წავიდა, ჰეი, ის ცხოვრება აღარ არის. სხვა დრო იყო... არადა, ნამდვილად იყო დრო, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სკანდალურ განცხადებებს მასმედია და ინტერნეტ-საზოგადოება დიდ ყურადღებას უთმობდა. დღეს კი, როდესაც ფიგურანტი ისეთ მონოლოგებს წარმოთქვამს, რომელთაც სამამულო ფსიქიატრიის ოქროს ხანაში ასათიანზეც კი ვერ მოისმენდი, აუდიტორიის დიდი ნაწილი მას აინუნშიც არ აგდებს. ალბათ, არის ამაში რაღაც საოცრად სევდიანი და უსამართლო და, ამავე დროს, სახალისო და სამართლიანი.
აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავზე სააკაშვილმა ტელევიზიებს სამი ვრცელი ტელეინტერვიუ მისცა. «რუსთავი 2»-თან ჰალსტუხის გარეშე ისაუბრა, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელთან და უკრაინულ «ზიკთან» _ ცისფერი ჰალსტუხით. თავისი ლეგენდარული საბრძოლო, წითელი ჰალსტუხის გაკეთებისგან «ნაცმოძრაობის» ბელადმა რატომღაც თავი შეიკავა.
ინტერვიუში «რუსთავი 2»-თან ფიგურანტმა ელეგანტური მოძრაობით ცელი გამოუსვა მშობლიურ «ნაცმოძრაობას» და მითს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მისთვის ზეპრიორიტეტული ამოცანა იყო. ალბათ, ყველას გვახსოვს თუ როგორ ეწინააღმდეგობოდნენ «ნაცები» საკითხის ასე დაყენებას: «ნატოზე უარის თქმა ქვეყნის გამთლიანების სანაცვლოდ» და ყველას, ვინც ამაზე საუბრობდა, მოღალატეებად თუ არა, გონებასუსტ მარგინალებად აცხადებდნენ. და ამავე დროს თურმე... «ჩვენ ვუთხარით, რომ მაშინ მზად ვართ, ნატოზე ვთქვათ უარი, ვადასტურებ, რომ ასე ვუთხარი... (ჩვენ დელეგაციაში იყო 6 თუ 7 წევრი _ გელა ბეჟუაშვილი, ვაშაძე, თუ არ ვცდები ბაქრაძე, კიდევ რამდენიმე კაცი; რუსული დელეგაცია მრავალრიცხოვანი იყო), რომ ჩვენ მზად ვართ, ვთქვათ ნატოზე უარი. კი, ჩვენ ხელშეკრულებით ვართ მზად, უარი ვთქვათ ამერიკასთან უფრო წინ წასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ თავის მხრივ დაგვეხმარებით ტერიტორიებზე პროგრესზე, ოღონდ ეს ხელშეკრულებით დავაფიქსიროთ». როგორ იყო? ევროატლანტიკური არჩევანის უალტერნატივობაო? პლებისციტზე გამოხატული ურყევი ნებაო? ისე, საინტერესო კია, როგორ წარმოედგინა ამ ახალ მეტერნიხს ხელშეკრულებით დაფიქსირებული უარი «უფრო წინ წასულ ურთიერთობებზე»? თუმცა არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს; ფაქტი ერთია _ სააკაშვილის ხელისუფლება მისი ამერიკელი სპონსორებისა და ქართული საზოგადოების ზურგს უკან აწარმოებდა საიდუმლო მოლაპარაკებებს რუსეთთან იმ საკითხზე, რომლის განხილვას საქართველოში გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა.
