მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა _ “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს _ დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს, თუმცა მაკა მოსიაშვილის დაპატიმრების დეტალებს “ქართული სიტყვა” მომავალ ნომერში შემოგთავაზებთ. დღეს კი, გთავაზობთ ამონარიდს მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა _ “ამბები მიხეილის ციხიდან”...
დღეს 2010 წლის 19 აპრილია!
ნარზე ვზივარ და წინა წლის 19 აპრილზე ვფიქრობ... ახლა რუსთავის 16 დაწესებულებაში მკაცრი რეჟიმის, იგივე „კრიტში“ მიწევს სასჯელის მოხდა...
ვითომ არაფერი და ჩემი სასჯელის სამმა წელიწადმა გაიარა...
დღეს იუბილარი ვარ _ პატიმრობის სამი წელი შემისრულდა!
რამდენი რამ ვნახე ამ განვლილ სამ წელიწადში... რამდენი ტკივილი და ვაი-უბედურება... მგონი, ცრემლიც გაშრა, ვეღარ ვტირი... შარშან სწორედ ამ დღეს, 19 აპრილს, გამთენიისას, შემოასახლეს 600 ქალი პატიმარი “კრიტში”...
ბუნტის გამო დასჯილი ქალები!
რა მარაზმია?!
ნეტა, რას ეძახის მიშა სააკაშვილი ბუნტს?!
ან შაშკინი?!
და მაინც, რა მოხდა 2009 წლის 19 აპრილს, გამთენისას “მატროსოვზე”? უკვე განვლილზე, ათასჯერ დაფიქრებულზე, მოსმენილზე, ნანახზე რამდენი რამის თქმა შემიძლია...
სად იყო ბუნტი? _ ეს არ იყო ბუნტი, ეს იყო მოტყუებული პატიმარი დედების უმნიშვნელო ხმაური, რომელიც სწორედ სასჯელაღსრულების მინისტრმა აქცია ბუნტად.
ბუნტამდე, რამდენიმე დღით ადრე, “ზონა” “ბაკლოსანის” აბებით აივსო, არავინ იცის, როგორ შემოვიდა წამლის ამხელა რაოდენობა ჩაკეტილ დაწესებულებაში...
რა არის “ბაკლოსანი”? _ წამალია, რომელსაც სახსრების დაავადებისათვის იყენებენ, მისი დიდი დოზით მიღება კი, კაიფს იწვევს, ადამიანები არაადექვატურები ხდებიან, ენერგიის დიდ მოზღვავებას გრძნობენ და უნდა დაიხარჯონ სადმე...
“ზონაზე” უყვართ ეს წამალი, ამბობენ, „სროკს” გვავიწყებსო... თუმცა, რამდენიმე აბის მიღების მერე, იწყება სიკვდილთან ნეტარი თამაშიც!!!
არ ვიცი, რატომ, მაგრამ სადღესასწაულო დღეებში, “ბაკლოსანი” ისე უყვართ ნარკომომხმარებელ პატიმრებს, როგორც კახეთში, ვახშამზე უყვართ ღვინის დაჭაშნიკება...
18 აპრილი შაბათი იყო, 19-ში კი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თენდებოდა....
საღამოს 5 საათზე პრეზიდენტმა შეწყალებულთა სიას ხელი მოაწერა! სულ სამი ქალი შეიწყალა 800-დან!
ეს, იცით, რას ნიშნავს?!
სულიერად განადგურებას!!!
ანუ, მიშა ამ დროს ამ გადაწყვეტილებით გზავნილს გიგზავნის:
_ მე თქვენი არ მესმის! არც გისმენთ! და არც მაინტერესებს, ნანობთ თუ არა თქვენს მიერ ჩადენილ დანაშაულს!
შეწყალებულთა სია ხმამაღლა, რუპორით არ გამოუცხადებით! ჩუმად დაუძახეს იმ სამ ქალს და ასე გაპარვით გაიყვანეს “ზონიდან”!
და მაშინ, ადუღებული ქვაბივით ათუხთუხდა “ზონა”...
ალბათ, ყველაზე ბევრი, 10-12 გოგო იქნებოდა, ვინც ხმამაღლა გამოთქვა სამორიგეოსთან თავისი პროტესტი!
ერთმა ვენები გადაიჭრა, ისტერიკა დაეწყო, მეორემ, გამწარებულზე, მინა ჩაამტვრია და თვითდაზიანებაც მიიყენა... ასე დაიწყო ხმაური, რომელი ხმაურიც უცხო არ არის არც ერთი ციხისათვის...
