ქართველ მაღაროელებს ისე ამუშავებენ, როგორც მონათმფლობელები - მონებს“

ქართველ მაღაროელებს ისე ამუშავებენ, როგორც მონათმფლობელები - მონებს“

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ არაერთი მაღაროელის დაღუპვის მიუხედავად, მათი დამსაქმებლების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რომელთაც ვერ უზრუნველყვეს მაღაროელების უსაფრთხოება.

სულ ახლახანს ჭიათურის „ითხვისის“ მაღაროში ორი მამაკაცი  - როლანდ ნოზაძე (მაღარომშენის ცვლის უფროსი) და იუზა სამხარაძე (ითხვისის მაღაროს მეორე უბნის გვირაბგამყვანი) დაიღუპნენ. როლანდ ნოზაძე, როგორც გაირკვა, უარს აცხადებდა ავარიულ მაღაროში შესვლაზე, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია კატეგორიული იყო - თუ მუშაობა არ გინდათ, ჩაიცვით და სახლში წადითო. ამდენად, მაღაროელებს ავარიულ უბანზე შესვლა ძალით გაარისკინეს. იქ დაგროვილი წყლის ჭავლით კი ეს ადამიანები დაიუპნენ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამუშაოს შესრულების დროს მაღაროელის დაღუპვის კიდევ ერთი ფაქტი 15 ივლისს მოხდა. ასევე, დაფიქსირდა 15-მდე საშუალო და მძიმე კატეგორიის ტრავმული შემთხვევა.

აღნიშნულ ფაქტებზე განცხადება ომბუდსმენმაც გაავრცელა, სადაც ითხოვს, რომ ახლო მომავალში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის (მაგალითად, როგორიცაა შრომის ინსპექცია) შექმნის მიზნით.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ადგილობრივი ადმინისტრაცია არ აქცევს მაღაროელების უსაფრთხოებას ყურადღებას, რადგან ეს გარკვეულ, მიზერულ დანახარჯებს მოითხოვს. მომხდარი უბედურებაც ამის შედეგია.

ალექსანდრიას თქმით, ეს ის მაღაროებია, რომლებიც რამდენიმე ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო და შემდეგ ისე გაიხსნა, რომ წინასწარი დაზვერვითი სამუშაოები არ განხორციელებულა. ამდენად, დაგროვილ წყლის ჭავლზე მიუშვეს ეს ადამიანები.

„მაღაროელები გამოცდილი ხალხია და ათწლეულების განმავლობაში მათი წინაპრები ამ საქმეს ემსახურებოდნენ. ამიტომ მათ კარგად იციან, რომელი შახტა იყო დაკეტილი და რომელი ხელახლა გაიხსნა. მათ ჰქონდათ წინათგრძნობა, რომ ასე ხელაღებით, - „აბა, მიდით, ბიჭებო, და გაბურღეთ შახტები“, არ შეიძლებოდა მაღაროში შესვლა და ჯერ სპეციალისტს უნდა შეემოწმებინა. თუმცა ადმინისტრაცია მათ სამსახურის დაკარგვით დაემუქრა“, - აცხადებს გოჩა ალექსანდრია და მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი კრიმინალია, რადგან შრომის კოდექსში წერია, რომ დასაქმებულს უსაფრთხო გარემოში მუშაობის უფლება აქვს. მას შეუძლია, უარი განაცხადოს სამუშაოს შესრულებაზე, თუკი მიაჩნია, რომ უსაფრთხოების წესები ირღვევა. ამის შესახებ მან დამსაქმებელს უნდა აცნობოს და დამსაქმებელმა ხარვეზი უნდა გამოასწოროს. ამიტომაც პროფკავშირები არ გამორიცხავს, რომ მომხდარის გამო პროკურატურას მიმართოს.

რაც შეეხება მეპატრონეებს, გოჩა ალექსანდრიას თქმით, ჭიათურის სამთო კომბინატის და ზესტაფონის ფერაშენადნობი ქარხნის მეპატრონე ერთი და იგივეა - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ამერიკული კომპანიის - „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“-ის შვილობილია. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს კომპანია ამ ორ საწარმოს მართავდა, ბოლოს და ბოლოს, გამოისყიდა წილები და ერთადერთი ძირითადი მეპატრონე გახდა. იგი იმართება ამერიკის მაიამის ოფისიდან. ხოლო სილიკონ-მანგანუმის (რომელიც იწარმოება ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმის ბაზაზე და შემდეგ მუშავდება ზესტაფონში) 70% მიდის ამერიკაში აშშ-ის ფოლადის წარმოებისთვის. ამდენად, ეს მსხვილი კომპანია ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელია. სწორედ ამით ხსნის გოჩა ალექსანდრია, რომ, როგორც ჩანს, ისინი საქართველოში კომფორტულად გრძნობდნენ თავს და მათ ზედმეტად არ აწუხებდნენ. მით უმეტეს, რომ სახელმწიფოში არ არსებობდა შრომის ინსპექცია.

სწორედ ამიტომ, გასული წლის ოქტომბერში, ჭიათურის მაღაროელებმა, ლამის, ერთთვიანი გაფიცვა წამოიწყეს. მაშინ დამსაქმებელმა პირობაც დადო, რომ შეიტანდა ახალ ტექნოლოგიას, გააუმჯობესებდა უსაფრთხოების წესებს და შრომის პირობებს, რაც მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა.

