პოლკოვნიკი მღვდლის ანაფორით - ახალაიას დასაცავად

პოლკოვნიკი მღვდლის ანაფორით - ახალაიას დასაცავად

ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა ავჭალის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის მღვდლის, მამა ნიკოლოზ ტაბაღუას ვიდეო ინტერვიუ გაავრცელა, სადაც სასულიერო პირი საუბრობს, პროკურატურა როგორ ცდილობდა მისგან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ტაბაღუა ამბობს, რომ 12 აგვისტოს პროკურორ–გამომძიებელი დაუკავშირდა მის მეგობარ მურად გაბუნიას, რომლისგანაც ითხოვდა მისი მობილური ტელეფონის ნომერს.

„ვინაიდან მე გახლდით ცხვარიჭამიაში, მონასტერში, მან ვერ მოახერხა ჩემთან დაკავშირება. მოგვიანებით დამიკავშირდა ჩემი მეგობარი გაბუნია და გადმომცა, რომ პროკურ–გამოძმიებელ კახა ჭუმბაძეს სურდა ჩემთან შეხვერა. 13 აგვისტოს მე გამოვცხადდი ქალაქის პროკურატურაში 11 საათზე, სადაც ფოიეში დამხვდა პროკურორ–გამომძიებელი ჭუმბაძე და ამიყვანა თავის კაბინეტში, სადაც იყვნენ სხვა გამომძებლებიც, დაახლოებით ოთხი პირი, რის შემდეგაც შედგა ჩვენი საუბარი“, - აცხადებს მამა ნიკოლოზ ტაბაღუა ვიდეოინტერვიუში.

მამა ნიკოლოზის თქმით, პროკურორები ითხოვდნენ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. უშუალოდ ჩვენება შეეხებოდა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ალანია, ღაჭავა, აფციაურის და ბიბილურის სასჯელის მოხდის პერიოდს. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, ჩვენების მიცემის პერიოდში ისინი ითხოვდნენ მისგან ისეთი არარსებული ფაქტების დადასტურებას, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა ბაჩო ახალაიას და იყო მის წინააღმდეგ მიმართული, თითქოს, მას უნდა დაედასტურებინა ისეთი ფაქტები, რაც საბოლოო ჯამში, ახალაიას დააზარალებდა.

„დამაბნეველი კითხვებით ახდენდნენ ჩემზე ზემოქმედებას. ერთ–ერთი, რომელიც იყო ამ ჯგუფის უფროსი, პირდაპირი მუქარით მითხრა, რომ თუ არ მოხდებოდა ისეთი ფაქტების დადასტურება, რომელიც მათ აწყობდათ, მოხდებოდა ციხის ყოფილი 7 თანამშრომლის დაპატიმრება, მათ შორის ჩემიც და დაგვაკავებდნენ ყველას ერთად. იყო ცინიკური საუბრები სამღვდელოებასთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, ყველაზე მეტად ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რომ დაკითხვა მიმდინარეობდა 12 საათი, დილის 11 საათიდან ღამის 11 საათამდე, ერთ ოთახში ვიყავი მშიერი“, – აცხადებს მამა ნიკოლოზ ტაბაღუა.

აღსანიშნავია, რომ ეს სასულიერო პირი ერისკაცობაში პოლიციის პოლკოვნიკი თემურ ტაბაღუა იყო. წარმოშობით აფხაზეთიდან, კერძოდ კი გალის რაიონიდან გახლავთ. ამჟამად ის გლდანში, თიანეთის გზატკეცილზე ფეშენებელურ სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ბიზნესით არის დაკავებული.

პოლკოვნიკი ტაბაღუა ავჭალის კოლონიის უფროსი გახლდათ. სწორედ ამ ციხეში „იხდიდნენ სასჯელს“ სანდრო გირგვლიანი მკვლელობისთვის გასამართლებულები. მსჯავრდებულები ციხეში ყოფნისას უზრუნველყოფილნი იყვნენ ისეთი პრივილეგიებით, რომელიც სხვა პატიმრებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. საინტერესოა რატომ არ აღიძა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე, ვინაიდან, სწორედ პოლკოვნიკი ტაბაღუა გახლდათ ის ჩინოვნიკი რომელიც უზრუნველყოფდა ბრალდებულების მაქსიმალურ კომფორტს საპატიმროში.

პოლკოვნიკი ბატაღუა ახალაიებთან დაახლოებული პირი იყო და ახალაია ტაბაღუების სახლს ხშირად სტუმრობდა.

ტაბაღუების სახლში ნახევარფაბრიკატების საამქროა განთავსებული, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია მთელი ქალაქის მასშტაბით ხდება. ბიზნესში რამდენიმე ადამიანია დასაქმებული.

„საწარმოს ხშირად ადრე ვკეტავდით. თავიდან არ ვიცოდით რატომ, მაგრამ შემდეგ, უკვე ყველამ იცოდა, რომ ამის მიზეზი იყო ახალაიას სტუმრობა. ოჯახს არ უნდოდა, რომ ჩვენ შეგვენიშნა ახალაია. ხშირად მოდიოდა. ეს იყო 2008 წელი. ომის დროსაც ვნახეთ იმ სახლში“, - გვითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც თავადაც მუშაობდა ტაბაღუების ოჯახის საწარმოში.

2012 წლის სექტემბერში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა პატიმრების ხელმოწერილი, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით შდგენილი იმ პირთა სია, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ პატიმართა წამებასა და არასათანადო მოპყრობაში. ამ სიაში ეწერა თბილისის N1 დაწესებულების ყოფილი უფროსი თემურ ტაბაღუა, რომელიც ამჟამად ავჭალის წმ. გიორგის მამათა მონასტრის მღვდელია და მამა ნიკოლოზი ჰქვია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მღვდელი ნიკოლოზ ტაბაღუა არის ავჭალაში მდებარე წმ. გიორგის მონასტრის მღვდელმსახური, რომელმაც მღვდლის წოდება 2013 წლის ივლისში მიიღო, საერო სახელი - ტაბაღუა თემურ ემზარის ძე, დაბ. 1975 წლის 1 იანვარს გალში. არის დევნილი აფხაზეთიდან, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, 2012 წლამდე მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, იყო თბილისის N1 დაწესებულების უფროსად.

ამასთან საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მამა ნიკოლოზის ადგილსამყოფელი ამ დროისათვის უცნობია.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ადასტურებს, რომ ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი მამა ნიკოლოზი, რომელიც პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს, წარსულში სასჯელაღსრულების N1 დაწესებულების უფროსი იყო.
ველიჯანაშვილი ირწმუნება, რომ მამა ნიკოლოზი, აღნიშნული ციხის უფროსი 2004-2005 წლებში იყო. ამასთან, ახალაიას ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, რა დამოკიდებულება ჰქონდა მას პატიმრებთან.

„არ ვიცი, უჩიოდნენ თუ არა მას პატიმრები და იყო თუ არა მოხვედრილი მისი საქმიანობა სახალხო დამცველის ანგარიშში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მის მიმართ ხომ არ შეიძლება იძულება განხორციელდეს? დღეს არის მოქმედი სასულიერო პირი. ადრე იყო ციხის უფროსი - ავჭალის კოლონიის“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მამა ნიკოლოზს აიძულეს ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირები სხვა პატიმრებთან შედარებით ახალაიას რეკომენდაციით უკეთეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს. მისივე მტკიცებით, მას ცრუ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი.