თეა სიჭინავამ „მაესტრო“ დატოვა, ნინო ჟიჟილაშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია

თეა სიჭინავამ „მაესტრო“ დატოვა, ნინო ჟიჟილაშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია

დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ წამყვანმა ჟურნალისტებმა - თეა სიჭინავამ და ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვეს. თუმცა მოგვიანებით მხოლოდ თეა სიჭინავას წასვლა დადასტურდა ტელეკომპანია „იმედზე“, რომელიც მისთვის მშობლიურ ტელეკომპანიად ითვლება.

პარალელურად ფეისბუკის პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა. იგი ხელისუფლების გარკვეული ფრთის მხრიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლასა და წესების გარეშე თამაშზე საუბრობს.

მამუკა ღლონტის თქმით, ახალი ხელისუფლების ნაწილი მედიის მართვას და „მაესტროს“ მუშაობაში ხელის შეშლას ცდილობს. ეს კი განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლების ეს ნაწილი მიხვდა, რომ „მაესტრო“ მათ არანაირ მოთხოვნებს არ დაემორჩილება და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე.

„ეს ადამიანები სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ, „მაესტროს“ ზიანი მიაყენონ, რაც ბოლოს უკვე სერიოზულ წინაღობებში გადაიზარდა... მინდა შევახსენო მათ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც დგას ტელეკომპანია, მისი სიმყარის გარანტიაა და, თუ ჩვენი განადგურება ვერ შეძლო ნაცმოძრაობამ, სწორედ ამ ღირებულებების დამსახურებაა. ტყუილად გაქვთ ახალი ეროსის იმედი", - აცხადებს მამუკა ღლონტი.

მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლება, მათი წინამორბედების მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან, „იმედთან“ და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, ბიუჯეტის თანხების მისაკუთრებაზე თვალს ხუჭავს.

For.ge მამუკა ღლონტს დაუკავშირდა. თუმცა მან დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ ისურვა და ვერც ის განმარტა, რას გულისხმობდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაში. იგი დაგვპირდა, რომ ჟურნალისტებს ამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას რამდენიმე დღეში მიაწვდიდა. 

ფაქტია, რომ სანამ ნინო ჟიჟილაშვილისა და თეა სიჭინავას თემა გააქტიურდებოდა, მანამდე, ჯერ კიდევ იანვარში, ტელეკომპანია “მაესტრო”, ასევე, წამყვანმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა დატოვა. თუმცა მაშინ რამიშვილის არგუმენტები სხვაგვარი იყო:

“მაესტრო" ჩემთვის განვლილი ეტაპია! მადლობა მის ყველა თანამშრომელს, რომელიც გვერდში მედგა ორი წლის განმავლობაში. კონფლიქტით არ წამოვსულვარ... უბრალოდ, მე ჩემი თავი ამ ტელევიზიაში ამოვწურე. შევხვდებით ერთმანეთს სხვა ეთერში'', - ასე აცნობა ფეისბუკის მეგობრებს ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა ''მაესტროს'' დატოვების შესახებ.

ამ განცხადებამდე გარკვეული პერიოდის წინ კი ''მაესტროში'' შალვა რამიშვილის დილა” დაიხურა, რასაც “მაესტროს” დამფუძნებელი იმით ხსნიდა, რომ რამიშვილის გადაცემის რეიტინგი არჩევნების შემდეგ დაეცა, რადგან პოლიტიკურად მძიმე თემები, თანაც დილით, მაყურებელს არ აინტერესებდა.

რაც შეეხება თეა სიჭინავას და ნინო ჟიჟილაშვილს, ისინი დღის განმავლობაში ტელეფონს არ პასუხობდნენ. ჩვენ ტელეიმედის საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბაია ცანავას დავუკავშირდით. მან დაადასტურა, რომ ორივე ჟურნალისტს მათგან შეთავაზებები ჰქონდა, თუმცა თეა სიჭინავასგან მიიღეს თანხმობა და თეა ახალი სეზონიდან იმედზე ახალ გადაცემას წაიყვანს. უფრო მეტიც, ბაია ცანავას თქმით, ტელეკომპანია „იმედში“ ახალ სეზონზე უამრავ ახალ გადაცემას უნდა ველოდოთ. 

რაც შეეხება ნინო ჟიჟილაშვილს, როგორც გაირკვა, ტელეკომპანია „იმედიდან“ შეთავაზების მიღების შემდეგ  იგი ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და ფიქრობს ახალ შეთავაზებაზე. ამ ეტაპზე კი მას „მაესტრო“ არ დაუტოვებია.

ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თეა სიჭინავა „იმედელია“ და დაბრუნდა კიდეც უკან, უფრო დიდ ტელევიზიაში. მეტიც, მისი თქმით, ტელეიმედი მთელ საქართველოზე მაუწყებლობს და ნებისმიერ ჟურნალისტს სურს, უფრო მეტი მაყურებელი, მკითხველი და მსმენელი ჰყავდეს. ამდენად, თეა სიჭინავას „მაესტროდან“ წასვლის ფაქტი თამარ ჩიქოვანს ლოგიკურად მიაჩნია, რადგან ადამიანს, ალბათ, ყოველთვის ეძახის ის ადგილი, საიდანაც დაიწყო მოღვაწეობა. ასეთი კი თეა სიჭინავასთვის „იმედი“ ყო.

რაც შეეხება მამუკა ღლონტის მოსაზრებას, რომ მათ ხელისუფლებიდან გარკვეული ძალები ებრძვიან, თამარ ჩიქოვანი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ხელისუფლების გარკვეული ფრთიდან თუ ვინმე ებრძვის ტელეკომპანია „მაესტროს“, ამის შესახებ არაფერი მსმენია. როგორც მამუკა ამბობს, რამდენიმე დღეში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ალბათ, მან უფრო უკეთ იცის, რაც ხდება და იტყვის კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ მე არ მიგრძვნია“,-აცხადებს თამარ ჩიქოვანი.

მისივე თქმით, შალვა რამიშვილისა და თეა სიჭინავას შემთხვევები სრულიად განსხვავებულია. შალვა სრულიად სხვა მიზეზით წავიდა „მაესტროდან“, ხოლო თეას, როგორც ჩანს, უკეთესი პირობები შესთავაზეს.

ამასთან, თამარ ჩიქოვანი აკონკრეტებს, რომ თეა სიჭინავას „მაესტროში“ კონფლიქტი არ ჰქონია, რადგან ამ ტელეკომპანიაში თეა ყველას უყვარდა, ყველა დიდ პატივს სცემდა და მაქსიმალურად ხელს უწყობდნენ.

„ეს იყო თეას არჩევანი და ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება“,-განმარტავს ჟურნალისტი For.ge-სთან საუბარში.

ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზურაბ აბაშიძესაც დავუკავშირდით. მან გამორიცხა, რომ ხელისუფლების ცალკეული ფრთის წარმომადგენლებს „მაესტროსთან“ მიმართებით ზეწოლა განეხორციელებინათ. მეტიც, ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ საქართველოში მედია თავისუფალია. პირიქით, როცა „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იმყოფებოდა, „მაესტრო“ მათთვის იყო ერთ-ერთი სარკმელი, შუქურა საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ამიტომ მას უჭირს იმის წარმოდგენა, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფთაგან ვინმე, მთავრობის ან პარლამენტის წევრი, ცდილობდეს „მაესტროს“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ან მაამებლური გადაცემების ფორმატის შეთავაზებას. ეს წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა და მაშინ ცალკეული ტელევიზიები მართლაც პროპაგანდისტული მანქანები იყვნენ. ამიტომაც ხალხი დეზინფორმაციაში იმყოფებოდა.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ მამუკა ღლონტმა უნდა დააკონკრეტოს, თუ რა იგულისხმა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაში.

„ალბათ, როცა ასეთ ბრალდებებზე საუბრობენ, მეტი არგუმენტები უნდა იყოს. ჩვენთვის მთავარი მონაპოვარი მედიისა და საზოგადოების თავისუფლება და განსხვავებული აზრია. თუ რომელიმე ჟურნალისტი სხვა ტელევიზიაში უკეთესი პირობების ან განსხვავებული ფორმატის გამო გადადის და ეს მისი კარიერული წინსვლისთვის აუცილებელია, ეს სულ სხვა საქმეა. პირიქით, იმას გვედავებიან, რომ ჩვენი ხელისუფლება ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რეპრესიებს არ ვახორციელებთ და სამართლიანობის აღდგენის პროცესი შენელებულად წარმოუდგენია ბევრს. მედიაზე ზეწოლა, სიცრუის მანქანად ტელევიზიის ქცევა და მათგან „ქართული ოცნების“ ხოტბა არ მსმენია. პირიქით, ყველა რეიტინგი აჩვენებს, რომ ძირითადი ტელევიზები მაქსიმალურად დაბალანსებულია“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.