გოროზად, როგორც ფრიდრიხ დიდისა და ნაპოლეონის რეინკარნაციამ ერთ ფლაკონში, მთავარსარდალმა მოგვითხრო თავისი საკვანძო მანევრის შესახებ და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არა ცხინვალში ჯარის შეყვანას, არამედ იქიდან მის გამოყვანას შეეხო: «რატომ მივიღე გადაწყვეტილება ცხინვალიდან გამოყვანის ჯარის და ესეც ხალხმა უნდა გაიგოს... ჩვენ რაც გვყავდა ჯარი, გვყავდა ცხინვალში, აფხაზეთიდან უკვე მოდიოდნენ, ნუ, კარგი (??) რიკოტის გადაკეტვა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ამასობაში მოადგა 20-ათასიანი კოლონა ლარსს, ყაზბეგს, სტეფანწმინდას. ეს რას ნიშნავდა, რომ როგორც კი ეს კოლონა გადმოლახავდა იქაურობას, ისინი შემოვიდოდნენ და ჩვენ ცხინვალში მყოფ ჯარს, ნატახტარის ჩრდილოეთით მყოფ ჯარს მთლიანად კეტავდნენ და მთლიანად აქცევდნენ ალყაში... ეს სცენარი პირველივე დღეს ჩვენი მეგობრების სადაზვერვო სამსახურებმა მოგვაწოდეს... რვაში დილით უკვე გვქონდა ეს სცენარი... ამ შემთხვევაში ამერიკას არ ვგულისხმობ, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის იყო ეს» (საზოგადოებრივი მაუწყებელი).
ამ პასაჟით სააკაშვილმა აგვისტოს ომის ისედაც ბუნდოვან ისტორიაში დამატებითი ქაოსი შემოიტანა. საჯარო საუბარი იმაზე, რომ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს გაგანია ომის დროს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებდა, თავისთავად კლინიკურ ხასიათს ატარებს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ამ ნიუანსების მნიშვნელობა სააკაშვილს აპრიორი არ ესმის და, ალბათ, ისიც ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება დეზინფორმაციისა და მანიპულირების სამიზნე გახდეს (თუნდაც იმავე რუსების მხრიდან; ამ კონტექსტში, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მისი ისტორიული რეპლიკა «რუსებს წამოსცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოსცდათ» (2007 წლის 4 დეკემბერი). მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ განცხადების შემდეგ ომის «ნაციონალურ ვერსიაში» ორივე საკვანძო ეპიზოდი (ცხინვალში შესვლა და გამოსვლა) იმპულსურ იმპროვიზაციას დაუკავშირდა. შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი კი არ ომობდა, არამედ საქსოფონზე უკრავდა.
თავის დროზე, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა ზაზა გოგავამ ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე თქვა: «დასაწყისში არ იგეგმებოდა ცხინვალზე შეტევა, ეს უკვე შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მოხდა». ახლა კი გამოდის, რომ არა მხოლოდ შესვლა ცხინვალში, არამედ გამოსვლაც ექსპრომტად, რაღაც «საიდუმლო მასალების» გამო მოხდა. იმპროვიზაცია ცენტრალურ ადგილს ცხინვალის ქაოტურ შტურმშიც იკავებს _ მისი დაუყონებლივი დაკავების დაჟინებულმა სურვილმა შეიწირა (ასე თუ ისე) ლოგიკური გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მე-3 და მე-4 ბრიგადების ქვედანაყოფების წინსვლას საერთო მიმართულებით დიდი გუფთისკენ (ერთის მხრივ, სარაბუკისა და თლიაყანის სიმაღლეების, მეორე მხრივ, ხეთაგუროვოს და ძარის გზის გაკონტროლებით). მე-4 ბრიგადის ქვედანაყოფების ნაწილი ძარის გზიდან ცხინვალის დასავლეთ ნაწილისკენ მოატრიალეს (42-ე ბატალიონის ტრაგედია ამით დაიწყო). როდესაც ჩვენ ვუყურებთ ვიდეოს, რომელზეც აღბეჭდილია «დუბოვაია როშჩაში» მიტოვებული, 42-ე ბატალიონის მებრძოლების ცხედრები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, შესაძლოა, მომხდარის მთავარი მიზეზი გახდა სააკაშვილის დაუოკებელი სურვილი, ცხინვალში სასწრაფო წესით თავისი ტრიბუნა შეეტანა.
