უნივერსიტეტში სამართლიანობის დადგომას ელიან

უნივერსიტეტში სამართლიანობის დადგომას ელიან

თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა გახდა. თსუ-ში ახალი, რიგით 28-ე რექტორი აირჩიეს. 14 კანდიდატიდან კენჭს იყრიდა 13 კანდიდატი - ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მარინა ჩიტაშვილმა ლადო პაპავას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

თსუ-ის ახლადარჩეულმა რექტორმა მომავალ გეგმებთან დაკავშირებით უკვე გააკეთა პირველი განცხადებები, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტმა სტუდენტს საერთაშორისო დონის განათლება უნდა მისცეს და უნივერსიტეტმა ღირსეული სახელი უნდა დაიბრუნოს.

„იმედი მაქვს, ქართული ბიზნესი გაახელს თვალს და მიხვდება, რომ მას სჭირდება განათლებული კადრები, უნივერსიტეტი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, ბიზნესს აღვუზარდოთ მაღალპროფესიული კადრები. ძალიან ბევრი რამ არის უნივერსიტეტში შესაცვლელი, პარველ რიგში, გავაძლიერებ სამეცნიერო მუშაობას, რაშიც სტუდენტები უნდა იყვნენ ჩართულები. უნივერსიტეტის ბიუჯეტს რაციონალურად გამოვიყენებ“, - განაცხადა პაპავამ.

 პაპავას განცხადებით, დაფინანსება, რომელიც დღეს უნივერსიტეტშია, მიმდინარე საკითხების გადასაჭრელად საკმარისია.

„არსებობს მიმდინარე და სტრატეგიული საკითხები. მიმდინარე საკითხები უკავშირდება ახალი სასწავლო წლის დაწყებას, რომელიც სულ ერთ თვეში დაიწყება. ბუნებრივია, აქ იქნება გარკვეული ტექნიკური საკითხები დასარეგულირებელი, რაც მიმდინარე მუშაობის რეჟიმში უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება სტრატეგიულ საკითხებს, აქ ძალიან ბევრი თემაა დასარეგულირებელი. გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტმა უნდა მისცეს ახალგაზრდობას თანამედროვე ცოდნა, რომელიც იქნება საერთაშორისო სტანდარტების და დონის. ამის მისაღწევად არის სხვადასხვა ჩანაფიქრი. უპირველესი პრობლემა დაკავშირებული იყო საერთაშორისო სტანდარტების სახელმძღვანელოებთან, ამისთვის არის ის ჩანაფიქრი, რომ ჩვენ პროფესორ-მასწავლებლებს მივცეთ სტიმული, რომ მათ შექმნან ან თარგმნონ ასეთი საერთაშორისო დონის სახელმძღვანელოები, რათა უზრუნველვყოთ სტუდენტები ამ სახელმძღვანელოების ფონდით, ელექტრონულ ფორმატში მაინც. გარდა ამისა, აუცილებელია სტუდენტების ჩართვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ეს პრობლემა დღემდე გადაუწყვეტელია. პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრანტის თუ დოქტორანტის ხელმძღვანელობაში ანაზღაურებას არ იღებენ, ამ დროს ეს ფული უნივერსიტეტში შედის“, - განაცხადა პაპავამ.

უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მხოლოდ ჩამონათვალიც კი საკმაოდ ვრცელია, თუმცა, როგორც ჩანს, თავად ლადო პაპავასთვისაც კარგად არის ცნობილი ეს ყველაფერი. ჩვენ შევეცადეთ იმ რამდენიმე საკითხისთვის გაგვესვა ხაზი, რომელიც უნივერსიტეტის პროფესურის აზრით, პირველი რიგის პრობლემად უნდა ჩაითვალოს და დაუყოვნებლივ მოგვარდეს.

ავთანდილ სილაგაძე, პროფესორი: უნივერსიტეტში იმდენი პრობლემაა დაგროვილი, ძნელია გამოყოფა, რომელია პირველ რიგში მოსაგვარებელი საკითხი. პრობლემაა სწავლებასთან დაკავშირებით, მოსაგვარებელი იქნება სასწავლო გეგმებისა და პროგრამების საკითხი - საერთაშორისო სტანდარტებთან არის მოსაყვანი, სტუდენტებს ზუსტად რომ ასწავლო. ეს პროცესი ახლავეა დასაწყები, რადგან სექტემბრიოდან სწავლა იწყება და პროგრამები ზუსტად უნდა პასუხობდეს მოთხოვნებს.

