზონია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დევნილებს სამშობლოში ყოფნის უფლება არ მისცა და იძულებულნი არიან, დახმარება აშშ-ს სთხოვონ.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დევნილთა გამოსახლება უკანანონოდ მიმდინარეობს და მათ ხელისუფლება ალტერნატიულ საცხოვრებელს ფორმალურად სთავაზობს, რადგან სამეგრელოს რეგიონში საცხოვრებელს რამდენიმე ათეულ დევნილს სთავაზობენ, უმრავლესობა კი ღია ცის ქვეშ რჩება.

მართალია, სუბელიანი ირწმუნება, რომ არცერთი დევნილი ღია ცის ქვეშ არ დარჩება, მაგრამ ის თავშესაფარი, სადაც უკვე შეასახლეს დევნილები, ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს არცერთ დევნილს. მას შემდეგ, რაც ფოცხო–ეწერში ჩასახლებული დევნილები „ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მოინახულა პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აფხაზეთიდან დევნილი 18 ოჯახი, რომელიც ხელისუფლებამ 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იძულებით და მოტყუებით გადაასახლა, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

„გაწბილებული დევნილები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ სოფელში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი და მაღაზია, გადაუჭრელ პრობლემად იქცა ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება. გარდა ამისა, სოფელი დიდი მანძილით არის დაშორებული სხვა დასახლებულ პუნქტებს და უტრანსპორტობის გამო, დევნილები გარე სამყაროსგან მოწყვეტილები არიან.“

დევნილების თქმით, ისინი თბილისში დასაქმებულები იყვნენ და, ასე თუ ისე, ახერხებდნენ ოჯახების შენახვას. ფოცხოეწერში კი ამის შესაძლებლობა არა აქვთ. მიზერული დახმარებით, რომელსაც ხელისუფლება იმეტებს, ბავშვების კვების და გათბობის პრობლემასაც ვერ წყვეტენ. დევნილები თბილისში დაბრუნებას მოითხოვენ, სადაც თითქმის 20 წელი ცხოვრობდნენ და გარემოსთან ადაპტირებულები იყვნენ.

დევნილთა გამოსახლების გამო, დღეს პარლამენტის შენობასთან, 14:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.