მდიდრებიც ტირიან - სოციალური ბაზის მუდმივი პრობლემა

მდიდრებიც ტირიან - სოციალური ბაზის მუდმივი პრობლემა

სოციალურად დაუცველთა ბაზაში მუდმივად არიან მდიდარი „გაჭირვებულები“. დრო და დრო მათი ბაზიდან ამოღება ხდება, მაგრამ რატომღაც ასეთი ბენეფიციარები კვლავ აღმოჩნდებიან მართლაც რომ უკიდურესად ხელმოკლე ადამიანების გვერდით.

სოციალურად დაუცველთა ბაზაში ქუთაისელი „მილიონერიც“ აღმოჩნდა, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებდა. 2013 წლის აგვისტოში სოციალური მომსახურების სააგენტომ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინდმეწარმეების 2012 წლის შემოსავლების (ბრუნვის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეუდარეს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების ბაზას, რის შემდეგადაც გაირკვა, რომ საარსებო შემწეობის მიმღები აღმოჩნდა 1402 პირი, სულ 1300 ოჯახი, რომლებიც ამავე 2012 წელს ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას და მათი წლიური ბრუნვის მაჩვენებელი აღემატება იმ მინიმუმს, რაც წესით უნდა ჰქონდეს სოციალურად დაუცველებს.

„შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია ჩვენს სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებული უმწეოთა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. დაახლოებით, 1400 ოჯახი აღმოჩნდა ინდმეწარმე, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი ბრუნვა. მათ 2012 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების სახით მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

სოციალური მომსახურების სააგენტო და შემოსავლების სამსახური აგრძელებენ თანამშრომლობას და დამატებით ინფორმაციას შემდგომში მოგაწვდით.  ჩვენ ამ მონაცემებს, რომელიც ამ ეტაპზე მივიღეთ, ისევ შემოსავლების სამსახურს გადავცემთ, რათა მათ კონკრეტულად შეისწავლონ თუ რა ხდებოდა აღნიშნულ ფირმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ.

უკვე დადასტურებული ინფორმაციით, ერთი ინდმეწარმის წლიური ბრუნვა 1 მილიონ ლარზე მეტს აღემატებოდა; 4 ინდმეწარმის ფულადი ბრუნვა 500 000-დან 1 მილიონამდე ლარს შეადგენდა; სამი ინდმეწარმეს 300 000 და 500 000 ლარამდე ჰქონდა ბრუნვა, 4 ინდმეწარმეს - 250 000-დან 300 000 ლარამდე, 7 ინდმეწარმეს -200 000-დან 250 000 ლარამდე, 4 ინდმეწარმეს - 100 000-დან 200000 ლარამდე, 88 ინდმეწარმეს - 50 000-დან 100 000 ლარამდე და1275 ინდმეწარმეს წელიწადში 50 000 ლარამდე ბრუნვა ჰქონდა.

ამ ოჯახებს და ინდმეწარმეებს აგვისტოს თვიდან შეუჩერდებათ საარსებო შემწეობის გაცემა და უახლოეს პერიოდში განხორციელდება ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. დახმარების შეუჩერებლობის შემთხვევაში აღნიშნულ ბენეფიციარებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აგვისტოს თვეში არამიზნობრივად 304 274 ლარი დაიხარჯებოდა.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2012 წელს ამ ოჯახებზე ბიუჯეტიდან სააარსებო შემწეობის სახით უკვე გაიცა 1 167 356 ლარი. მსგავსი გადამოწმებები სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის წინა წლებში არ მომხდარა და აღნიშნული პროცესი 2012 წლიდან დაიწყო“, -  განაცხადა ქინქლაძემ.

სოციალური მომსახურების სააგენტო შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობას აგრძელებს.

„ჩვენ რამდენიმე ოჯახში ვიყავით, ვინც ამ ბაზაშია. ზოგი ადასტურებს, რომ მას ფირმა აქვს, ზოგი კი ამბობს, რომ ამ ფირმის უკან სხვა პირები დგანან. ეს კიდევ ცალკე მოკვლევის საგანია“, - აცხადებს ქინქლაძე.

რამდენადაც ინდმეწარმეები დეკლარაციებს წელიწადში ერთხელ აბარებენ და მათთან არსებული მონაცემები მხოლოდ 2012 წლისაა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სააგენტო სოციალურად დაუცველის მიერ მეწარმეობის დაწყების წინააღმდეგი არაა, მაგრამ შემოსავლების დამალვა არ უნდა ხდებოდეს.

„ჩვენ ყველას ხელმეორედ შევამოწმებთ და თუ დადგინდა, რომ ოჯახის სოციალური პირობები მძიმეა, აუცილებლად აღვუდგენთ შემწეობას. საერთოდ, შემოწმების პროცესი მიმდინარეობს მუდმივად. შემოსავლების სამსახურიდან ყოველთვიურად ვიღებთ ინფორმაციას. თუ ბაზაში მყოფ ოჯახს ერთ თვეს მაღალი შემოსავალი დაუფიქსირდა, ჩვენ შემწეობას არ ვუჩერებთ, მაგრამ თუ 3 თვე გადაბმულად მაღალი შემოსავალი მიიღო, მაშინ შემწეობას ვუჩერებთ.

მაგალითად, თუ დადგინდა, რომ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი ერთ სულზე 200 ლარს აჭარბებს და ასეთ შემოსავალს უკვე 3 თვეზე მეტია იღებს, ოჯახს შემწეობა უწყდება. თუ 200 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, მაშინ - არა“, - აღნიშნა ნოე ქინქლაძემ.