გლობალური პრობლემა კი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს, ეს არის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთების საკითხი. ანუ უკვე უნდა დაიწყოს წესდებაზე მუშაობა, რომელიც ერთ თვეში უნდა მოესწროს. ამის შესახებ უკვე არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ეს არის უფრო მაღალი სტატუსი და ამასთანავე, რეგენტთა საბჭო, რომელიც დღეს ფინანსებს აკონტროლებს აღარ იქნება, ეს საკითხი სხვა ფორმით დარეგულირდება.

რისმაგ გორდეზიანი, პროფესორი: „პირველი, ეს არის სწავლის დონის რაც შეიძლება ამაღლება. ამის დაძლევა შესაძლებელია იმ ფარგლებში რისი შესაძლებლობებიც გააჩნია უნივერსიტეტს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ საკმარისი ფინანსები გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენს ფინანსებს შევადარებთ ევროპის საშუალო დონის უნივერსიტეტის ფინანსებს, სხვაობა ძალზე დიდია. ელემენტარულად, თურქეთის მესამეხარისხოვან უნივერსიტეტს სულ მცირე, 100 მილიონ ევრომდე აქვს წლიური ბიუჯეტი, ჩვენთან კი ბევრად ნაკლებია. ამასთან ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი ვიყოთ. ეს საკითხი მოსაგვარებელია, მაგრამ ასე ადვილად ვერ გადაწყდება.

შედარებით იოლად გადასაჭრელია ახალგაზრდობის გაბედულად გამოყვანა საერთაშორისო ასპარეზზე, მის სამეცნიერო დონის ამაღლებაზე ფიქრი, ცვლა თუ არ მომზადდა, უნივერსიტეტს პერსპექტივა არ ექნება. ცვლა უნდა მომზადდეს ღირსეული და არა ნახევარფაბრიკატი, რომ პროფესორების, წამყვანი მეცნიერების ადგილები დაიკავონ“.

რისმაგ გორდეზიანი თვლის, რომ უკანასკნელი 25 წელი საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების, სამოქალაქო ომების პერიოდი იყო. სწორედ ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობის და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეიქმნა უნივერესიტეტში ამდენი პრობლემა.

„მაგრამ მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტმა გაუძლო მძიმე პერიოდებს და იმედი მაქვს ახალი რექტორი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის, შეეცდება აქაც მიღწევები ჰქონდეს“,- აცხადებს რისმაგ გორდეზიანი.

ნატო ხარაძე, პროფესორი: პირველი, რაც აუცილებლად მოსაგვარებელია, ეს არის უნივერსიტეტიდან უსამართლოდ გაყრილი პროფესორების დაბრუნება. ამის რესურსი უნივერსიტეტს გააჩნია და მოგვარებაც მარტივად შესაძლებელია. უნდა დაითვალოს საათების რაოდენობა, რომელიც აქვს ყველა კათედრას და იმ თავისუფალ საათებზე კონკურსი უნდა გამოცხადდეს. თითოეულ კათედრას 4-5 მოწვეული პროფესორი მაინც ჰყავს, რომელსაც გროშებს უხდიან. ამ კუთხით ფინანსების დაზოგვა არ არის საჭირო, კეთილი ინებონ და შტატში ჩასვან ეს პროფესორები, მოიკლონ ის ხარჯები, რომელსაც დიდწილად უმიზნოდ, მივლინებებში ხარჯავდნენ საკუთარი გუნდის წევრებისათვის.

პროფესურას ციდან ვერ ჩამოვიყვანთ, უნდა მოხდეს მათთვის კვალიფიკაციის ამაღლება, საქართველოში ის კადრებია რაც არის, უკეთესს ვერსაიდან მოიყვან, ამიტომ, ვფიქრობ, არსებულის კვალიფიკაციის ამაღლება უნდა მოხდეს, ესეც შესაძლებელია.