როგორც ჩანს, იგი ცდილობს, დაგვიმტკიცოს, რომ თავისი ავანტიურისტული გეგმისთვის ასობით ადამიანის სიცოცხლე არ შეუწირავს და საერთოდაც არ დამარცხებულა, არამედ გენიალური მანევრით, ცხინვალის დატოვებით ჯარი გადაარჩინა. ამ თვითგამოცხადებულმა კლაუზევიცმა ბარემ ისიც აგვიხსნას, როგორ მოხვდა იქ ჯარი და ვინ უბრძანა (8 აგვისტოს მოვლენები დროებით გვერდზე გადავდოთ) 9-ში, დღის მეორე ნახევარში (!) კიდევ ერთხელ შეეტია ცხინვალისთვის? თუ სააკაშვილმა თავისი უკვდავი მანევრი 10-ში დაიწყო? თუ 11-ში? ისე, ამქვეყნად, ალბათ, არსებობს არა მხოლოდ «ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკა», არამედ «უსინდისობა, დიდი უსინდისობა და სააკაშვილის ქცევა აგვისტოს ომის დროს» (და მისი მოგონებები ამ ომზე).
ადმირალ ნელსონის ტონალობაში, სააკაშვილმა გვამცნო, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოსკენ დაძრული ამერიკული მე-6 ფლოტის «ფლაგმანს ჰქონდა საკმარისი ფრთიანი რაკეტები, რომ საერთოდ წარმოუდგენელი ზიანი მიეყენებინა რუსეთის ყველა შეირაღებული კომპონენტისთვის» და კიდევ: «შემოვიდა მათი ისა, ყველაზე ფლაგმანი დაიძრა». და ეს მაშინ, როდესაც მეექვსე ფლოტის ფლაგმანს _ «მაუნტ უიტნის» (სუფთა თავდაცვით შეიარაღებას რომ არ შევეხოთ) გააჩნია მხოლოდ ორი 25 მმ. ქვემეხი და 4 ტყვიამფრქვევი. რა ფრთოსანი რაკეტები, საიდან? ეს (ძალიან კარგი) სამეთაურო ხომალდია, ელექტრონიკით სავსე «ტვინი», რომელიც «ერთი-ერთზე» დაჟანგულ საარტილერიო კატარღასაც «ვერ მოერევა». თან «ყველაზე ფლაგმანიო», რაც დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც «ყველაზე პრეზიდენტი».
რაც შეეხება ერთ-ერთი ევროპული სპეცსამსახურის მიერ სააკაშვილისთვის თითქოსდა მიწოდებულ ინფორმაციას, შეიძლება გაჩნდეს ვარაუდი, რომ მან იგულისხმა საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის პატაკი, რომელიც მოხსენიებულია «ნუველ ობსერვატერის» 2008 წლის 13 ნოემბრის სტატიაში (სწორედ მასში აღიწერა პირველად პუტინისა და სარკოზის დიალოგი სააკაშვილის «გარკვეულ ორგანოებზე», ამიტომ ფიგურანტმა ის, სავარაუდოდ, ზეპირად იცის). გამოცემის ცნობით, ფრანგმა მზვერავები შეატყობინეს სარკოზის, რომ რუსეთის «გენშტაბის ზოგიერთი წევრი მოუწოდებს თავიანთ ხელმძღვანელებს, რომ წინსვლა გააგრძელონ, რადგან გზა თავისუფალია». საინტერესოა, შეეძლო თუ არა სარკოზის ეს ან მსგავსი დოკუმენტი სააკაშვილისთვის ეჩვენებინა, რათა შეეშინებინა ის და უფრო მართვადი გაეხადა? ალბათ, შეეძლო, თუმცა საეჭვოა, ეს «რვაში დილით» მომხდარიყო.
«პუტინმა უყვირა, თქვა, რომ სააკაშვილი ერთი ადგილით უნდა დავკიდო, ჰალსტუხზე ეჯაჯგურა, რაც მე თვითონ სარკოზიმ მომიყვა». აღსანიშნავია, რომ ეს ორი, მისთვის მტკივნეული თემა, კერძოდ კი «ჰალსტუხი» და «ერთი ადგილი» სააკაშვილმა ერთი წინადადების ჩარჩოებში პირველად მოაქცია. არადა, ჯერ სად ვართ... ასე თუ გააგრძელა, მისი მემუარები, სავარაუდოდ, შემდეგ სახეს მიიღებს: სათაური _ «ჩემი ჰალსტუხი» («ჩემი ბრძოლის» მსგავსად), ქვესათაური _ «ჩემი ერთი ადგილი საქართველოს ისტორიაში».