ჩვენ დავუკავშირდით „ქართული ოცნების“ ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს მალხაზ წერეთელს. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული კომპანიის მუშაობის შეფასება მთავრობის მოვალეობაა, რადგან ჭიათურაში კატასტროფული ვითარებაა, მონებად ჰყავთ მუშები. დაპირებული შრომის პირობების გაუმჯობესებაზე კი საუბარი ზედმეტია. არჩევნების შემდეგ მათ დაჰპირდნენ, რომ კვების ხარისხი, ჰიგიენა გაუმჯობესდებოდა, თუმცა გაუარესება მივიღეთ.

„მაღაროელთა მწირი ხელფასები 220 ლარიდან იწყება, მაქსიმუმი  - 600-800 ლარია. ესეც იმ შემთხვევაში, თუ გეგმა შესრულდება და არ დაიღუპება ადამიანი. 600-დან 800 ლარს ღებულობს მხოლოდ 500-550 მაღაროელი. გვირაბგამყვანის შრომა დაუფასებელია. იგი მუხლამდე წყალში დგას. ეს ადამიანები დაზიანებული ჯანმრთელობით ამთავრებენ ცხოვრებას, თუკი საერთოდ საპენსიო ასაკს მიაღწევენ“, - აცხადებს მალხაზ წერეთელი.

ამასთან, აზუსტებს, რომ კვიპროსის ოფშორში დაფიქსირებული ეს კომპანია მარტში კიდევ გადაიყიდა, თუმცა მის სათავეში მუდამ ერთი და იგივე ხალხი რჩება. ამჯერად, მათ ამერიკული ფირმა შირმად დაიყენეს, სინამდვილეში კი, ისენი რუსულ-უკრაინულ-ებრაული წარმომავლობის არიან და მათი გენერალური დირექტორია ვლადიმერ ლოზინსკი.

მეტალურგთა პროფკავშირების ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის თქმით, თანამშრომლები ადმინისტრაციის დაუდევრობის გამო დაიღუპნენ. კერძოდ, სანამ მიწისქვეშა სამუშაოებს დაიწყებდნენ, გეოლოგების ჯგუფს უნდა შეესწავლა, რა ხდებოდა ამ მაღაროს გრუნტის შიგნით, იყო თუ არა იქ წყალი, ამის დადგენას მინიმალური სამუშაოების ჩატარება დასჭირდებოდა.

დოლაბერიძის ინფორმაციით, 5-6 წლის წინაც იყო მსგავსი მცდელობა, რომ იგივე სამუშაო ჩაეტარებინათ იმავე ადგილზე. თუმცა მაშინ მაღაროს უფროსის დირექტივას არ დაემორჩილა უბნის უფროსი და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მოითხოვა. მაშინ მაღაროს დირექტორმა გადაიფიქრა ამ სამუშაოების წარმოება, ალბათ, ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე. იმის გამო, რომ ითხვისის მაღაროს თანამშრომლებისგან ერთხელ უკვე უარი მიიღო, სულ ახლახანს ჭიათურის მაღაროების ცენტრალურმა სამმართველომ ეს საქმე სულ სხვა სტრუქტურას - მაღარომშენს დაავალა და მისი ოთხი თანამშრომელი შეუშვა სამუშაოდ.

„უბედურება ისაა, რომ წყლის არსებობის შესახებ იცოდნენ, თუმცა წყლის რაოდენობის შესახებ არ იცოდნენ. დახურულ სივრცეებში წყალი ძალიან მაღალ წნევას წარმოშობს, ამ დროს კი მათ დაავალეს, გაეხვრიტათ მცირე ზომის სადრენაჟო ხვრელი, საიდანაც წყალი, თითქოს, ნელ-ნელა უნდა დაწრეტილიყო და მერე ემუშავათ მარგანეცის მოპოვებაზე. თუმცა წყლის დაგროვილმა ჭავლმა გადმოანგრია მთელი კედელი, ორი ადამიანი ადგილზე მოკლა და ორმა სასწაულებრივად გამოასწრო. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, როცა მაღაროში ეს ოთხი ადამიანი შედიოდა, ხელმძღვანელს უთქვამს, თუ შეამჩნიეთ, რომ წყალი ჟონავს, იმ წუთში დატოვეთ ეს ადგილი და გამოიქეცითო. ანუ საფრთხეები თავიდანვე ჰქონდათ გაცნობიერებული, მაგრამ შესაბამისი ზომები არ მიიღეს“, - გვითხრა თამაზ დოლაბერიძემ.

მისივე თქმით, მაღაროელთა დაღუპვა და დასახიჩრება ყოველთვის ხდებოდა, რადგან პრობლემა საკანონმდებლო დონეზეა მოსაგვარებელი. დაღუპვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბოლო პერიოდში ტრავმის 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ზოგმა ბეჭი მოიტეხა, ზოგმა ფეხი. თუმცა როდისმე რომელიმე დირექტორის დაპატიმრების შესახებ არავის გაუგია. 2006 წელს გაუქმდა შრომის ინსპექცია, 2009 წელს კი - ზედამხედველობის ინსპექცია, ხოლო ლიბერალურმა მიდგომებმა, რომ ბიზნესი არ შევიწროვდეს და მათ იაფი დაუჯდეთ პროდუქცია, იქამდე მიგვიყვანა, რომ იმატა სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რიცხვმა. თამაზ დოლაბერიძის თქმით, მათ ოჯახებს კომპენსაციასაც ამადლიან და ამისთვის სასამართლო დავები სჭირდებათ.