კიდევ ერთი პრობლემაა დისციპლინა. ძალიან ბევრი კარგი პროფესორი, იმიტომ, რომ მენეჯმენტი მოიკოჭლებს, ვერ იხარჯება სრულად სტუდენტებისათვის - როდესაც აუდიტორიაში 100-ის ნაცვლად ორი სტუდენტი ზის, სწავლების რა ხარისხზეა ლაპარაკი?“, - აცხადებს ნატო ხარაძე.

უნივერსიტეტი, ისე როგორც მთლიანად ქართული საზოგადოება, სამართლიანობის აღდგენას ხელისუფლების შეცვლისთანავე ელოდებოდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უნივესიტეტს გააჩნია ავტონომია, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის შიდა საქმიანობაში ჩაურევლობას ნიშნავს, ეს პროცესი, როგორც თავად უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები აცხადებდნენ, ადგილიდან ვერ დაიძრა. მიზეზად უნივერსიტეტის ძველი ხელმძღვანელობა სახელდებოდა, რომელიც პირდაპირ ასოცირდებოდა ყოფილ ხელისუფლებასთან. ახალ რექტორს ყველა იმ იმედით შეჰყურებს, რომ დიდი ხნის ნანატრი სამართლიანობა უნივერსიტეტშიც დადგება. ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც მომავალი თაობის აღზრდით არიან დღეს დაკავებულები, ფიქრობენ, რომ სურვილის შემთხვევაში ეს სავსებით შესაძლებელია.

„პრობლემები ნამდვილად ბევრია, მოწვეული პროფესორების შრომის დისკრიმინაციის ხარჯზე უნივერსიტეტის მთელ რესურსებს ითვისებდნენ ძირითადად, ნაციონალების გუნდის წევრები, რომლებიც დღესაც არიან ადმინისტრაციაში დასაქმებულები, სრული აკადემიური დატვირთვაც აქვთ და ორ-სამ ხელფასს იღებენ, მაშინ, როდესაც მათზე გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის პროფესორები უმუშევრები არიან. სრულიად წარმოუდგენელია ადმინისტრაციაში სრული დატვირთვით მუშაობისას შენს სამუშაოს თავს ართმევდე და ამავდროულად „ა კონტრაქტით“ მუშაობდე და ჯამში 5000-ლარიან ხელფასს იღებდე, მინისტრს არ აქვს ამხელა ხელფასი.

არ არის ეს ის პრობლემები, რომელსაც ვერ მოაგვარებს ახალი რექტორი, თუკი მას ამისი ნება ექნება. იმედს ვიტოვებ, რომ არ იყო გარიგება აკადემიურ საბჭოსთან, რომ ისევ მათი შეკვეთებით გარგრძელდეს უნივერსიტეტის მართვა. ასევე მჯერა, რომ რაც უნივერსიტეტისთვის მისაღები იქნება, სწორედ იმ კუთხით დალაგდება სიტუაცია, და არა იმის მიხედვით რა უნდა იმ „12 მსაჯულს“, - აცხადებს ნატო ხარაძე.

ავთანდილ სილაგაძე კი თვლის, რომ პრობლემები არის როგორც ძველი, ასევე ახალი და სტუდენტების გარდა, პროფესურასაც უნდა შეუქმნა ღირსეული პირობები.

„ბევრ პროფესორს, მათ შორის, კვიტაშვილის მონაწილეობით, დაუმსახურებლად გადაუკეტეს უნივერსიტეტის გზა - ეს ყოველდღიური პრობლემა იქნება ახალი რექტორისა, რომ როგორმე ეს კვალიფიციური კადრები უნივერსიტეტში მოიზიდოს.

ასევე მნიშვნელოვანი თემაა უნივესიტეტის ახალი ბიუჯეტის მომზადება იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაცია ლამის ხუთჯერ აღემატება პროფესურას თავის ხელფასებიანად. მოკლედ, ძალიან ბევრი პრობლემებია, მაგრამ ლადო პაპავას დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, მართვისა და მეცნიერების კუთხით, მჯერა, რომ წარმატებები აუცილებლად იქნება“, - აცხადებს სილაგაძე.