ყოფილი პოლიტპატიმარის ლაშა არქანიას სკანდალური ინტერვიუ, რომელიც for.ge-მ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაქვეყნა, წალენჯიხის პოლიციის ყოფილი უფროსი, გოჩა გოგოხია გააღიზიანა. ეს სკანდალირი ისტორია მერაბიშვილის რეფორმირებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების „საგმირო საქმის“ ნათელი დადასტურებაა. ისტორია ძალიან მძიმეა. ყოფილი პატიმარი დეტალურად ყვება როგორ აწამეს ის ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილებაში პოლიციის მაღალჩინოსნებმა.
წალენჯიხის რაიონის სოფელი მუჟავას მკვიდრი, 35 წლის ლაშა არქანია წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსმა, გოჩა გოგოხიამ დააკავა. დაკავებული პოლიციის განყოფილების ნაცვლად მეზობელი სოფლის მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც მას ტანი სიგარეტით დაუწვეს და სასტიკად აწამეს. როგორც არქანია ამობობს, მისი წამება უშუალოდ პოლიციის უფროსის გოჩა გოგოხიას ბრძანებით ხდებოდა. წამებით და ღირსების შემლახავი მოპყრობით ცდილობდა პოლიციის მაღალჩინოსანი მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას, რომ ის მონაწილეობდა სამეგრელოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებში.
მას შემდეგ, რაც მან მსგავსი ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, უშუალოდ გოჩა გოგოხია და კოხტა კოდუა მას ჯერ დემუქრნენ გაუპატიურებით და ასევე განუცხადეს, რომ მის თავლწინ მის ასაკოვან დედას გააუპატიურებდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც არქანიას წამებაში მონაწილეობიდნენ, რიგითები, რომლებმაც დაკავებულის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს, გამომძიებელი, რომელმაც ეს საქმე ცრუ ჩვენებით გაამყარა და პროკურორი, რომელმაც 16 წლით პატიმრობა მოითხოვა, ვინაიდან არქანია მისი მტკიცებით განსაკუთრებით საშიში კრიმინალი იყო, დღეს ისევ ინარჩუნებენ თანამდებობას, ნაწილი კი დაწინაურდა.
პროკურატურას და მათ შორის შსს-ს, ალბათ, მართებთ მიიღონ გადაწყვეტილება და ადამიანები, რომლებიც ასეთ უმძიმეს დანაშაულში არიან მხილებულები, როგორიცაა კაციობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, მათ წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებლივი ზომები გაატარონ. თავად არქანიამ, რომელმაც საპატიმრო ამნისტიის საფუძველზე 17 იანვარს დატოვა, რეაბილიტაციის კურსები წამების საწინააღმდეგო ცენტრ „ემპათიაში“ გაიარა. არქანიას წამების საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო, ის დაზარალებულდაა ცნობილი.
„წამების ყველა დეტალი მტკივნეულია, მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, როცა ხედავ, რომ ამით ვიღაცა სიამოვნებას ღებულობს, რომ ეს მისი სულიერი მოთხოვნილებაა. დაკავებიდან ცოტა ხანში მოვიდა წალენჯიხის პოლიციის უფროსი გოჩა გოგოხია. მას ვუთხარი მომაცილე ეს ადამიანები, ავადმყოფები არიან-თქო. თურმე ის მათზე გაცილებით უფრო ავადმყოფი ყოფილა. ყურში მირტყეს გაშლილი ხელებით, რის შედეგად ყურის აპკები გამისკდა. ორჯერ გონება დავკარგე ცემის შედეგად. ესენი იყვნენ - მიშა აქუბარდია, კახაბერ სამუშია, გოჩა გოგოხია, კოხტა კოდუა. გამოძიებისთვის დეტალურად მაქვს ჩვენება მიცემული, მაგრამ გამოდის, რომ ჩემს წამებაში ბრალი არავის არ მიუძღვის, არავინ არაა დაკავებული, მეტიც დაკითხულიც კი არ არიან.
ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანეს, გოჩა გოგოხიამ გასცა ბრძანება, რომ ჩააქრეთ შუქები და კარგად დამუშავებული დამახვედრეთო. იქ იყვნენ ადამიანები, რომლეთა პროფესია იყო წამება. გოჩა გოგოხიას მითითებით მიმაბეს სკამზე, ხელები დამისკოჩეს და მირტყეს ყურის მიდამოებში. ამას გოჩა გოგოხია ესწრებოდა. ერთია როცა გაწამებენ და მეორეა როცა ხედავ, რომ ადამიანი განწირული ხარ. ვხედავდი, რომ არავინ ჩემი დამნდობი არ იყო. ვიქნები გულახდილი და გეტყვით, კოდუას პრეზერვატივიანი დუბინკა ეკავა ხელში და მითხრა, თუ ახლა ხელს არ მოაწერ ამ ჩვენებას, აქვე ამ დუბინკით გაგაუპატიურებო.
ვიცოდი რომ ამას გააკეთებდა. მესმის, რომ მოღალატედ არ გინდა ციხეში წასვლა, მაგრამ შენ ციხეში უნდა წახვიდეო. დედაზე დაიგინა, რომ გაგიუპატიურებო, ამის შიშით მოვაწერე ხელი, რომ მე მქონდა იარაღი და ნარკოტიკი. ამის შემდეგ გადამიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, ამ დროს უკვე ნარკოტიკი მქონდა დიდი დოზით მიღებული, მაგრამ გონება არ მქონდა დაკარგული“, - აღნიშნა for.ge-სთნ საუბრისას ლაშა არქანიამ.
სწორედ ეს გახლავთ ინტერვიუს ის ნაწილი, რომელმაც გოგოხია გააღიზიანა. ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღეში გოგოხიამ ყოფილი პატიმარის ლაშა არქანიას ძმასთან, დავით არქანიასთან სცადა შეხვედრა. ეს შეხვედრა შედგა.
„ზუსტად თქვენმა ინტერვიუმ გააღიზიანა. თურმე მისმა ბავშვმა წაიკითხა, რომ ის და მისი ძმაკაცები დუბინკითა და პრეზერვატივით ვიღაცას აუპატიურებდნენ. ეს როგორ... მისმა შვილმა წაიკითხა და ამის შემდეგ ითხოვა მან ჩემთან შეხვედრა. არ ესიამოვნა მისი სახელის ხსენება. შევხვდი მას და ვუთხარი ჩემთან ამ თემაზე არ მოხვიდე, შენთან კოაბიტაცია შეუძლებელია. მამაჩემის წამოყენება თუ შეგიძლია საფლავიდან, კი ბატონო დავივიწყებ ყველაფერს-თქო.
ჩემი ძმა მისი ხელიდან მკვდარია, მამა ამ საქმეს გადაყვა და გარდაიცვალა. ეს განებვრიბული და გათამამებული პოლიციელები თავდასხმაზე არიან გადასულები და ამას სათავეში უდგას გოჩა გოგოხია. რადგან, მას ერთადერთი ჩვენი საქმე უშლის ხელს, რომ დაწინაურდეს და დაიწყოს მუშაობა ისევ პოლიციაში. ვითხოვ დამნაშავეების დასჯას, არის საქმე, არის დაზარალებული, არის მოწმეები და არავინ არაა დასჯილი, მეტიც ეს ხალხი ისევ პოლიციაში მუშაობს. ახლა მითხარით, რისთვის უნდა ვიყო მზად?“, - აცხადებს დავით არქანია.
მისივე განცხადებით, საქმის მოწმეებზე ზეწოლას ახდენს წალნჯიხის პოლოციის ყოფილი უფროსი. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ სამეგრელოს სამხარეო პროკურორს წერილობით მიმართა მოწმე ნიკა ფიფიამ. ეს გახლავთ ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ადასტურებდა, რომ ლაშა არქანია დაკავების დღეს იმყოფებოდა მეზობლებთან, რომ ეხმარებოდა მათ.
„ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების მოქმედმა უფროსმა თორნიკე შელიამ წაიყვანა ფიფია და აიძულებდა, რომ სხვა მოწმეებისთვისაც ეთქვა, რომ ასეთი რაღაცა არ განმეორებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დააკავებდნენ. ფიფიამ შელიას „კეთილი“ რჩევა არ გაითვალისწინა, რასაც ერთ თვეში მისი დაკავება მოჰყვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვერანაირი მტკიცებულება ვერ უპოვეს, ის გაათავისუფლეს. ამის შესახებ იცის სამხარეო პროკურორმა. ვიცი, რომ დაიბარეს თორნიკე შელია და სოსო ფიფია და გააფრთხილეს, რომ ახლოს არ გაეკარონ მოწმეებს. მოწმეებს ეუბნებიან, რომ თქვენ რად გინდათ იმ კაცის წინააღმდეგ ასეთ ჩვენებას, რომ აძლევთ, როცა ის კაცი ცდილობს, რომ ხვალ და ზეგ ისევ დაიწყოს მუშაობა და ხვალ შეიძლება ისევ თქვენი უფროსი გახდეს და მაშინ სად წახვალთო?
მოწმე მე მირეკავს. თუ პოლიცია და სახელმწიფი არ იცავს მას, მე რითი უნდა დავიცვა? შვილს ვერ ვტოვებ მარტო, შესაძლებელია, რომ რაღაცა მოიმოქმედონ ბავშვის წინააღმდეგ. შემიძლია გავთვალო ის ნაბიჯები, რაც მათ შეიძლება გააკეთონ. მოწმის უფლებები დაცული უნდა იყოს. მითუმეტეს, ყველა თანამდებობაზე დღეს გარდა გოგოხიასი, როგორც მწამებლები და ასევე მოწმეები, რომლებიც ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილებაში ესწრებოდნენ წამების ფაქტს, რიგითები არიან. გოგოხია იყო ამ ლეგენდის ტერორისტული აქტების ერთ-ერთი ხორცშემსხმელი კოხტა კოდუასთან და მეგის ქარდავასთან ერთად.
მოწმეებზე განხორციელებულ წამების ფაქტებს ადასტურებს არქანიას ადვოკატი ქეთი ბექაური.
„ყველა ის პირი, ვინც არქანიას დაკავებაში და შემდეგ საქმის შეთითხვნაში მონაწილეობდა, ყველა თანმადებობაზეა, მათ შორის ქალბატონი მაია ჟაბუა, ასევე ორი ცრუ მოწმე შელია და კვარაცხელია, ესენი არიან ოპერატიული თანამშრომლები რომლებმაც არქანიას დააბრალეს ავტომატისა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა, ეს ადამინები ისევ განაგრძობენ მუშობას და დანაშაულებრივ ქმედებას.
ამიტომ, მე არ მიკვირს, რომ მოწმეებზე ხდება ზეწოლები. ვინაიდან საქმეში გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს ლაშა არქანიას ცემისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტები. ზოგიერთმა მათგანა აღიარა, რომ ესწრებოდნენ არქანიას წამებას. გოჩა გოგოხია წალენჯიხის პოლიციის ყოფილი უფროსი რაღაცა გზებით ცდილობდა ყოფილი ბრალდებულის ძმასთან შეხვედრას. ითხოვს მისგან, რომ ნუ ჩივიან და გამოიტანონ უკან განცხადებაო. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ლაშა არქანიას წამების საქმე უკვე სტარსბურგის სასამართლოშია და მიღებული აქვთ წარმოებაში. ამ პროცეს ვერ შეაჩერებს ბატონი გოგოხია“, - აღნიშნა ქეთი ბექაურმა.
მისივე განცხადებით, ახლამა სამხარეო პროკურორმა ვალერიან იოსვამ ამ საქმეში დაზარალებულად ცნო ლაშა არქანია, თუმცა ამის იქით საქმე არ დაძრულა.
„არ იძვრის იმიტომ, რომ ასეთი უკანონო მანიპულირებით ისინი ცდილობენ, რომ წამებაში მხილებული პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები, ბრალდებულის სახით არ იქნენ პასუხისმგებაში მიცემული. ოლქის პროკურორმა უნდა მიიღოს ზომები, რომ შეწყდეს მოწმეებზე ზეწოლა. ჩვენ ამ საქმეზე მივმართავთ მთავარ პროკურორს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე“, - აცხადებს ქეთი ბექაური.
საქმის გამომძიებელი პაატა კალანდია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ ასევე შევეცადეთ დავკავშირებოდით წალენჯიხის პოლიციის ყოფილ უფროსს, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.