სააკაშვილი, აგრეთვე, აფრიალებდა წერილს, რომელიც მედვედევს გაუგზავნა და შემდეგი რამ შესთავაზა: «გადაინაცვლეთ რამდენიმე ათეული კილომეტრით ჩრდილოეთში, კოდორზე, ესე იგი, ყველაფერი, თქვენ რაც გაინტერესებთ, ხდება კოდორის ჩრდილოეთით, სამაგიეროდ, ამის სანაცვლოდ (და შევიყვანოთ ჩვენი დევნილები, საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ, არა ქართული ადმინისტრაციის ქვეშ), სამაგიეროდ, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, და სუვერენიტეტი ჩვენია იმის ჩრდილოეთით, დაგიკანონებთ თქვენ სოხუმის აეროპორტით სარგებლობას, დაგიკანონებთ ყველა თქვენ ეკონომიკურ ინტერესს ბიჭვინთაში, გაგრაში, სოხუმში, ჩვენთან დაგიკანონებთ... რკინიგზით სარგებლობას და გავხსნით რკინიგზას სომხეთზე» («რუსთავი 2»). ოციოდე წამში კი (დამწყები შულერის ინტონაციით) ჟურნალისტს უთხრა: «რა თქმა უნდა, ამას ჩვენ შევაყოლებდით ჩვენ სამოქალაქო ადმინისტრაციას, მმართველობის სტრუქტურებს. მარა, ნუ, ეს პაკეტის ნაწილი იყო, მარა ამას აქ არ ვწერ». ფენომენალურია _ ერთის მხრივ, «არა ქართული ადმინისტრაციის ქვეშ», მეორე მხრივ კი _ «შევაყოლებდით ჩვენ ადმინისტრაციას». ფაქტობრივად, ტალეირანს აჯობა _ უნარშეზღუდულ ფრანგ მინისტრს რუსეთთან ასეთი თამაშის წარმოება აზრადაც არ მოსვლია; საბრალო საკმარისად ცბიერი არ იყო.
სააკაშვილმა, ამასთანავე, მოგვითხრო, თუ როგორ განაცხადა უარი სამშვიდობო შეთანხმების იმ პუნქტის ხელმოწერაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალი სტატუსის საერთაშორისო განხილვას ითვალისწინებდა, რითაც, ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით, საკუთარი ხელით მოსპო უკანასკნელი ბარიერი, რომელსაც შეეძლო რუსეთის მიერ სეპარატისტული რესპუბლიკების ცნობა დაებლოკა. აგრეთვე, იყო მოგონებები მექსიკური ტელესერიალის სტილში, თუ როგორ დასდევდა მშვიდობისმოყვარე სააკაშვილი მედვედევს ასტანაში დისკოთეკაზე, როგორ ურეკავდა მას, მაგრამ ყურმილს პუტინი იღებდა, რომელმაც გალანძღა აშშ-ის პრეზიდენტი, სააკაშვილმა კი დაუყოვნებლივ ბუშთან დააბეზღა. იყო სხვა კომიკური მომენტებიც, თუმცა მათზე ყურადღების გამახვილება, ალბათ, არ ღირს, რადგან ყოველივე ამის უკან, სავარაუდოდ, ძალიან დიდი სიცარიელე, მარტოობა და ისტორიის გადაწერის (კომპიუტერული თამაშის თავიდან დაწყების მსგავსად) ცუდად შენიღბული სურვილი დგას. სააკაშვილი თითქოს ცდილობდა, რაღაც დაემტკიცებინა წარსულის აჩრდილებისთვის, რომელთაც თვალს ვერ უსწორებს, შესაძლოა იმიტომ, რომ გამბედაობა არ ჰყოფნის, მაგრამ ეს მისი პრობლემაა და არა ჩვენი; ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერაფრით დავეხმარებით.