დონალდ ტრამპს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

დონალდ ტრამპს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

დონალდ ტრამპი უკვე ნიუ-იორკშია. ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დღეს მანჰეტენის პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

შედეგად ის ქვეყნის პირველი ექსპრეზიდენტი გახდება, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.