”თალიბანის” სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული გამოძიება წარმატებულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
მისი თქმით, გამოძიების პროცესში შსს-ს ამერიკული მხარე აქტიურად ეხმარება.
რაც შეეხება საგამოძიებო პროცესის გაჭიანურებას, როგორც გიორგობიანი აცხადებს, "ასეთ სენსიტიურ საქმეში სიჩქარე საჭირო არ არის".
"გამოძიების დეტალებს შეგნებულად არ ვახმაურებთ, რათა გამოძიების შედეგებზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს", - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
თალიბანის სახელით, მუქარის შემცველი ორი ვიდეორგოლი 6 ივნისს Youtube-ის მეშვეობით გავრცელდა. ავტორი "თალიბანის" სახელით საუბრობს, ქართველ სამხედროებს ჯვაროსნებად მოიხსენიებს და ავღანეთის მისიაში მათი მონაწილეობის გამო შურისძიებით იმუქრება. მუქარა მიმართულია როგორც ქართველი ჯარისკაცების, ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 ივნისს განაცხადა, რომ თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული.