აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში შტატის სასამართლოს წინაშე 4 აპრილს წარდგება. ამის შესახებ ABC-ს მისმა ადვოკატმა, ჯო ტაკოპინამ განუცხადა.
„პრეზიდენტი ხელბორკილების გარეშე იქნება. რაც შეეხება ბრალდებულის რანგში მისთვის ფოტოს გადაღებას და საჯაროდ გამოყვანას, დარწმუნებული ვარ, რომ ბრალდების მხარე შეეცდება, ამისგან სიამოვნება მიიღოს და წარმოდგენა დადგას“, - აცხადებს ადვოკატი.
სავარაუდოდ, სასამართლო სხდომა ადგილობრივი დროით 12:30 საათზე დაიწყება.
30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.