როგორ აჩუქა პრეზიდენტმა ადეიშვილის მეგობარს ერთ ლარად ისტორიული შენობა

როგორ აჩუქა პრეზიდენტმა ადეიშვილის მეგობარს ერთ ლარად ისტორიული შენობა

თელავს მემკვიდრეობად უამრავი ღირსება ერგო, თუმცა ნადიკვრის გორა მაინც სულ სხვაა _ ბუნებისაგან ბოძებული ჯილდოა! ნადიკვრის გორაზე, არ შეიძლება, იოსებ ნონეშვილის სიტყვები არ გაგახსენდეს: „დგას საღამო, ნადიკვარზე, საღამოა შინდისფერი...“ მოკლედ, ნონეშვილის სიტყვები ლამაზ ნატვრად დარჩა _ ნადიკვარი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფულის საშოვნელ წერტად აქციეს.

რეაბილიტირებული ნადიკვარი თელაველებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ზოგს მოსწონს, ზოგი კი, არგუმენტირებულად ასაბუთებს ნადიკვრის დამახინჯებას, ანუ როგორც თელავში ამბობენ, ქალაქმა თავისი იერსახე უნდა შეინარჩუნოს!

ამასობაში, ძალიან უცნაურ გარიგებას გადავაწყდი _ ნადიკვრის რეაბილიტაციისათვის მილიონობით ლარი გაიხარჯა ბიუჯეტიდან, თუმცა დასასვენებელი ბაღის ერთადერთი, ისტორიული კაფე საქართველოს პრეზიდენტმა სიმბოლურ ფასად _ ერთ ლარად გადასცა ადამიანს, რომელიც  ადეიშვილის უახლოეს მეგობრად  და პარტნიორად ითვლება.

წლების განმავლობაში, ნადიკვრის აღნიშნული შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო და, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სეზონურად, შემოსავლიან ობიექტს წარმოადგენდა! 

ვინმემ რომ თქვას, აღნიშნული ობიექტი ინტერესს არ იწვევდა ბიზნესმენებშიო, ანეგდოტად ჩაითვლება, რადგან ასეთ ობიექტებზე ბიზნესმენებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული...

2 წლის წინ, რეაბილიტაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, აღნიშნული შენობა, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმის მიხედვით, მიტოვებულად გამოაცხადეს, რაც საფუძველი გახდა, კაფე სახელწიფო ქონებად ჩათვლილიყო და თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსიდან მოხსნილიყო. ეკონომიკის სამინისტროში არსებული დოკუმენტით კი ირკვევა, რომ  სახელმწიფომ 2012 წლის 23 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნადიკვრის შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადასცა ივანე კევლიშვილს. განკარგულება გამოიცა 2012 წელს 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ!

საინტერესოა, ნუთუ, ადეიშვილის ახლო მეგობრის გარდა სხვას არ ჰქონდა სურვილი, სიმბოლურ ფასად შეესყიდა, ან იჯარით აეღო აღნიშნული კაფე?

საინტერესოა, 1 ლარზე მეტი არ ღირს ნადიკვრის შენობა-ნაგებობა და ეს მაშინ, როცა ნადიკვრის რეაბილიტაციისათვის 5 მილიონი დაიხარჯა?

ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ რატომ მაინც და მაინც 2012 წლის მაისში გაიყიდა სიმბოლურ ფასად ნადიკვრის კაფე და არა _ წინა წლებში?

თელაველები ფიქრობენ, რომ არანაირი ვანო კევლიშვილი არ არის იმ აუარებელი უძრავი ქონების მესაკუთრე, ყველაფერი ადეიშვილის საკუთრებაა და ყოველთვიურად კაფის შემოსავლიდან “სტავკაც” მისდის...

რეაბილიტირებული თელავის გაყიდულ ქონებაზე “ქართული სიტყვა” უახლოეს მომავალში ვრცელ წერილს შემოგთავაზებთ, მით უმეტეს, რომ 1 ლარად გაყიდული ქალაქის ისტორიას დასასრული არ უჩანს... ადეიშვილის მიერ გაყიდული და მითვისებული ქალაქი კი, პროკურატურის მოლოდინშია _ იქნებ, როგორმე დაიბრუნოს თელავმა ისტორიული საკუთრებები...

 

P.S. ამ წერილით “ქართული სიტყვა” იწყებს ახალ რუბრიკას _ “ერთ ლარად გაყიდული თელავი...”