ამ დროს რეჟიმის ყველა ოფიცერი ვალდებულია, სადამსჯელო საკანში გადაიყვანოს მსჯავრდებული და ამით დაიცვას სხვა ასობით მსჯავრდებულის უსაფრთხოება. ეს კანონია, რომლის შესრულებაც სწორედაც იმპერატიული მოთხოვნაა!!!
თუმცა, იმ დღეს „კარცერში” არავინ წაუყვანიათ, პირიქით, იმ ხმაურიანი გოგოების, დაჭრილი ვენებისა და დასისხლიანებული სამორიგეოს ყურება აიძულეს ასობით ქალს!
ასე ოპერატიულად მინისტრის მოსვლა ცხოვრებაში არ მინახავს! ისედაც ემოციებით გამძაფრებულ, გაუბედურებულ პატიმრებს, შაშკინის ნახვა უფრო აგრესიულს ხდიდა! ბოლოს და ბოლოს, ყველა აღდგომის შინ გათენებაზე ოცნებობდა და არა _ მინისტრის ნახვაზე!
“ზონის” კარი მოულოდნელად გაიღო, შაშკინი, მისი მოადგილე ზარანდია, დეპარტამენტის თავმჯდომარე ჭაკუა და უსაფრთხოების თანამშრომლები შემოლაგდნენ!
ქალები გარს შემოეხვივნენ, ყველას თავისი კითხვა ჰქონდა, ყველას თავისი დარდის თქმა უნდოდა, ბოლოს და ბოლოს, ყველა პირველად ხედავდა მინისტრ შაშკინს!!!
დიმიტი ისმენდა, მერე, სასადილოსკენ უბიძგა მასას, იქ შევიდეთო... თუმცა, ამ არეულ მასას უკვე ვერაფრით დაამშვიდებდა...
ხელისუფლებამ პატიმარ ქალებს ნერვების ომი გამოუცხადა და გამოიწვია!
ზარანდია, მინისტრის მოადგილე, ერთობ მშვიდი და თითქოს გაწონასწორებული ადამიანი, უცებ ახმაურდა და ხმამღლა დაიწყო ყვირილი:
_ მოკეტეთ, თორემ ყველანი აქ ჩალპებით!
ეს იყო პიკი!
ეს იყო ბოლო წვეთი!
ეს იყო სულში ჩაფურთხება!
რომელიღაც პატიმარმა ამ სიტყვების გაგონებაზე, სამინისტროს ერთ-ერთ წარმომადგენელს უკანალში თმის გალესილი “შპილკა” გაუყარა!
ის რომელიღაცა პატიმარი გამწარებული არ იყო, უბრალოდ, დარიგებული იყო და დაკვეთა შეასრულა! მინისტრმა და აბსოლუტურად ყველა თანამშრომელმა “ზონა” დატოვა...
ყველა პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა!
ციხე კონტროლიორის გარეშე ისეთივე დანაშაულია, როგორც _ ციხე ჯალათი კონტროლიორებით სავსე.
ახლა უკვე ერთი წლის მერე ვფიქრობ, რა იყო ჩადებული ამ გადაწყვეტილებაში? _ ალბათ ის, რომ პატიმრები ერთმანეთს დაერეოდნენ და ისტორიული “ბაზალეთის ომი” თანამედროვე “მატროსოვის ომად” იქცეოდა.
აი, აქ ვერ გათვალეს... პატიმრებს ერთმანეთთან საერთოდ არ უჩხუბიათ, პირიქით, უბრალოდ, თავისუფლებას მოწყურებულნი, კონტროლის გარეშე ცხოვრებას მონატრებულნი ყვიროდნენ!
„სვა ბო და!”
„მი შა, წა დი!”
აი, ასე, თითქმის 8 საათის განმავლობაში, 800-მდე პატიმარი გაშლილ “ზონაში” ცხოვრობდა კანონის დამცველების გარეშე...
ღამე, ალბათ, 2 საათისათვის, “ზონის” ცენტრალური, დიდი ჭიშკარი გაიღო! უცნაური მარშით, “დუბინკების” ფარზე რახუნით და სასწაული სულის შემძვრელი ღმუილით, “ზონის” ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი სამ მწკრივად განლაგდა, მერე, ალბათ, უფროსმა მეთაურმა, ხელის მიმართულებით, გადაისროლა ჯგუფები სხვადასხვა ტერიტორიაზე!
რამდენიმე წამში ქალთა “ზონა” ყიზილბაშების ნაომარს ჰგავდა!
ვარდო ბებო, 78 წლის, ლოგინიდან მძინარე წამოაგდეს და ღამის პერანგის ამარა წაიყვანეს!
ნონა, რომელიც ამ არეულობაში საკუთარ დედას და დას ეძებდა, თავბრუ დაეხვა და წაბორძიკდა! 2-მეტრიანმა “სპეცმა” ფეხებზე ელექტროშოკი შემოსცხო, ჰაერში აიტაცა და კუდიგორის გზას გაუყენა!
ქეთი, რომელიც სპეცებს უყვიროდა, რას შვრებით ქართველები არ ხართო, თმით ითრიეს და წიხლით წაიყვანეს!
ვინც ზორბა ტანის ახალგაზრდა ქალი ნახეს, ყველას ხელებსა და ფეხებზე ბორკილები დაადეს!
“ნარების” ქვეშ შემძვრალი მოხუცები და ახალგაზრდა გოგოები ქოჩრით გამოათრიეს!
სამედიცინო ნაწილში განთავსებული პატიმრები საღამურების ამარა დაამწკრივეს!
ინგას, რომელიც თავჩაღუნული იდგა და კანკალებდა, ნიკაპში ხელი მოკიდა ერთმა “სპეცმა” და სახეზე დააკვირდა, მერე კი, თავისი უშველებელი ტორი სახეში ჩაარტყა და თან შეაგინა: „რას გევხარ, შენი დედა...”
გავაგრძელო?
მგონი, აღარ ღირს....
მოკლედ, ქალთა კოლონიის 600 პატიმრიდან, რეალურად, დამნაშავე 10-12 ქალი იყო, ისინიც მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით უნდა დასჯილიყვნენ.
არაფერი მოხდებოდა, შაშკინი რომ არ მოსულიყო!
არაფერი მოხდებოდა, ზარანდიას რომ არ ეთქვა, ყველას ჩაგალპობთო!
არაფერი მოხდებოდა, იმ პატიმრისათვის რომ არ დაევალებინათ “სპიცის” ხმარება!
არაფერი მოხდებოდა, “ბაკლოსანით” რომ არ აევსოთ “ზონა”!@
არაფერი მოხდებოდა, მიშას 3-ის მაგივრად 8 რომ შეეწყალებინა!
არაფერი მოხდებოდა, “ზონა” კონტროლიორის გარეშე რომ არ დაეტოვებინა!
და რა მოხდა?
ღობეზე ამძვრალმა ახტაჯანა გოგოებმა რამდენიმე დეპუტატს სტაფილო, ვაშლი და კარტოფილი ესროლეს!
ომბუდსმენს წყალი დაასხეს და იძახდნენ: „სვაბოდა“ გვინდა!
“ბაკლოსანით” გაჟღენთილებს ძალიან ესმოდათ, რას აკეთებდნენ?!
მას მერე ერთი წელი გავიდა... მიშა სააკაშვილს არც ერთი ქალი არ შეუწყალებია!
2010 წელი, 19 აპრილი
პ.ს.
დღეს, როცა უკვე თავისუფალი ვარ, ვხვდები, რომ ქალთა ბუნტი იმ დიდი პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელსაც მაშინ ერქვა „საკნების ქალაქი” _
2009 წლის 9 აპრილს თბილისი საკნების ქალაქად იქცა, მასების ინტერესი დედაქალაქის ცენტრში გამართული მიტინგებისაკენ იყო მიმართული!
სწორედ ამ მასების ინტერესის მიმართულება უნდა შეცვლილიყო! საინფორმაციო გამოშვებების პირველი “ნიუსი” არათუ საკნების ქალაქიდან უნდა დაწყებულიყო, არამედ, პირიქით, რეალური საკნებისაკენ უნდა მობრუნებულიყო ობიექტივი!
და ასეც მოხდა!
არათუ, უბრალო მოქალაქეები, არამედ, ოპოზიციური სპექტრი სრულად მობილიზდა “მატროსოვის” ციხის კართან! პოლიტიკოსთა გამოჩენა სასჯელაღსრულების კართან უკვე შედეგი იყო “ნაცმოძრაობისათვის”,
ანუ მიშამ აშშ-ის ელჩს უთხრა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ციხეში ბუნტი მომიწყოო...
აი, მთავარი!
რასაც 37 ქალისთვის სასჯელის დამატება მოჰყვა... ასობით ქალი, კი „გაიკრიტა”...