შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩემპიონ სპორტსმენ პოლიციელებს შეხვდა

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩემპიონ სპორტსმენ პოლიციელებს შეხვდა

15 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“–ზე გამარჯვებულ სპორტსმენ პოლიციელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. შს მინისტრმა ჩემპიონ პოლიციელებს I და II ხარისხის მედლები – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შს მინისტრის ინიციატივით, საქართველო წელს, პირველად გაემგზავრა ოლიმპიადაზე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და პოლიციელების ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებასა და პროფესიული უნარ–ჩვევების გაღრმავებაზეა ორიენტირებული.

შს სამინისტროს 16–მა თანამშრომელმა 1-12 აგვისტოს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გამართულ „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“–ზე სპორტის 7 სახეობაშის იასპარეზა და 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პოლიციელებმა, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღესაც აქტიურად არიან ჩაბმული სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ოლიმპიადის განმავლობაში მსოფლიოს მოქმედ და ყოფილ ჩემპიონებს შეხვდნენ და საპრიზო მედლები მოიპოვეს: კრივში ოქროსმედალოსანმა ედუარდ იმერლიშვილმა, რომელიც შს მინისტრის პირადი დაცვის წევრია, ფინალურ ორთაბრძოლაში ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა; ასევე დაძაბული ბრძოლა ჰქონდათ მეტოქეებთან ძიუდოისტებს და მკლავჭიდელებსაც, რაც ქართველი სპორტსმენი პოლიციელების გამარჯვებით დასრულდა.

ოქროს მედალოსნები: ედუარდ იმერლიშვილი - კრივი, ზვიად ჩინჩალაძე - ძიუდო, ნოდარ მჭედლიშვილი – ძიუდო, ზაზა გულაშვილი – ძიუდო, გიორგი ბოლოთაშვილი – ძიუდო, იოსებ ხუციშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, , თენგიზ ედილაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი), ვლადიმერ კობახიძე - მკლავჭიდი (2 მედალი), ლევან საგინაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი);
ვერცხლის მედალოსნები: გიორგი ბერძენიშვილი - ცურვა (კროლი), უშანგი კუზანაშვილი - ძიუდო, ვასილ მინდორაშვილი -ძალოსნობა;
ბრინჯაოს მედალოსნები: ავთო მამალაძე - ძალოსნობა, გელა გელაშვილი - მკლავჭიდი.