მანჰეტენის საოლქო პროკურორის, ალვინ ბრაგის ოფისმა აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ წაყენებული ბრალდების 34-ვე პუნქტი გადააკვალიფიცირა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Yahoo News-ი წერს.
მისი ინფორმაციით, ბრალდების ყველა პუნქტი სისხლის სამართლებრივზე გადაკვალიფიცირდა.
„საქმიანი დოკუმენტაციის გაყალბება ნიუ-იორკის შტატში შესაძლოა შეფასდეს როგორც გადაცდომა, თუმცა ბრეგის ოფისმა გაზარდა ყველა ბრალდება E კლასის დანაშაულამდე, რაც ნიუ-იორკის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ყველაზე მსუბუქი კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს“, - წერს გამოცემა.
30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.